თუ რუსეთი არ გადაიხდის დაგროვილ ვალს, ივლისის თვიდან ამოქმედდება ე.წ. სარეზერვო გეგმა - ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 09 აპრილი 2019 15:49

9 აპრილს სტრასბურგში მუშაობა გააგრძელა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ.

დღის წესრიგის თანახმად, ასამბლეაზე დებატების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ევროპის საბჭოს ფინანსური კრიზისია, რომელიც შეიქმნა რუსეთის საპარლამენტო ასამბლეის სესიებზე არ დასწრების გამო.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიზე, დრევანდელ სხდომაზე მოისმინეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტურბიორნ იაგლანდის მოხსენება და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის დუნია მიატოვიჩის გამოსვლა.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივნმა ტურბიორნ იაგლანდმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ, თუკი რუსეთის დელეგაცია ივნისამდე არ დაბრუნდება საპარლამენტო ასამბლეაზე და არ გადაიხდის დაგროვილ ვალს, ივლისის თვიდან ამოქმედდება ე.წ. სარეზერვო გეგმა. „სამწუხაროდ დღეისათვის ძალიან მძიმე ფინანსური სიტუაციაა შექმნილი და თუ რუსეთის დელეგაცია არ დაიწყებს თავისი ფინანსური ვალდებულებების შესრულებას, მაშინ რუსეთს შეიძლება ჩამოერთვას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არსებული წარმომადგენლობითი უფლება“, - დასძინა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა.

როგორც ცნობილია 2017 წლიდან რუსეთმა შეწყვიტა ევროსაბჭოს ბიუჯეტში საწევროს გადახდა. დღევანდელი მონაცემებით, დავალიანება დაახლოებით 60 მილიონ ევროს შეადგენს. მთლიანობაში რუსეთის წილი საწევრო შენატანებში წლიური ბრუნვის  11 პროცენტს (დაახლოებით 30 მილიონი ევრო) შეადგენს.

მომდევნო დღეებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიზე ასევე განიხილავენ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ ახალ გამოწვევებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე დააფიქსირებ თავის პოზიციას ევროკავშირის ახლადშექმნილი მექანიზმის დემოკრატიის, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით.

10 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. საუბრის მთავარი თემა ყველა ის აქტუალური საკითხები იქნება, რომელიც დღეისათვის საქართველოს წინაშე დგას.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 12 აპრილს დაასრულებს მუშაობას.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

წაკითხულია 200 ჯერ

Related items

  • პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება საარჩევნო სისტემის ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით

    დღეს გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება საარჩევნო სისტემის ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით. "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ ამ განცხადებას:

    "გულითადად ვულოცავთ საქართველოს პარლამენტს დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლებიც მიზნად ისახავს პარლამენტში პლურალიზმის გაზრდასა და უფრო ფართო წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში. ვაღიარებთ, რომ ეს ცვლილებები ასახავს იმ კომპრომისებს, რომელთა მისაღწევად საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს სირთულეების გადალახვა დასჭირდათ და მივესალმებით მათ, ვინც უზრუნველყო ამ ცვლილებების წარმატებით დასრულება. ვწუხვართ, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ზოგიერთმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა [კენჭისყრაში].

    ამჯერად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ჩაერთონ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეფორმების რეკომენდაციების მიღებასა და შესრულებაში. ეს უაღრესად საჭირო რეფორმები ხელს შეუწყობს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს შექმნას, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საარჩევნო ყუთებთან ხმის თავისუფლად მიცემას.

    8 მარტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს ისეთი ქმედებების მოგვარებას, რაც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც სასამართლოსა და საარჩევნო პროცესების უმართებულო პოლიტიზაცია, კვლავაც გადამწყვეტია ქვეყანაში გამართული დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მისაღწევად, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებაზე დაკვირვებას, განსაკუთრებით, ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში.

    დაბოლოს, გვსურს, ყველა მხარემ პატივი სცეს ჩვენს, როგორც ამ პროცესში ჩართული ფასილიტატორების როლსა და კეთილსინდისიერებას", - ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში.

  • რუსეთის პროვოკაციების მიუხედავად,საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიულ ხაზს არ შეცვლის - დ. ზალკალიანი

    საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟენევაში სინგაპურის მუდმივი წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ მცირე ქვეყნების ფორუმის (FOSS) ვირტუალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს ქარტიის ხელმოწერის  75-ე იუბილეს მიეძღვნა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება.
     
    მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე  დღევანდელ მსოფლიოში მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.  როგორც ზალკალიანმა, ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მრავალმხრივი თანამშრომლობა ყველა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებშია,  მათი სიძლიერისა და სიდიდის მიუხედავად.
    მისი თქმით, სულ ახალახან გავრცელებულმა პანდემიამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მრავალმხრივ თანამშრომლობასა და წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს ალტერნატივა არ აქვს.
     
    მინისტრის თქმით, მრავალმხრივი თანამშრომლობა გაეროს ქარტიის მიმართ მტკიცე ერთგულებას ემყარება. ქარტიის პრინციპებისგან გადახვევა მსოფლიოს ქაოსსა და ადამიანის უფლებათა დარღვევებს უქადის, თუმცა ეს სიტყვები მხოლოდ წინდახედულ სიფრთხილეს კი არა, მსოფლიოს მრავალ კუთხეში, მათ შორის, საქართველოში არსებულ სასტიკ რეალობას ასახავს.
     
    როგორც ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა,   რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის  უკნონო ოკუპაცია სწორედ გაეროს ქარტიით განმტკიცებულ ფუძემდებლურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. „რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ვერც კოვიდ-19-ის პანდემიამ და ვერც გაეროს გენერალური მდივნის  მოწოდებებმა ვერ შეაჩერა. ის კვლავ განაგრძობს უკანონო პროცესებს, საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების, მათ შორის, 2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევით, რაც უკიდურესად ამძიმებს ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქართველების სიცოცხლის, საკუთრების, ჯანმრთელობის, თავისუფალი გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და სხვა უფლებები ყოველდღიურად უხეშად ირღვევა“.
     
    თუმცა, როგორც ზალკალიანმა განაცხადა, ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ქმედებები ზემოაღნიშნულით არ შემოიფარგლება. მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიები, ჰიბრიდული ომი და კიბერ-შეტევები  რუსეთის არსენალში არსებული ის ინსტრუმენტებია, რომლებსაც ის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანად იყენებს.
     
    რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის მცდელობების მიუხედავად, როგორც მინისტრმა ხაზგასმით განაცხადა, საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიულ ხაზს არ შეცვლის. ამავდროულად,  რუსეთის აგრესიასთან გამკლავების ერთადერთ უალტერნატივო გზად  საქართველოს ხელისუფლება გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგულებას მიიჩნევს, საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე მოიწოდა  საერთაშორისო თანამეგიბრობას  სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების უგულველყოფას.

  • ევროსაბჭო მაყურებელს ქართული ფილმების კვირეულს ონლაინ რეჟიმში სთავაზობს

    ახალი კორონავირუსის /COVID-19/ პანდემიის გამო, ევროპის საბჭო მაყურებელს ქართული ფილმების ონლაინ-კვირეულს სთავაზობს. ამ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

    „2019 წლის 27 ნოემბერს საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამასთან დაკავშირებით სტრასბურგმა არაერთ კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლა. მათ შორის იყო ქართული ფილმების რეტროსპექტივა, რომელიც მარტის თვეში კინოთეატრ „ოდისეში“ გაიმართა.

    ამჯერად, COVID-19-ის პანდემიის გამო, ევროპის საბჭო მაყურებელს ქართული ფილმების კვირეულს ონლაინ რეჟიმში სთავაზობს“, – აცხადებენ ეროვნულ კინოცენტრში.

    მათივე ინფორმაციით, 15 მაისის ჩათვლით მოცემულ ვებგვერდზე კინომოყვარულები შემდეგი ქართული ფილმების ნახვას შესძლებენ:

    ლანა ღოღობერიძის „ოქროს ძაფი“
    ზაზა ხალვაშის „ნამე
    ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“
    ნინო ჟვანიას „აღლუმი“
    ლევან თუთბერიძის „მოირა
    ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები“
    დიმიტრი ცინცაძის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე
    სალომე ჯაშის „დაისის მიზიდულობა“
    რატი ონელის „მზის ქალაქი“

  • ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტის განცხადება ევროპის საბჭოს დაფუძნების 71–ე წლისთავთან დაკავშირებით

    5 მაისს, აღინიშნა ევროპის საბჭოს ათი წევრი ქვეყნის მიერ, ქ. ლონდონში ევროპის საბჭოს დამფუძნებელი წესდების ხელმოწერის 71–ე წლისთავი.
     
    ეს ისტორიული მოვლენა წარმოადგენს პირველ საერთო ევროპულ მცდელობას, მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობის, კონფლიქტების თავიდან აცილების და ევროპის მკვიდრი უკლებლივ ყველა ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. 
     
    ევროპის საბჭო, 47 წევრ ქვეყანასთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის საერთო სტანდარტების დამკვიდრებაში შვიდი ათწლეულის მანძილზე. ნება მიბოძეთ, ხაზი გავუსვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფუნდამენტურ როლს, რომელიც 70 წლის წინ, 1950 წელს, ახლად შექმნილი ევროპის საბჭოს მიერ შემუშავდა და რამაც საშუალება მისცა ადამიანის უფლებათა დაცვის უნიკალური სისტემის შექმნას, რაც, თავის მხრივ, ევროპული თანამშრომლობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. იმედი მაქვს, რომ ახალი ათწლეული მოგვიტანს ადამიანის უფლებების დასაცავად ისეთივე სიმტკიცეს, როგორიც 70 წლის წინ კონვენციის ავტორებს გააჩნდათ. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს საერთო ევროპულ სივრცეში 800 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს უფლება მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.    
     
    ეს მნიშვნელოვანი წლისთავი დაემთხვა COVID-19-ის პანდემიის მიერ გამოწვეულ უპრეცედენტო გლობალურ კრიზისს. გულწრფელ მწუხარებას ვუცხადებთ მათ, ვინც დაკარგა ახლობლები, ოჯახის წევრები და მეგობრები. ამ კრიტიკულ გზაჯვარედინზე, ჩვენ, ყველანი უნდა გავერთიანდეთ და გავაკეთოთ რაც შეიძლება მეტი იმისთვის, რომ მალე დავძლიოთ ეს კრიზისი.

    70 წელზე მეტია ევროპის საბჭო ემსახურება მშვიდობის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვას, ამ ხნის მანძილზე მან არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის განსახორციელებელი. ისე როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წლებში, გაორმაგდეს ჩვენი ძალისხმევა ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემის გასაძლიერებლად.

  • ინფორმაცია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ მომზადებული დოკუმენტის: “დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემა COVID-19-ის სანიტარული კრიზისის პირობებში“ შესახებ

    ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივნმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა მოამზადა საინფორმაციო დოკუმენტი – “დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემა COVID-19-ის სანიტარული კრიზისის პირობებში, ინსტრუმენტების წყება წევრი სახელმწიფოებისთვის“, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს დაეხმაროს წევრი სახელმწიფოების მთავრობებს, რათა ახალი კორონავირუსით წარმოქმნილი კრიზისის მართვისას მოხდეს დემოკრატიის ფუნდამენტური ფასეულობების, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვა.   

    ამასთანავე, დოკუმენტი, უპრეცედენტო და მასობრივი მასშტაბის მიმდინარე კრიზისთან გასამკლავებლად, მთავრობებს უზრუნველყოფს ინსტრუმენტებით, რომლებიც ითვალისწინებენ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა ძირითადი ღირებულებების პატივისცემას.

    https://rm.coe.int/sg-covid-crisis-toolkit-geo-/16809e380e

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური