საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 10 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 10 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. საუბრის მთავარი თემა ყველა ის აქტუალური საკითხები იქნება, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. მთავრობის მეთაურის სამუშაო ვიზიტი სტრასბურგში 9-10 აპრილს შედგება.
ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ლილიენ მორი პასკიესა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის განცხადებები გაკეთდება. ასევე, დაგეგმილია სხვა ორმხრივი შეხვედრებიც.
საქართველოს მთავრობის მეთაური ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასაც ესტუმრება, სადაც საკვირაო სკოლის მოსწავლეებს გაესაუბრება.
ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუმრებს საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებულ ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლებს.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პოლიტიკურ ჯგუფებთან. დელეგაციის წევრები ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საკომიტეტო მუშაობაში.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.
ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი