სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 08 აპრილი 2019 14:00

8 აპრილს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობს.

სესია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლილიან მორი პასკემ გახსნა. თავის გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ მიუხედევად პრობლემებისა, დღეისათვის ევროპა ისევ ასრულებს მნიშვნელოვან როლს პოლიტიკურ ცხოვრებაში. „ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ევროპული სახლის დემოკრატიული მიღწევები და ერთად ბევრი უნდა უნდა ვიმუშაოთ, რათა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ეს მიღწევები“, - აღნიშნა მან.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, რომელიც 12 აპრილამდე გაგრძელდება, სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

მამუკა ბახტაძის გამოსვლა 10 აპრილს არის დაგეგმილი, ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლა კი 11 აპრილს გაიმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. საუბრის მთავარი თემა ყველა ის აქტუალური საკითხები იქნება, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. „როგორც ცნობილია, წელს ევროპის საბჭო აღნიშნავს დაარსების 70 წლის, ხოლო საქართველო - ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს. ამ ორგანიზაციამ ფასდაუდებელი დახმარება გაუწია ჩვენს ქვეყანას განვითარების ყველა ეტაპზე, მათ შორის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პოლიტიკურ ჯგუფებთან. დელეგაციის წევრები ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საკომიტეტო მუშაობაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

 ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

წაკითხულია 164 ჯერ

Related items

  • ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის დელეგაციის ვიზიტი

    ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტი ანდერს კნაპე 22-25 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს.

    კონგრესის გენერალური მდივნის, ანდრეას კიფერის თანხლებით, კონგრესის პრეზიდენტი თბილისში შეხვდება ქალაქის მერს კახა კალაძეს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს კახაბერ კუჭავას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალიას, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს და სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას.

    ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქალაქ გორში, მერთან და შიდა ქართლის გუბერნატორთან, გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს ვიცე-პრეზიდენტთან და კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრებთან.

  • რეზოლუცია, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო, მძიმე დარტყმაა „ქართული ოცნებისთვის“

    რეზოლუციის დოკუმენტი, რომელიც დღეს მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა, არის კიდევ ერთი მძიმე საერთაშორისო დარტყმა „ქართული ოცნებისთვის“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    როგორც დ. ბაქრაძემ აღნიშნა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში პირდაპირ არის დაგმობილი პროპორციული სისტემის ჩაგდება და საპრეზიდენტო არჩევნების დარღვევების გამოუძიებლობა.

    „მაგრამ რაც ყველაზე მთავარი და მძიმეა ხელისუფლებისთვის, ეს დოკუმენტი იმპერატიულად მოითხოვს, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს ოპოზიციასთან შეთანხმებული და მისთვის მისაღები საარჩევნო სისტემით. ეს არის ძალიან მძიმე ჩანაწერი ხელისუფლების წარმომადგენლისთვის, რომელიც დღემდე თავს არიდებს ოპოზიციასთან შეთანხმებას და რომელიც დღემდე ცდილობს არჩევნები მხოლოდ მისთვის მისაღები სისტემით ჩაატაროს. ეს იქნება კიდევ ერთი მძიმე საერთაშორისო დარტყმა „ქართული ოცნებისთვის“, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში კრიტიკას იღებს ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორისგან. დოკუმენტი, რომელიც მიიღო უკვე კომიტეტმა და რომელსაც ძალიან მაღალი ალბათობით იგივე შეუცვლელი სახით მიიღებს პლენარული სხდომაც, იქნება ძალიან მძიმე და სერიოზული განაცხადი ევროსაბჭოს მხრიდან თუ რა მოლოდინები აქვს 2020 არჩევნებთან დაკავშირებით და რა ვალდებულებები ეკისრება ხელისუფლებას ამ არჩევნების ჩასატარებლად“, - დასძინა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა.

    ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააგრძელოს კონსულტაციები

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გააგრძელოს კონსულტაციები და მიაღწიოს შეთანხმებას საარჩევნო სისტემის საკითხზე, - ამის შესახებ სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

    ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ კონსულტაციების საფუძველზე შეთანხმება მიღწეული იქნება.

    „პირდაპირი ტექსტით ეწერა პროექტში, რომ უნდა შეთანხმებულიყვნენ პოლიტიკური პარტიები 2020 წელს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. სიტყვა“პროპორციული“ იქნა ამოღებული, გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება. მოგვიწოდებენ, რომ გავაგრძელოთ ჩვენ კონსულტაციები და მივაღწიოთ შეთანხმებას საარჩევნო სისტემის საკითხზე. იმედი გვაქვს, რომ კონსულტაციების საფუძველზე შევთანხმდებით“, - აღნიშნა საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა.

    შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.

    რეზოლუციაში, რომელიც ასამბლეამ მიიღო, ევროსაბჭო მმართველ პარტიას მოუწოდებს, 2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა მხარის ნდობითა და მხარდაჭერით ისარგებლებს.

    ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციში საქართველოზეცაა საუბარი

    სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე რეზოლუცია მიიღეს, რომელიც 10 ქვეყნის: საქართველოს, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ალბანეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, თურქეთის, მოლდოვის, სერბეთის და უკრაინის მონიტორინგის შედეგებს აჯამებს.

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თავის რეზოლუციაში შეშფოთებას გამოხატავს ზოგიერთ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც „წინააღმდეგობაში მოდის ამ სახელმწიფოების ვალდებულებებთან“. ამ კონტექსტში საუბარია საქართველოზეც:

    „2020 წლისთვის დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების დანერგვის შეუსრულებლობა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სავარაუდო ინციდენტების და საარჩევნო კოდექსის დარღვევის არასათანადო გამოძიება, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფუნქციონირებაში არსებული ხარვეზები, მათ შორის მკაფიო და ერთიანი შერჩევის კრიტერიუმების ხარვეზები, საკუთარი დისკრეციის გადაჭარბებულად ვერგამოყენება, რომ მოეხდინა სრულყოფილი და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

    დოკუმენტში ასევე საუბარია რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებულ უკანონო ქმედებებზეც, მათ შორის, დაგმობილია საქართველოს რეგიონების, „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის რუსეთის მიერ მცოცავი ანექსია და სამხედრო აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში.

    ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

  • სტრასბურგში ცხრა ქვეყნის დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილეს

    სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე ცხრა ქვეყნის დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილეს. როგორც მოსალოდნელი იყო, კრიტიკის მთავარი სამიზნე რუსეთის დელეგაცია წარმოადგენდა, რომელსაც ყირიმის ანექსიის გამო შეწყვეტილი უფლებამოსილება შარშან ზაფხულის სესიაზე დიდი ძალისხმევის შედეგად აღუდგინეს.

    რუსეთის დელეგაციის საკითხი ორჯერ დადგა დღის წესრიგში - როგორც არსებით, ასევე პროცედურულ საფუძველზე. ამ მხრივ ლატვიელი და ლიეტუველი დელეგატები აქტიურობდნენ, რომელთაც სხვა ქვეყნებმაც დაუჭირეს მხარი, მათ შორის საქართველომაც.

    არსებით საკითხში ფიგურირებდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული სიტუაცია და, ასევე, ახალი საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმადაც სამართლებრივი ბალანსი საერთაშორისო და შიდა სამართალს შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ შეიცვალა. რაც შეეხება პროცედურულ საკითხს, აქ  საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ რუსეთის დელეგაციის წევრებში ოკუპირებული ყირიმის წარმომადგენლებიც ფიგურირებენ.

    საბოლოოდ, ამ საკითხზე მსჯელობა გადაიდო.

    საპასუხოდ, რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი პიოტრ ტოლსტოი იმუქრება, რომ თუ საბოლოოდ მათ უფლებამოსილებას მაინც შეუჩერებენ, მისი ქვეყანა ევროსაბჭოს საერთოდ დატოვებს. სხვათაშორის, თავის დროზე ამ მუქარამ გაჭრა, გარკვეულწილად იმის გამო, რომ რუსეთი ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფინანსური კონტრიბუტორია, ნაწილობრივ კი აქ თავისი როლი ლობისტურმა სამუშაომაც შეასრულა.

    რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მათ უმრავლესობას კრიტიკა გენდერული ბალანსის დარღვევისთვის დაატყდათ. რაოდენ უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ ქვეყნების სიაში შვედეთიც მოხვდა, ამ მხრივ მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა. სხვა ქვეყნების სია კი ასე გამოიყურება: ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, პორტუგალია, სან მარინო და შვეიცარია.

    კიდევ ორი ქვეყნის - მოლდოვისა და ესპანეთის - საკითხი პოლიტიკური ბალანსის დარღვევისთვის დააყენეს.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური