"ნატო-ს მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება გააძლიერებს უსაფრთხოებას შავ ზღვაზე"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 05 აპრილი 2019 17:14

"ნატოს მინისტერიალი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა" - ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში გამართული ნატო-ს მინისტერიალი, სადაც შეთანხმდა ახალი მიმართულებები შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე, რომელზეც ალიანსი იმუშავებს საქართველოსა და უკრაინასთან.

მინისტრის განცხდებით ქართულმა მხარემ მინისტერიალამდე მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია პარტნიორებთან.

„ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ვაშინგტონში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა, გამომდინარე იქიდან რომ მინისტერიალმა დაამტკიცა შესაბამისი პაკეტი, რომელიც მოიცავს შავ ზღვაზე უსაფრთხოების მიმართულებით ქმედებებს. აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქართველომ ძალიან სერიოზული მუშაობა გასწია იმისათვის რომ მსგავსი სახის შედეგი მიგვეღო დღეს. მთელი წინა პერიოდის განმალობაში აქტიურად ვმუშაობდით ნატოელ პარტნიორებთან, რაც საბოლოოდ გამოიხატა კიდეც შედეგებში. მინისტერიალი საუბრობს უკრაინასთან და საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე შავ ზღვაზე, გულისხმობს უფრო მეტი საზღვაო გემების ვიზიტს, ინფორმაციის გაცვლას, პერსონალის მომზადებას ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში და ასევე ნატო თვისობრივად გაზრდის თავის ყოფნას შავი ზღვის აკატორიაში, რაც დამატებით კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს ქმნის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა მინისტერიალის ფარგლებში მიღებულ დეკლარაციაზე, სადაც განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი ღია კარის პოლიტიკას. დავით ზალკალიანის განცხადებით საქართველო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან, რათა ჩვენი ქვეყნის პროგრესი ნატოსი ინტეგრაციის გზაზე, სათანადო გადაწყვეტილებებში იქნეს ასახული.

წაკითხულია 60 ჯერ

Related items

  • ლევან იზორია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ჯონ ბოლტონს შეხვდა

    ლევან იზორია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ჯონ ბოლტონს შეხვდა. შეხვედრა აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის გამოსაშვებ საზეიმო ღონისძიებაზე შედგა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო. კონექტიკუტის შტატში მდებარე აშშ-ის უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი ქართველმა კადეტებმა - კონსტანტინე ყიფიანმა და ალექსანდრე წერეთელმა დაამთავრეს.

    კურსის გამოშვების ცერემონიალზე ქართველ კადეტებს დიპლომები ჯონ ბოლტონმა და ლევან იზორიამ გადასცეს. „მქონდა პატივი, უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ჯონ ბოლტონთან ერთად მიმელოცა კადეტებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული სამხედრო სასწავლებლის წარმატებით დასრულება. განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ მათ შორის ორი ქართველია და ისინი მომავალში აქ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას მოახმარენ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

    კადეტები დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2015 წელს ჩაირიცხნენ.  შესარჩევი კონკურსის წარმატებით გავლის საფუძველზე იუნკრებმა სწავლა აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის საბაკალავრო პროგრამაზე განაგრძეს. სამხედრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ მათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭებათ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, კადეტები სპეციალიზაციის კურსს გაივლიან და თავდაცვის ძალებში ოცმეთაურის თანამდებობაზე დაინიშნებიან. საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე ქართული დელეგაციის წევრებმა პატივი მიაგეს 2015 წელს ავტოავარიაში ტრაგიკულად დაღუპული სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის ხსოვნას, რომლებიც ამავე აკადემიაში სწავლობდნენ. ლევან იზორიამ სასწავლებლის ტერიტორიაზე მდებარე ქართველი კადეტების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

  • ევროკავშირი ბუქარესტის შეხვედრის დროს შავი ზღვისთვის ერთობლივ საზღვაო დღის წესრიგს შეიმუშავებს

    21 მაისს შავი ზღვის შვიდი ქვეყნის - ბულგარეთის, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკის, რუმინეთის, რუსეთის, თურქეთის და უკრაინის მინისტრები რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში იკრიბებიან შავი ზღვისთვის ერთობლივი საზღვაო დღის წესრიგის დასამტკიცებლად.

    ამით შავი ზღვის რეგიონი უერთდება ევროკავშირის მოსაზღვრე დანარჩენი ზღვების აუზებს საყოველთაო-საზღვაო ინიციატივის შესამუშავებლად უფრო მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის. ქვეყნებს ექნებათ სამი მიზანი: ჯანმრთელი საზღვაო და სანაპირო ეკოსისტემები, კონკურენტუნარიანი, ინოვაციური და მდგრადი ლურჯი ეკონომიკა და ინვესტირება ლურჯ ეკონომიკაში.

    მინისტრების შეხვედრა იქნება ევროკომისიის მიერ ინიცირებული და მხარდაჭერილი პროცესის შედეგი. რეგიონის ლურჯი ეკონომიკის მხარდაჭერამ ევროკავშირის მხრიდან მხოლოდ 2015-2018 წლებში 13 მილიონ ევროს გადააჭარბა. დამტკიცების შემდეგ ქვეყნებს სთხოვენ შეადგინონ იმ პროექტების სია, რომელთა კვალიფიცირება შესაძლებელია სახელმწიფო ან კერძო დაფინანსების მისაღებად.

    მრავალი სხვა საკითხების გარდა, ეს პროექტები შეიძლება მოიცავდეს მეთევზეობას და აკვაკულტურის კვლევას, ზღვის ნარჩენების შეგროვებას და გადამუშავებას, ტურიზმს, ცნობიერების ამაღლებას საზღვაო ეკოლოგიის საკითხებზე, (მცირემასშტაბიანი) მეთევზეობის სექტორის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის გაზრდას, ინოვაციური საზღვაო ტექნოლოგიების და მონიტორინგის საინფორმაციო ტექნოლოგიების შემოღებას თევზსაჭერი გემებისთვის.

    დამატებითი ინფორმაცია შეხვედრის შესახებ ხელმისაწვდომი იქნება ევროკომისიის საზღვაო საქმეთა და თევზრეწვის მთავარი დირექტორატის (DG MARE) Twitter-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://twitter.com/EU_MARE

    იხილეთ მეტი:

     

    შავი ზღვის მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ - ინფოგრაფიკა (ინგლისური)

    შავი ზღვის მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ - ინფოგრაფიკა (რუსული)

    ზოგადი ინფორმაცია ევროკავშირის შავი ზღვის სინერგიის ინიციატივის შესახებ

  • საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაიზრდება

    საქართველო ევროკავშირის ქვეყნების შორ მანძილზე გემების იდენტიფიკაციის და მონიტორინგის სისტემას (LRIT CDC) მიუერთდება. ამით საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის პირველია, რომელიც აღნიშნული სისტემის ნაწილი გახდა.

    ევროკავშირმა გადაწყვეტილება გემების იდენტიფიკაციის და მონიტორინგის სისტემასთან საქართველოს მიერთების შესახებ ქვეყანაში საზღვაო ტრანსპორტის დარგში არსებული მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე მიიღო. ევროკავშირი საქართველოს თხოვნას გაწევრიანების შესახებ ერთი წელი იხილავდა. საქართველოს საზღვაო სექტორმა გაიარა უმკაცრესი ერთწლიანი მონიტორინგი და უმკაცრეს კრიტერიუმებზე დაყრდნობით წარმატებით გადალახა გაწევრიანების ყველა ეტაპი. 

    შედეგად, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს მიერთებას ევროკავშირის კოლექტიურ მონაცემთა ცენტრთან (LRIT CDC). ასეთი ტიპის ინტეგრაცია პირდაპირ ევროპულ სერვისებში, ერთ-ერთი პირველია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ისტორიაში. 

    აღნიშნულ სისტემაში ჩართვით საქართველოს გაუჩნდება შესაძლებლობა ყოველ 6 საათში ავტომატურ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია მისი დროშის ქვეშ მცურავი გემების შესახებ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან; ასევე, მოთხოვნის შესაბამისად, მიიღოს ინფორმაცია ევროკავშირის წყლებში მცურავ ნებისმიერ გემზე, რომელიც გაივლის საქართველოს საზღვრებიდან 1000 საზღვაო მილის ფარგლებში. გარდა ამისა, ევროკავშირის LRIT სისტემაში ჩართვით საქართველოს ხელი მიუწვდება მსოფლიო მასშტაბის საერთაშორისო ქსელთან (LRIT) და მის წევრ სახელმწიფოებთან ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობით კუთხით.

    შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება მსოფლიო საზღვაო სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის ხარისხი, საქართველო გახდება პრესტიჟული ევროპული სტრუქტურის წევრი ქვეყანა, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება საქართველოს საზღვაო დროშის იმიჯზე.

    ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს შესაძლებლობები საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ზღვაზე ძებნა-გადარჩენის და ზღვის გარემოს დაცვის თვალსაზრისით. ამდენად, ამ სისტემაში გაწევრიანება წარმოადგენს მეკობრეობასთან ბრძოლისა და ჩვენი მეზღვაურების დაცვის ქმედით საშუალებას.

    ევროკავშირის ქვეყნების შორ მანძილზე გემების იდენტიფიკაციის და მონიტორინგის სისტემა დღესდღეობით მსოფლიოს გლობალურ LRIT სისტემაში ჩართული ყველაზე თანამედროვე და მსხვილი მონაცემთა მართვის ცენტრია, რომელიც დღის განმავლობაში 8000 გემს უწევს მონიტორინგს.

  • "შავი ზღვა-კასპიის ზღვის ახალი სატრანსპორტო დერეფანი მდგრადი ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა"

    "საქართველოს სურს, დააჩქაროს რეგიონული თანამშრომლობა და გააფართოოს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური კავშირები, რაც შავი ზღვა-კასპიის ზღვის რეგიონებში მდგრადი განვითარების, მშვიდობისა და სტაბილურობის მყარ საფუძველს შექმნის" - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბუქარესტში გამართული ოთხმრივი მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    "sდავით ზალკალიანის შეფასებით,  საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქმენეთსა და რუმინეთს შორის მაღალი დონის დიალოგის დაწყება დროული ინიციატივაა და ის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ უკვე დაიმკვიდრა სანდო პარტნიორის სახელი. ამასთან, ის აქტიურად მონაწილეობს რეგიონულ პროექტებში, რომლებიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი სატრანზიტო მარშრუტების შექმნას ისახავს მიზნად.
     
    „ჩვენი მიზანია საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის როლის გაძლიერება. საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობის ეფექტიანად გამოყენების მიზნით, მთავრობა უკვე შეუდგა მრავალმილიარდიანი პროგრამის განხორციელებას, რომელიც საკვანძო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის (მაგისტრალების, პორტებისა და სარკინიგზო სისტემების) განვითარებასა და მოდერნიზებას ემსახურება. გრძელვადიან პერსპექტივაში, გადაზიდული საქონლისა და გენერალური ტვირთების მოცულობის ზრდა კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას გვპირდება“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
     
    ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე მინისტრმა შავი ზღვა-კასპიის ზღვის რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შავი ზღვა-კასპიის ზღვის ახალი სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედება. ზალკალიანის თქმით, ახალი დერეფანი მრავალმხრივი თანამშრომლობის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის, რაც  რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის უცვლელი წინაპირობაა. 
     
    ამ კუთხით, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა განახორციელოს რეგიონთაშორისი კავშირების განმტკიცებაზე ორიენტირებული და ამბიციური პროექტები. „ჩვენ ვგეგმავთ ფოთის პორტის მოდერნიზაციას და ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის  განვითარებას PANAMAX-ის ტიპის მსხვილი ტონაჟის სატვირთო გემები მიღების, რეგიონის გავლით ტვირთნაკადების გაზრდისა და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვაჭრობის გამარტივების  მიზნით“ - აღნიშნა ზალკალიანმა.  
     
    მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ევროპასა და აზიას შორის მდგრადი კავშირის ხელშეწყობას  ევროკავშირი თავისი  სტრატეგიის ნაწილად მიიჩნევს და „ეს მიზანი ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში ფიზიკური ინტეგრაციის გაძლიერებას ემსახურება“. 
     
    „ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ ევროკავშირის  ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) მნიშვნელობა, რომლის გაფართოებაც TEN-T-ის აზიის ქსელთან დაკავშირებას ისახავს მიზნად“ - დასძინა მინისტრმა. 
     
    პრეს-კონფერენციის დასასრულს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შავი ზღვა-კასპიის ზღვის რეგიონების მდგრადი განვითარება ერთობლივ ძალისხმევაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, რეგიონულ თანამშრომლობას უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია და მას რეგიონის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ხელშესახები შედეგები, ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობა მოაქვს.
     
    2019 წლის 4 მარტს, ქ. ბუქარესტში,  საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანის და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თემებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს.

  • საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია

    „ნატო-ს გაფართოებამ დაგვანახა ისტორიულად, რომ მას მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოება და სტაბილურობა მოაქვს იმ ქვეყნებში და იმ რეგიონებში, რა მიმართულებითაც ნატო ფართოვდება“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების რიგით მე -12 კონფერენციის ფარგლებში გამართული მესამე პანელის - „ევროატლანტიკური საზოგადოების წინაშე მდგარი გამოწვევები - ცვალებად უსაფრთხოების გარემოსთან ადაპტირება” შეფასებისას.

    საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე და ამ გზაზე არსებულ პროგრესზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ნატოსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე. ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში და მის მნიშვნელოვან კონტრიბუციას ნატო-ს მისიებში.

    მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ამ მჭიდრო პრაქტიკული თანამშრომლობის პარალელურად, პოლიტიკური ინტეგრაციის მიმართულებით შემდგომი წინსვლის მნიშვნელობაზე: „ჩემს გამოსვლაში, ხაზი გავუსვი მჭიდრო და ინტენსიურ თანამშრომლობას რაც საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებობს, იმ კონტრიბუციას, რასაც საქართველო ახორციელებს გამოწვევების დაძლევის მიმართულებით, მაგრამ ასევე ვისაუბრე იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმ ძალიან კარგ პრაქტიკულ თანამშრომლობას თან ახლდეს წინსვლა პოლიტიკური ინტეგრაციის მიმართულებით“-განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

    კონფერენციის ფარგლებში გამართულ მესამე პანელზე მომხსენებლებს შორის ასევე იყვნენ ლიეტუვას რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას კარობლისი, თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს ემრე ყარაოსმანოღლუ და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის დირექტორი ნიკ გური.

    ბოლო 12 წლის განმავლობაში „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ რეგიონში უნიკალურ ფორუმად ჩამოყალიბდა, სადაც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილება. კონფერენციას 300-მდე მონაწილე ესწრება, მათ შორის არიან მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. კონფერენციის პარტნიორები არიან დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI), პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრი, ჯეიმსთაუნის ფონდი და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია (The Munich Security Conference), ხოლო კონფერენციის სპონსორები - იდენო (IDENO), თალესი (THALES) და ზენ ტექნოლოგიები (ZEN Techonologies).

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური