"მე ვხედავ ქართულ-კორეული თანამშრომლობის გაძლიერების უდიდეს პოტენციალს“ - კიმ სე ვუნგი

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
პარასკევი, 05 აპრილი 2019 09:34

სამხრეთი კორეა, ოფიციალურად კორეის რესპუბლიკა ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით აღმოსავლეთი აზიის ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. მისი მოქალაქეები სარგებლობენ ცხოვრების ძალიან მაღალი ხარისხით, გააჩნიათ აზიის უმაღლესი ინდივიდუალური შემოსავალი და საშუალო ხელფასი, ასევე, მსოფლიოში სიდიდით მერვე ოჯახური შემოსავალი. ქვეყანა, მსოფლიო მასშტაბით, ჯანდაცვის ხარისხისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, წამყვან ქვეყნებს შორისაა. იგი, ასევე, ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა განათლების თვალსაზრისითაც. უკანასკნელ ხანს ქართულ-კორეულ ურთიერთობები შესამჩნევად ვითარდება და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და მის საქმეთა დროებით რწმუნებულს ბატონ კიმ სე ვუნგს. ჩვენ ვთხოვეთ მას ესაუბრა ქართულ-კორეული ურთიერთობების ესახებ, რაზეც  ბატონი კიმ სე ვუნგი სიამოვნებით დაგვთანხმდა. გთავაზობთ მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს.

ბატონო ელჩო, თქვენ ახლახანს ჩამოხვედით საქართველოში. როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილება?

მანამ სანამ ჩემს შთაბეჭდილებებს გაგიზიარებდეთ, მინდა გითხრათ, რომ 10 წლის წინ მე ბაქოში ვმუშაობდი და მაშინ მომეცა პირველად საშუალება მომენახულებინა თქვენი ლამაზი ქვეყანა. რაღა თქმა უნდა საქართველოს შესახებ მე ადრეც ბევრი მსმენია. რაც მთავარია ვიცოდი იოსებ სტალინის, ქართული ღვინის, ნატურალური პროდუქტებისა და ბუნებრივი რესურსების შესახებ. და უნდა აღინიშნოს მთავარი - საქართველოში ცხოვრობს უაღრესად თბილი და სტუმართმოყვარე ხალხი.

რა სხვაობაა 10 წლის წინ ნანახსა და დღევანდელ საქართველოს შორის?

რაც პირველ რიგში აშკარად თვალშისაცემია, ეს არის ეკონომიკური წინსვლა და ვიზიტორების შესამჩნევი რაოდენობის ზრდა. გასული წლის მონაცემებით ეს იყო დაახლოებით 8 მილიონი ტურისტი, რაც 2,5 ჯერ აჭარბებს საქართველოს მოსახლეობას.  

რა შეგიძლიათ გვითხრათ საქართველო-კორეას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივების თაობაზე?

რომ შევხედოთ ამ საკითხს ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერ-ჯერობით თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის უმაღლეს დონეზეა. ამით იმის თქმა მინდა, რომ  „დღეის მონაცემებით არსებობს თანამშრომლობის გაძლიერების უდიდესი პოტენციალი. პირველ რიგში თქვენი ქვეყანა სწრაფადგანვითარებადი ქვეყანაა. როგორც იცით კორეაც სამოქალაქო ომის შემდეგ გაძლიერდა ეკონომიკურად. ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ თქვენს ქვეყანას ეკონომიკურ აღმასვლაში. რაღა თქმა უნდა ჩვენთვის საინტერესოა ინვესტიციების განხორციელება თქვენი ქვეყნის ეკონომიკაში“. აი სულ რამოდენიმე ხნის წინ სეულში საქართველოს მთავრობის სახელით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა და კორეის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრმა ლი ტე-ჰომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას „კორეის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან სესხების გამოყოფის შესახებ“.

აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს კორეის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან (EDCF) საქართველოსთვის სესხების გამოყოფის ძირითად პრინციპებს. შეთანხმების ფარგლებში, შემდგომში კორეის „ექსიმბანკის“ მეშვეობით, კორეის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან სესხები მიმართული იქნება საქართველოში სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი შეთანხმების ფარგლებში ყოველი პროექტის დაფინანსების მიზნით, გაფორმდება დამატებითი ხელშეკრულებები, რომლითაც განსაზღვრული იქნება სესხის ფინანსური პირობები. შესაბამისად, ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას.

„აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ სამხრეთ კორეა მზად არის განიხილოს ყველა თქვენი წინადადება ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე“.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია არა მარტო ეკონომიკური ურთიერთობები, არამედ დიდ ყურადღებას ვუთმობთ პოლიტიკურ დონეზე თანამშრომლობის განვითარებასაც. როგორც იცით 2016 წელს ორი ქვეყნის პარლამენტის სპიკერი შეხვდა ერთმანეთს და ისაუბრეს ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე. 2017 წელს თბილისში ფართოდ ავღნიშნეთ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე.

ქართულ-კორეულ ურთიერთობებში, თანამშრომლობის კუთხით  რომელ პროექტს გამოყოფდით?

რაღა თქმა უნდა პირველ რიგში ეს არის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს რეალობაში სტრატეგიული მნიშვნელობის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის - „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობას გულისხმობს. პროექტს განახორციელებს სს „ნენსკრა ჰიდრო“, რომელიც კორეის წყლის რესურსების კორპორაციის - K-Water-ისა (ინვესტორი) და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური საქართველოს ყოველწლიურად 1'200.00 გიგავატ.სთ ელექტროენერგიით მოამარაგებს, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ხორციელდება ე.წ. BOT (Build-Operate-Transfer) სქემით, რომელიც ჰესის ექსპლუატაციაში შესვლიდან 36 წელიწადში მის საქართველოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადმოცემას გულისხმობს. ელექტროენერგიის გამომუშავებას ჰესი 2020 წლიდან დაიწყებს, ხოლო მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა საქართველოს წარმატებული მომავლისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომელიც თქვენს ქვეყანასა და მოსახლეობას ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებისა და ადგილობრივი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს.

გარდა ამისა, უნდა ითქვას იმის შესახებაც, რომ გასულ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 115 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 30 პროცენტით მეტია, ვიდრე 2017 წელს. რა თქმა უნდა ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი, თუმცა ურთიერთობების გაზრდის პოტენციალი სახეზე გვაქვს. ასევე ინვესტიციების საერთო მოცულობამ 40 მილიონ დოლარს მიაღწია და ასევე 6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.

სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ იზრდება ორ ქვაყანას შორის ტურისტული მიმოსვლის პოტენციალი. 2017 წელს მაგალითად, 7,2 ათასი კორეელი ტურისტი ესტუმრა საქართველოს. გასულ წელს კი ეს ციფრი გაორმაგდა და 13 ათასს მიაღწია. საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ეს პირველი შედეგია სხვა ქვეყნებთან შედარებით, როცა ტურისტების რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში გაორმაგდა. ეს ფაქტი კი იმაზე მეტყველებს, რომ კორეაში  საქართველოს მიმართ ინტერესი მკვეთრად იზრდება. და არა მარტო საქართველოს მიმართ. ყველასთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ კორეის მოქალაქეებს ძალიან უყვართ მოგზაურობა. მაგალითად, გასულ წელს, 50 მილიონი კორეის მოსახლეობიდან 25 მილიონმა იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხა ქვეყნებში. „კორეელი მოსახლეობის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება ის არის, რომ ისინი ეძებენ ახალ, საინტერესო ქვეყნებს და შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველო მათი ინტერესების სფეროშია მოქცეული“, - აცხადებს კორეელი დიპლომატი.

ტურისტების რაოდენობის ზრდას საქართველოში ასევე ხელს შეუწყობს საჰაერო მიმოსვლის დაწყება. გასულ წელს სეულსა და თბილისს შორის სამი ჩარტერული რეისი შესრულდა, მიმდინარე წელს კი ეს რიცხვი გაორმაგდება. ასევე საუბარია პირდაპირი ავიარეისის (სეული-თბილისი-სეული) გახსნაზეც და ამ საკითხთან დაკავშირებით ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს.

როგორ ვითარდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განათლების სფეროში?

დიახ, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს თავისუფალ უნივერსიტეტში არსებობს კორეული ენის შემსწავლელი განყოფილება, სადაც 60 ქართველი სტუდენტი ეუფლება კორეულ ენას. რაღა თქმა უნდა მათ სურვილი აქვთ, სწავლის დასრულების შემდეგ გაემგზავრონ კორეაში და გააგრძელონ სწავლა კორეის რომელიმე სასწავლებელში. გასულ წელს, კორეის საელჩომ საქართველოში გამოყო სტიპენდია და 3 ქართველო სტუდენტი გააგზავნა კორეაში სწავლის გასაგრძელებლად. ასევე მიმდინარე წელსაც არანაკლებ 3 სტუდენტს გავუშვებთ კორეაში ჩვენი სახელმწიფოს სრული დაფინანსებით. გარდა ამისა, არსებობს კორეის განათლების სამინისტროსთან არსებული ენის შემსწავლელი განათლების საერთაშორისო ცენტრიც, რომელიც ასევე იწვევს სტუდენტებს სწავლის გასაგრძელებლად. ასევე გვაქვს კორეული ენის შემსწავლელი აკადემიაც, რომელიც არა მარტო იწვევს სტუდენტებს, არამედ თვითონვე აგზავნიან პროფესორ-მასწავლებლებს, რათა სხვა ქვეყნებში შეასწავლონ კორეული ენა სტუდენტებს. საქართველოსთან დაკავშირებით უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ მიმდინარე წელს ისინი გამოაგზავნიან მასწავლებელს, რომელიც თავისუფალ უნივერსიტეტში შეასწავლის კორეულ ენას ქართველ სტუდენტებს.  კორეელი პროფესორი ორი წლის განმავლობაში დარჩება საქართველოში სამუშაოდ.

ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ მალე ილიას უნივერსიტეტშიც გაიხსნება კორეული ენის შემსწავლელი განყოფილება. ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ კორეა პოპულარული ხდება და საქართველოში ინტერესი კორეული ენის შესწავლის მიმართ, ისტორიის, მუსიკისა და ტრადიციების მიმართ მკვეთრად იზრდება.

რაც შეეხება კულტურის სფეროში თანამშრომლობას აქაც ურთიერთობა მეტად ნაყოფიერად ვითარდება. გასულ წელს ჩატარდა კორეული კულტურის ფესტივალი, ხოლო მოგვიანებით საქართველოში მომუშავე კორეელებმა (რომელთა რიცხვი 120-მდეა) თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაატარეს მუსიკალური ფესტივალი. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არა მარტო ქართველები სწავლობენ კორეულ ენას, არამედ კორეელმა სტუდენტებმაც დაიწყეს სეულში ქართული ენის შესწავლა. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ელჩს კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილს. სწორედ მან გაუკეთა აღნიშნულ კურსებს ორგანიზება. მისასალმებელია, რომ საქართველო-კორეას შორის ურთიერთობები სულ უფრო და უფრო ვითარდება. იმედი მაქვს ეს ურთიერთობები გაგრძელდება და კულტურული ღონისძიებების რაოდენობაც მკვეთრად გაიზრდება.

რაც შეეხება მიმდინარე წლის გეგმებს. რა შეიძლება ამასთან დაკავშირებით რომ გვითხრათ?

მიმდინარე წელს თბილისში დაგეგმილია პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვა და კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროდან აუცილებლად დაესწრება მაღალი რანგის ჩინოვნიკი.  გარდა ამისა, 2019 წლის პირველ ნახევარში გაიმართება მაღალი დონის ვიზიტი ერთ-ერთი მინისტრის დონეზე.

ჩვენი საუბრის დასასრულს არ შეიძლება არ შევეხოთ კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღებისა და მშვიდობის შენარჩუნების საკითხს. რას აკეთებს ამ კუთხით კორეის მთავრობა?

როგორც იცით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელშეწყობით მიმდინარეობს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებს შორის. იმედი გვაქვს ეს შეხვედრები 2019 წელსაც გაგრძელდება. ყველაფერი ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ განიარაღებისა და მშვიდობის შენარჩუნების პროცესი შეუქცევად ხასიათს ატარებს. დარწმუნებულნი ვართ ჩვენი პარტნიორების ერთიანი ძალისხმევით მივაღწევთ იმ სანუკვარ მიზანს, რასაც მშვიდობის დამყარება ჰქვია. აქვე სიამოვნებით მინდა ავღნიშნო და მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას, რომლებიც მხარს უჭერენ სამშვიდობი პროცესს და სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის დაახლოებას. რაღა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენის მხრიდან ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოწესრიგებას.

ესაუბრა ავთანდილ ოთინაშვილი

წაკითხულია 1479 ჯერ

Related items

  • სომხეთის პრეტენზიები თბილისზე

    სომხურ ლიტერატურაში გავრცელებული „მტკიცებები“ იმის შესახებ, რომ თბილისი „ძველი სომხური ქალაქია“, რომლის სახელწოდება სომხური „ტხფრი“-დან წარმოდგება, ჯერ კიდევ 1961 წელს სსრკ-ს დროს ერევანში გამოიცემულ ბ. ს. ნალბანდიანის წიგნში - „თბილისი ძველი და შუა საუკუნეების ლიტარატურულ წყაროებშია“ მოცემული, რომელშიც საქართველოს დედაქალაქი წარმოდგენილია,  როგორც უძველესი სომხური ქალაქი, რაც შეიძლება განიმარტოს, როგორც უსაფუძვლო, არამეცნერულ „მტკიცებად“ და მეზობელი ქვეყნის ტერიტორის დაუფლებისაკენ მიმართულ მოწოდებებად, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე  რიგი სომეხი ავტორები და სომხური ნაციონალური დაჯგუფებები აჟღერებდნენ.       

         2017 წლის 7 დეკემბერს „საერთო გაზეთმა“ გამოაქვეყნა გიორგი გიორგაძის სტატია „სომხებს სურთ თბილისს გადაარქვან სახელი,“ რომელშიც ავტორმა საქართველოს ხელისუფალნი მკვეთრად გააკრიტიკა სომხეთის პრეტენზიებთან დაკავშირებით პასიურობის გამო. სტატიაში ნათქვამია: „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გასულ საუკუნეში სომხებმა დაიწყეს ომი საქართველოს წინააღმდეგ. მაშინ ვერაფერს გახდნენ, მაგრამ სომხები ოცნებობენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს გარე ძალების დახმარებით ისინი თბილისს დაიბრუნებენ და „საუკეთესო“ სომხურ სახელს -  ტიფლისს - შეარქმევენ.

    სომხეთის უსაფუძვლო პრეტენზიები თბილისზე საქართველოსა და სომხეთს შორის დაძაბულობას აღვივებს. 1897 წელს გაზეთმა „ივერიამ“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც განხილულია არაერთი საკითხი იმის შესახებ, თუ რის საფუძველზეა ტიფლისი სომხური ქალაქი - გეოგრაფიული მდებარეობის, რომელიმე კანონის თუ  სახელმწიფო ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით? სად სომხეთი და სად თბილისი? სადამდე აწვდენენ ხელებს და კიდევ საკითხავია ეკუთვნით თუ არა სომხებს თბილისში ნაყიდი სახლები? თბილისი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს და მათი პრეტენზია მხოლოდ უსაფუძვლოა. თბილისის არმენიზაციის მცდელობა ქართული ინტელიგენციის მაშინდელმა ისეთმა თვალსაჩინო წარმომადგენლებმა ამხილეს როგორებიც  აკაკი წერეთელი და ილია ჭავჭავაძე იყვნენ.

            1918 წლის 9 დეკემბერს დაშნაკი სომხები ბრიტანეთის სამხედრო მხარადაჭერით  საქართველოში შემოიჭრნენ. გენერალ მაზნიაშვილისა და გიორგი ჯუღელის მხედართმთავრობით ქართველებმა სომხები დაამარცხეს. გასაბჭოების შემდეგ 1936 წელს ტიფლისს  თბილისი დაერქვა, რაც დეარმენიზაციის მიზნით სერიოზული ნაბიჯი იყო.  დღეს უკვე დასაბუთებულია, რომ სომხები საქართველოში მე-19 საუკუნეში ჩამოსახლდნენ მეზობელ ქვეყნებთან რუსეთის ექსპანსიის გააქტიურების შედეგად, რუსეთის ჯარების მეთურის პასკევიჩის ხელშეწყობით და თბილისში ავლაბრის ტერიტორიაზე ჩასახლდნენ. სომეხი ისტორიკოსის ბაბახანიანის მოსაზრებით, სომხებმა ჩამოსახლება 1714 წლიდან დაიწყეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

         2003 წელს სომხეთის მეცნიერებათა აკადემიამ - სამველ კარაპეტიანის მონოგრაფია - „თბილისის მერები“ გამოსცა, რომელშიც  ნათქვამია, რომ წიგნი განკუთვნილია „სპეციალისტებისათვის“, რომლებიც დაკავებული არიან ტიფლისის ურბანული დაგეგმარებით და ასევე სომეხი ხალხის გამოჩენილი წარმომადგენლების საქმიანობის შესწავლით და ეძღვნება თბილისის მერებს. მათი ბიოგრაფიების განხილვის შემდეგ განიხილება მე-12 საუკუნიდან 1917 წლამდე თბილისის ლიდერების საქმიანობა და აღნიშნავენ, რომ 47 მერიდან 45  სომეხი ეროვნების იყო და მოუწოდებენ „ამჟამინდელ თაობას იამაყონ წარსულში ტიფლისში სომეხი ლიდერების მიერ შექმნილი მარადიული ღირებულებებით. არ დაივიწყონ ისინი ვინც შექმნა ეს ღირებულებები.“ ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ თბილისი აიღეს ოფლისა და შრომის ფასად. კარაპეტიანი წერს, რომ თბილისში სომხური მოსახლეობა შუასაუკუნეებიდან იყო და ისინი ძირითადად მაღალ თანამდებობებზე ინიშნებოდნენ. ამ წიგნში ასევე მოცემულია სომეხ დიდგვაროვანთა სია და აღნიშნულია, რომ ქალაქის მაცხოვრებელთა უმეტეს ნაწილს სომხები შეადგენენ. ავტორი 1932 წელს გამოქვეყნებული მოგზაურობის ჩანაწერების მოშველიებით, (თუმცა არ არის განმარტებული რომელი მოგზაურის) აღნიშნავს, რომ ამ პროვინციაში არის ლამაზი ქალაქი რომელსაც ეწოდება ტიფლისი, იგი გარშემორტყმულია მრავალი ციხე-სიმაგრითა და გალავანიანი სოფლებით. იქ ცხოვრობენ ქრისტიანი სომხები და განმარტავს, რომ ტიფლისი სომხური ქალაქია. თავის დროზე თბილისი ნამდვილი ბინძური აზიური ქალაქი იყო. გუბერნატორ ერმოლოვის ძალისხმევით თბილისმა ნაწილობრივ მიიღო ევრიოპული იერსახე. ასევე გუნერნატორ ვორონცოვის ძალისხმევით გაფართოვდა ქალაქის ადმინისტრაცია. 1847 წელს გუბერნატორმა ვორონცოვმა ააშენა ახალგაზრდობის სასახლე. მანვე გამოაცხადა თბილისი კავკასიის დედაქალაქად. 1867 წლის დოკუმენტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ სომხებს არ ეკავათ თანამდებობები ქალაქის სტრუქტურებში. 1860-იან წლებში ცარისტული ჩინოვნიკების მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული რეფორმის შედეგად მოხდა ადგილობრივი სომხური კადრების შემცირება, თუმცა კარაპეტიანი მაინც ირწმუნება, რომ ქალაქის ადმინისტრაციის უმრავლესობას სომხები შეადგენდნენო.

    2017 წლის 29 მაისს „ხორავანკ“-ში გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის ლევან თაქთაქიშვილის ინტერვიუ, რომელიც მთლიანად ქართული ჟურნალ „თბილისელებიდან“ იყო გადმობეჭდილი სათაურით - „როგორ ააშენა სომხებმა თბილისი“. რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის და ტფილისის გუბერნიის ჩამოყალიბების შემდეგ ქალაქში ქალაქის საბჭო შეიქმნა, რომელიც მერს ირჩევდა. თბილისის მერის შესახებ შეკითხვაზე თაქთაქიშვილი - თავად წარმოშობით სომეხი - ამბობს: არავინ ემსახურებოდა საკუთარ ქალაქს ისე ერთგულად, როგორც მერები, რომელთა უმეტესობა ეთნიკურად სომხები იყვნენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვასილ ჩერქეზოვის - „ჩერქეზიშვილი“ სახელი“. ის ქალაქის ისეთი კარგი მეთაური იყო, რომ მისი სახელი ისტორიაში დარჩა. ტფილისში მისი სახელობის ქუჩაც კი არის. ამ შემთხვევაში გვარების დაბოლოებებმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, რადგან იმ დროს საქართველოში მაცხოვრებლების უმეტესობის გვარები, განურჩევლად ეთნიკური წარმოშობისა, ოვ-ით (სლავური დაბოლოება) ბოლოვდებოდა. კითხვაზე - თუ რატომ იყვნენ თბილისის მერები ეთნიკურად სომხები, - თაქთაქიშვილი პასუხობს, რომ იმ დროს თბილისის მოსახლეობის უმეტესობას სომხები შეადგენდნენ. ვაჭრობა მათ ხელში იყო. ისინი ფლობდნენ ქალაქის მიწებს და ამ მიწაზე აშენებული ყველა სახლი სომხებს ეკუთვნოდა. მაშინ ჩინოვნიკები და მცირე მოვაჭრეები ქართველები იშვიათად იყვნენ. ვაჭრობის ძირითადი ნაწილი სომხების ხელში იყო კონცენტრირებული. ამ დროს ამომრჩეველთა რიგებს შეძლებული მოქალაქეები წარმოადგენდნენ, რომლებიც ქონების გადასახადს იხდიდნენ, ხოლო დეპუტატები - ტფილისის საკრებულოს წევრები იყვნენ. ქალაქის მმართველობაში უმრავლესობას სომხები წარმოადგენდნენ. თაქთაქიშვილი აკრიტიკებს თბილისელ სომხებს სომხურ ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით პასიურობის გამო, რომ არ ეხმარებოდნენ სომხურ გაზეთებს, სკოლებს, არ აგებდნენ სომხურ ტაძრებს და ადანაშაულებს კოსმოპოლიტიზმში. თაქთაქიშვილი  დიმიტრი ყიფიანს რომელიც 1876-79 წლებში თბილისის მერი იყო,  ქართულ ნაციონალიზმში ადანაშაულებს, კაცს რომელმაც შექმნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. თაქთაქიშვილის თქმით, სომეხმა მერებმა მატაშოვმა და ჰიტოევმა არაერთი შენობა ააშენეს, მათ შორის  დღევანდელი საკრებულოს შენობა. გასაბჭოების დროს მდიდარი სომხები საზღვარგარეთ გაიქცნენ. თაქთაქიშვილი თბილისის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასა და ეთნიკურ სომხებს შორის უთანხმოებასაც ეხება. ქართველებმა იცოდნენ, რომ სომხებთან წინააღმდეგობის გაწევა შეეძლოთ მხოლოდ რუსებთან ერთად, რადგან ტიფლისში გაბატონებული სომხური ფენა რუსებსაც ისე ექცეოდა როგორც ქართველებს.

         ქალაქურ ცხოვრებაში ქართველთა წარმომადგენლობის სიმცირე მათ მიერ არჩეულ სოფლის მეურნეობის უპირატესობას ემყარებოდა. სომხების თავმოყრა  თბილისში დაკავშირებულია მათ სავაჭრო საქმიანობასთან. არადამაჯერებელია სომეხი ავტორების არაერთი ნათქვამი სომეხი მოსახლეობის უპირატესობის შესახებ. რაც შეეხება თბილისის ისტორიას, ისტორიული წყაროების მიხედვით, თბილისი ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში გამაგრებულ ციხე-ქალაქს წარმოადგენდა, რომელიც მე-5-მე-6 საუკუნეებში ვახტანგ გორგასალმა გაამაგრა და დაიწყო აღდგენა-გაფართოვება, რომელიც დაამთავრა მისმა შვილმა დაჩიმ და მცხეთიდან სამეფო ქალაქი თბილისში გადმოიტანა, რომელიც გამოაცხადა აღმოსავლეთ საქართველოს დედაქალაქად. ის რომ თბილისი ძველი სომხური ქალაქია ეს არის სომხების მოგონილი, რაც კიდევ ერთხელ დასტურდება იმით, რომ ისინი ჩამოსახლებული იქნენ რუსეთის იმპერიის მიერ მეზობელი სპარსეთიდან და ოსმალეთიდან ამ ქვეყნებთან საომარი ექსპანსიის შედეგად, მანამდე კი ისინი საქართველოში კანტიკუნტად, მცირე რაოდენობით ცხოვრობდნენ. შესაბამისად სომხური პრეტენზიები ქალაქ თბილისთან დაკავშირებით სრულიად უსაფუძვლოა.

    ნაშრომის ავტორია: 

    ელგუჯა ქავთარაძე

    პოლიტიკის მეცნიერებათა  დოქტორი, პროფესორი

     

  • აზერბაიჯანი წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს, დაიწყოს მოლაპარაკებები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით - აცხადებს აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველი ე. ბაირამოვი

    აზერბაიჯანი წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს, დაიწყოს მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე, რათა განხორციელდეს არსებითი დიალოგი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით, – ამის შესახებ დღეს, თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველმა ელდარ ბაირამოვმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით განაცხადა.

    საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლებმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთი ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს და რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ერევანს დააკისრეს.

    საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის მრჩევლის, ელდარ ბაირამოვის განცხადებით, ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეთანხმების ამოქმედებისთანავე სომხურმა მხარემ უხეშად დაარღვია ის და მათ ტერიტორიებზე იერიში გააგრძელა. მან საერთაშორისო თანამეგობრობასა და მეზობელს ქვეყნებს სთხოვა, აზერბაიჯანის პოზიციისადმი საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით რეალური მხარდაჭერა გამოხატონ.

    "11 ოქტომბრის ღამეს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა უხეშად დაარღვიეს ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და სარაკეტო შეტევა განახორციელეს აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქ განჯაზე. შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა, მათ შორის ბავშვები", - აღნიშნა აზერბაიჯანელმა დიპლომატმა.

    როგორც ცნობილია, მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა და აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეს შორის საბრძოლო მოქმედებებიც კი დაიწყო.

     

  • აზერბაიჯანი ახორციელებს მინიჭებულ უფლებას, დაიცვას თავი და მოიგერიოს აგრესია გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – აცხადებს აზერბაიჯანელი დიპლომატი

    მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, პირველ რიგში მეზობელ ქვეყნებს, აჩვენონ მკაფიო პოზიცია მიმდინარე მოვლენებისადმი და აჩვენონ რეალური მხარდაჭერა საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით, – ამის შესახებ დღეს, აზერბაიჯანის საელჩოში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველმა ელდარ ბაირამოვმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით განაცხადა.

    ე. ბაირამოვმა ასევე დაამატა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას და უპირველეს ყოვლისა, მეზობელ ქვეყნებს მიმართავენ, აჩვენონ მკაფიო და ურყევი მიდგომა ამ სიტუაციისადმი და აჩვენონ რეალური მხარდაჭერა აზერბაიჯანის პოზიციისადმი საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან ველოდებით, რომ ისინი დაგვანახებენ რეალურ პოლიტიკურ ნებას და არა მხოლოდ დიპლომატიურ ფორმულას”,- განაცხადა ე. ბაირამოვმა.

    როგორც საელჩოს მრჩეველმა აღნიშნა, აზერბაიჯანი და საქართველო, ასევე სხვა ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ საერთაშორისო პროექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თუმცა, როგორც ე. ბაირამოვი აცხადებს, საფრთხე ამ პროექტებს სომხური მხარის მხრიდან ემუქრება.

    „თქვენ იცით, რომ აგრესიას ახორციელებდა სომხური მხარე. რამდენიმე თვის წინ მათ აგრესია განახორციელეს ტოვუზის მიმართულებით. აზერბაიჯანი და საქართველო, ასევე სხვა ქვეყნები, მაგალითად თურქეთი და რეგიონის სხვა სახელმწიფოები, ყველაფერს აკეთებენ საერთაშორისო პროექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - დასძინა მან.

    მისივე თქმით, „შექმნილი სიტუაციის მთავარი მიზეზი აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სომხეთის საოკუპაციო ძალების ყოფნაა“.

    „ასე რომ, თუ ამ მთავარ პრობლემას გადავწყვეტთ, სომხეთის საოკუპაციო ძალების გასვლის შემდეგ შესაძლებელი იქნება ნებისმიერი დიალოგი, მოლაპარაკებები საერთაშორისო შუამავლების მედიატორებით“,- აღნიშნა საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველმა.

    აზერბაიჯანელმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთის მხრიდან გუშინ დილით აზერბაიჯანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შესაბამისად, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

    ელდარ ბაირამოვმა ხაზი გაუსვა, რომ სომხთის მიერ დასახლებული პუნქტებისა და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის შედეგად, დაიღუპა და დაიჭრა აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოსახლეობაა.

    "სომხეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეზე",- განაცხადა ელდარ ბაირამოვმა.

    დიპლომატის თქმით, აზერბაიჯანმა არაერთხელ გააფრთხილა საერთაშორისო თანამეგობრობა სომხეთის მხრიდან ოკუპაციისთვის მზადების შესახებ.

    „სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ფრონტისპირა ხაზის გასწვრივ მდებარე, მჭიდროდ დასახლებული სამოქალაქო ზონებისა და ობიექტების მიმართულებით ცეცხლის გახსნა იყო წინასწარ განზრახული და გამიზნული. ვრცელდება ცნობები სამოქალაქო მოსახლეობასა და სამხედრო მოსამსახურეებს შორის გარდაცვლილი და დაჭრილების შესახებ. ძლიერი ზიანი მიადგა ბევრ საცხოვრებელ სახლსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. მაგალითად, 27 სექტემბერს საღამოს, 20:00 საათის მონაცემებით, წინასწარი შეფასებით, სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობებით ჰოსპიტალიზებულია 19 აზერბაიჯანელი სამოქალაქო პირი. 

    „ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სომხეთის მიმდინარე სამხედრო აგრესია აზერბაიჯანის წინააღმდეგ და მისი შეიარაღებული ძალების განთავსება აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩება მნიშვნელოვან საფრთხედ რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ბაირამოვმა.

    დიპლომატის თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მიმართავენ „საპასუხო ზომებს სომხეთის მორიგი სამხედრო აგრესიის თავიდან ასაცილებლად და სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

    აზერბაიჯანი ახორციელებს თავის უფლებას, დაიცვას თავი და მოიგერიოს აგრესია გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – განაცხადა ელდარ ბაირამოვმა.

    აზერბაიჯანელმა დიპლომატებმა მედიის წარმომადგენლებს ფოტო მასალები გადასცეს სომხეთის მიერ ოკუპირებულ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ. 

    ამასთან, ჟურნალისტებს მიაწოდეს ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული არაერთი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ეხება სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპაციას.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის ინტერვიუ ქართულ-ჩინური ურთიერთობების და ჩინეთის პოლიტიკური ცხოვრების შესახებ

    უკანასკნელ ხანს ჩინურ-ქართული ურთიერთობები ძალიან წარმატებით ვითარდება და COVID-19-ის ეპიდემიის ფონზე, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა. ამ ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას, ქალბატონ ელჩს ლი იენს. ჩვენ ვთხოვეთ მას ესაუბრა ქართულ-ჩინური ურთიერთობების და ჩინეთის პოლიტიკური ცხოვრების შესახებ, რაზეც  ქალბატონი ლი იენი სიამოვნებით დაგვთანხმდა. გთავაზობთ მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს.

     

    ქალბატონო ელჩო, ცოტა ხნის წინ ჩინეთში ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის მადლიერების გამოსახატად კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს. შეგიძლიათ მოკლედ გაგვაცნოთ ამ კონფერენციის დეტალები?

    8 სექტემბერს, პეკინში ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლისადმი მიძღვნილი კონფერენცია საზეიმოდ გაიხსნა, სადაც ბრძოლაში გაღებული ღვაწლისათვის ცალკეული პირებისა და ჯგუფების მიმართ მადლიერება გამოიხატა. პრეზიდენტმა სი ძინფინგმა ორდენოსნებსა და საპატიო წოდების მფლობელებს მედლები და წარჩინების ნიშნები გადასცა. გარდა ამისა, იგი ღონისძიებაზე მნიშვნელოვანი სიტყვით გამოვიდა.

    პრეზიდენტმა ჩინეთის კომპარტიის ძლიერი ხელმძღვანელობით, ჩინელი ხალხის მიერ ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში მიღებული მწარე გამოცდილება გაიხსენა.  მან აღნიშნა, რომ ეპიდემიასთან მძიმე ბრძოლაში, სიცოცხლის უზენაესობის უზრუნველყოფით, ეროვნული ერთსულოვნებით, ადამიანების მხრიდან საკუთარი სიცოცხლის არდაზოგვით, მეცნიერებისადმი პატივისცემით და საერთო ბედის გაზიარებით, ჩინეთმა მობილიზაციისა და შესრულების ძლიერი უნარი აჩვენა. ჩინეთი „მთელი მსოფლიო ერთი ოჯახიას“ პრინციპზე დაყრდნობით, საერთაშორისო ვალდებულებებს აქტიურად ასრულებს, ვირუსის პრევენციის, კონტროლის და მკურნალობის გამოცდილობას უპირობოდ აზიარებს და გლობალურად ეპიდემიის კონტროლის მისაღწევად რეალურ ქმედებებს ახორციელებს.

    ჩინეთის მიერ ეპიდემიასთან ბრძოლაში მიღწეული სტრატეგიული შედეგებით, ჩინეთის კომპარტიის მმართველობის ძლიერი უნარი და ჩინელი ხალხის უდრეკი ნებისყოფა კიდევ ერთხელ დადასტურდა. ჩინეთის კომპარტიის ძირითადი მიზანი, რომ მთელი გულით ხალხს ემსახუროს და ჩინური სპეციფიკის სოციალისტური წყობის აშკარა უპირატესობა ნათლად აჩვენებს, რომ ჩინეთი, როგორც პასუხისმგებლიანი დიდი სახელმწიფო მზადაა შეგნებულად იკისროს ვალდებულება, რაც „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ მსოფლიო მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

    კორონავირუსთან ბრძოლაში ჩინეთის გამოცდილების გათვალისწინებით, რა მოსაზრება და რჩევები გაქვთ საქართველოში ეპიდემიის მცირე მასშტაბით განმეორებით აფეთქების შესახებ?

    ჩვენ მუდამ თვალს ვადევნებთ საქართველოში ეპიდსიტუაციის განვითარებას. ეპიდემიის დაწყებიდან, საქართველოს მთავრობა გადამჭრელ და ეფექტურ ზომებს ატარებს, სამედიცინო პერსონალი მეცნიერულად ცდილობს ეპიდემიის შეჩერებას, მოსახლეობაც აქტიურად თანამშრომლობს ხელისუფლებასთან. ყოველივე ამის შედეგად, საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი მუდამ შედარებით დაბალია.  საქართველო თავისი შედეგებით რეგიონის სხვა ქვეყნებისგან გამოირჩევა. ბოლო პერიოდში, ეპიდემიის ხელახალი აფეთქება, საქართველოს ჯანდაცვის სპეციალისტების მოსაზრებას თუ დავეყრდნობით, უმეტესწილად ტურისტული ბაზრის გახსნით, სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის და ხალხის თავშეყრის აღდგენით არის განპირობებული. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ახალი კორონავირუსი ძლიერ გადამდები, ხოლო მისი გავრცელების გზები კომპლექსურია, იგი საერთაშორისო თანამეგობრობის საერთო, „ცბიერი“ მტერია.

    მიმდინარე წლის ივნისში, პეკინშიც ყველასთვის მოულოდნელად ეპიდემიამ ხელახლა იფეთქა. ჩინურმა მხარემ მყისიერი რეაგირება მოახდინა, ინფიცირებულთა დადგენის, ტესტირების, პრევენციისა და კონტროლის ზომები გაფართოვდა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო ვითარებაზე რეაგირების დონე აიწია. შედეგად, ეპიდემიის გავრცელება მალევე შეჩერდა. ეპიდემიასთან ბრძოლაში მიღებული გამოცდილებით, ჩვენ დავადგინეთ, რომ ახალი კორონავირუსი პრევენციას, კონტროლსა და განკურნებას ექვემდებარება. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ძალების გაერთიანება და მეცნიერული მიდგომა. ასე ეპიდემიას აუცილებლად შევაჩერებთ.

    ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება და ჯანდაცვასა და დაავადებათა კონტროლზე პასუხისმგებელი ორგანოები ძალ-ღონეს არ იშურებენ და აქტიურად უწყობენ ხელს იდენტიფიცირებას, შემოწმებას, იზოლაციასა და მკურნალობას. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის მხრიდან გაგებითა და თანამშრომლობით, საქართველო ეპიდემიის ხელახალ აფეთქებას ძალიან მალე შეაჩერებს. ჩინური მხარე მზადაა, კვლავაც გაუზიაროს საქართველოს პრევენციის, კონტროლისა და მკურნალობის კუთხით დაგროვილი გამოცდილება, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში სამედიცინო მატერიალური დახმარების აღმოსაჩენად, განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხის გვერდში დასადგომად და ეპიდემიასთან ბრძოლაში ერთობლივი გამარჯვების მისაღწევად.

    3 სექტემბერს ჩინეთში იაპონურ აგრესიასა და მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ ძალებზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. როგორ შეხვდა ჩინეთი ამ დღეს? თქვენი აზრით, რა უნდა ვისწავლოთ მეორე მსოფლიო ომში მიღებული გამოცდილებიდან?

    მიმდინარე წლის 3 სექტემბერს ჩინელი ხალხის მიერ მილიტარისტულ იაპონიასა და მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავი შესრულდა. ამასთან დაკავშირებით, ჩინეთში კონფერენცია, სამოქალაქო პანაშვიდი და სხვა ღონისძიებები გაიმართა. პრეზიდენტმა სი ძინფინგმა კონფერენციის მონაწილეებს მნიშვნელოვანი სატყვით მიმართა. მან იაპონია-ჩინეთის მეორე ომის ხანგრძლივი ისტორია დაწვრილებით გაიხსენა, ჩინელი ხალხისა და კაცობრიობის განვითარებისათვის ამ ომში გამარჯვების მნიშვნელობა განმარტა, ამ ომის შედეგად აღმოცენებულ ჩინელი ხალხის დიად სულისკვეთებაზე ისაუბრა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი მომავალში უდრეკად განაგრძობს მის მიერ, დამოუკიდებლად არჩეული განვითარების გზაზე სვლას, მტკიცედ დაიცავს საკუთარ კანონიერ ინტერესებს და არ დაუშვებს მათ ხელყოფას, მან ჩინეთის არჩევანი და განვითარების კონცეფცია გასაგებად ახსნა.

    მეორე მსოფლიო ომის ცეცხლმა აზია, ევროპა, აფრიკა, ოკეანეთი მოიცვა. მთელს მსოფლიოში დაშავებულთა და გარდაცვლილთა რიცხვმა ას მილიონს გადააჭარბა. უამრავი ქვეყანა კაცობრიობიობის ისტორიაში მანამდე არნახული კატასტროფისა და საშინელი უბედურების წინაშე აღმოჩნდა. მეორე მსოფლიო ომში ჩინეთი და საქართველო, ორივე ქვეყანა, მონაწილეობდა. ორივე ერმა ამ სამართლიანობის წინააღმდეგ მიმართულ, საშინელ ომში გამარჯვების მოსაპოვებლად გაუსაძლისი განსაცდელი გამოიარა და უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო. ჩინეთის ომი მილიტარისტულ იაპონიასთან გაცილებით ადრე დაიწყო და ყველაზე დიდხანს გაგრძელდა. ამ ომში დაჭრილთა და დაღუპულთა რაოდენობამ 35 მილიონი კაცი შეადგინა. იაპონური სამხედრო აგრესიის შეკავება ჩინეთს უზარმაზარი მსხვერპლის ფასად დაუჯდა. ჩინეთმა აღმოსავლეთის ფრონტზე ფაშიზმის წინააღმდეგ ომში გასამარჯვებლად გადამწყვეტი როლი შეასრულა და მსოფლიო ფაშიზმზე საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად მარადიული ღვაწლი გაიღო.

    ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ისტორიული გამოცდილება და გაკვეთილი კარგად უნდა გვახსოვდეს. ეს შუღლის გაგრძელებას კი არ ნიშნავს, არამედ ჩვენი მიზანია, ისტორიიდან გაკვეთილის მიღებით მომავალზე ორიენტირება, მშვიდობაზე ერთობლივად ზრუნვა, მშვიდობის დაცვა, რათა მსოფლიოს ერებმა მუდამ მშვიდობით იცხოვრონ. ისტორია გვასწავლის, რომ მიკერძოებას, დისკრიმინაციას, შუღლს და ომს მხოლოდ უბედურება და ტკივილი მოაქვს, მტრის დამარცხება და გამარჯვების მოპოვება მხოლოდ გაერთიანებითა და თანამშრომლობით არის შესაძლებელი. დღეს საერთაშორისო მდგომარეობა ბოლო ასი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერ იცვლება. ახალი კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პანდემია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კაცობრიობისთვის ყველაზე დიდ კატასტროფად და გამოწვევად იქცა. აქამდე არნახული სერიოზული გამოცდის წინაშე, ჩინური მხარე მზადაა ეპიდემიის წინააღმდეგ ძლიერი შემართებით საბრძოლველად, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად გაეროს წესდების ძირითად მიზნებსა და პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო სისტემის დასაცავად, „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ ერთობლივად ჩამოსაყალიბებლად და კაცობრიობისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

    წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების 75 წლისთავი აღინიშნება. ჩინეთი და საქართველო აქტიურად არიან ჩართული გაეროს შესაბამის აქტივობებში. რას ფიქრობს ჩინური მხარე გაეროს მიერ საკუთარი პოტენციალის სრულად გამომჟღავნებასა და მულტილატერალიზმის აქტიურ მხარდაჭერაზე?

    საერთაშორისო სისტემა, რომლის არსებით ნაწილს გაერო წარმოადგენს, მეორე მსოფლიო ომის შედეგებსა და კაცობრიობის მიერ საერთაშორისო სამართლიანობისადმი მისწრაფებას ასახავს. წელს გაეროს დაარსების 75 წლის იუბილეა. ჩინეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც გაეროს წესდებას ხელი მოაწერა. იგი გაეროს დამფუძნებელი სახელმწიფოა და უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებს შორის ერთადერთი განვითარებადი ქვეყანაცაა. ჩინური მხარე მომავალში ისევ დაიცავს მულტილატერალიზმს; გლობალური მართვის სისტემის რეფორმასა და მშენებლობაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს; საერთაშორისო სისტემას, რომლის ბირთვსაც გაერო წარმოადგენს, ისევ მტკიცედ დაიცავს; საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგსა და საერთაშორისო საკითხებში გაეროს ცენტრალურ როლს მტკიცედ დაიცავს.

    რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტმა სიძინფინგმა გაეროს დაარსების 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმსა და გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში გამართულ დებატებზე ვიდეო ჩართვით მიიღო მონაწილეობა. ამასთანავე, მან გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან, შეხვედრა გამართა, სადაც მიმდინარე საერთაშორისო საკითხებზე ჩინეთის შეხედულებები და პოზიცია დაწვრილებით განმარტა. მან აღნიშნა, რომ კაცობრიობის განვითარების ისტორია - სხვადასხვა გამოწვევებისა და სირთულეების დაძლევის უწყვეტი ისტორიაა. ახალი კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პანდემია და ბოლო ასი წლის განმავლობაში მსოფლიოში მიმდინარე უპრეცედენტო ცვლილებები ერთმანეთზე ზეგავლენას ახდენს. თუმცა მშვიდობა და განვითარება - ჩვენი ეპოქის ეს ორი მთავარი მოტივი, უცვლელი რჩება და მსოფლიო ხალხების მოლოდინი მშვიდობის, განვითარებისა და თანამშრომლობის მიმართ კიდევ უფრო იზრდება. კოვიდ-19 კაცობრიობის უკანასკნელი კრიზისი ვერ იქნება, ამიტომ ერთმანეთს მხარში უნდა დავუდგეთ და გლობალური გამოწვევებისთვის ერთად მოვემზადოთ. მან აღნიშნა, რომ უნდა ჩამოყალიბდეს „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ ცნობიერება, სადაც „შენ ჩემში ხარ და მე - შენში“, უარი უნდა ვთქვათ დაჯგუფებებსა და ნულოვანი ჯამის თამაშზე, უნდა დაინერგოს „დიდი ოჯახისა“ და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის კოცენფცია, უნდა დავივიწყოთ იდეოლოგიური პაექრობა, უნდა გადავლახოთ კულტურათშორისი კონფლიქტების მახე, პატივი უნდა ვცეთ ქვეყნების სუვერენულ არჩევანს და მათი განვითარების გზასა და მოდელს, დაე მსოფლიოს მრავალფეროვნება ადამიანთა საზოგადოების პროგრესის უშრეტ ძალად იქცეს; მხარი დავუჭიროთ გახსნილობასა და ტოლერანტობას, მტკიცედ ვაშენოთ ღია მსოფლიო ეკონომიკა, დავიცვათ მრავალმხრივი სავაჭრო სისტემა და მისი ქვაკუთხედი - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია; გადაჭრით უარი ვთქავთ უნილატერალიზმსა და პროტექციონიზმზე და გლობალური წარმოებისა და მიწოდების ჯაჭის სტაბილურობა დავიცვათ; არ უნდა გადავუხვიოთ მულტილატერალიზმის გზას, უნდა დავიცვათ საერთაშორისო სისტემა, რომლის ბირთვსაც გაერო წარმოადგენს, დავიცვათ „ერთობლივი მსჯელობის, ერთობლივი მშნებებლობისა და ერთობლივი სარგებლის“ პრინციპი, მხარი დავუჭიროთ ქვეყნებს შორის უფლებების თანასწორობას, შესაძლებლობების თანასწორობას, რეგულაციების თანასწორობას, გლობალური მმართველობის სისტემის მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანას, რომელიც გლობალური გამოწვევების მოთხოვნებს დამაკმაყოფილებლად უპასუხებს და მშვიდობიანი განვითარების და თანამშრომლობის ისტორიული განვითარების ტენდენციასთან შესაბამისობაში მოვა.

    ესაუბრა ავთანდილ ოთინაშვილი

  • მსოფლიოს ყველაზე ტრენდული კორეული ბრენდი Missha-ს პროდუქცია PSP-ს ქსელშია და უკვე ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომია

    მსოფლიოს ყველაზე ტრენდული კორეული ბრენდი Missha-ს პროდუქცია PSP-ს ქსელშია და უკვე ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომია.

    Missha, A’pieu და Swiss pure – 3 წამყვანი ბრნედია კორეული კოსმეტიკური კომპანიის Able C&C, რომელიც 2000 წელს დაარსდა და უკვე 2006 წელს იაპონია დაიპყრო.  Able C& C წარმატებით დამკვიდრდა გლობალური ბაზრის ლიდერად - ჩინეთში, იაპონიაში, ევროპაში, ამერიკასა და აზიაში. კომპანიას 53 ქვეყანაში 19 000 -ზე მეტი მაღაზია აქვს.

    Missha-ს პროდუქცია შემქნილია მათთვის, ვინც ხაზს უსვამს თავის ინდივიდუალიზმს და ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებს უპირატესობას! დამზადებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე და გამდიდრებულია სხვადასხვა ეგზოტიკური მცენარეების და ლოკოკინის ექსტრაქტით, ზღვის ღრმა წყლითა და  ჰიალურონით. არ შეიცავს საღებავებს, პარაბენებსა და მინერალურ ზეთებს. მომხმარებელს სთავაზობს სახის 10 ეტაპიანი წმენდისთვის საჭირო პროდუქტიის, დეკორატიული კოსმეტიკისა და ნიღებების მრავალფეროვან არჩევანს.

     „PSP მომხამრებლებს მუდმივად სიახლეებსა და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების პროდუქციას სთავაზობს. კორეული პრემიუმ კლასის ბრენდი „მისშა“ არის ერთ-ერთი პირველი ბრენდი კორეაში, რომელიმაც ძალიან მაღალი ხარისხის BB კრემი აწარმოა, მაღალი ულტრაიისფერი დაცვითა და ყველაზე მაღალი, 42% SPF-ით; „მისშა“ ცნობილია როგორც სახის მოვლის სხვადასხვა ხაზის მაღალეფექტური პროდუქციით, ასევე მრავალფეროვანი შემადგენლობისა და ეფექტის მქონე ნიღბებით, თვალის პაჩებით; განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს 3 ეტაპიან დამატენიანებელი ნიღაბი „ყველაფერი ერთში“ - ესენცია, ნიღაბი, კრემი.

    მოვლის საშუალებებთან ერთად „მისშა“ აწარმოებს პროფესიონალურ დეკორატიულ კოსმეტიკას, რომელიც იდეალურია როგორც მაკიაჟის მოყვარულთათვის, ისე პროფესიონალი ვიზაჟისტებისთვის. შეთავაზების მრავალფეროვნება და კორეული პრემიუმ ხარისხი „მისშას“ ქართველი ქალბატონების საყვარელ ბრენდად მალე აქცევს“- აცხადებენ PSP-ში. (R)

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური