3-4 აპრილს დავით ზალკალიანი ვაშინგტონს ეწვევა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 02 აპრილი 2019 15:14

2019 წლის 3-4 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით ვაშინგტონს ეწვევა, სადაც ნატოს დაარსებიდან საიუბილეო, 70-ე წლისთავზე გასამართი საგარეო საქმეთა მინისტერიალის პარალელურად დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  ნატოს წევრ საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს 3 აპრილს, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს, აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდისა და მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის მიერ თანაორგანიზებულ ღონისძიებაში „nato engages: the alliance at 70 years“, სადაც სიტყვით გამოვა ალიანსის გაფართოების საკითხისადმი მიძღვნილ პანელზე „უსაფრთხოების გაფართოება სამეზობლოში: ნატოს პარტნიორობის მემკვიდრეობა და მომავალი“. ზალკალიანი ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის აშშ-ს კონგრესში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელ გერი კონოლთან.

აღსანიშნავია, რომ მინისტერილის ფარგლებში მიმდინარე წლის 28 მარტს გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც საქართველოს მონაწილეობით მსჯელობა წარიმართა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე 24-25 მარტს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნატოს გენერალური მდივანი.

წაკითხულია 181 ჯერ

Related items

  • დავით ზალკალიანი ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლების საკითხებში მინისტერიალის მონაწილეებს მიმართავს

    ვაშინგტონი-  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეს მიწვევით ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მონაწილეობს. 

    საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დღეს კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. საკუთარ გამოსვლაში მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს, როგორც   სხვადასხვა კულტურათა და რელიგიის  ისტორიულ დამაკავშირებელზე და შემწყნარებლობის ტრადიციაზე. 
     
    დავით ზალკალიანი საკუთარ გამოსვლაში განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ ვითარებაზე, მათ შორის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის, რელიგიური ხასიათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანებისა და ხელყოფის ფაქტებზე. 
     
    მინისტერიალის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვერებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან, ასევე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ფილიპ რიკერთან, რა დროსაც განხილული იქნება საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე საკითხები, მათ შორის უსაფრთხობის და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.    

  • ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია დავით ზალკალიანმა შემაჯამებელი სიტყვით დახურა

    საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად შემაჯამებელი სიტყვით დახურა.

    მან მადლობა გადაუხადა როგორც სესიების მომხსენებლებს და მოდერატორებს, ასევე კონფერენციის მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის. მინისტრის თქმით, ბოლო ორი დღე საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო, განსაკუთრებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ განვითარებასთან დაკავშირებით იდეების გაცვლის კუთხით. დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო შეიმუშავებს ხედვას იმის შესახებ თუ როგორ განვითარდება „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ 2020 წლის შემდეგ, რომელშიც მაქსიმალურად იქნება ასახული კონფერენციის ფარგლებში გაჟღერებული იდეები და ინიციატივები.
     
    ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ 11-12 ივლისს გაიმართა. წლევანდელი კონფერენცია უპრეცედენტო მასშტაბით გამოირჩეოდა, რადგან ის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი და მაღალი დონის პირებმა, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.

  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

    საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, ლი იანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

    რწმუნებათა სიგელების ასლის გადაცემის ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, განხილულ იქნა საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი. ყურადღება გამახვილდა თანამშროლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. მხარეებმა იმსჯელეს „სარტყელისა და გზის“ ინიციატივაში (Belt and Road Initiative) საქართველოს ჩართულობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქმიანობის კოორდინაციას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონ მამუკა ბახტაძის 2019 წლის 1 ივლისს გამართული ვიზიტი ჩინეთის ქალაქ დალიანში, სადაც, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) ფარგლებში, შედგა მისი ორმხრივი შეხვედრა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან, ბატონ ლი კეციანთან.

    მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ჩინეთის სახელმწიფო მრჩევლისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის მაისში გამართულ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში და მის მნიშვნელობას.

    ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ არ დაიშურებს ძალისხმევას ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებისათვის. მან ასევე დაადასტურა ჩინეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დავით ზალკალიანმა კი, თავის მხრივ, „ერთი ჩინეთის პრინციპისადმი“ (One China Principle) ჩვენი ქვეყნის ერთგულებას გაუსვა ხაზი.

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთის ელჩს ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

  • დავით ზალკალიანის განცხადებით საქართველო უსაფრთხო და პოპულარული ტურისტული ქვეყანაა

    საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას საგარეო უწყების ხელძღვანელი დავით ზალკალიანი გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა ჩვენს პარტნიორებთან საქართველოში არსებული ტურისტული და უსაფრთხოების გარემოს შესახებ ინფორმაციის გაცვლას. მისი თქმით, როგორც საქართველოს მისიები საზღვარგარეთ, ასევე ადგილზე მყოფი დიპლომატიური წარმომადგენლობები აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაში.

    „საგარეო საქმეთა სამინისტრო ისევე როგორც თბილისში, ასევე ყველა დიპლომატიური მისიის საშუალებით აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას საერთაშორისო თანამეგობრობასთან ტურიზმის სფეროში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს გავაცანით არსებული სიტუაცია და განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ იმაზე, რომ საქართველო როგორც აქამდე, ისე დღესაც და მომავალშიც, არის და იქნება უსაფრთხო ქვეყანა.
    „საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა აღიარებულია ევროკავშირის მხრიდან და ფაქტებიც მოწმობს, რომ მიუხედავად ბოლო პერიოდში შექმნილი სიტუციისა, არც ერთი ინცინდენტი არ დაფიქსირებულა, არც ერთი უცხოელი მოქალაქისა და ტურისტის მიმართ“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო მომავალშიც მიმზიდველი ქვეყანა იქნება საერთაშორისო პარტნიორებისთვის. „აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ დიპლომატიური კორპუსი, როგორც თბილისში ასევე ჩვენი მისიები მომავალშიც გააგრძელებენ აქტიურ კომუნიკაციას და საქართველო კვლავაც იქნება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის.“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

  • დავით ზალკალიანმა ჩინეთის რესპუბლიკის ელჩი მიიღო

    2019 წლის 18 ივნისს გაიმართა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ძი იენჩის შორის, რომელიც საქართველოში თავის მისიას ასრულებს.

    განხილულ იქნა საერთო ინტერესის მქონე თემების ფართო სპექტრი, მათ შორის ეკონომი-კური მიმართულებით. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

    ხაზი გაესვა ჩინეთის სახელმწიფო მრჩევლისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ამასწინდელ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში და მის ისტორიულ მნიშვნელობას.
    ჩინეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დავით ზალკალიანმა კი, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი საქართველოს ერთგულებას.
    ~
    ყურადღება გამახვილდა „სარტყელისა და გზის“ გლობალურ ინიციატივაზე (Belt and Road Initiative) და მასში საქართველოს უფრო მეტ ჩართულობაზე.

    კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი ინვესტორი ქვეყანაა, რომლის ჩართულობითაც არაერთი პროექტი ხორციელდება, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რაც ხელს უწყობს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას.

    ჩინეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მისი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ის კვლავაც შეეცდება თავისი წვლილის შეტანას საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საქმეში. გამოითქვა იმედი, რომ ჩინეთის ახალი ელჩი, რომელიც საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამობრძანდება, იქნება ძალზედ წარმატებული, რაც ორივე ქვეყნის ინტერესს ემსახურება.

    დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ჩინეთის ელჩის განსაკუთრებულ როლს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში და ჩინელ დიპლომატს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური