ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგსა და წყლის ხარისხზე პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 მარტი 2019 14:46

ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგი და წყლის ხარისხი  იყო სექტორთაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მთავარი თემა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც მთავრობის მეთაურმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, საქართველოში ჯერ კიდევ არის რეგიონები, სადაც ეკოლოგიის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება. მამუკა ბახტაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოში შემავალ უწყებებს  შესაბამისი დავალება ჰქონდათ მიცემული, იმისთვის, რომ საქართველოს მასშტაბით  წყლის ხარისხის მდგომარეობა შეესწავლათ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შედეგად  გარკვეულ ქალაქებში გაუმჯობესება აღინიშნება, თუმცა, წყლის ხარისხის შეუსაბამობა მაინც  მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

„დღეს საკოორდინაციო საბჭოს სპეციალურ ფორმატში შევიკრიბეთ, რომ ვიმსჯელოთ გარემოს დაცვისა და ჩვენს მიერ დაანონსებული მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ნაბიჯებზე და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე. მოგეხსენებათ, რომ ეს არის საკმაოდ კომპლექსური საკითხი. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ გვაქვს რეგიონები, სადაც ეკოლოგიის თვალსაზრისით რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები. საკოორდინაციო საბჭოში შემავალ უწყებებს უკვე ჰქონდათ დავალება მიცემული, რომ შეესწავლათ წყლის ხარისხის მდგომარეობა საქართველოს მასშტაბით. გამოიკვეთა, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიციების შედეგად ჩვენ გვაქვს გაუმჯობესება გარკვეულ ქალაქებში, თუმცა, წყლის ხარისხის შეუსაბამობა მაინც რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად. შესაბამისად, ეს ჩვენი მხრიდანაც მოითხოვს უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რაც შეეხება ბავშვთა სისხლში ტყვიის მოცულობის მონიტორინგს, პრემიერ-მინისტრის თქმით,  აღნიშნული პრობლემა თანამედროვე სამყაროსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, დაგეგმვა და მათი იმპლემენტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ვიცი, რომ ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება ჩატარდა, განხორციელდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტი. ბუნებრივია, ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებზე და გამოვიყენოთ საუკეთესო გამოცდილება, რომელიც დაგროვდა დასავლეთის ქვეყნებში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საკოორდინაციო საბჭო გარემოს დაცვის მიმართულებით 2018-2022 წლების გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ფუნქციონირებს და მას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. სექტორთაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ესწრებოდნენ. 

წაკითხულია 75 ჯერ

Related items

  • საქართველოში ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმოს მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება

    საქართველოში ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმოს მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება, - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს კომპანია „აი გრუპისა" და ჩინური კომპანია „ჩანგანის" წარმომადგენლებს შეხვდა.

    პროექტის თანახმად, კომპანია „აი გრუპი" ქუთაისში 100 ჰექტარ ტერიტორიაზე 24 თვეში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ქარხანაში 300-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება, საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვეში კი არანაკლებ 5 000 ელექტრომობილისა დამზადდება. 

    პრემიერ-მინისტრისა და კომპანიის წარმომადგენლების შეხვედრისას მნიშვნელოვნად შეფასდა ის ფაქტი, რომ საწარმო მთავრობის ხელშეწყობით აშენდება და იქნება რეგიონში პირველი ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით.

    მთავრობის მეთაურმა საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩინეთის განსაკუთრებულ  ურთიერთობებს და განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობის ნაწილი იყოს ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა „ჩანგანი". როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც  ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აქვს და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. გარდა ამისა, საქართველო არის ერთ-ერთი პირველი, ვინც მონაწილეობა მიიღო „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივაში.

    პრემიერ-მინისტრის, „აი გრუპისა" და „ჩანგანის" წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებით მემორანდუმები გაფორმდა. დოკუმენტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი დუგლაძემ, ქართულმა კომპანია „აი გრუპისა" და ჩინური კომპანია „ჩანგანის" წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი.

    რეგიონში პირველი ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. სამშენებლო სამუშოები ქუთაისში უახლოეს თვეებში დაიწყება.

  • მამუკა ბახტაძე - დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ

    დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდ USS Ross-ზე სტუმრობისას განაცხადა, რომელიც ბათუმის ნავსადგურში იმყოფება. 
    მთავრობის მეთაურს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა და საზღვაო ხომალდის მეთაურმა, კაპიტანმა დევიდ კოულსმა უმასპინძლეს. პრემიერმა ხომალდი დაათვალიერა და მისი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიიღო. 

    მამუკა ბახტაძის განცხადებით, USS Ross-ის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოსადმი, რასაც ქართველი ხალხი აფასებს. 
    "საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აშშ-ი ყოველთვის იდგა ჩვენს გვერდით ყველაზე მძიმე წუთებში და ქართველი ხალხი ამას არასოდეს დაივიწყებს. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უფრო და უფრო პრიორიტეტული ხდება. ჩვენი გზავნილი ჩვენი მეგობრებისთვის ყოველთვის იყო ძალიან მკაფიო - შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე ტრანსატლანტიკური სახელმწიფოების მდგრადი უსაფრთხოება წარმოუდგენელია. თქვენი სტუმრობა არის კიდევ ერთი ძლიერი და მეგობრული გზავნილი და ამ მხარდაჭერისთვის მადლობას გიხდით", - მიმართა პრემიერმა საზღვაო ხომალდის მეთაურსა და ეკიპაჟის წევრებს. 

    ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Ross-ი ბათუმის ნავსადგურში 21 აპრილს შემოვიდა. 

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

  • პრემიერ-მინისტრი რუმინეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუმინეთის სენატის პრეზიდენტს კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუს შეხვდა.

    საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, მიმდინარე რეფორმებსა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას.

    ხაზი გაესვა საქართველო-რუმინეთის მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს და ეკონომიკური კავშირების მასთან შესაბამისობაში მოყვანის მნიშვნელობას. დადებითად შეფასდა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები.

    პრემიერ-მინისტრი მიესალმა რუმინეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის დღის წესრიგში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობაზე.

    რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

    შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დეპუტატი ისკო დასენი დაესწრნენ.

  • სომხეთის პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

    აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან საკმაოდ პირდაპირი, გულწრფელი და კონსტრუქციული საუბარი მქონდა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

    „სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს საერთო ხედვა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მექანიზმებთან დაკავშირებით. მაგრამ ის ფაქტი, რომ შევქმენით დისკუსიისთვის საკმაოდ გულწრფელი ატმოსფერო, უკვე ძალიან კარგია“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.

    8 აპრილს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობს.

    სესია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლილიან მორი პასკემ გახსნა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, რომელიც 12 აპრილამდე გაგრძელდება, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

    მამუკა ბახტაძის გამოსვლა 10 აპრილს შედგა, ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლა კი 11 აპრილს გაიმართა. ევროსაბჭოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ლილიენ მორი პასკიესთან.

    სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე. საუბრის მთავარი თემა ყველა ის აქტუალური საკითხები იყო, რომელიც სომხეთის წინაშე დგას ამ ეტაპზე.

    ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

  • "ჩემთვის დიდი პატივია სტრასბურგში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მასპინძლობა" - ტორბიორნ იაგლანდი

    ჩემთვის დიდი პატივია ევროპის საბჭოში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მასპინძლობა. საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ურთიერთობების მაღალ ხარისხი სუფევს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ ევროსაბჭოში პრესასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

    როგორც გენერალურმა მდივანმა დაამატა, შეხვედრაზე საქართველოს ახალი სამოქმედო გეგმაც განიხილეს. „მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველო ჩაიბარებს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას. როგორც ჩვენი შეხვედრის დროს მაცნობეს, საქართველო აქტიურად ემზადება ამ მოვლენისთვის. ასევე განვიხილეთ საქართველოს ახალი სამოქმედო გეგმა. ამჟამინდელი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო. მაგალითად, ამ სამუშაოს შედეგია ახალი კონსტიტუცია, რომლის ძალითაც საქართველო გადავიდა სრულ საპარლამენტო დემოკრატიის სისტემაზე. იყო გარკვეული სირთულეები საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მაგრამ ამ მხრივ პოლიტიკის გაუმჯობესება ჩვენს პრეროგატივაში არ შედის“, – აღნიშნა ტ. იაგლანდმა.

    ამასთან, მისივე თქმით, ევროპის საბჭო წელიწადში ორჯერ აქვეყნებს კონსოლიდირებულ ანგარიშს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების შესახებ. „ასევე უნდა ავღნიშნო, რომ ამ თანამდებობაზე ჩემი ყოფნის 10 წლის განმავლობაში ჩვენ წელიწადში ორჯერ ვაქვეყნებთ კონსოლიდირებულ ანგარიშს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების შესახებ.  ამ ანგარიშების გამოქვეყნების გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია. პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩვენ დღეს განვიხილეთ ამ რეგიონების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზები. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ნდობის აღდგენისკენ გამიზნულ მისიებზე, რასაც, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა დიდად აფასებს“, – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.

    მან ასევე აღნიშნა, რომ, საქართველო ნაყოფიერი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების კარგი მაგალითია. „ჩვენთვის საქართველო წარმოადგენს ნაყოფიერი თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების ძალიან კარგ მაგალითს. აქედან გამომდინარე იმედის თვალით შევყურებთ ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას“, – დასძინა ტორბიორნ იაგლანდმა.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიორნ იაგლანდს  სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 12 აპრილს დაასრულებს მუშაობას.

    ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური