სალომე ზურაბიშვილი - ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველო - ნატოს ურთიერთობის ქვაკუთხედია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 25 მარტი 2019 16:27

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ძალიან სასიხარულო და საპატიოა ის ფაქტი, რომ საქართველო ნატოსთან ერთად მასპინძლობს ნატოს წვრთნებს, რაც ძალიან სერიოზული გზავნილი და ნიშანია იმისა, თუ რა დონეზეა და როგორი ნდობით ხასიათდება ჩვენი ურთიერთობები.
,,საქართველოს მოსახლეობისთვის ეს არის ძალიან დიდი ნიშანი იმისა, თუ რა გზაზე ვდგევართ - რომ ეს გზა უცვლელი და უალტერნატივოა, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება - სამხედრო, თუ პოლიტიკური რეფორმები, იმისათვის, რომ ამ გზაზე მყარად ვიაროთ.
ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსათვის ნატოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედია და ვხედავთ, რომ ეს პოლიტიკა გრძელდება, თუნდაც ჩრდილო მაკედონიის მიღებით, რაც ძალიან დიდი წინსვლის ნიშანია და ჩვენ ამ გზით გავაგრძელებთ სვლას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ნატოს უაღრესად ღირებულ პარტნიორს წარმოადგენს და ნატოს კარი ღიაა საქართველოსათვის. ნატო განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას და მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს მისი სამხედროები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან.
,,ქალბატონო პრეზიდენტო, ნამდვილად დიდი პატივია, თქვენთან ხელახლა შეხვედრა. ბოლოს ჩვენ ბრიუსელში შევხვდით ახლა უკვე თბილისში შედგა ჩვენი შეხვედრა, რაც საქართველოსა და ნატოს შორის არსებულ მაღალი დონის პარტნიორობას გამოხატავს.
საქართველო ნატოს უაღრესად ღირებულ პარტნიორს წარმოადგენს. მე დღეს ერთობლივი წვრთნების ცენტრი მოვინახულე, სადაც ჩვენ, სხვადასხვა პარტნიორთან ერთად, ერთობლივ წვრთნებს ვახორციელებთ.
ეს მაჩვენებელია იმისა, რომ საქართველო და ნატო მხარდამხარ მოქმედებენ. მე უაღრესად მადლობელი ვარ ერთობლივი უსაფრთხოების საქმეში საქართველოს მიერ გაღებული წვლილისთვის.
ამას გარდა, საქართველო ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების მონაწილეა და წვლილი შეაქვს ჩვენს მისიაში, რომელსაც ავღანეთში ვახორციელებთ. მსგავსი ახლო თანამშრომლობით ჩვენ ვაძლიერებთ ნატოს მოკავშირეების უსაფრთხოებას. ასევე, გეხმარებით თქვენ, რაც ჩვენი, როგორც საქართველოს, ასევე ნატოს ინტერესშია. საქართველო ნამდვილად უნიკალური პარტნიორია. მივესალმებით რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს პროგრესს.
ნატოს ლიდერებმა კვლავ განაცხადეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. მე ვესწრებოდი ნატოს სამიტს 2008 წელს, ბუქარესტში, სადაც ჩვენ პირველად განვაცხადეთ აღნიშნულის თაობაზე, თუმცა, მსგავსი განცხადებები კვლავ გაკეთდა გასული წლის ივლისში, ბრიუსელში.
ჩვენ ვაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების გზაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ აგრეთვე მხარს ვუჭერთ თქვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს მისი სამხედროები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. უარი თქვას მათი, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე, რადგან ეს ტერიტორიები  საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენს, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა შეაფასა შეხვედრა და აღნიშნა, რომ შეხვედრისას მისი მთავარი გზავნილი დღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდებოდა.
პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე, ოკუპაციის ხაზთან ძალიან დამძიმდა ვითარება, ეს იქნება გატაცებები, თუ მუქარები ნატოს წვრთნების შესახებ.
,,ეს ჩვენს პარტნიორებთან ჩვენი ყოველდღიური სათქმელი უნდა იყოს, რათა მათ იცოდნენ, რომ საქართველო, რუსეთის ამ აგრესიული პოლიტიკის მიუხედავად, განაგრძობს სამშვიდობო გეგმებსა და სამშვიდობო ნაბიჯებს, რომელიც ყოველდღიურად უფრო რთული ხდება, როცა საოკუპაციო ხაზზე იკეტება გადასასვლელი პუნქტები.
ამის მიუხედავად, საქართველო არ ცვლის სამშვიდობო გზავნილებს. სხვა პოლიტიკა საქართველოს არ გააჩნია - მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გააქტიურდეს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი, მიიღოს მან პოლიტიკური დატვირთვა, ან ჟენევაში ან სხვანაირად. არ შეიძლება, რომ ჩვენ შეგუებულნი ვიყოთ  საკითხის მხოლოდ ტექნიკურ დონეზე გადაწყვეტას, რადგან რეალურად პროგრესი, რომ მშვიდობიანად გადაწყდეს ეს საკითხი, ამ ფორმით, არ არსებობს, თუ ჩვენი პარტნიორები რუსეთს ყოველდღიურად არ შეახსენებენ, რომ მან უნდა შეასრულოს არებული ვალდებულებები.
ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკა, ეს არის ჩვენი ძალა და ეს იქნება ჩვენი გამარჯვების გზა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში ალექსანდრე მაისურაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ქეთევან მახარაშვილი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან კი, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი, ნატოს გენერალური მდივნის სამხედრო ასისტენტი გიერმუნდ ეიდე, საქართველოში ნატოს ოფისის ხელმძღვანელი როზალია პუგლისი, ნატოს პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის ევროატლანტიკური და მსოფლიო პარტნიორობის ოფიცერი სტეფან ელგერსმა, გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის მოადგილე კრისტიან მესზაროსი, ნატოს პრესსპიკერის მოადგილე პიერ კაზალეტი.

წაკითხულია 106 ჯერ

Related items

  • საქართველოს პრეზიდენტმა ნორვეგიის პრემიერთან ურთიერთობების გააქტიურების საკითხი დააყენა

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნორვეგიასთან ურთიერთობების გააქტიურების საკითხი დააყენა ნორვეგიის პრემიერთან ერნა სოლბერგთან შეხვედრაზე, რომელიც ჟენევაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართა. ნორვეგიის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

    ერნა სოლბერგი დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით და საქართველოს პრეზიდენტმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მას ბოლო პერიოდში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის, რუსიფიკაციისა და მასობრივი პასპორტიზაციის საკითხებზე.

    საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აფხაზეთში აფხაზური ენა საფრთხის ქვეშაა და მას დაცვა და შენარჩუნება სჭირდება. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს და ნორვეგიის პრემიერმა საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს მაღალი შეფასება მისცა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს კანდიდატების მხარდჭერის საკითხი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) ევროპის რეგიონის რეგიონული დირექტორის პოსტზე და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის პოსტზე. ასევე აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიის თვალსაზრისით ნორვეგიის გამოცდილებისა და მიღწევების გაზიარება, როგორც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, ასევე შავი ზღვის ეკოსისტემის დაცვისა და შავ ზღვაში თევზის რეწვის სფეროს რეგულირებაში. საუბარი შეეხო პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ნორვეგიის გამოცდილების გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებასაც.
    ,,ყოველთვის სასიამოვნოა ახალ ქალ ლიდერებთან შევხედრა, რომლებიც საკმაოდ ცოტანი ვართ.
    საუბარი შეეხო საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას"- აღნიშნა ერნა სოლბერგმა. 
    ნორვეგიის პრემიერმა მნიშვნელოვანი უწოდა თბილისში ნორვეგიის ხსნის საელჩოს გახსნისბგადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ეს გაზრდის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.
    ,,ჩვენ მოუთმენლად ველით ამას", - აღნიშნა ნორვეგიის პრემიერმინისტრმა. 
    მისი თქმით, შეხვედრისას საუბარი შეეხო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის  პროფესიული განათლების მიმართულებით. 
    ,,ვისაუბრეთ პროფესიულ მომზადება-გადამზადებაზე. ამ სფეროში ვფიქრობ, რომ შეგვიძლია უფრო მეტად ვიმუშაოთ ერთობლივად"- განაცხადა ერნა სოლბერგმა.

  • სალომე ზურაბიშვილი ჯუმა მეჩეთში მივიდა და მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯუმა მეჩეთში მივიდა და მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი მოვალეობაა, რამაზან ბაირამის დღესასწაული მუსლიმებს პირადად მიულოცოს.
    “მათთვის ეს არის ძალიან დიდი დღესასწაული და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მათთან ერთად არის ამ დღესასწაულის მისალოცად. მიმაჩნია, ჩემი მოვალეობაა, რომ აქ მოვიდე და ჩვენ მოქალაქეებთან ერთადაც მივულოცო მათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ ის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ზეიმობენ. დღევანდელ მსოფლიოში ეს მართლაც აღსანიშნავია. ჩვენი ერთობლივი მიღწევა არის, რომ საქართველო არის შემწყნარებლობის ქვეყანა”,- განაცხადა ზურაბიშვილმა. მუსლიმური სამყარო დღეიდან, სამი დღის განმავლობაში, რამაზან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაული თბილისში, ჯუმა მეჩეთშიც აღინიშნა, სადაც მრევლი დილით მზის ამოსვლისას შეიკრიბა და რამაზანის ლოცვა წაიკითხა.

  • საქართველოში ისრაელის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

    ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 31 მაისს სასტუმრო „ბილტმორში" მიღება გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ებრაული თემის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები.

    “ებრაელ და ქართველ ერებს 26–საუკუნოვანი მტკიცე მეგობრობა აკავშირებს, რომელიც დღესდღეობით ორი სუვერენული სახელმწიფოს შესანიშნავ, უკვე ოცწლიან ურთიერთობაშია გადაზრდილი, – განაცხადა ისრაელის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ბატონმა იცხაკ გერბერგმა, – ამ მეგობრობის მიზეზი ორ ქვეყანას შორის არსებული მსგავსებაა. მძიმე ისტორიის  მიუხედავად, საქართველომ და ისრაელმა ფენიქსის მსგავსად მოახერხეს ფერფლიდან აღდგომა და დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ.  რაც შეეხება ისრაელს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი ისტორია ბიბლიიდან იღებს სათავეს და, სამწუხაროდ, ჰოლოკოსტის ტრაგედიაც ახსოვს. ისრაელს დღემდე უწევს ყოველდღიურ საფრთხეებთან გამკლავება და ამავდროულად, თანამედროვე, დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოდ რჩება.

    საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ისრაელელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ისრაელის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში გამართულ საზეიმო მიღებაზე საქართველოს პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის ისტორიულ მეგობრობას გაუსვა ხაზი. „მინდა, რომ დავლოცო დღევანდელ დღეს ისრაელის ყველა მეგობარი, ისრაელის მაცხოვრებლები. ისრაელის დამოუკიდებლობა არის საქართველოს დამოუკიდებლობა, ისრაელის თავისუფლება არის საქართველოს თავისუფლება. თქვეს რეგიონში მშვიდობა და ჩვენს რეგიონში მშვიდობა არის მსოფლიოს მშვიდობა, ამიტომ მინდა, დაგლოცოთ ყველანი, ღმერთი გფარავდეთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

    საზეიმო მიღებაზე ბევრი ისაუბრეს იმ რთულ გზებზე, რომელიც ქვეყანამ დამოუკიდებლობის მიღებამდე გაიარა.საზეიმო გამოსვლებში აქცენტი გაკეთდა ქართულ-ებრაულ განსაკუთრებულ ურთიერთობაზეც, რომელსაც 26-საუკუნოვანი ისტორია აქვს.

    ებრაელი ხალხისთვის ქართველი მომღერლების კონცერტიც გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა : ნინო ჩხეიძემ, მერაბ სეფაშვილმა, ნეკა სებისკვერაძემ, თემურ წიკლაურმა, ლელა წურწუმიამ, მორის ჯანაშვილმა და თემურ ყვითელაშვილმა მიიღეს. 

     

  • საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისა და აზერბაიჯანის დიპლომატიის 100 წლისთავთან დაკავშირებულ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა და აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტზე ისაუბრა.

    პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ ხალხს აზერბაიჯანის სახელმწიფოს რესპუბლიკის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ 100 წლის წინ, კავკასიის რეგიონმა გადადგა ძლიერი ნაბიჯები დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისაკენ, დააღწია თავი ძველ იმპერია და აირჩია ევროპული და დემოკრატიული გზა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მაშინ კავკასიის ქვეყნები უფრო პროგრესული ქვეყნები იყვნენ, ვიდრე ბევრი სხვა, რადგან ჩვენთან ქალებს მინიჭებული ჰქონდათ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. ,,1991 წელს ისევ ერთობლივად აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა და შევუდექით განვითარების იმ გზას,

    რომელსაც დღემდე მივყვებით. ჩვენი ურთიერთობა დაფუძნებულია მეგობრობაზე საერთო ინტერესებზე და პირველ რიგში, დაფუძნებულია ხალხზე. იმ ქართული წარმოშობის მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ თქვენს ტერიტორიაზე და იმ აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენს ტერიტორიაზე და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. ეს ადამიანური ჯაჭვი აერთიანებს ორივე ქვეყანას. ასევე გვაერთიანებს კულტურა და ეკონომიკა. ჩვენი ქვეყნები ვითარდებიან ერთად შავსა და კასპიის ზღვებს შორის და ჩვენ გვაქვს საერთო გზა, როგორც ევროპისკენ, ასევე აღმოსავლეთისა და ჩინეთისაკენ. კავკასია დღეს სატრანსპორტო და სავაჭრო ქსელების განვითარების კუთხით ერთ - ერთი მნიშვნელოვანი რეგიონი ხდება. ჩვენ გვაერთიანებს ის, რომ ვიცავთ მეორე ქვეყნის სუვერენობასა და მთლიანობას. იმედი მაქვს, რომ გაეროში ლტოლვილთა შესახებ რეზოლუციას წელსაც დაუჭერთ მხარს", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

    პრეზიდენტმა საქართველო -აზერბაიჯანს შორის საზღვრის დადგენის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ მეგობარს შორის არ შეიძლება არსებობდეს ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი საზღვრების საკითხი.

    ,,ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი განვითარების გზა, რადგან კავკასია არის და იქნება სტაბილური რეგიონი. შესაძლოა, ეს ვიღაცებს ეს არ მოსწონთ და მიმდინარეობს ზოგიერთი საკითხით მანიპულირება და ამ დღეებში გვესმის აჟიოტაჟი ზოგიერთ საკითხზე, რომელიც ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის კომისიებზე მოლაპარაკებების გზით წყდება. ეს 21 -ე საუკუნის მშვიდობიანი და ნორმალური გზაა. ვისაც სურს სხვა გზაზე წაგვიყვანოს, ის ეკუთვნის წარსულს. წარსულს, რომელშიც არ დავბრუნდებით. ეს პოლიტიკური მანიპულაციები ორივე ქვეყანას ავნებს, ავნებს კავკასიაში მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას, ეს არავის სჭირდება და ჩვენ ეს კარგად გვესმის, ამიტომ შევუდექით საბოლოო მიზნისათვის ერთობლივ მუშაობას. ამაზე ვიმუშავებთ ძალიან სერიოზულად და დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ შედეგს, რომელიც იქნება თქვენთვისაც და ჩვენთვისაც მისაღები, სწორედ ისაა მოლაპარაკებების ხიბლი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

  • საქართველოს პრეზიდენტის განცხადება

    მივესალმები საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის, წლების განმავლობაში შეჩერებული, დელიმიტაციის პროცესის განახლებას, რაზეც აზერბაიჯანში ვიზიტისას პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე შევთანხმდით.

    დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობებიდან გამომდინარე, მხარეები იხელმძღვანელებენ სტრატეგიული პარტნიორობით და ეს პროცესი სწრაფად მოგვცემს შედეგს, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური