მამუკა ბახტაძემ და იენს სტოლტენბერგმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 25 მარტი 2019 10:33

საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საუბრისას აღინიშნა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულება და ინტეგრაციული  მექანიზმების ეფექტიანი გამოყენება.

ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.

ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.

მხარეებმა ისაუბრეს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ნატოს ეგიდით მიმდინარე სწავლებაზე, რომელიც ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. 
შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო რეგიონში არსებული ვითარება. ქართულმა მხარემ ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციისა და საქართველოს მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

წაკითხულია 65 ჯერ

Related items

  • პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, კრისტოფ კასტანერს უმასპინძლა.

    შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობაზე.

    მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ქართველი და ფრანგი ხალხის ურთიერთობის მრავალწლიან ისტორიას და აღნიშნა, რომ საფრანგეთი რთულ წლებში ყოველთვის გვერდით ედგა საქართველოს, რასაც ქართველი ერი არასოდეს დაივიწყებს.

    საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას, ასევე, ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებს. მთავრობის მეთაურმა ფრანგულ მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო სამართალდაცვითი და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში აღინიშნა მინისტრ კასტანერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობა, რომელიც დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.

    პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთთან ნაყოფიერი და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის მეტი გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო.

  • კახა კალაძემ ახალი, მწვანე ფერის მუნიციპალური ავტობუსები წარადგინა

    დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას ახალი, „მანის“ (MAN) მარკის 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა. ახალი ავტობუსების პრეზენტაცია პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოხდა, სადაც კახა კალაძე ერთ-ერთი ავტობუსის საჭესთან თავად დაჯდა. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც ესწრება.

    დედაქალაქის მერიის ცნობით, წელს ავტოპარკს 90 ახალი ავტობუსი დაემატა, რომელიც დიზელის ძრავზე მომუშავე „ევრო 6“ ემისიის სტანდარტისაა.

    ავტობუსები გათვლილია სულ 82 მგზავრზე, აქედან დასაჯდომი ადგილების რაოდენობაა 27. ისინი ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია სპეციალური გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, რომელიც სპეციალურად გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე, გააჩნიათ საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და გაჩერებების დასახელების ტექნიკური საშუალება.

    თბილისის მერიამ განსაზღვრა 10 მარშრუტი, რომლებზეც ახალი ავტობუსები გადანაწილდება. უახლოეს დღეებში ისინი N85 და N95 მარშრუტებზე გავლენ. მომდევნო ეტაპზე, მაისის ბოლომდე ახალი მწვანე ავტობუსები N50, N55 და N71 მარშრუტებზე მოძრავ ამორტიზებულ ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. ამავდროულად, გათვალისწინებულია ამ მარშრუტების მცირედით შეცვლა. ისინი გორგასლის ქუჩიდან აუხვევენ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩაზე და ბარათაშვილის ქუჩას თავისუფლების მოედნის გავლით დაუკავშირდებიან. ამასთანავე, კოტე აფხაზის ქუჩაზე ავტობუსების გაჩერებები განისაზღვრება.

    თბილისის მერიის ცნობით, N50, N55 და N71 მარშრუტების ცვლილება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ პირველი ივლისიდან აფხაზის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება.

    მუნიციპალიტეტისთვის ოთხმოცდაათივე მწვანე ავტობუსის მიწოდების შემდეგ, ისინი ასევე გადანაწილდებიან N3, N15, N33, N54 და N79 მარშრუტებზე.

    თბილისის მერიის ცნობით, 8 თვეში დედაქალაქს 220 ერთეული, „ისუზუს“ (ISUZU) მარკის 8-მეტრიანი ავტობუსიც დაემატება. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. აღნიშნული ავტობუსები ასევე დიზელის ძრავზე მომუშავეა და „ევრო 6“ ემისიის სტანდარტისაა. 8-მეტრიანი ავტობუსები გათვლილი იქნება 53 მგზავრზე და სრულად ადაპტირებული შშმ პირთათვის. „მანის“ ავტობუსების მსგავსად, ამ ავტობუსებშიც უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და WiFi.

    წყარო: 1tv.ge

  • საერთაშორისო ლოჯისტიკურ სწავლებას „LOGDEV 2019“ საქართველო პირველად მასპინძლობს

    სამეთაურო-საშტაბო მრავალეროვნული ლოჯისტიკური სწავლება „LOGDEV 2019“  ოფიციალურად დაიწყო. გახსნის ცერემონიალზე „არმიჰოლში“ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, თავდაცვის  ძალების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და  აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7 წარმომადგენელმა, ლოჯისტიკური განვითარების პროგრამის დირექტორმა სტივენ მეტსონმა მიმართეს.

    სიტყვით მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა ყურადღება სწავლების მნიშვნელობასა და მის მიზანზე გაამახვილა. „საქართველო პირველად მასპინძლობს საერთაშორისო ლოჯისტიკურ  სწავლებას, რომელშიც ნატოს წევრი 12 ქვეყანა მონაწილეობს. სწავლების მიზანია, ლოჯისტიკური უზრუნველყოფა ნატოს სტანდარტებს დაუახლოვდეს და ჩვენ  შევძლოთ მრავალეროვნულ გარემოში ოპერირება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

    სწავლება ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზის ტერიტორიაზე ჩატარდება. „LOGDEV 2019“-ში მონაწილეობას 12 ქვეყნის 130 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს, მათ შორის - აზერბაიჯანი, ალბანეთი, აშშ,  ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, საქართველო, სერბეთი, უკრაინა, ფინეთი, შვედეთი და ხორვატია.  

    სწავლების მიზანი ნატოს ლოჯისტიკის დოქტრინების დახვეწა და ნატოს ინფორმაციული სისტემების გამოყენების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ასევე,  ქვედანაყოფების ფორმირების,  გადასროლის, ოპერაციის რაიონში ლოჯისტიკური უზრუნველყოფისა და უკუგადასროლის საკითხებში მონაწილეთა შორის ურთიერთთავსებადობის მიღწევაა.

    სწავლების გახსნის ცერემონიალს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის  (ODC) წარმომადგენლები და  სწავლებაში მონაწილე პირადი შემადგენლობა დაესწრო.

    მრავალეროვნული ლოჯისტიკური სწავლება აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7 ხელმძღვანელობით, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო ლოჯისტიკური სწავლება 17 მაისს, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დაიხურება.

  • მამუკა ბახტაძე - დღეს შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა

    დარწმუნებული ვარ, ერთსულოვნებითა და ერთად დგომით, გაუტეხავი ქართული სულითა და ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით, აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ერთიანი, ძლიერი და მშვიდობიანი საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

    მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპა ქართველი ერის ცივილიზაციური არჩევანია და საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს.

    "ჩვენს ერს აქვს თავისი წვლილი შეტანილი იმ ფასეულობების ფორმირებაში, რომელსაც ევროპული იდეა ეფუძნება. სწორედ ამიტომ,  საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს ამის თქმის უფლება, რომ ეს არის ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენ ძალიან რთული გზა გავიარეთ, მაგრამ დღეს შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, რომელიც ყველას ეკუთვნის. ეს არის ჩვენი საზოგადოების დამსახურება და ჩვენი დასავლელი მეგობრების დახმარების შედეგი, რისთვისაც მინდა, მათ მადლობა გადავუხადო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

    მამუკა ბახტაძემ განსაკუთრებით აღნიშნა ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მნიშვნელობა, რომლის საშუალებითაც საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა და ქვეყნის ტრანსფორმაცია დაიწყო.

    „ვფიქრობ, დღევანდელი დღე არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ ვდგავართ მყარად და ერთად ერთ სწორ გზაზე, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს წარმატებასთან. აუცილებელია, ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად გრძნობდნენ იმ სიკეთესა და წარმატებას, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზას მოაქვს.  ჩვენ ახლახან კიდევ ერთი გამარჯვება ვიზეიმეთ, როდესაც ევროკავშირმა ოფიციალურად მოგვცა საშუალება გავწევრიანდეთ ევროპის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში (ENQA) და ქართული დიპლომები აღიარებული იყოს ევროპაში. ჩვენ ასეთი გამარჯვებები გვჭირდება ყოველდღე", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

    ევროპის დღეების ფარგლებში რიყის პარკში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმართეს.

    პრემიერ-მინისტრმა, ევროკავშირის ელჩსა და თბილისის მერთან ერთად რიყის პარკში ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა, რომელზეც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოში განხორციელებულ აქტივობებსა და პროექტებს წარადგენენ.

    ევროპის დღეები, რომელიც საქართველოში წელს მეშვიდედ აღინიშნება, მაისის ბოლომდე გაგრძელდება და როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, ჯამში 80-მდე ღონისძიებას მოიცავს.

  • ნატოს შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტი საქართველოში

    საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატოს შემფასებელთა ჯგუფს მასპინძლობს.  დელეგაციას ნატოს საერთაშორისო სამსახურის თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის სამმართველოს, თავდაცვის დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელი პოლ სავერო ხელმძღვანელობს.

    სამდღიანი ვიზიტის მიზანს  დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის დოკუმენტით განსაზღვრული პარტნიორობის მიზნების განხორციელების შეფასების ქართულ მხარესთან ერთად განხილვა წარმოადგენდა. პარტნიორობის მიზნების წარმატებით შესრულება  საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს შესაძლებლობების განვითარებასა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას უწყობს ხელს.

    ვიზიტის ფარგლებში მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართა ნატოს დელეგაციის წარმომადგენლებთან, ასევე საქართველოში მოვლენილ ნატოს ექსპერტებთან და პარტნიორი ქვეყნების მრჩევლებთან. შეხვედრაზე  ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი განიხილეს და  სამომავლო გეგმები დასახეს.

    შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის პოლ სავეროს მადლობის სერთიფიკატი გადასცა.

    ვიზიტის ფარგლებში, ნატოს შემფასებელთა ჯგუფის წევრებმა, ასევე, შეხვედრები გამართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, ფინანსთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.  

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური