ფრანკოფონიის კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 21 მარტი 2019 15:10

ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში, ფრანკოფონია 2019-ის კონკურსების გამარჯვებული მოსწავლეების, სტუდენტებისა და პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ, ბელგიისა და მოლდოვას ელჩებმა საქართველოსა და აზერბაიჯანში ბერტ შჰოფსიმ და გეორგე ლეუკამ, შვეიცარიის საელჩოს პირველმა მრჩეველმა ალვარო ბორგიმ დააჯილდოვეს.

ფრანკოფონია 2019-ის ფარგლებში, საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა საქართველოს სკოლების მოსწავლეების, სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის რამდენიმე ფრანგულენოვანი კონკურსი ჩაატარა, კერძოდ: კალიგრამების შექმნა ფრანკოფონიის 10 სიტყვიდან ერთის გამოყენებით; ვიდეორგოლის შექმნა ფრანკოფონიის 10 სიტყვიდან ერთის გამოყენებით; სლამის (მუსიკალური ტექსტი) შექმნა ფრანკოფონიის 10 სიტყვიდან მინიმუმ ხუთის გამოყენებით; მჭერმეტყველების კონკურსი სტუდენტებისთვის. ასევე ჩატარდა კონკურსი ფრანგული ენის პედაგოგთა შორის, რომლის გამარჯვებულებიც ორკვირიან პედაგოგიურ სტაჟირებას საფრანგეთში, კერძოდ ნიცაში გაივლიან.

წაკითხულია 140 ჯერ

Related items

  • საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

    პრეზიდენტის განკარგულებით, დღეს საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის 9 კაციანი შემადგენლობა დამტკიცდა, რომელსაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი პროფესორი ზვიად გაბისონია უხელმძღვანელებს.

     პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში შედიან მეცნიერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ეროვნული პრემიის ლაურეატები.

     პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნათია სულავას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე შექმნილმა საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიამ დღეიდან გამოაცხადა კონკურსი საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად.

    საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.

     პრემია გაიცემა ყოველწლიურად და მას შეიძლება ჰყავდეს ერთი, ან ორი გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო, თითოეულს 10 000 ლარის ოდენობით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.

    საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის მიერ შერჩეული ლაურეატობის კანდიდატები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.
    პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები მიიღება მოხდება 10 ოქტომბრის ჩათვლით,
    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, (ათონელის ქუჩა N25), დასვენებისა და უქმე დღეების გარდა, 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე.

  • 2022 წელს უფროსი მასწავლებლის ხელფასი 1700 ლარს, ხოლო წამყვანი მასწავლებლის 2150 ლარს მიაღწევს - აცხადებს მ. ბახტაძე

    მასწავლებელთა სახელფასო ზრდის ისტორიაში, სწორედ ახლა ხორციელდება უპრეცედენტო და თანამიმდევრული პოლიტიკის პირველი ეტაპი, რომლის საფუძველზეც 2019 წლის ოქტომბერში, როგორც მე თქვენ შეგპირდით,  ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი, ანაზღაურება გაეზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა.

    მთავრობის მეთაურის თქმით, პედაგოგების გარდა, ხელფასები ეზრდებათ რესურსცენტრების თანამშრომლებს და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც, მათ შორის,  ტექნიკურ პერსონალს, სკოლის ექიმებს და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებსაც. ხელფასის ზრდა შეეხებათ ასევე მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ იმ პირებსაც, რომლებიც სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ.

    „შრომის ანაზღაურება იყო ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი. უფრო მეტიც - ეს ემოციურადაც პირადად ჩემთვის  უმძიმესი ტვირთი იყო, როდესაც მარტივ ციფრებში ვხედავდი, რომ საქართველოში მასწავლებლის ხელფასი საშუალო ხელფასს ორჯერ ჩამორჩებოდა. ბუნებრივია, ასეთი პოლიტიკით და მიდგომებით 21-ე საუკუნეში ქვეყანას წარმატება ვერ ექნებოდა. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება რადიკალური ცვლილებები და მინდა გითხრათ, რომ მე ვგრძნობ ამ დაკვეთას ჩვენი საზოგადოებიდან", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელფასების ზრდა ყოველწლიური იქნება და 2022 წელს ის მიაღწევს უფროსი მასწავლებლისთვის 1700 ლარს, წამყვანი მასწავლებლისთვის 2150 ლარს და მენტორი მასწავლებლებისთვის 2450 ლარს.

    როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა,  6 ათასი პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგი, რომლებმაც პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, ოქტომბრის დასაწყისში სახელმწიფოსგან ჯილდოს სახით მიიღებს 2 წლის ჯამურ ხელფასს და მათ შეუნარჩუნდებათ პედაგოგის დაზღვევა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

    „მთელი ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ განათლება და მეცნიერება ჩვენი ქვეყნის მომავლის ფუნდამენტია. განათლება ეს არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ, ეს არის გზა, რომელიც დაგვაძლევინებს სიღარიბეს, ოკუპაციას და ეს არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო 21-ე საუკუნეში იქნება წარმატებული ქვეყანა და საქართველო ჩადგება განვითარებული ქვეყნების რიცხვში. ჩვენი განათლების რეფორმა ეფუძნება ეროვნულ, კულტურულ, დემოკრატიულ ღირებულებებს და მთლიანად მორგებულია საქართველოს დღევანდელ რეალობას და ის ქვეყანაში დაამკვიდრებს უმაღლეს ეროვნულ სტანდარტს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერის თქმით, მთავრობამ შეძლო მიზნის მიღწევა და ახალი კანონის მიხედვით, შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ყველა ხელისუფლებას ექნება ვალდებულება, ბიუჯეტის მეოთხედი განათლებაზე მიმართოს.

    „კარგად მახსოვს, როდესაც ვმუშაობდით ამ რეფორმაზე, რა მასშტაბურ გამოწვევების დაძლევაზე იყო საუბარი, მაგრამ ამავე დროს, მე ღრმად მწამდა, რომ პროგრესი  და წინსვლა მხოლოდ განათლებულ, მოტივირებულ, საკუთარ ძალებში დარწმუნებულ მოქალაქეებს მოაქვთ და ჩვენ ასე შევძლებთ ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ძლიერი ფუნდამენტის შექმნას. ეს კანონი, რაც პარლამენტმა ივლისში მიიღო, არის უპრეცენდენტო ნაბიჯი. მე ვიტყოდი, ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რაც ჩვენ, საზოგადოებამ გადავდგით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. მე მაინც ვიტოვებდი მცირე იმედს, რომ კანონპროექტის განხილვისას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები დადგებოდნენ პარტიულ ინტერესებზე მაღლა და მხარს დაუჭერდნენ მას. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას - მეგობრებო, განათლება არის ეროვნული იდეა, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს და მიუღებელია ამ იდეის გარშემო ნებისმიერი სპეკულაცია. მიუღებელია, რომ ის გავხადოთ ნეგატიური პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად. ეს არის იდეა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გამოვხატავ მზადყოფნას, რომ ეს რეფორმა იყოს ღია ნებისმიერი ადამიანისთვის, მაგრამ თითოეული ჩვენგანი უნდა თანხმდებოდეს იმაზე, რომ განათლება არის სწორედ ეროვნული იდეა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    მთავრობის მეთაურის თქმით, განათლების სისტემის რეფორმა მოიცავს ხუთ დონეს - სკოლამდელი განათლებას, საშუალო განათლებას, პროფესიულ განათლებას, უმაღლეს განათლებას და მეცნიერებას და ხუთივე მიმართულება მთავრობისთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია.

    „მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი განათლების რეფორმის წარმატება დგას საშუალო განათლებაზე. სკოლა არის ქვეყნის სიძლიერის ქვაკუთხედი. იმ ახლებურ მიდგომებში, რომლებსაც რეფორმა ითვალისწინებს, მასწავლებელს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. სწორედ ამიტომ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ეხება მასწავლებლებს. ჩვენი რეფორმა გულისხმობს მეტი თავისუფლების მიცემას სკოლებისთვის და მეტ თავისუფლებას  მასწავლებლებისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერ-მინისტრის თქმით, პედაგოგებისთვის კომპეტენციის შესაფერისი და ღირსეული შრომის ანაზღაურება რეფორმის განხორციელების გზაზე საბაზისო ნაბიჯია.

    „მასწავლებელთა სახელფასო ზრდის ისტორიაში, სწორედ ახლა ხორციელდება უპრეცედენტო და თანამიმდევრული პოლიტიკის პირველი ეტაპი, რომლის საფუძველზეც 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი, ანაზღაურება გაეზრდება. თქვენი პროფესია არის უნიკალური ნებისმიერი ერისთვის და მე როგორც იდეის ავტორი, ერთერთ მთავარ მიზნად ამ იდეის განხორციელებისა, მიმაჩნია, რომ პედაგოგს, როგორც პროფესიას დავუბრუნოთ ის პატივისცემა და ღირსება, რასაც ის იმსახურებს. ძალიან მარტივი მიზეზის გამო - თქვენ ხართ ადამიანები, რომელმაც უნდა აღუზარდოს ქვეყანას მომავალი საჯარო მოხელეები, სამხედროები, პოლიციელები, მეწარმეები, ექიმები, პატრიოტი ადამიანები, რომელთა წარმატებაზეც იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სიძლიერე. სწორედ ამიტომ არის ჩემთვის პირადად განათლება ეროვნული იდეა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერის თქმით, განათლების ფუნდამენტური რეფორმის შედეგად, საქართველოში მასწავლებლის პროფესია გახდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული.

    „მინდა მათ ღვაწლს განსაკუთრებული ხაზი გავუსვა - თითოეული ეს ადამიანი არის ნამდვილი გმირი. მე ძალიან კარგად ვიცი, რა მძიმე პერიოდი გადაიტანეთ თქვენ, როდესაც მიზანმიმართული პოლიტიკის თუ შეცდომების შედეგად განათლება მიიყვანეს კატასტროფის პირას და თქვენ ანაზღაურების არარსებობის პირობებში, ელემენტარული ინფრასტრუქტურის არარსებობის პირობებში განათლების სისტემა მოიტანეთ დღემდე და დღეს მოგვეცით იმის შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ ყველაზე გაბედულ და ამბიციურ პროექტზე დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობისა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ღვაწლმოსილ პედაგოგს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ექსპერტებს და საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები რეფორმის მომზადებაში.

    „ეს არის პირველი ნაბიჯები. განათლება არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ, თავისუფლებისკენ ოკუპაციისგან, თავისუფლებისკენ სიღარიბისგან და მე დარწმუნებული ვარ, ეს რეფორმა უზრუნველყოფს იმას, რომ 21-ე საუკუნეში საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი და წარმატებული ქვეყანა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

  • შილდის ღვინის ქარხანა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მდგრადი ენერგეტიკის კონკურსის გამარჯვებულად გამოცხადდა

    18 ივნისს ევროკავშირმა გამოაცხადა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მდგრადი ენერგეტიკის კონკურსის გამარჯვებული დაჯილდოვების ცერემონიაზე ბრიუსელში. კონკურსის პირველი სერიის გამარჯვებულია შილდის ენერგოეფექტური მეღვინეობა საქართველოდან.

    2014 წელს დაარსებული შილდის მეღვინეობა კახეთში, საქართველოს მეღვინეობის წამყვან რეგიონში მდებარეობს. ევროკავშირის და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მიერ მხარდაჭერილ კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამაში (ენერგოკრედიტი საქართველო) მონაწილეობით, კომპანიამ დაიწყო ღვინის წარმოების ენერგოეფექტური ეკოლოგიური პროცესი, რამაც ის რეგიონში პირველ ეკოლოგიურ ღვინის მწარმოებლად აქცია. დღეს, ღვინის ქარხანა 60%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, ხოლო მისი ყოველწლიური დანაზოგი ელექტროენერგიის ხარჯზე 60,000 ევროზე მეტს შეადგენს.

    აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ჩატარებული ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კონკურსის პირველ ტურში მონაწილეობდა 50-ზე მეტი განაცხადი 6 ქვეყნიდან, რაც მოიცავდა ძალზე მრავალფეროვან შემოქმედებით, მაღალეფექტურ გადაწყვეტილებებს ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის გამოყენების კუთხით საზოგადოებისა და ბიზნესის სასარგებლოდ. ჟიურიმ 6 ფინალისტი შეარჩია, მათ შორის: ბიომასით გათბობის გადაწყვეტილებები სასოფლო განვითარებისთვის (სომხეთი), განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება ნოვოგრუდოკის რაიონში (ბელარუსი), ბიომასა და ენერგოეფექტურობა „პრიჩინდელის“ საბავშვო ბაღში ბუსილაში (მოლდოვის  რესპუბლიკა), შპს ქართული ღვინო და ღვინის მწარმოებელი კომპანია - მეღვინეობა შილდა (საქართველო), ენერგიის მოხმარების და CO2-ის ემისიის შემცირება დოლინაში (უკრაინა), ტრენინგი უმაღლეს ინჟინერიაში ეკოლოგიურად მდგრადი სამრეწველო განვითარებისთვის (უკრაინა).

    შერჩეული 6 ფინალისტი მონაწილეობდა საჯარო კენჭისყრაში, რომელიც ონლაინ რეჟიმში, ორი კვირის განმავლობაში, 2019 წლის 28 აპრილიდან 9 მაისამდე მიმდინარეობდა. ყველა ხმა იქნა დათვლილი და დადასტურებული. მოქმედი ხმები დაემატა ჟიურის ხმებს საბოლოო გამარჯვებულის გამოსავლენად.

    ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კონკურსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ტარდება ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეული 2019-ის (EUSEW) ფარგლებში და მონაწილეობის მისაღებად პირველად იყო მიწვეული აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანა (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა). კონკურსის მიზანია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი წარმატებული პროექტების გამოვლენა ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის სფეროში, რომლებიც უშუალოდ ეხმარება მოქალაქეებს და საზოგადოებას ენერგიის დაზოგვაში ან ენერგიის მდგრად წყაროებზე გადასვლაში.

    დამატებითი ინფორმაციისთვის: http://bit.ly/2KYV25C 

    ***

    ინიციატივა EU4Energy მოიცავს ევროკავშირის მთლიან მხარდაჭერას, რომლის მიზანია ენერგომომარაგების, ენერგეტიკული უსაფრთხოების და კავშირის გაუმჯობესება, ასევე ენერგოეფექტურობის მხარდაჭერა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში. აღნიშნულს ინიციატივა ახორციელებს პროექტების და პროგრამების დაფინანსებით, რომლებიც ხელს უწყობს ენერგეტიკის ბაზრების რეფორმირებას, ქვეყნების ენერგოდამოკიდებულების და ენერგიის მოხმარების შემცირებას. გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგომომარაგება გახდება უფრო საიმედო, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი, რაც შეამცირებს ენერგეტიკულ დეფიციტს და ენერგიაზე ხარჯებს როგორც მოქალაქეების, ისე კერძო სექტორისთვის.

    დამატებითი ინფორმაცია: www.EU4Energy.eu

  • GEclose2EU-ს კონკურსის დასრულებამდე რამოდენიმე დღე რჩება

    ინტელექტუალური სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის გამოცხადებული კონკურსი კიდევ რამოდენიმე დღე გაგრძელდება. კონკურსი, პროექტის „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ GEclose2EU-ს ფარგლებში ტარდება და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.

    კონკურსის მიზანია 100 ორგანიზაციის შერჩევა, რომლებიც სპეციალურ ტექნიკურ დახმარებას მიიღებენ. მასში ჩართვა შეუძლიათ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგის, ინტერიერის დიზაინის-არქიტეტურის მიმართულებით მუშაობენ და გარკვეული ტექნიკური დახმარება ესაჭიროებათ. მოგვიანებით პროექტში ჩართვას კიდევ ორი სექტორიც შეძლებს, რომელიც კონკურსის საფუძველზე გამოვლინდება.

    კონკურსში განაცხადების მიღება 1 მაისს დაიწყო და 1 ივნისს დასრულდება. შედეგები ერთი თვის ვადაში გახდება ცნობილი და შერჩეული კომპანიები, რომლებიც სპეციალურ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ სხვადასხვა ტიპის ტექნიკურ მხარდაჭერას მიიღებენ. ასევე ჩაერთვებიან ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო მასტერკლასებსა და სასწავლო ტურებში. სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს საშუალება მიეცემათ სასწავლო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრნონ.

    ინფორმაციის მიღება კონკურსის შესახებ შესაძლებელია ვებ გვერდზე: www.geclose2eu.info.


    პროექტის შესახებ:

    პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი აშშ დოლარია და იგი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება და 2018 წლის ნოემბრიდან 2021 წლის ოქტომბრამდე განხორციელდება.

  • კონფუცის ინსტიტუტის სიტყვით გამოსვლის კონკურსი

    თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით კამპუსში გაიმართა ჩინურ ენაზე სიტყვით გამოსვლის კონკურსი თემაზე "მე და ჩინეთი". საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ჩინური ენით დაინტერესებულმა 15-მდე სტუდენტმა ჟიურისა და მაყურებელს გაუზიარა თავისი დამოკიდებულება ჩინეთისადმი. ძლიერი კონკურენციის პირობებში გამარჯვება მოიპოვა თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების მეორე კურსის სტუდენტმა რატი მდივანმა. მონაწილეები და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ორენოვანი სერტიფიკატებითა და პრიზებით. თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი ჩინეთითა და ჩინური ენით დაინტერესებულ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ხშირად აძლევს სხვადასხვა სახის კონკურსში მონაწილეობისა და საკუთარი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობას. მომავალშიც იგეგმება არაერთი საინტერესო ღონისძიების ჩატარება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური