თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ სამხედროებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 21 მარტი 2019 11:31

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ეთნიკურად აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა. მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაისთან ერთად მარნეულის საავიაციო ბაზაზე იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ სამხედროებს ნოვრუზ ბაირამი პირადად მიულოცა და მათ ტკბილეულით გაუმასპინძლდა.

ლევან იზორიამ ეთნიკურად აზერბაიჯანელ სამხედროებს და მათ მშობლებს ღირსეული მამულიშვილების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თავდაცვის უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათ სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ სურვილის შემთხვევაში კარიერული წინსვლის შესაძლებლობა მიეცეთ : „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ჯარისკაცებს ჰქონდეთ მაქსიმალური განვითარების საშუალება თავდაცვის ძალებში, მაქსიმალურად იყვნენ ისინი ინტეგრირებული, ჰქონდეთ ქართული ენის უკეთ დაუფლების საშუალება და პროფესიული განვითარების ყველა პირობები“,- განაცხადა ლევან იზორიამ.

აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მინისტრის გადაწყვეტილებით 21 და 22 მარტს მუსლიმი სამხედრო მოსამსახურეები დაისვენებენ.

ნოვრუზ ბაირამობა ახალ დღეს, გაზაფხულის დღესასწაულს ნიშნავს. ამ დღეს საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

წაკითხულია 116 ჯერ

Related items

  • თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ახალ თავდაცვის ატაშესთან შეხვედრა გამართა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იზორიამ პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება: „რამდენიმე დღეში შესაძლებლობა გვექნება, ხელი მოვაწეროთ სამწლიანი თანამშრომლობის შეთანხმებას. მომავალ წლებში პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლისთან და მის გუნდთან ერთად, საქართველოში პრინციპულად გავაგრძელებთ იმ წარმატებულ პოლიტიკას, რომელსაც აშშ ახორციელებს თავდაცვის უწყებასთან ერთად და რაც პირველ რიგში, ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

    თავდაცვის სამინისტროში პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი თავდაცვის ყოფილ ატაშესთან ერთად იმყოფებოდა. ლევან იზორიამ პოლკოვნიკ ჯეფრი ჰარტმანს პრეზიდენტის ჯილდო - ღირსების მედალი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერის, ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

    შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.

  • თავდაცვის მინისტრმა აფხაზეთში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
    14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. ლევან იზორიამ გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ აფხაზეთის კონფლიქტი რუსეთის აგრესიით გამოწვეული ტრაგედიაა.
     
    გმირთა მემორიალთან საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და სხვა სამხედრო პირები, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და დაღუპულების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
     
    სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
  • პრეზენტაცია „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით

    თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა და აღნიშნა, რომ   დიდი პატივია ჩავერთოთ სწავლებების იმ ციკლში, რომელსაც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობა ევროპის სამხრეთ ნაწილში პარტნიორ და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად ატარებს. „ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობა ჩვენი რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობისაა. ყველა წლის დინამიკა არის მაქსიმალურად მიმართული იმისკენ, რომ გაიზარდოს როგორც უშუალოდ ჩვენი თავდაცვის  ძალების, ისე ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. სწორედ, ეს არის უზრუნველყოფა იმ პრინციპისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ - მეტი ნატო საქართველოში,“ - განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით მიმართვისას.

    „Agile Spirit 2019“-ის  კონცეფციაზე კი, მოწვეულ სტუმრებს სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

    პრეზენტაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური და მისი მოადგილეები, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.

    მრავალეროვნულ სწავლებას „Agile Spirit 2019“ საქართველო 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. სამხედრო წვრთნები საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აშშ-ის ევროპის სარდლობების ხელმძღვანელობით ჩატარდება. სწავლება როგორც სამეთაურო-საშტაბო, ასევე საველე წვრთნებს მოიცავს.

    სწავლება მიზნად მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას ისახავს.

    „Agile Spirit 2019“ სამ ლოკაციაზე პარალელურად გაიმართება - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. მრავალმხრივია სწავლების სცენარიც, რომელიც სახმელეთო და საჰაერო კომპონენტების ჩართულობას ითვალისწინებს. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

  • 4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

    მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ 4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია. სწორედ ამიტომ ჩემი ნომერ პირველი მიზანიიყო ქართული ტრადიციით გვემასპინძლა ჩვენი ამერიკელი მეგობრებისთვის.

    აშშ-ის დამოუკიდებლობის აქტის მიღების 243-ე წლისთავთან დაკავშირებით, სასტუმრო “ფოლკში“ სადღესასწაულო მიღება გაიმართა. ეს იყო მეთოთხმეტე აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე, რომლის ინიციატორიც ტრადიციულად არის ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი ილია ზუკაკიშვილი. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ წვეულებაზე, მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს  ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა.

    ილია ზუკაკიშვილმა მიულოცა ამერიკელ ხალხს ეროვნული დღესასწაული და ვრცლად ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურყევ მეგობრობაზე. მან აღნიშნა, რომ აშშ-ი არის საქართველოს ყველაზე სანდო და მტკიცე მოკავშირე, რომელიც მსოფლიოს ყველა პოლიტიკურ ავანსცენაზე განსაკუთრებულად იცავს საქართველოს ინტერესებს, ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. 

    მინდა განსაკუთრებულად ავღნიშნო, რომ დღეს ჩვენ ავღნიშნავთ დემოკრატიის ზეიმს იმ ადამიანების გარემოცვაში ვისაც სურს იცხოვროს თავისუფალ საზოგადოებაში და გაიზიაროს ამერიკელი ხალხის სიხარული. დღეს ჩემი ნომერ პირველი მიზანია, გამოვიყენო ამ შესანიშნავი დღის სადღესასწაულო ფორმატი და ქართული ტრადიციით  თქვენთან ერთად ვუმასპინძლო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს. მინდა მადლიერება გამოვხატო ამერიკელი ხალხის მიმართ საქართველოსთვის გაკეთებული ბევრი კეთილი საქმისთვის და ჩვენი ქვეყნის უწყვეტი მხარდაჭერისთვის. ასევე მინდა, ქართულ ამერიკული მეგობრობის სახელით ურყევი მეგობრობის მესიჯი გაუგზავნო მათ ერთგულებისთვის.

    აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა მოუხადო  სააფთიაქო ქსელს PSP (ს), აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიების განხორციელებაში შტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და გენერალური სპონსორობისთვის. აგრეთვე მინდა მადლობა მოუხადო წვეულების ოქროს სპონსორს "FOLK Hotel”(ს), ღონისძიების გენერალურ მედია პარტნიორს და ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემას "FORBES Georgia"(ს), ამერიკულ კომპანია KVG -ი საქართველოს ოფისს, “ამბასადორი კაჭრეთს“, "ნატალი ჯგუფს" (ს), “საქართველოს ფოსტას“, “მეღვინეობა ხარებას“, “ლიბერთი ბანკს“, კომპანია “ენერჯის“, “მაკკეინნ თბილისს“, “McDonald's Georgia“(ს), “კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“, სასტუმრო “ბომონდ გარდენს“, “Gulf Georgia“(ს). აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის მედია პარტნიორებს; საინფორმაციო სააგენტოებს; “Newsday ge"(ს),“ ”2020NEWS.GE”, “Front News International“(ს), ინგლისურენოვან გაზეთს “The Messenger”(ს), მედია ჰოლდინგს "Commersant ge"(ს) და რადიო "Commersant 95.5 FM"(ს)

    აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის სადღესასწაულო მიღებას დაესწრნენ; საქრთველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, ქართველი და ამერიკელი სამხედრო ოფიცერები, საქართველოში მცხოვრები ამერიკელები და მათი ოჯახის წევრები, ბიზნეს სექტორის, მედიის და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ამერიკის მეგობართა კლუბის პარტნიორი ორგანიზაციები. აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის საპატიო სტუმრები კი იყვნენ ამერიკელი სამხედრო ოფიცრები და ქართველი სამხედრო ოფიცერი, საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში, რომელიც არის რუსეთი-საქართველოსა და ავღანეთის ომების მონაწილე, ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოს, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვებისორდენით დაჯილდოვებული და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერი.

    ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში შესრულდა აშშ-ის და საქართველოს ჰიმნი, რომლის დასრულებისთანავე, ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა, ცნობილი ქართული ხალხური სიმღერებით, ამერიკელ ხალხს მიულოცა დამოუკიდებლობის დღე. 

    აშშ-ის დროშის ფერებში მორთულ ტერასაზე ნამდვილი ამერიკული გარემო და უამრავი დადებითი ემოცია სუფევდა. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა ქართული ტრადიციისამებრ ღვინით დალოცეს ქართულ ამერიკული მეგობრობა. წვეულების სადღესასწაულო განწყობის ასამაღლებლად კი გაიმართა, 4 ივლისის იღბლიანი ბილეთების წამახალისებელი გათამაშება. ასევე, გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი, რომლის ფარგლებშიც აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის ოფიციალურ მხარდამჭერებს და სპონსორებს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა გადასცა მადლობის სიგელი, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის. დემოკრატიის ზეიმის დასკვნით ნაწილში, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეხილათ წვეულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, 4 ივლისის სადღესასწაულო ფეირვერკი და აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისთვის დამზადებული საზეიმო ტორტის გაჭრის ცერემონია. აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო წვეულება გვიან ღამემდე გაგრძელდა.

    მადლობა ყველას, ვისთვისაც ამერიკელ ხალხთან მეგობრობა უაღრესად სასიამოვნო და მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს მეგობრებს ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებთ მათ მშვიდობას და კეთილდღეობას, განაცხადა ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა.

  • „ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ყოვლისმომცველი ხდება“

    იტალიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნეაპოლში, ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობაში შეხვედრები გამართა. ქართულ დელეგაციას ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაურმა, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაურმა, ადმირალმა ჯეიმს ფოგომ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს პარტნიორობის სტრატეგიული ასპექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებსა და საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებზე გამახვილდა.

    „განვიხილეთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალში ნატოსთან ერთად შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. ჩვენ ვიწყებთ ამ ურთიერთობების უფრო მეტად გაძლიერებას, რაც ასახული იქნება ერთობლივ სწავლებებსა და უფრო მეტ სამხედრო ხომალდების ვიზიტებში, რაც უზრუნველყოფს ჩვენი რეგიონის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და იმ სტრატეგიული ამოცანის შესრულებას, რასაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის უზრუნველყოფა და მასში სრულფასოვანი გაწევრიანება ჰქვია“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

    ნატოს გაერთიანებულ სარდლობაში ვიზიტი თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს მიერ ერთობლივად შემუშავებული მნიშვნელოვანი თანამშრომლობის შემადგენელი ნაწილია. ადმირალი ფოგო საქართველოში ნატო-საქართველოს სწავლებაზე იმყოფებოდა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი კი, ნატოს გაერთიანებულ სარდლობაში ვიზიტამდე შეხვედრებს ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობაში მართავდა. აღნიშნულ დისკუსიებს და შეხვედრებს მეთოდური და მიზანმიმართული ხასიათი აქვს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ნატოში ინტეგრაციის ხელშეწყობას ემსახურება. სტრატეგიული  მზადყოფნისა და ტოტალური თავდაცვის ამოცანების განხორციელებიდან გამომდინარე, ქართული მხარე ნატოს გაერთიანებულ სარდლობაში უწყებათაშორისი შერეული დელეგაციით იყო წარმოდგენილი: შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის უფროსი თემურ კვანტალიანი და მისი მოადგილე რამაზ პაპიძე. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაშიც მიიღეს მონაწილეობა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური