შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინოწმინდაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 19 მარტი 2019 12:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნინოწმინდაში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი - 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.ა. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის ცენტრალურ გზაზე გაჩერებული "ოპელის" მარკის ავტომობილიდან მაკაროვის სისტემის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი ს.ა.-ს ეკუთვნის.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დანაშაულებრივი ფაქტების გამოძიებასთან ერთად, აქტიურად განაგრძობს პრევენციულ ღონისძიებებს. პოლიციის მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ამოღებულია 884 ცივი და 104 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი.

წაკითხულია 165 ჯერ

Related items

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის დელეგაცია ეწვია

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ უმასპინძლეს.

    შეხვედრაზე მხარეებმა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მიზნით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

    ქართველმა სამართალდამცველებმა თურქ კოლეგებს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის და გავრცელების წინაღმდეგ მიღწეული შედეგები გააცნეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

    შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაზე შეთანხმდნენ.

    ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის დელეგაციის წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორს შეხვდნენ. სტუმრებმა დეპარტამენტის ახალი შენობა და ლაბორატორიები დაათვალიერეს.

  • შსს-ს ინფორმაცია სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ

    შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით განაგრძობს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს. მიმდინარეობს ყველა იმ პირის გამოკითხვა, ვინც შესაძლოა, გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს, ასევე, ტარდება ტექნიკური მოწყობილობების დათვალიერება. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

    ამ დროისთვის, უმეტეს ვებგვერდებზე წვდომა აღდგენილია. უახლოეს პერიოდში სხვა ვებგვერდების ფუნქციონირებაც სრულად აღდგება.

    შესაძლოა, კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა.

    ამ ეტაპზე, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დგინდება, რომ განხორციელდა კიბერშეტევა, რა დროსაც შეიცვალა ვებსაიტების მთავარი გვერდები - ე.წ. "დიფეისი" (Deface). დაზარალებული კომპანიების უდიდეს ნაწილს ჰოსტინგურ მომსახურებას უწევენ ქართული კერძო კომპანიები. თითოეულ ვებგვერდზე კიბერშეტევის სტილი არის იდენტური.

    28 ოქტომბერს, ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიბერშეტევა განხორციელდა ქართული ტელეკომპანიების სერვერებზეც. ამ ეტაპზე, აღნიშნული კომპანიების ვებსერვერებზე მსგავსი ტიპის კიბერშეტევა არ განხორციელებულა, თუმცა ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით.

    სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე უნებართვო შეღწევისა და მონაცემების უნებართვო შეცვლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

  • განცხადება სოციალურ ქსელში ბავშვის ვიდეოების გავრცელებასთან დაკავშირებით

    სოციალურ ქსელში გავრცელებული ბავშვის ფოტოები და ვიდეოები, სადაც იკვეთება მისი ასაკისთვის შეუსაბამო ქცევის დასწავლის ნიშნები, შეიცავს საყურადღებო რისკებს არასრულწლოვნის განვითარებისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მშობლების ინფორმირება მსგავსი მასალის გავრცელების საფრთხეებსა და ბავშვის განვითარების რისკებთან დაკავშირებით. აღნიშნული საჭიროებს გრძელვადიან მულტიდისციპლინურ მუშაობას, სადაც ჩართული უნდა იყვნენ როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

    ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა სოციალური სამსახურის, სახალხო დამცველის აპარატის, მანდატურის სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ქეის-კონფერენცია გამართა.
    შეხვედრაში მონაწილე უწყებები მოუწოდებენ როგორც აღნიშნულ ოჯახს, ასევე, ზოგადად, მშობლებს, რომ თავი შეიკავონ მსგავსი შინაარსის ფოტოებისა და ვიდეოების დამზადებისა და გასაჯაროებისგან.
    მსგავსი მასალის ფოტო-ვიდეოგადაღება/გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ინტერესების უგულებელყოფა, შეაფერხოს მოზარდის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარება. ამასთან, არსებობს იმის საფრთხე, რომ ბავშვი შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი, მათ შორის, ონლაინ სივრცეში.
    ამდენად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, არასრულწლოვნის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას და განვითარებას.
    შეხვედრის მონაწილეები აღნიშნულ ოჯახთან მუშაობის სტრატეგიასა და ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის საკითხებზე შეთანხმდნენ.
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამშენებლო კომპანია ”ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, სამშენებლო კომპანია "ჯევიკე ჰოსპიტალიტის" დირექტორი - 1969 წელს დაბადებული შ.ბ. დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია "ჯევიკე ჰოსპიტალიტი" თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში, უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე, მიმდინარე წლის 16 ივლისს, ლიფტის დემონტაჟის დროს, 2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

  • სტუდენტური დასაქმების ფორუმი შინაგან საქმეთა სამინისტროში

    შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტური დასაქმების მეორე ფორუმი გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გახსნა.

    ,,სიმბოლურია, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, რადგან ჩვენი ახალი მიდგომით, სწორედ ეს არის კარი, რომელიც უნდა შეაღო, თუ გინდა, რომ სისტემაში მოხვდე. ჩვენ გათვლას ღია კონკურსზე ვაკეთებთ, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა, მოტივირებული კადრები მოვიზიდოთ. ეს დასაქმების ფორუმიც გვინდა, რომ ტრადიციად იქცეს და თბილისის ფარგლებს გასცდეს. შემოდგომაზე უკვე დასავლეთ საქართველოს მოვიცავთ. გვინდა, მეტად მივაწოდოთ ახალგაზრდებს ხმა, თუ დასაქმების რა შესაძლებლობები არსებობს ჩვენთან. დღევანდელ ფორუმზე წარმოდგენილი გვაქვს როგორც საპოლიციო, ისე არასაპოლიციო პოზიციები, რეალური ვაკანსიები, სტაჟირებები და ეს სტაჟირებაც, რეალურად, არის გზა, რომ შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოხვდეთ. იურისტებს, ალბათ, განსაკუთრებულად დააინტერესებთ გამომძიებლის სტაჟირების პროგრამა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დავნერგეთ და აღსანიშნავია, რომ ეს სტაჟირება ანაზღაურებადია. ასე რომ, ეს არის რეალური ვაკანსიები მათთვის, ვისაც ჩვენს სისტემაში უნდა მუშაობა", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ნინო ჯავახაძემ.

    ფორუმის მონაწილე სტუდენტებს სიტყვით ასევე მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგენიძემ.

    საქართველოს უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზე ჩატარდა. სამინისტროს სტრუქტურულმა დანაყოფებმა ახალგაზრდებს 400-მდე აქტიური ვაკანსია და სტაჟირების პროგრამა შესთავაზეს. 
    ფორუმის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ 17 უმაღლეს სასწავლებელთან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტთა მიერ სამუშაო პრაქტიკის გავლის საკითხებს მოიცავს.

    დასაქმების ფორუმზე სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა სამინისტროს საქმიანობის, სტუდენტთა სტაჟირების პოზიციების და მათ მიერ გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. მოეწყო თემატური პავილიონიც, სადაც სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფმა თავისი საქმიანობისთვის დამახასიათებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გამოფინა.

    სტუდენტური დასაქმების ფორუმის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ახალგაზრდა, მოტივირებული და კვალიფიციური კადრების მოზიდვა და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავება.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ფორუმი პირველად 2016 წელს ჩაატარა, რის შედეგადაც დასაქმებული სტუდენტები სამინისტროში დღესაც მუშაობენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური