თბილისის მერის კახა კალაძის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 15 მარტი 2019 13:00

დღეს ისტორიული და მნიშვნელოვანი დღეა. ამიერიდან თბილისს აქვს ახალი გენგეგმა - ქალაქის განვითარების კონსტიტუცია. დღეს, საკრებულო ამ დოკუმენტის მიღებით უზრუნველყოფს დედაქალაქის სწორ და გრძელვადიან განვითარებას.

თბილისის მიწათმოწყობის გენერალურ გეგმაზე ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობდით - უშუალოდ ავტორები, დარგის სპეციალისტები, მუნიციპალური სამსახურები, საკრებულოს წევრები, რისთვისაც თითოეულ მათგანს მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.

20-25 წლის განმავლობაში, ქალაქში უამრავი პრობლემა დაგროვდა: ქაოტური განაშენიანება, რთული ეკოლოგიური ვითარება, საცობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ა.შ. თუმცა, ყველაზე მთავარი, რაც ამ პრობლემების სათავეა, ქალაქის განვითარების სისტემური ხედვისა და ერთიანი გეგმის არარსებობა იყო. ჩვენმა გუნდმა მართვის პოლიტიკის ცვლილებებით და სწორი ორგანიზაციული რეფორმებით დაიწყო მუშაობა. გენგეგმის დამტკიცება კი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქალაქის სწორად სამართავად.

რა თქმა უნდა, წლობით დაგროვილ ყველა შეცდომას ერთი ხელის მოსმით ვერ გამოვასწორებთ, თუმცა ეს არის ის ათვლის წერტილი, საიდანაც იწყება თბილისის განვითარების ახალი გზა. ჩვენ ამ გზას გავივლით ყველა საარჩევნო პირობის კომპლექსურად შესრულებით და მყარ საძირკველს ჩავუყრით დედაქალაქის ახალი ურბანული სახის შექმნას.

გავა დრო და თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი, რომელშიც მოგვარებული იქნება განაშენიანების, ეკოლოგიის, ტრანსპორტის საკითხები, იქნება მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას.

ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ, ყველას გვსურს, რომ თბილისი იყოს უკეთესი. ამისთვის ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ და არ დავიშურებთ მომავალშიც. ჩვენ   თბილისელებთან ერთად დავძლევთ ქალაქის წინაშე მდგარ გამოწვევებს და ჩვენი შვილები, მომავალი თაობები სიცოცხლით და სილამაზით სავსე ქალაქში იცხოვრებენ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას თბილისისთვის, თბილისელებისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთად ყველაფერს შევცვლით და ჩვენი ქალაქისთვის უკეთეს მომავალს შევქმნით.

წაკითხულია 30 ჯერ

Related items

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ტერაქტთან დაკავშირებით

    უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები. მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა.

    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, - აღნიშნულია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ ახალ ზელანდიაში კრაისტჩერჩში ორ მეჩეთზე თავდასხმა გუშინ მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 50-მდე ადამიანი. ათეულობით  კი, დაიჭრა.  ორივე თავდასხმასთან დაკავშირებით ოთხი ადამიანია დაკავებული, მათ შორის ერთ-ერთი ავსტრალიის მოქალაქეა. ამასთან, ინტერნეტში გავრცელდა, ახალ ზელანდიაში მეჩეთზე თავდამსხმელის შაშხანის მჭიდის ფოტო, რომელზეც დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის სახელები ქართულად წერია.

    https://ssg.gov.ge/news/452/saxelmtsifo-usafrtxoebis-samsaxuris-gancxadeba 

  • "​საგზაო რუკა არის ისტორიული დოკუმენტი რომლის მიზანია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ქვეყნის მომზადება"

    საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე სიტყვის გამოსვლის დროს ევროკავშირში გაწევრიანების მხრივ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის (RM2EU) მნიშვნელობას: „შეიძლება ითქვას, რომ საგზაო რუკა არის ისტორიული დოკუმენტი, რომლის მიზანია რეფორმების გზით ქვეყნის მომზადება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. დოკუმენტში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილების თარიღები არ არის მითითებული, თუმცა მინიშნება გაკეთებულია ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების 49-ე მუხლზე და ცალსახადაა ხაზგასმული, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საბოლოო მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

    საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, დოკუმენტი ერთის მხრივ კონსოლიდაციას უკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, და მეორეს მხრივ მასში გაწერილია საქართველოს მომავალი ამბიციური გეგმები, მათ შორის რეფორმები, რომლებიც სცდება ასოცირების შეთანხმებას და ევროკავშირთან უფრო ღრმა ინტეგრაციულ პროცესებს მოიაზრებს.

    დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა, რომ საგზაო რუკაში ასახულია, როგორც ასოცირების შეთანხმებით მიმდინარე რეფორმების განხორციელების მდგომარეობა, ასევე ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დარჩენილი მნიშვნელოვანი რეფორმები და გამოკვეთილია კონკრეტული მიმართულებები, სადაც საქართველოს აქვს ამბიცია, გასცდეს ასოცირების შეთანხმებას და მის მიღმა ევროკავშირთან უფრო ამბიციურ და ღრმა ინტეგრაციისკენ გადადგას ნაბიჯები.

    მინისტრის თქმით, დოკუმენტის ასევე მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა, ადამიანის უფლებები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, ევროკავშირის პროგრამებში ჩართულობისა და პრიორიტეტულ სააგენტოებთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები, ასევე ქვეყნის ევროკავშირში ფიზიკური ინტეგრაციის პერსპექტივები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.

    საგარეო უწყების ხელმღრვანელმა აღნიშნა, რომ  მომავალში ჩამოყალიბდება სპეციალური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზს, საჭიროების შემთხვევაში რეგულაციის ზემოქმედების შეფასებას (RIA), რის შედეგადაც იდენტიფიცირებული აქტივობები აისახება ევროინტეგრაციის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმებში.

    დავით ზალკალიანის თქმით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკით განსაზღვრული რეფორმების განხორციელება ახალ დინამიზმს შესძენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და უზრუნველყოფს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქვეყნის კანონმდებლობის მაქსიმალურ დაახლოებას, ასევე ინსტიტუციური და სექტორული ინტეგრაციის უფრო მაღალი ხარისხის მიღწევას, ვიდრე ეს ასოცირების შეთანხმებითაა გათვალისწინებული.

    აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის  შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი, როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და პარლამენტი. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა ა.წ. 1 მარტს განხილული და მოწონებული იქნა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის უწყებათაშორისი კომისიის მიერ.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 4 მარტიდან, 2 თვის განმავლობაში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე, კერძოდ, ს.კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთიდან ივ. ბერიტაშვილის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთამდე.

    ლისის ტბიდან ივ. ბერიტაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისათვის იქნება ნებადართული. ლისის ტბის მიმართულებით კი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნუცუბიძის ქუჩაზე, ვ. ჩიქოვანის ქუჩის გავლით, საიდანაც გზას ივ. ბერიტაშვილის ქუჩაზე გააგრძელებს.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 10 თებერვალს, 07:00 საათიდან 11:00 საათამდე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აიკრძალება.

    დავით აღმაშენებლის ძეგლიდან გელოვანის გამზირზე შემოსული ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს მხოლოდ ჟვანიას მოედნის მიმართულებით; ბაქრაძის სანაპიროდან "ვეფხი და მოყმის" მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი კი მხოლოდ ჟვანიას მოედნის მიმართულებით შესძლებს გადაადგილებას; ჩაიკეტება გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამომსვლელი გზა და ავტომობილები მოძრაობას მხოლოდ სააკაძის მიმართულებით გააგრძელებენ; ასევე, ჩაიკეტება სააკაძის მოედნიდან მარჯვენა სანაპიროზე ჩამომსვლელი გზა, ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ შარტავასა და ცინცაძის ქუჩების მიმართულებით; მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლიდან "ვეფხი და მოყმის" მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს, გმირთა მოედანზე ამსვლელი პანდუსით სარგებლობა შეეძლება, საიდანაც, გზას თამარ მეფის, კოსტავას და ვარაზისხევის მიმართულებით გააგრძელებენ; ჩაიკეტება გმირთა მოედნიდან მარჯვენა სანაპიროზე გადამსვლელი პანდუსი და ავტომობილები მოძრაობის გაგრძელებას იუსტიციის სახლის მიმართულებით შესძლებენ.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის განცხადება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ 27 იანვარს 09:00 საათიდან თბილისში, მდინარე მტკვარზე, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება. ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად - ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით.

     სააკაძის დაღმართიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს (წერეთლის გამზირი) მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება მარჯვენა სანაპიროსა და გმირთა მოედნიდან თამარ მეფის ხიდის გავლით.
     
    ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთანავე დაუბრუნდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური