გიორგი ქობულიამ იაპონელ კოლეგასთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 15 მარტი 2019 11:29

ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრთან ჰიროშიგე სეკუსთან. შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. 

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს საქართველოსა და იაპონიას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივ ვაჭრობაზე. აღინიშნა, რომ 2018 წელს ექსპორტი 55 პროცენტით გაიზარდა, თუმცა ამავე დროს, აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით პოტენციალი გაცილებით მეტია, რაც აუცილებლად უნდა იყოს ათვისებული. 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის ექსპორტის ზრდად დინამიკაზე იაპონიაში, კერძოდ, 2018 წელს ზრდამ 28 პროცენტი შეადგინა. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ტოკიოში ღვინის გამოფენის მოწყობის ფაქტი, რომელიც მარტში გაიხსნება, 7 მაისამდე იმუშავებს და გამოფენის დამთვალიერებლებს მიაწვდის ინფორმაციას ქართული ღვინის ისტორიისა და უწყვეტი ტრადიციების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული ღვინის ცნობადობას იაპონიის ბაზარზე. ასევე დადებითად შეფასდა ტოკიოში საქართველო - იაპონიის ბიზნეს ფორუმის ჩატარება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქტების პოპულარიზებას იაპონიის ბაზარზე. 

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ასევე შეთანხმებაზე საქართველოსა და იაპონიის  ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიას (NEXI) შორის, რომელსაც ხელი 15 მარტს მოეწერება. აღინიშნა, რომ შეთანხმება სტიმულს მისცემს იაპონური და ქართული საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდას, აგრეთვე ხელს შეუწყობს საქართველოში იაპონური ინვესტიციების შემოსვლას. 

ქართულმა მხარემ ასევე გაამახვილა ყურადღება იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების საკითხზე და იაპონელ კოლეგას აღნიშნული პროცესის დაწყება შესთავაზა. ასევე აქცენტი გაკეთდა ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებაზე, რომლის შედეგადაც შეთანხმების ძირითად ტექსტზე მუშაობა უკვე დასრულებულია. შეხვედრაზე მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რათა დასრულდეს დარჩენილი ფორმალური პროცედურები შეთანხმების გაფორმების მიზნით. იაპონურმა მხარემ ასევე აღნიშნა, რომ შემდგომ ნაბიჯად შესაძლოა, საქართველოსა და იაპონიას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე დაწყების შესაძლებლობა განიხილოს. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც საქართველოსა და იაპონიის მინისტრებმა ისაუბრეს, ენერგეტიკა, მათ შორის, ენერგოეფექტურობის მიმართულება იყო. ქართული მხარე იაპონიის გამოცდილებით დაინტერესდა. 

ქართული მხარემ იაპონურ მხარეს ორი ენერგეტიკული პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა შესთავაზა. საუბარია, 230-250 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურისა და მზის 50 მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტებზე. ითქვა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია, თუკი იაპონური კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად გამოცხადებულ ტენდერებში. 

გარდა ამისა, ქართულმა მხარემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმაზე და გამოთქვა დაინტერესება, რომ იაპონურმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღონ საქართველოს მსხვილი ინდუსტრიული საწარმოების ენერგოაუდიტში და როგორც საბითუმო მომხმარებლებს, გაუწიოს ტექნიკური დახმარება და გაუწიოს გამოცდილება მათი ენერგოეფექტურობის გეგმის შემუშავების მიზნით. 

ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის გათვალისწინებით, პრიორიტეტად განისაზღვრება ჰიდრო პოტენციალის მაქსიმალური ათვისება სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელების მეშვეობით. განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების დიდი პოტენციალი, არამარტო წყლის რესურსის, არამედ ქარის, მზის, გეოთერმული და ბიომასის ენერგიის ათვისების კუთხით თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა. ქართულმა მხარემ გამოთქვა ინტერესი, რომ აღნიშნულ პროცესში იაპონურმა კომპანიებმა უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა. 

შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ იაპონელი კოლეგა თბილისში დაგეგმილ აბრეშუმის გზის მესამე ფორუმზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.

წაკითხულია 28 ჯერ

Related items

  • გიორგი ქობულია ჰონგ კონგის უმაღლესი რანგის ბიზნეს-დელეგაციის წევრებს შეხვდა

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ჰონგ კონგის უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციის წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ადგილობრივი საინვესტიციო პოტენციალის შესასწავლად არიან ჩამოსული. დელეგაციას ხელმძღვანელობს ჰონგ კონგის (ჩინეთი) სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი ედვარდ იაუ. 

    ვიზიტის მიზანია დელეგაციის წევრები და კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნონ იმ ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებს, რასაც საქართველო სთავაზობს „ერთი გზა-ერთი სარტყელის~ ინიციატივის ფარგლებში. გარდა ამისა, ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ისეთ საკვანძო სექტორებში როგორებიცაა ინვესტიციები, ტურიზმი, მეწარმეობა და ა.შ. 

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, რომლის მიზანსაც ქვეყნის ინკლუზიური ზრდა წარმოადგენს. აღინიშნა ის უპირატესობა, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და სხვა სახელმწიფოებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მოქმედების გამო. გიორგი ქობულიამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქართული და ჰონგ კონგის კომპანიები მიიღებენ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებით. 

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, აგრეთვე ქვეყნის პოზიციების გაუმჯობესებას საერთაშორისო ანგარიშებსა და სუვერენულ საკრედიტო რეიტინგებში. 

    ჰონგ კონგის ბიზნესდელეგაციამ გამოხატა დიდი დაინტერესება საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორით, მათ შორის, ენერგეტიკის, წარმოების, ტექნოლოგიების, IT-ის მიმართულებით. 

    შეხვედრის დასასრულს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჰონგ კონგის ბიზნესის წარმომადგენლებს შეკითხვებს უპასუხა.

    შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და სხვა ოფიციალური პირები.

  • ანსამბლი ,,ბასიანი” იაპონიაში ქართული ღვინის გამოფენაზე მონაწილეობს

    იაპონიაში პროექტის - „საქართველო-ღვინის სამშობლო“ - ქართული ღვინის გამოფენა გაიმართება. მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით, ქალაქ ტოკიოში საქართველო მეორედ წარსდგება იაპონური საზოგადოების წინაშე. გამოფენის ოფიციალური გახსნისთვის ანსამბლი ,,ბასიანი" რამდენიმე ქართულ ტრადიციულ სიმღერას შეასრულებს.

    ,, ქართული მრავალხმიანობა, ღვინო, ვაზი განუყოფელია ერთმანეთისაგან. ღვინის უნიკალური გამოფენა იაპონიაში - ,,საქართველო ღვინის სამშობლო" უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ანსამბლი ,,ბასიანი" იმღერებს: ,,კახურ მრავალჟამიერს",გურულ კრიმანჭულს - “ხასანბეგურა”, ,,შენ ხარ ვენახსა" და ,,ჩაკრულოს" - აცხადებს ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი დონაძე.

    იაპონელი პარტნიორების მნიშვნელოვანი კონტრიბუცია პროექტში უახლესი ტექნოლოგიის, „Warpqsuare”-ის გამოყენებით, უძველესი ქართული კულტურისა და ღვინის ისტორიის გაცოცხლებაა, რომელსაც დამთვალიერებელი საგამოფენო ცენტრში„Terrada Warehouse“ იხილავს.

    ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ ინტერაქციის დახმარებით იმოგზაურონ უძველესი ღვინის სამშობლოში, რის საშუალებასაც სწორედ „Warpqsuare“ ტექნოლოგია იძლევა.

    ქართული ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია 15 მარტიდან 7 მაისამდე გაგრძელდება.

     

  • იაპონიასთან თანამშრომლობა მეცნიერების განვითარებისთვის

    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და იაპონიის სოკენდაის ეროვნული უნივერსიტეტი (SOKENDAI) სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის. შესაბამის მემორანდუმებს დღეს მოეწერა ხელი.

    „დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და იაპონურ მხარეს შორის გაფორმდა უმნიშვნელოვანესი შეთანხმება, რომელიც გულისხმობს ჩვენი დოქტორანტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას, ასევე აკადემიური პერსონალის იაპონიის იმ წამყვან ტექნოლოგიურ ლაბორატორიებში მიმდინარე საერთაშორისო კვლევებში ჩართვას, რომელიც მოწინავეა არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მსოფლიოში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი დოქტორანტების აღიარება, რომლებიც მიიღებენ, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე იაპონური მხარის დიპლომებს. ქართველი მეცნიერების მონაწილეობა ასეთ საერთაშორისო პროექტებში ხელს შეუწყობს საქართველოში მეცნიერების რეფორმის განხორციელებას“- განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

    შეთანხმება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სოკენდაის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის ელემენტარული ნაწილაკების, მაღალი ენერგიების ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების დარგში კოლაბორაციასა და ქართველი დოქტორანტების ერთობლივ მომზადებას გულისხმობს. იაპონიის მხარე სრულ მზაობას გამოთქვამს, რომ ქართველმა დოქტორანტებმა სწავლებისა და კვლევების ნაწილი იაპონიაში გაიარონ და, ამ მიზნით, აქტიურად გამოიყენონ KEK-ის და იაპონიის პროტონების ამაჩქარებლების ცენტრის (JPARC) უნიკალური სამეცნიერო და ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა. ასევე, იაპონიის მხარე ქართველ დოქტორანტებს სრულ ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს იაპონიაში სწავლისა და სამეცნიერო კვლევების პროცესში.

    შეთანხმების თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტებს ორმაგი ხარისხი მიენიჭებათ და ქართული და იაპონური დიპლომები გადაეცემათ. ამასთან, იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო აღიარებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევებისა და განათლების ხარისხს, ასევე მოხდება საქართველოს ტექნიკურ და სოკენდაის ეროვნულ უნივერსიტეტებს შორის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერა.

    აღნიშნულ თემებზე მემორანდუმების გაფორმება უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის და ემსახურება ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას, როგორც ფუნდამენტურ და გამოყენებით მეცნიერებებში, ასევე, დიდ წილად წაადგება საქართველოში ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწასაც, ხელს შეუწყობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართველი მეცნიერების მონაწილეობას მსხვილმასშტაბიან საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში.

  • თურქმენეთში კასპიის პირველი ეკონომიკური ფორუმი ჩატარდება

    2019 წლის 11 თებერვალს, თურქმენეთის საელჩომ საქართველოში გამართა ბრიფინგი, რომელიც მიეძღვნა თურქმენეთში დაგეგმილ  კასპიის პირველი ეკონომიკური ფორუმის ჩატარებას. ფორუმი გაიმართება 2019 წლის 12 აგვისტოს, ეროვნული ტურისტულ ზონა "ავაზაში", თურქმენბაშში.

    თავის გამოსვლაში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბატონმა დოვლეთმურატ მურატოვმა ხაზი გაუსვა, რომ კასპიის პირველი ეკონომიკური ფორუმის ჩატარების ინიციატივა თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა კასპიის ქვეყნების მეთაურების სამიტზე გააკეთა, და მას ყველა მონაწილემ ერთხმად დაუჭირა მხარი. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ თურქმენეთი ყოველთვის გააგრძელებს აქტიურ პოზიციას კასპიის ზღვის საკითხებთან დაკავშირებით, რათა უზრუნველყოს რეგიონში მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა, მეგობრობის კონსოლიდაცია და სანაპირო ქვეყნებსა და მათ ქვეყნებს შორის ფართო თანამშრომლობა.

    ჟურნალისტები ასევე ინფორმირებულნი იყვნენ თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ კასპიის პირველი ეკონომიკური ფორუმის გამართვის, ასევე ფორუმის მოსამზადებელი საკითხებისა და ჩატარების შესახებ.

    ბრიფინგის დასასრულს მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მომავალი ფორუმი ხელს შეუწყობს კასპიის ზღვის ქვეყნებში და მეზობელ რეგიონებში ეკონომიკურ, სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც კასპიის ზღვას გადააქცევს საერთაშორისო მნიშვნელობის უდიდეს სატრანსპორტო და სატრანზიტო ცენტრად.

    ბრიფინგს ესწრებოდნენ  „ტვ -24“ "ქართული ბიზნესის კვირეული", საინფორმაციო სააგენტო "ნიუს დეი დღე საქართველო". გაზეთები "მრავალეროვანი საქართველო", "თავისუფალი საქართველო" და სხვა.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა

    ვაშინგტონი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის დასასრულს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფიონა ჰილს შეხვდა.

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობის ყველა ძირითად ასპექტს და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის სტრატეგიული მხარდამჭერი ყველა საკითხში, რაც აქტუალურია აშშ-ის დღის წესრიგში. ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის კურსისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შედგა შეთანხმება სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე ერთობლივი მოქმედებების გეგმებზე.

    პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრისას მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. დავით ზალკალიანის თქმით მნიშვნელოვანია, რომ ახალი გლობალური გამოწვევების ფონზე საქართველომ თავისი ადგილი იპოვოს ახალ გეოპოლიტიკურ სურათში და ამ მხრივ აშშ-ის ჩართულობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. გამოითქვა სურვილი, რომ ახალი რეალობების გათვალისწინებით, ამ სფეროში ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

    დავით ზალკალიანისა და ფიონა ჰილის შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. მინისტრის განცხადებით საქართველო აქტიურად მუშაობს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობაზე და ამ მიმართულებით ქართულ მხარეს უკვე მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს შესრულებული. დავით ზალკალიანის განცხადებით შეხვედრაზე ამერიკული მხარემ დააფიქსირა, რომ შესაძლოა ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას.

    შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო საკითხების ფართო სპექტრს და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს აქვს სრული ორპარტიული მხარდაჭერა, რისი დასტურიცაა  რესპუბლიკელი კონგრესმენის ფრენსის რუნის ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი ახალი რეზოლუცია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური