შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 12 მარტი 2019 13:51

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის 8 მარტს გლდანში „საქართველოს ბანკზე“ მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა.

ყაჩაღობის, პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი - წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1998 წელს დაბადებული ნ.ქ. და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1999 წელს დაბადებული კ.გ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული და ნიღბიანი ბრალდებულები გლდანში „საქართველოს ბანკში“ შეიჭრნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფული მოითხოვეს. ბანკის თანამშრომლებმა განგაშის სიგნალით დაცვის პოლიცია გამოიძახეს. ბანკის ფილიალთან მისულ დაცვის პოლიციას თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს. სროლისას არავინ დაშავებულა.

ბრალდებულებმა, ბანკის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმამდე, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს 2 მოქალაქეს და კუთვნილი ავტომანქანა ჩამოართვეს. პოლიციის ოპერატიული რეაგირების შედეგად, თავდამსხმელები იძულებული გახდნენ მძევლად აყვანილი ორივე მოქალაქე გაეთავისუფლებინათ და შემთხვევის ადგილიდან გატაცებული ავტომანქანით მიიმალნენ.

პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო გატაცებული ავტომანქანა, რომელიც ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს.

დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

დადგენილია დანაშაულში მონაწილე მესამე პირიც და მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით, 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

წაკითხულია 13 ჯერ

Related items

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინოწმინდაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნინოწმინდაში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი - 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.ა. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის ცენტრალურ გზაზე გაჩერებული "ოპელის" მარკის ავტომობილიდან მაკაროვის სისტემის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი ს.ა.-ს ეკუთვნის.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო, დანაშაულებრივი ფაქტების გამოძიებასთან ერთად, აქტიურად განაგრძობს პრევენციულ ღონისძიებებს. პოლიციის მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ამოღებულია 884 ცივი და 104 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი.

  • საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის ნაკეთობების კონტრაბანდის სამი ფაქტი გამოავლინა

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს.

     გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები  საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით, ცდილობდნენ საქართველოში მალულად შემოეტანათ არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის - ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები.

     საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 22 კგ-ზე მეტი ვერცხლისა და 2,5 კგ ოქროს ნაკეთობანი, რომელთა საერთო  საბაჟო ღირებულება  240 000 ლარს აღემატება.

     გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

  • გიორგი გახარიამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა

    შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა და ადგილზე მომუშავე პოლიციელებს პირადად შეხვდა.

     
    გიორგი გახარია თავდაპირველად სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს რეგიონალურ ბაზას ეწვია, ცხრაწყაროს ახლად გახსნილი საგუშაგო დაათვალიერა და თანამშრომლებს გაესაუბრა.
     
    დაცვითი ღონისძიებების მეტად ეფექტიანად განხორციელებისა და პირადი შემადგენლობის სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, ცხრაწყაროს მონაკვეთზე ახალი, კეთილმოწყობილი, კაპიტალური ბაზა აშენდა, რომელიც ყაზარმას, სამორიგეოს, სასადილოს, ასევე, თოვლმავლებისა და კვადროციკლების ავტოფარეხს მოიცავს.
     
    აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული მილსადენების საქართველოს მონაკვეთის ნაწილი წალკა-ტაბაწყური-ბაკურიანის ყველაზე რთულად დასაცავ პერიმეტრზე გადის. ცხრაწყაროს უღელტეხილზე მდებარე საგუშაგო ზღვის დონიდან 2450 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, სადაც ტემპერატურა ხშირ შემთხვევაში -10-დან -35 გრადუსამდე ეცემა.
     
    პროექტის ფარგლებში, ბაზაზე შეიცვალა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემაც, კერძოდ, დამონტაჟდა „ბულეტის“ ტიპის ანალიტიკური ფუნქციის მქონე სტატიკური კამერები, რომლებიც აღნიშნული მონაკვეთის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე შეირჩა. ბაზა, ასევე, აღიჭურვა მოძრავი ვიდეოკამერით, რომელიც ექსტრემალურ პირობებში შეუფერხებლად მუშაობს.
     
    ცხრაწყაროს საგუშაგოს შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაკურიანში საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში მშენებარე პოლიციის შენობა დაათვალიერა.
     
    ბაკურიანის პოლიციის ახალი შენობა და დროებითი მოთავსების იზოლატორი ზაფხულში გაიხსნება. მზარდი ტურისტული ნაკადის გათვალისწინებით, ახალ შენობაში ადგილობრივი განყოფილების თანამშრომლების გარდა, სეზონურად, საპატრულო პოლიციის სპეციალური დანაყოფებიც განთავსდებიან.
     
    გიორგი გახარიამ ბორჯომში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მშენებარე ინფრასტრუქტურაც მოინახულა, სადაც ახალი სახანძროს შენობის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება და 29 მანქანით, მთლიანად ბორჯომს მოემსახურება.
     
    შინაგან საქმეთა მინისტრი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პოლიციის სამმართველოებსაც ესტუმრა, მათ შორის ახალქალაქის განახლებული პოლიცია, დროებითი მოთავსების იზოლატორი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ასპინძის ბაზაც დაათვალიერა. გიორგი გახარიამ თანამშრომლებს სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები პირადად გააცნო.
     
    აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2018 წელს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, სწორედ საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, 20-მდე მაღალი გამავლობის, რთულ რელიეფურ პირობებზე მორგებული ავტომობილი და 100 სამხრე კამერა გადაეცა.
     
    საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს შინაარსობრივი რეფორმები და პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლება. შეიცვალა სამსახურში მიღების წესი და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია გახდა სისტემაში მოხვედრის ერთადერთი გზა, რაც იმას ნიშნავს, რომ საპოლიციო საქმიანობას მხოლოდ სათანადო კვალიფიკაციის მქონე და მომზადებული კადრები განახორციელებენ. ამჟამად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 24 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსია გამოცხადებული.
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი, საქართველოს მოქალაქეები: გოჩა გ. და რომან ქ. ქობულეთში დააკავეს.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები ბირთვული მასალა "ურანის" გასხვისებას 2 800 000 აშშ დოლარად აპირებდნენ. დაკავებულების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ საგანზე ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად მისი წონაა 40,19 გრამი და შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპს "ურან-238"-ს, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

    გამოძიება ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

    გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო.

  • საგამოძიებო სამსახურმა სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

    საგამოძიებო სამსახურმა სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

    "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თაღლითური განზრახვით, დაუკავშირდა ერთ-ერთ მოქალაქეს და დაარწმუნა იგი, რომ 3 500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ შეძლებდა მის დასაქმებას საჯარო სამსახურში, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში, მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა თანხის ნაწილი 2 000 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით" - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური