გიორგი ქობულია კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 12 მარტი 2019 10:12

კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია კორეის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრს ლი ტე-ჰოს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი კორეაში ოთარ ბერძენიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და ყურადღება გაამახვილეს სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე. ქართულმა მხარემ გამოთქვა დაინტერესება, რათა საქართველოს და კორეას შორის დაიწყოს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება, შექმნის ახალ შესაძლებლობებს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისა და გაღრმავების მხრივ. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არაერთი მსხვილი კორეული კომპანია, როგორიცაა, მაგალითად,  „სამსუნგი“, „ელ ჯი“ და სხვა, დიდი წარმატებით საქმიანობს საქართველოს ბაზარზე, გარდა ამისა, მსხვილი ინვესტორი კომპანიები კორეეიდან, როგორიცაა “K-Water” და “KHNP”, ასევე აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორში. შეხვედრაზე ითქვა, რომ ამის მიუხედავად, საქართველო დაინტერესებულია, მეტი კორეული ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში, მით უფრო, რომ მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების რეიტინგის“ თანახმად, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის მაჩვენებლით მსოფლიოში მე-6 ქვეყანაა.  

გიორგი ქობულიამ შეხვედრისას, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კორეაში იზრდება ინტერესი საქართველოს, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების მიმართ. ამ მიზნით, 2019 წელს თბილისსა და სეულს შორის 7 ჩარტერული პირდაპირი რეისი განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინიცირებით, შეხვედრაზე საქართველოსა და კორეას შორის პირდაპირი რეგულარული ავიარეისების შესრულების საკითხები განიხილეს.

„კარგია, როდესაც ქვეყნებს შორის ჩარტერული რეისები სრულდება, მაგრამ რეგულარული რეისების ამოქმედება არა მხოლოდ გაზრდის კორეელი ტურისტების რიცხვს საქართველოში, არამედ ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის საქმიან წრეებს სამომავლო თანამშრომლობაში. გარდა ამისა, პირდაპირი ავიარეისების განხორციელება კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს ცნობადობას მსოფლიოს ამ ნაწილში და დაგვეხმარება ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო გაძლიერებაში,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ. 

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მისიების, გამოფენებისა და ბიზნესფორუმების ორგანიზებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს, დაამყარონ უფრო აქტიური საქმიანი კონტაქტი. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ დეტალურად ისაუბრა საქართველოში წარმატებით მოქმედ ბიზნესის სტიმულირების პროგრამებზე, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სხვა სახელმწიფო ფონდების მონაწილეობით ხორციელდება. 

წაკითხულია 169 ჯერ

Related items

  • საქართველოს ბოცვანას საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს დელეგაცია ეწვია

    3-5 ივნისს საქართველოს ბოცვანას საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი უნითი დოუ ეწვია.

    ვიზიტის ფარგლებში ბოცვანას დელეგაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრებს შეხვდება.

    უნითი დოუ პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. ბოცვანას დელეგაცია ასევე მოინახულებს წეროვანის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას და სოფელ ხურვალეთის მიმდებარე საოკუპაციო ხაზს.

    ბოცვანას საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის საქართველოში ვიზიტი წარმოადგენს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების დადასტურებასა და ორმხრივი მხარდაჭერის გამოვლენას.

  • სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შეთანხმებას ხელი მოეწერა

    საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრ ლი სიაოპენგს შეხვდა. 

    შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა ისაუბრეს "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ფორუმის და ამ ფორუმში მონაწილე მსოფლიო ლიდერების მიერ დაყენებული საკითხების მნიშვნელობაზე, ასევე - გაზრდილ სარკინიგზო გადაზიდვებზე, რაც ადასტურებს ამ მიმართულების განვითარების აუცილებლობას და ჩინეთის რესპუბლიკის ახალი ქალაქებს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების საჭიროებას.

    დიალოგის თემები იყო რეგულარული ავია-ფრენების მიმართულებით ურთიერთობის განვითარების აუცილებლობა, ორივე ქვეყნის ტურისტული და ბიზნეს პოტენციალის გააქტიურება.

    მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალს, ჩინეთისა და „აბრეშუმის გზის“ სხვა პარტნიორი ქვეყნებისათვის აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი მარშრუტის განვითარების სარგებელს. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია ე. წ. შუა დერეფნის გავლით საკონტეინერო სარკინიგზო გადაზიდვების განვითარებით. ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი ევროპასთან სავაჭრო მარშრუტში „შუა დერეფანს“ პრიორიტეტს მიანიჭებს. 

    შეხვედრის ბოლოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროში, მაია ცქიტიშვილმა და ლი სიაოპენგმა ხელი მოაწერეს მხარეების მიერ პარაფირებულ შეთანხმებას „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის საერთაშორისო სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შესახებ“. 

    „ამ ხელშეკრულების მომზადებისთვის დიდი სამუშაო გასწია ბევრმა ადამიანმა და მადლობა მათ. ეს დოკუმენტი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის მგზავრების და ტვირთების ტრანსპორტირების საკითხებში თანამშრომლობას, რაც წინგადადგმული დიდი ნაბიჯია "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივის განხორციელების თვალსაზრისით. ე. წ. შუა დერეფნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობის ყველა ფორმატი ჩინეთთან და ევროკავშირის ქვეყნებთან, ასეთი ტიპის ხელშეკრულებები კი ხელს უწყობს ფასების კონკურენტუნარიანობას და დამატებითი შეღავათების დაწესებას გადამზიდავებისთვის,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. 

    მაია ცქიტიშვილმა ლი სიაოპენი 2019 წლის ოქტომბერში თბილისის აბრეშუმის ფორუმზე დაპატიჟა და მადლობა გადაუხადა 2015 და 2017 წლებში გამართულ ფორუმებში აქტიური მონაწილეობისათვის. 

    თავის მხრივ, ლი სიოპენმა მაია ცქიტიშვილი დაპატიჟა მომავალ წელს ტრანსპორტის საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად.

    „საქართველოს რკინიგზამ წელს, პირველ კვარტალში, 18 ათასი კონტეინერი გადაზიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 31 პროცენტით მეტია. ეს შედეგი პირველ რიგში ჩინეთიდან ახალი ტვირთების მოზიდვამ განაპირობა. სასიხარულოა, რომ ტრანსპორტის  მინისტრმა გამოყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახალხო რესპუბლიკის სხვადასხვა პროვინციებიდან დამატებითი სუბსიდების განხილვაზე იმუშავებს, რაც გვაიმედებს რომ ტვირთბრუნვა კიდევ უფრო გაიზრდება,“ - განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ. 

     

  • მაია ცქიტიშვილმა ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის მენეჯმენტთან შეხვედრა გამართა

    საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია პეკინში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის (CRCC) მენეჯმენტს შეხვდა. 

    შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვანგ ვენფუნგმა ქართულ დელეგაციას კორპირაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით გამოთქვა დაინტერესება. 

    “ეს კომპანია მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების სამეულში შედის და სასიხარულოა, რომ მას უკვე აქვს მონაწილეობა მიღებული საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულია აქტიურად მიიღოს მონაწილეობა მომავალ პროექტებში, რაც ქართულ ბაზარს მიმზიდველს და მეტად კონკურენტუნარიანს ხდის,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

    ვიცე-პრემიერმა კორპორაციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალის, მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ და საინვესტიციო გარემოს უკეთ შეფასების მიზნით, კორპორაციის ხელმძღვანელები თბილისში, მიმდინარე წლის ოქტომბერში, "აბრეშუმის გზის ფორუმზე" დაპატიჟა.

    ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციასთან შეხვედრას ესწრებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დიპლომატიური შემადგენლობა.
     

  • ვიცე-პრემიერმა ეკონომიკურ ფორუმზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მნიშვნელობაზე ისაუბრა

    საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და  „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფორუმს ესწრება. ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი „ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობის  თემატურ ფორუმზე“ სიტყვით გამოვიდა. 

    სხვა საკითხებთან ერთად, საკუთარ გამოსვლაში მაია ცქიტიშვილმა დიდი დრო დაუთმო საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარების მნიშვნელობას. მისი თქმით, ქვეყნის სტრატეგიულ რეგიონულ  ცენტრად და მსოფლიო ეკონომიკის ნაწილად ჩამოყალიბების მიზნით, საქართველომ ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო ასეთი ზონების შექმნაზე ფიქრი. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება უცხოური კომპანიების საქმიანობის გააქტიურებას ქვეყნის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, რათა მათ დადგენილი შეღავათების გამოყენებით, 2.3 მილიარდიანი ბაზრით ისარგებლონ. 

    ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოში ამჟამად სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის მქონე 5 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოქმედებს. 

    „სავაჭრო ურთიერთობების პოტენციალის მეტად გამოყენების მიზნით, საქართველო-ჩინეთს შორის 2017 წელს გააფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი ეკონომიკური ზონების განვითარების შესახებ. ასეთი ზონები ეხმარება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, სამეწარმოე პოტენციალის  და სამეწარმეო  კლასტერების განვითარებას. ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ზონების განვითარება მნიშვნელოვანია აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებისთვის, ახალისებს მეწარმეებს, რაც თავის მხრივ ააქტიურებს ეკონომიკური საქმიანობის ბევრ სექტორს, ქმნის მეტ სამუშაო ადგილს და საერთო ჯამში, ხელს უწყობს ცხოვრების დონის გაუმჯობესებას,“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

  • ცნობიერების ამაღლების კამპანია - „მე ვირჩევ თანასწორობას“

    ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისმა პროექტის - „დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში, ცნობიერების ამაღლების კამპანია - „მე ვირჩევ თანასწორობას“ დაიწყო.

    გახსნის ღონისძიებაზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგინიძემ თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის უწყვეტი და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის და ტოლერანტული გარემოს უზრუნველყოფა, სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესება, მათ საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის შენარჩუნება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური