შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 08 მარტი 2019 12:27

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის პროგრამის მიერ ორგანიზებული ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საპატიო სტუმრად ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ელიზაბედ რუდი ესწრებოდა. როგორც უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ განაცხადა, ისინი დიდი ხანია ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობენ და მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტში დაგეგმილ ღონისძიებებსა და აქტივობებში მათი პარტნიორებიც არიან ჩართული.

„დღეს უნივერსიტეტში აღვნიშნავთ ქალთა საერთაშორისო დღეს, რომლის ფარგლებში ვმართავთ კონფერენციას ქალთა უფლებების თემაზე. ჩვენ დიდი ხანია ამერიკის საელჩოსთან ვთანამშრომლობთ, ამიტომ დღევანდელ ღონისძიებსთან დაკავშირებით გვეწვია ქალბატონი ელიზაბეთ რუდი, რომ ერთად აღვნიშნოთ ეს შესანიშნავი დღე“,- განაცხადა ილიას ჩილოღლუმ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ელიზაბედ რუდმაც, მან იმედი გამოთქვა, რომ ერთმანეთთან თანადგომით მალე აღმოიფხვრება ის მწვავე პრობლემები, რაც ქალთა უფლებების დაცვის კუთხით დგას. „მოხარული ვარ, რომ ჩვენს საყვარელ უნივერსიტეტში აღვნიშნავთ ამ დღეს. ეს არის დღესასწაული, როდესაც მეტად ფიქრობენ ქალების დაფასებაზე, ჩუქნიან ყვავილებს, ბარათებს, თუმცა სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღეს ქალებს კვლავ უწევთ ბრძოლა სამართლიანობისთვის და ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს პრობლემა ამერიკაშიც მწვავედ დგას. თანადგომის გარეშე ჩვენ ვერაფერს შევძლებთ. ვიმედოვნებ, რომ ერთსულოვნებით მაგალითს ავიღებთ იმ ძლიერი ქალებისგან, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს ქალთა უფლებების დაცვასა და შენარჩუნებაში“, – აღნიშნა ელიზაბედ რუდმა.

როგორც კონფერენციაზე გახდა ცნობილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 2017 წელს გადაეცა Millenium Challenge- ის მიერ გენდერული თანასწორობის ჯილდო.

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა გამარჯვებული 2017 წელს „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ ჯილდოსი, რომელიც იყო ორგანიზებული „ათასწლეულის გამოწვევების ფონდი საქართველოს მიერ და ასევე გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლობის მიერ. მონაწილეობას იღებდა 33 კომპანია საქართველოს მასშტაბით. ჩვენი უნივერსიტეტი გამოირჩა ტოპ სამ კომპანიას შორის, როგორც ერთ-ერთი ხელისშემწყობი ორგანიზაცია, რომელიც იმპლემენტაციას უკეთებს ქალთა უფლებების დაცვას და სოციალიზაციას. ვინაიდან ჩვენ წარმოვადგენთ საგანმანათლებლო სფეროს ასევე გვაქვს ტრენინგები და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ქალბატონებისთვის, რომელიც ხელს უწყობს მათ რესოციალიზაციას და ინტეგრაციას საზოგადოებაში, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ არსებობს უთანასწორობა ქალებსა და მამაკაცებს შორის“, – განაცხადა ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელმა თამთა ცხოვრებაძემ.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ლექცია თემაზე „აშშ-ს ქალთა მოძრაობის დინამიკა საქართველოში ამერიკისმცოდნეობის პერსპექტივით”, რომლის ფარგლებშიც მოხსენებები წაიკითხეს ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელმა, აფილირებულმა პროფესორმა დოქტრომა თამარ შიოშვილმა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამამთვარებელი კურსების სტუდენტებმა მედეა ნიკოლაიშვილმა და თათია ფარადაშვილმა.

წაკითხულია 344 ჯერ

Related items

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აშშ-ის ელჩისგან წერილი მიიღო

    თქვენთვის ცნობილია, რომ არაერთი წელია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ამერიკის საელჩოს შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტმა ელჩისგან, კელლი ს. დეგნანისგან წერილი მიიღო, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

    პატივცემულო რექტორო:

    დიდი მადლობა თქვენი გულისხმიერი წერილისთვის. მე დიდად მოხარული ვარ ამერიკის საელჩოსა და იბსუ-ს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც ასახავს ამერიკულ-ქართული ურთიერთობების სიღრმესა და სიძლიერეს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურმა პანდემიამ ორივე ქვეყანას დიდი სირთულეები მოუტანა, მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ შევძლებთ ნებისმიერი გამოწვევის გადალახვას და გავაგრძელებთ ერთმანეთის გვერდით დგომას.

    ჩემი გუნდისგან ვიცი, რომ ამერიკის საელჩო და IBSU მჭიდროდ თანამშრომლობენ ფართო სპექტრის საგანმანათლებლო და პროფესიულ სფეროებში, მათ შორის ისეთებში, როგორიცაა ამერიკისმცოდნეობა, ინგლისური ენის სწავლება, საერთაშორისო ურთიერთობები და ბევრი სხვა. ისეთი აკადემიური ღონისძიებები, როგორიცაა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ამერიკისმცოდნეობაში და საერთაშორისო კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებში, ნათლად აჩვენებენ იმ ზეგავლენას, რაც იბსუს გააჩნია საქართველოსა და კავკასიის რეგიონზე.

    მე გამოვთქვამ სურვილსა და მზაობას გეწვიოთ უნივერსიტეტში მაშინ, როდესაც გარემოებები ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ვიმედოვნებ აგრეთვე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას არსებულ და სამომავლო პოტენციურ სფეროებში საქართველოში საგანმანათლებლო და პროფესიული შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით.

    პატივისცემით,
    კელი ს. დეგნანი
    ელჩი

  • „გამოცდის სტილი და შინაარსი შეიცვალა, იყო კონტროლის მექანიზმი“ – IBSU-ში დისტანციური შუალედური გამოცდები დასრულდა

    კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, უნივერსიტეტებში სწავლება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს და სტუდენტებისთვის ერთ-ერთი აქტუალური საკითხი შუალედური და შემაჯამებელი გამოცდების ფორმატია. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (იბსუ) ამბობენ, რომ სწავლების განსხვავებული რეჟიმიდან გამომდინარე, შუალედურმა გამოცდებმა გარკვეული ცვლილებები განიცადა, თუმცა საკითხები არ გამარტივებულა. რაც შეეხება ფინალურ გამოცდებს, უმაღლესი მათ ჩატარებას დადგენილ ვადებში, ონლაინ ფორმატში გეგმავს.

    უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ შუალედური გამოცდები დადგენილი კალენდრის მიხედვით, რიგ ფაკულტეტებზე ონლაინ რეჟიმში უკვე ჩატარდა, რისთვისაც სხვა პროგრამებთან ერთად, ელექტრონული პლატფორმა „სმარტი“ გამოიყენეს.

    „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში შუალედური გამოცდები დადგენილი – აკადემიური კალენდრის მიხედვით ჩატარდა. როგორც ჩვეულებრივი სწავლების დროს, ორი კვირის განმავლობაში, ონლაინ გამოცდებს – აპრილის ბოლო და მაისის პირველი კვირა დაეთმო. მეორე, მესამე და მეოთხე კურსმა ამ დროისთვის უკვე დაასრულა ექვს-შვიდ საგანში შუალედური აქტივობები, რაც უმრავლეს შემთხვევაში ელექტრონული პლატფორმის “სმარტის” მეშვეობით, უხარვეზოდ ჩატარდა.

    „ნაწილი იყო ზეპირი გამოკითხვა, ნაწილი ჯგუფურად ჩატარებული კვლევების წარდგენა, ზოგი წერილობით, ზოგი პრეზენტაციის სახით. გამოცდებმა ნაწილობრივ სახე იცვალა და ონლაინ პროგრამას მოერგო, თუმცა როგორც სტუდენტები ამბობენ, შინაარსობრივად ეს პროცესი არ გამარტივებულა, სრული დატვირთვით მოემზადნენ, როგორც სხვა შემთხვევაში. იბსუ-ში ცალ-ცალკე მიმდინარეობს შუალედური და ფინალური გამოცდები და ეს ფორმატი არ შეცვლილა, სტუდენტები ფინალურ გამოცდებსაც ონლაინ ჩააბარებენ, როცა ეს აკადემიური კალენდრით მოუწევთ“, – განუცხადეს EDU.ARIS.GE-ს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

    რაც შეეხება სტუდენტებს, რომლებმაც გამოცდაზე გასვლა ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოახერხეს, იბსუ-ში განგვიმარტეს, რომ ფაკულტეტებმა ასეთ სტუდენტებს განცხადების ფორმა გაუგზავნეს, სადაც მათ მიზეზები უნდა მიუთითონ და ხელახალი გამოცდის ჩაბარებას შეძლებენ.

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ არაბული ამბობს, რომ შუალედური გამოცდის ჩაბარების პროცესი ტექნიკურად რთული არ იყო, სტუდენტების მუშაობას კი, ლექტორები კომპიუტერის ეკრანებიდან აკვირდებოდნენ.

    „ვარ სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსზე, შუალედური გამოცდები უკვე დავასრულეთ. არანაირი აცდენა პროგრამასთან არ გვქონია, საგამოცდო ცენტრმა, როგორც ჩვეულებრივი სწავლის რეჟიმის დროს იყო, ისე გაგვიწერა დრო და ჩემს შემთხვევაში ექვსივე გამოცდა განსაზღვრულ დროში ჩავაბარე. რაც შეეხება ფორმატს, ის განსაზღვრული იყო საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე ზოგ საგანში კვლევითი ნაშრომი დავწერეთ, ზოგი იყო ზეპირი ხასიათის, ასეთ დროს ფორმატი გვაძლევს საშულებას, რომ თვალი ჩავრთოთ და ლექტორს ზეპირად ჩავაბაროთ გამოცდა. უნივერსიტეტს ასევე აქვს სმარტ სისტემა, რომელიც არის მორგებული იმაზე, რომ თვითონ ამ პროგრამაში დავწეროთ შუალედური გამოცდა. ძალიან კომფორტულად და მოხერხებულად ჩატარდა ყველაფერი. თავიდან გვქონდა იმედი, რომ ჯერ ერთი კვირა, შემდეგ ერთი თვე გაგრძელდებოდა ეს ეპიდემიის სიტუაცია, მაგრამ მარტის შუა რიცხვებიდან დისტანციურ რეჟიმში ვსწავლობთ. მე პირადად, კმაყოფილი ვარ, არანაირი აცდენა არც სილაბუსზე, არც გაწერილ გეგმებთან არ გვაქვს. ლექტორები იმ სამ საათს, რაც გათვლილია ლექციისთვის, სრულად გვიტარებენ. ვისმენთ ახსნას, ვაბარებთ სემინარებს და სრულად გადავერთეთ დისტანციურ რეჟიმზე. სულ არაფერს ჯობდა და მიხარია რომ ფეხი ავუწყვეთ ამ რეჟიმს“,- ამბობს მარიამ არაბული EDU.ARIS.GE– სთან საუბარში.

    მისივე თქმით, ფინალური გამოცდების ფორმატი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, თუმცა უკვე არსებული გამოცდილებით, ფიქრობს რომ პროცესი რთული არ იქნება.

    „შეიძლება ბევრ სტუდენტს ჰქონდა ფიქრი, რომ რაღაცნაირად მარტივად გამოვიდოდა ამ პროცესში, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში კონტროლის მექანიზმები კარგად მუშაობდა. ჯერჯერობით არ ვიცით ზუსტად როგორი ფორმით იქნება ფინალური გამოცდები, იგივე ფორმატითაც რომ იყოს როგორც შუალედურები ჩატარდა, არ მგონია რაიმე ხარვეზი შეიქმნას, ბევრი თეორიული საგანი გვაქვს და კვლევის ჩატარება ამ ფორმატში უფრო მოსახერხებელი და საინტერესო იყო. რაც შეეხება სხვა საგნებს, ალბათ უფრო გართულდება იმიტომ, რომ ურო მეტი მასალა იქნება. გამოცდები სავარაუდოდ ისევ ზეპირი ფორმატით იქნება, ან წერილობით. შუალედურზე წერითი გამოცდის დროს, ჩართული გვქონდა თვალი, გაზიარებული გვქონდა ჩვენი ეკრანი და ლექტორი კომპიუტერზე ხედავდა რას ვწერდით. აქედან გამომდინარე, ობიექტურობის დაცვის პრობლემა არ ყოფილა და ვფიქრობ შემაჯამებელ გამოცდებზეც არ იქნება“, – ამბობს მარიამ არაბული.

    კიდევ ერთი სტუდენტი ლევან კორძახია დისტანციური სწავლების მხრივ ტექნიკური კუთხით არსებულ პრობლემებზე და დადებით მხარეებზე საუბრობს.

    „სირთულე ეს გახლავთ ინტერნეტთან დაკაშირებული პრობლემები, ეს ძირითადად რეგიონში მყოფ სტუდენტებს ეხება, ან ითიშება ქსელი, ან სუსტი კავშირია. მყავს კურსელები, რომლებსაც ინტერნეტის პრობლემის გამო სხვაგან უწევთ წასვლა, რომ ონლაინ ლექციაში ჩაერთონ, მაგრამ ეს უფრო რეგიონებში. ქალაქებში სირთულე ნაკლებადაა, უფრო მეტი დადებითი მხარე აქვს დისტანციურ სწავლებას. უფრო კომფორტულია, ხარ სახლში და თან ესწრები ლექციას. დილით გაღვიძების პრობლემა არ გაქვს, მგზავრობისთვის დრო არ გეკარგება. მე მაგალითად, რუსთავში ვცხოვრობ, ტრანსპორტის პრობლემა ყოველთვის იქმნებოდა, თუ ათზე მქონდა ლექცია შვიდზე მაინც უნდა ავმდგარიყავი და ამ მხრივ ძალიან კომფორტულია ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ ფორმატში ლექციების ხარისხი არანაირად არ დაკარგულა, კითხვების დასმის საშუალებაც გვაქვს, ჩართულობა მაინც აუდიტორიაში უფრო უკეთესია და უფრო ცოცხალი და დინამიური პროცესია, იქ უფრო ჩქეფს სიცოცხლე“, – ამბობს სტუდენტი EDU.ARIS.GE– სთან საუბარში.

    ლევან კორძაიას თქმით, შუალედური გამოცდები უკვე ჩააბარა, ფინალურ გამოცდების ფორმატთან დაკავშირებით კი იცის ის, რომ უნივერსიტეტი ამ კუთხით რამდენიმე ვერსიას განიხილავს.

    „შუალედურები ზოგთან პრეზენტაციის სახით ჩავაბარეთ, ზოგმა ლექტორმა დაგვაწერინა ისე, როგორც უნივერსიტეტში ხდებოდა ხოლმე, არანაირი პრობლემა არ გვქონია. გაითვალისწინეს ისიც, რომ ვბეჭდავდით და შედარებით მეტი დრო მოგვცეს. საკითხების გამარტივება არ მომხდარა, მაგრამ გამოცდის სტილი და შინაარსი შეიცვალა იმ მხრივ, რომ არ გვქონდა გადაწერის საშუალება. უფრო მეტად შეკითხვები ეხება საკითხთან მიმართებაში ჩვენს მოსაზრებებს და არა ფორმალურ ნაწილს. მაგალითად, რას ვფიქრობთ ამა თუ იმ საკითხზე და არა დავუშვათ რა მოხდა ამა და ამ წელს. ფინალურებთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს, როგორც ვიცი, სხვადასხვა ვერსიას განიხილავენ. ალბათ, დახლოებით, ანალოგიური პრინციპით ჩატარდება, როგორც შუალედურები იყო. ისედაც დიდად არ განსხვავდება შუალედური და ფინალური გამოცდები, უბრალოდ ქულაა განსხვავებული. ზოგმა ლექტორმა გვითხრა ფინალურებსაც ისევ ამ სტილით ჩავატარებთო“, – ამბობს იბსუ-ს სტუდენტი.

    რამდენად კარგად გაართმევენ თავს უნივერსიტეტები და თავად სტუდენტები შექმნილ ფორსმაჟორულ ვითარებას, ჯერ ვერ ვიტყვით. სტუდენტების ინტერესი კი მზარდია და აღნიშნულის გათვალისწინებით, შუალედური და ფინალური გამოცდების ჩატარების ფორმებთან დაკავშირებით EDU.ARIS.GE-მ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გარდა, სამედიცინო უნივერსიტეტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და თავისუფალ უნივერსიტეტს მიმართა, მათ პასუხებს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.

    შუალედური და ფინალური გამოცდები – რა ცვლილებებს ახორციელებს თსუ სტუდენტების შეფასების მიზნით

    მოამზადა თამთა ვირსალაძემ

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მოსამზადებელ ტრენინგ კურსს იწყებს

    მიმდინარე წლის 28 მარტს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (იბსუ) უწყვეტი განათლების ცენტრი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) სასერტიფიკატო კურსს იწყებს.

    მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივების ფონზე, მთელ რიგ ორგანიზაციებს დაევალებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშნვა, რაც შრომის ბაზარზე  ახალ  სამუშაო ადგილებს გააჩენს. ამასთან, 2018 წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR), რომელიც რიგ შემთხვევებში შესაძლოა, საქართველოში არსებულ კომპანიებზეც გავრცელდეს. ყოველივე აღნიშნული მოითხოვს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის გაზრდას, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების მაღალ კვალიფიკაციასთან.

    კურსი ეხმიანება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებულ სიახლეებს და იძლევა კომპლექსურ ცოდნას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ძირითადი საკითხების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროებში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე.

    კურსი განკუთვნილია მონაცემთა დაცვის ოფიცრებისათვის, საჯარო და კერძო ორგანიზაციების მენეჯმენტის ზედა რგოლის წარმომადგენლებისათვის, იურისტებისათვის, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისათვის, ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხიმგებელი პირებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

    კურსს წარუძღვებიან როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები, ისე  წამყვანი სპეციალისტები საბანკო, სამედიცინო, სადაზღვევო და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროებიდან.

    კურსის  ხანგრძლივობაა  37 საათი, კვირაში 7 საათიანი დატვირთვით.

    განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა - 24 მარტი.

    კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია უნივერსიტეტის ვებ გვერდზე: https://trainings.ibsu.edu.ge/personaldata/

  • თქვენც შეგიძლიათ! როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი ქალთა მეწარმეობას საქართველოში

    თქვენც შეგიძლიათ! როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი ქალთა მეწარმეობას საქართველოში?

    საკუთარი საქმის დაწყება ყოველთვის არ არის მარტივი. განსაკუთრებით მაშინ, თუ შენი მოვალეობაა სახლი, ზრუნვა ბავშვებსა და მშობლებზე, თუ ხელს არავინ გიწყობს და ხშირად გაუგებარია, საიდან დაიწყო საქმის კეთება. არსებობს საკმაოდ ბევრი საერთაშორისო პროგრამა, რომლებიც ეხმარება ქალებს დაიწყონ საკუთარი ბიზნესი, მიიღონ განათლება და დაიცვან საკუთარი ეკონომიკური უფლებები.  როგორ გავერკვეთ ამ ყველაფერში? ხშირად საჭირო ინფორმაციის პოვნა რთულია. პროგრამამ „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ღია ბარათები აერთიანებს ევროკავშირის ყველა მიმდინარე პროექტს, რომელიც ქალებს ეხმარება საკუთარი ბიზნესის განვითარებაში.

    1. მინდა საკუთარი ბიზნესის დაწყება, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, იმუშავებსჩემი იდეა, თუ არა. ვის შეუძლია რჩევის მოცემა?

    ევროკავშირი ძალზე აქტიურად უჭერს მხარს ახალი ბიზნესის, განსაკუთრებით ქალთა ბიზნესის განვითარებას და განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში, ხშირად - სასოფლო  და არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ ტერიტორიებზე. ამიტომ, არ იფიქროთ, რომ თბილისში უნდა ცხოვრობდეთ, რომ უნდა გქონდეთ უმაღლესი განათლება ან ჩამოყალიბებული ბიზნესი იმისათვის, რომ ევროკავშირის დახმარება მიიღოთ - პირიქით!

    ევროკავშირი ხელს უწყობს მთელ რიგ პროგრამებსა და ბიზნესის მხარდამჭერ საშუალებებს, რომლებიც მოგაწვდიან  შესაბამის რჩევებს, გაგიწევენ პრაქტიკულ დახმარებას და გამოგიყოფენ დაფინანსებასაც კი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად.

    აი, რამდენიმე მაგალითი:

    თუ გსურთ მხარდაჭერის მიღება სოფლის მეურნეობაში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) მოგაწვდით ინფორმაციას და რჩევებს, გაგიწევთ ფინანსურ დახმარებას მთელი საქართველოს მასშტაბით; ამ პროგრამით 2013 წლის შემდეგ ასობით ათასმა ფერმერმა ისარგებლა. იხილეთ პროგრამის ინტერაქტიული რუკა და იპოვნეთ რეგიონული ინიციატივები, კონტაქტები, საინფორმაციო ცენტრები და კოოპერატივები თქვენს მახლობლად.

    პროგრამა მერები ეკონომიკური ზრდისთვის ეხმარება ადგილობრივ ხელისუფლებებს ეკონომიკურ ზრდა-განვითარებაში და სამუშაო ადგილების შექმნაში. ამ პროგრამაში მონაწილე ათეულობით ადგილობრივი ხელისუფლებიდან სამი – ბოლნისი, გორი და  თბილისი – ახორციელებენ საპილოტე პროექტებს, მათ შორის ახალი საწარმოების მხარდაჭერას ტრენინგებით და ბიზნესის განვითარების საშუალებებით;  ისინი უზრუნველყოფენ ქალთა თანაბარ ხელმისაწვდომობას განვითარებისთვის საჭირო ყველა საშუალებაზე.

     2. რჩევები ბიზნესის შესახებ ძალიან კარგია, მაგრამ საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის ფულია საჭირო. როგორ შემიძლია მივიღო დაფინანსება, თუ არ მაქვს არც  ფული და არც ბიზნესის მართვის გამოცდილება?

    სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში (ENPARD) უამრავი გრანტია ხელმისაწვდომი სოფლის მეურნეობის პროექტებისთვის. ეწვიეთ განაცხადების ნაწილს ამ პროგრამის ვებ-გვერდზე და ნახეთ მიმდინარე საგრანტო კონკურსების სია.

    მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივის მერები ეკონომიკური ზრდისთვის ფარგლებში გრანტები არ გაიცემა, ეს ინიციატივა დაგეხმარებათ დაფინანსების მიღებაში. მაგალითად, SPARK ბიზნესის აქსელერატორი, რომელიც დაარსდა პროექტის ფარგლებში თბილისში, ახალ ბიზნეს-საწარმოებს სთავაზობს დახმარებას ბიზნეს-გეგმის მომზადებაში, და გაძლევთ პოტენციურ ინვესტორებთან და დაფინანსების წყაროებთან კონტაქტის დამყარების საშუალებას. 

    ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პროგრამა მსურველებს სთავაზობს სესხებს, რომლებიც სპეციალურად ქალებზეა მორგებული. პროგრამას ქალები ბიზნესში შესაძლებლობა აქვს დაგაფინანსოთ როგორც ბიზნესის დასაწყებად, ისე ბიზნესის განვითარების მიზნით. პროგრამა თანამშრომლობს ადგილობრივ პარტნიორებთან: საქართველოს ბანკთან და TBC ბანკთან, და მეწარმე ქალებს სთავაზობს შეღავათიან პირობებს  ახალი ბიზნეს-იდეების, ან არსებული ბიზნესის გაფართოების დასაფინანსებლად. რამდენიმე სხვა პროექტი, რომელიც ხორციელდება ინიციატივის EU4Business ფარგლებში ასევე თანამშრომლობს ადგილობრივ ბანკებთან მცირე და საშუალო საწარმოებზე სესხების გასაცემად - დაწყებული მიკროდაფინანსებით, დამთავრებული მსხვილი საინვეტიციო სესხებით.

     3. მე უკვე მაქვს ბიზნესი, მაგრამ მჭირდება დახმარება მისშემდეგ საფეხურზე გადასაყვანად: არსებობს ევროკავშირის რაიმე სახის მხარდაჭერა ჩემთვის?

    თუ თქვენ უკვე გაქვთ ბიზნესი და აპირებთ მის განვითარებას, თქვენთვის ხელმისაწვდომია დაფინანსება (და ტრენინგი) მთელი რიგი პროგრამების საშუალებით ინიციატივის EU4Business ფარგლებში, რომელიც ეხმარება კერძო სექტორის განვითარებას მთელ საქართველოში.

    სესხების გაცემის გარდა, ინიციატივა ქალები ბიზნესში გთავაზობთ ტრენინგს და სუბსიდირებულ (დაფინანსებულ) საკონსულტაციო მომსახურებას, რომლებიც კონკრეტულად იმ ბიზნესებზეა მორგებული, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ. პროგრამა ასევე გთავაზობთ პერსონალიზებულ ონლაინ საშუალებას ბიზნეს-ობიექტივს – თქვენი ბიზნესის შესაფასებლად და იმ მხარდაჭერის სანახავად, რომლის მიღებაც შეგიძლიათ.

    გარდა ამისა, ინიციატივის EU4Business ზოგიერთი პროგრამა გთავაზობთ დაფინანსებას გაცილებით დიდი ბიზნესისთვის, მაგრამ სხვები, მაგალითად: DCTA Initiative East გასცემს მიკროდაფინანსების სესხებს 25,000 ევრომდე. ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) ასევე გასცემს მცირე სესხებს (სესხის საშუალო ოდენობა - 14,300 ევრო) ყველაზე პატარა ბიზნესებისთვის (10-ზე ნაკლები თანამშრომელი) ისეთ სექტორებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ვაჭრობა და მომსახურება. დააჭირეთ აქ და იხილეთ დაფინანსების პროგრამების სრული სია ინიციატივის EU4Business ფარგლებში, აქ - პროექტების სანახავად, რომელიც გთავაზობთ ტრენინგს და ბიზნეს-კონსულტაციებს, და აქ იმ პროექტების სანახავად, რომელიც სხვადასხვა ბაზარზე გასვლაში დაგეხმარებათ.

    გარდა ამისა, ქართველი მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომია ევროპის მეწარმეთა ქსელი, რომელიც ეხმარება ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს პარტნიორების პოვნაში ბიზნესის და ტექნოლოგიის სფეროში ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ.

     4არ ვარდარწმუნებული იმაში, რომ მინდა ბიზნესის დაწყება, მაგრამ მინდა ახალი უნარების ათვისება: არსებობს ევროკავშირის რაიმე დახმარება ჩემთვის?

    ტრენინგი და უნარები ევროკავშირის მხარდაჭერის უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოში, და ევროკავშირი უზრუნველყოფს საკმაოდ დიდ დაფინანსებას პროფესიული განათლებისთვის და ტრენინგისთვის. ევროკავშირმა ახლახან დაიწყო 150 მილიონი ლარის ღირებულების პროგრამა, რომელიც ეხმარება პროფესიული განათლების მიღებას და შრომის ბაზრის განვითარებას. 5-წლიანი პროგრამა დაეხმარება საქართველოს 105,000 მოქალაქეს დასაქმებაში. რაც მოხდება მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების გავრცელებით, შრომის პოლიტიკის გაუმჯობესებით, და სამეწარმეო ტრენინგის მხარდაჭერით.

    რაც შეეხება პირდაპირ მხარდაჭერას, ინდივიდუალური EU4Youth პროგრამები – თქვი დიახ: სამუშაო უნარები, ახალგაზრდობის განათლების, დასაქმების და მონაწილეობის მხარდაჭერა კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე საქართველოსა და უკრაინაში, დასაქმების გაუმჯობესების პოტენციალის მხარდაჭერა, და უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისთვის – ეს პროექტები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ უნარებზე 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით საქართველოს ნაკლებად ხელსაყრელი პირობების მქონე რეგიონებში; უზრუნველყოფს ტრენინგს, რჩევებს და სტაჟირებას ახალგაზრდებისთვის შემდგომ დასაქმების მიზნით.

    30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ქალებს ევროკავშირი სთავაზობს შესანიშნავ შესაძლებლობებს მისი ერაზმუს + ახალგაზრდობის პროგრამებით. თქვენ შეგიძლიათ შეუერთდეთ საქართველოს 10,000 ახალგაზრდა მოქალაქეს, რომლებმაც უკვე აითვისეს ახალი უნარები და მიიღეს ფასდაუდებელი გამოცდილება ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობით, ან მოხალისედ საზღვარგარეთ მუშაობით ევროპის სოლიდარობის კორპუსის ფარგლებში.

    ხოლო თუ უმაღლეს განათლებას ღებულობთ, ერაზმუს + პროგრამა გთავაზობთ სტუდენტურ გაცვლებს და სამაგისტრო პროგრამებს ევროპაში. გაიგეთ მეტი ყველა შესაძლებლობის და იმის შესახებ, თუ როგორ შეიტანოთ განაცხადი.

     5არსებობენ ქალები, რომლებმაც ჩემსავით დაიწყეს საკუთარი ბიზნესი ევროკავშირის დახმარებით?

    ასეთი ქალი უამრავია!

    ნატამანანა, ირინა და დალი - ყველა მათგანმა მიიღო სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) გრანტი. ნატა და ირინა თბილისიდან არიან, მანანა - წალკიდან, დალი კი - ზემო ალვანიდან. ნატალიას მოჰყავს კიტრი, ირინას - პომიდორი, მანანა ჩაის გადამამუშავებელ საწარმოს ხელმძღვანელობს, ხოლო დალი აწარმოებს თაფლს და საგანმანათლებლო კურსებს ატარებს. ყველა მათგანმა განავითარა საკუთარი ბიზნესი ევროკავშირის ტრენინგის და გრანტის დახმარებით.

    ირინა გლოველმა და თეკლა მამაგეიშვილმა საკონსულტაციო მომსახურება მიიღეს პროგრამიდან ქალებიბიზნესში. პროექტი დაეხმარა თეკლას თვალის კლინიკის საქმიანობის უფრო სტრატეგიულად დაგეგმვაში და ფინანსური რესურსების მოზიდვაში, ხოლო ირინამ დახმარება მიიღო საკუთარი საინჟინრო კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მოსაწესრიგებლად, რამაც მისი მოგება 7.5%-ით გაზარდა.

    მანანა ჩქარეული სახლში მუშაობდა მკერავად. სესხების დახმარებით EFSE პროგრამიდან, მან შეძლო საკუთარი აღჭურვილობის განახლება,  სათანადო სამუშაო სივრცის და პერსონალის დაქირავება საკუთარი ბიზნესის განვითარების მიზნით. მალე მისი კომპანია დამოუკიდებელ ბრენდად ჩამოყალიბდება.

    დიანა ბაქრაძემ და ანა ვარამაშვილმა ისარგებლეს უნარების ტრენინგით და სტაჟირებით პროექტის ფარგლებში დაუცველი ახალგაზრდობის მხარდაჭერა საქმიან მოქალაქეებად გახდომაში სწავლის, ტრენინგის და დასაქმების დახმარებით, რაც დამოუკიდებელი პროფესიული ცხოვრებიკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

    დააჭირეთ აქ და იხილეთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) კიდევ უფრო მეტი წარმატების ისტორია, აქ - იხილეთ რას საქმიანობს ქალაქი ბოლნისი პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, და აქ - შეიტყვეთ ხუთი ქართველი ქალის შესახებ, რომლებმაც ისარგებლეს ევროკავშირის დახმარებით სხვადასხვა სექტორებში.

     6. ვის უნდა ვთხოვო დახმარება?

    ეწვიეთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ვებსაიტს და იპოვნეთ საკონტაქტო ინფორმაცია საქართველოს ყველა სხვადასხვა რეგიონისთვის, გადაამოწმეთ პროგრამის ინტერაქტიული რუკა რეგიონული ინიციატივების, კონტაქტების, საინფორმაციო ცენტრების და კოოპერატივების საპოვნელად თქვენს მახლობლად.

    ეწვიეთ პროგრამის მერები ეკონომიკური ზრდისთვის ვებსაიტს, იხილეთ, არის თუ არა თქვენი ქალაქი ხელმომწერთა შორის და რას აკეთებს ის დასაქმების და ბიზნესის მხარდასაჭერად თქვენს მახლობლად.

    თუ უკვე გაქვთ ბიზნესი და ეძებთ საშუალებას მისი განვითარებისთვის, იხილეთ ტრენინგის და დაფინანსების არსებული შესაძლებლობები პროგრამის ფარგლებში EU4Business საქართველოში.

    განათლების და ახალგაზრდებისთვის საინტერსო პროექტებისთვის, დაუკავშირდით ეროვნულ ერაზმუს + ოფისს საქართველოში.

    არ დაგავიწყდეთ, თვალი მიადევნოთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook-გვერდს უახლესი ინფორმაციის მისაღებად და ახალი შესაძლებლობების გასაცნობად.

     

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მოსამზადებელ ტრენინგ კურსს იწყებს

    მიმდინარე წლის 14 მარტს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (იბსუ) უწყვეტი განათლების ცენტრი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) სასერტიფიკატო კურსს იწყებს.

    მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივების ფონზე, მთელ რიგ ორგანიზაციებს დაევალებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშნვა, რაც შრომის ბაზარზე  ახალ  სამუშაო ადგილებს გააჩენს. ამასთან, 2018 წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR), რომელიც რიგ შემთხვევებში შესაძლოა, საქართველოში არსებულ კომპანიებზეც გავრცელდეს. ყოველივე აღნიშნული მოითხოვს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის გაზრდას, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების მაღალ კვალიფიკაციასთან.

     კურსი ეხმიანება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებულ სიახლეებს და იძლევა კომპლექსურ ცოდნას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ძირითადი საკითხების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროებში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე.

    კურსი განკუთვნილია მონაცემთა დაცვის ოფიცრებისათვის, საჯარო და კერძო ორგანიზაციების მენეჯმენტის ზედა რგოლის წარმომადგენლებისათვის, იურისტებისათვის, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისათვის, ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხიმგებელი პირებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

    კურსს წარუძღვებიან როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები, ისე  წამყვანი სპეციალისტები საბანკო, სამედიცინო, სადაზღვევო და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროებიდან.

    კურსის  ხანგრძლივობაა  37 საათი, კვირაში 7 საათიანი დატვირთვით.

    განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა - 11 მარტი.

    კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია უნივერსიტეტის ვებ გვერდზე: https://trainings.ibsu.edu.ge/personaldata/

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური