მშობელთა ჩართულობა სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესში

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 07 მარტი 2019 18:12

სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოების ყველაზე დაინტერესებული სეგმენტის - მშობლების ჩართულობას.

მშობელი სასკოლო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია, შესაბამისად, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, წინასწარ გაეცნოს და მონაწილეობა მიიღოს იმ სახელმძღვანელოების განხილვასა და ანალიზში, რომლითაც მისი შვილი ისწავლის.

სწორედ ამ მიზნით, სამინისტრომ განახორციელა ცვლილება გრიფირების წესში, რომლის მიხედვითაც სახელმძღვანელოების შეფასების პროცესში პრაქტიკოსი პედაგოგების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, ფსიქოლოგების, ფილოლოგების და სამართლის სპეციალისტების გარდა, ამ პროცესის მიმართ საზოგადოების ყველაზე დაინტერესებულ წარმომადგენელს - მშობელს შეეძლება მიიღოს მონაწილეობა.

როგორ განხორციელდება თავად პროცედურა

სამინისტრო აცნობებს სკოლებს მშობელთა ჩართულობის შესაძლებლობებზე. სკოლამ, თავის მხრივ, უნდა აცნობოს მშობლებს ამ შესაძლებლობის შესახებ. მშობლების მხრიდან სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, სკოლები იმსჯელებენ და შეჯერდებიან მშობლის კანდიდატურაზე. გადაწყვეტილების მიღებისას სკოლამ უნდა იხელმძღვანელოს პროფესიონალიზმისა და ობიექტურობის პრინციპების დაცვით. ამ მიზნით, შერჩევის პროცესში მან შესაძლებელია ჩართოს სამეურვეო საბჭოც (იმ სკოლებში, სადაც არის) და შეჯერებული კანდიდატურა წარმოუდგინოს სამინისტროს.

სამინისტრო, კერძოდ კი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, უზრუნველყოფს შესაბამის იუზერისა და პაროლს მშობლისთვის, რომლის მეშვეობითაც მშობელს დაშვება ექნება სპეციალურ ელექტრონულ სისტემაზე და წვდომა - ნებისმიერ სახელმძღვანელოზე.

რეცენზირების პარალელურად,  2 კვირის ვადაში მშობელს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს ნებისმიერი საგნის და კლასის სახელმძღვანელოს კომპლექტი (ანონიმური ეგზემპლარები) და შეუდგეს მათ განხილვას.

მშობელს შესაძლებლობა ექნება რამდენიმე მიმართულებით დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნა/რეკომენდაციები. ეს მიმართულებებია:

  1. შინაარსობრივი შენიშვნა/რეკომენდაცია;
  2. ენობრივი გაუმართაობა;
  3. სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შეუსაბამობა;
  4. ტექნიკური ხასიათის ხარვეზი.

მას შემდეგ, რაც მშობელი დაასრულებს არჩეული კომპლექტის განხილვას, შეუძლია გადავიდეს სხვა საგნის ან კლასის სახელმძღვანელოს კომპლექტზე.

მშობელთა მიერ გამოთქმული შენიშვნა/რეკომენდაციები ავტომატურად ეგზავნება შესაბამისი საგნობრივი ჯგუფის რეცენზენტებს, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ მიმართულებების მიხედვით გაეცნონ გამოთქმულ მოსაზრებებს.

რეცენზენტები ხმათა უმრავლესობით მიიღებენ გადაწყვეტილებას რეკომენდაციის სრულად ან ნაწილობრივ გაზიარებასთან დაკავშირებით. ნაწილობრივ გაზიარების ან გაუზიარებლობის შემთხვევაში, რეცენზენტთან საგნობრივი ჯგუფის მიღებულ გადაწყვეტილებას ასაბუთებს. გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება მშობელს.

სამინისტროს მხრიდან ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უკვე ეცნობა ამ შესაძლებლობის შესახებ, გაგეგზავნა ინსტრუქცია და სკოლამ მშობლის კანდიდატურა უნდა წარმოადგინოს 11 მარტიდან - 17 მარტის ჩათვლით;

 

წაკითხულია 172 ჯერ

Related items

  • ქართველი მოსწავლეები ბირთვული კვლევების ცენტრში

    ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადებში გამარჯვებული, ბაქსვუდის სამეცნიერო სკოლის მონაწილე საუკეთესო მოსწავლეები და მათი პედაგოგები შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) იმყოფებოდნენ.

    ტექნოლოგიური მეცნიერებებით დაინტერესებული მოსწავლეების ცერნში ვიზიტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანია ახალგაზრდა თაობის მიზიდვა და დაინტერესება ფიზიკით, ფუნდამენტური კვლევებით, ინჟინერიით, IT ტექნოლოგიებითა და მათემატიკით.

    ცერნში რამდენიმედღიანი სტუმრობისას მოსწავლეები ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შეხვდნენ, უახლეს ტექნოლოგიებს, ახალ აღმოჩენებს და იმ მნიშვნელოვან პროექტებს გაეცნენ, რაზეც ცერნის მეცნიერები მუშაობენ. ცერნში ფიზიკით გატაცებული ახალგაზრდები ქართველი მეცნიერების, ირაკლი მინაშვილისა და ალექსანდრე მესტვირიშვილის ატლასისა და CMS ექსპერიმენტებს გაეცნენ, ეს უკანასკნელი 90 მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობს ულტრათანამედროვე და მასშტაბურ ლაბორატორიაში. ატლას და CMS ექსპერიმენტები დიდ ჰადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე სამ უდიდეს ექსპერიმენტს შორისაა.

    ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN), მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიაა ელემენტალური ნაწილაკების ფიზიკაში. აქ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ფუნდამენტალური კვლევები, ხორციელდება ახალი აღმოჩენები. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ უცხოელ მეცნიერებთან ერთად, კვლევებში აქტიურად არიან ჩართულნი ქართველი მეცნიერები.

  • სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვებს ხარისხიან განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცემათ

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბულგარეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორობის შედეგად საქართველოში სკოლის მიღმა დარჩენილი ყველაზე დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის ხარისხიანი განათლება ხელმისაწვდომი გახდება;

    აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა, ირინა აბულაძემ და ეკატერინე დგებუაძემ, ბულგარეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩს დესისლავა ივანოვასა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. შეხვედრისას მხარეებმა პროექტის დეტალები განიხილეს და მისი განხორციელების სტრატეგიაზე იმსჯელეს;

    პროექტი მიზნად ისახავს სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების განათლების სისტემაში წარმატებულ ინტეგრირებას, ასევე, მოზარდების ისეთი უნარებითა და ცოდნით აღჭურვას, რომელიც შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს;

    პროექტის ფარგებლებში შეირჩა 15 საპილოტე სკოლა და 6 დღის ცენტრი, სადაც ბულგარეთის გამოცდილებაზე დაყრდნობით მოხდება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და დანერგვა. დაგეგმილია მასწავლებლების, დირექტორებისა და დღის ცენტრების პერსონალის გადამზადება, რათა სახელმწიფომ სათანადოდ უზრუნველყოს სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა;

    პროექტის დაწყების აღსანიშნავად ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩმა, გაეროს ბავშვთა ფონდისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა ერთ-ერთი საპილოტე სკოლა და დღის ცენტრიც მოინახულეს.

  • შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების ახალგაზრდული ფორუმი

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ბრიტანული სეზონი 2019-ის ფარგლებში, პირველად საქართველოში 15 და 16 ოქტომბერს შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების ახალგაზრდული ფორუმი ტარდება.

    ფორუმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა, საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა ჯასთინ მაქენზი სმითმა და ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა ზაზა ფურცელაძემ გახსნეს.

    შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების ახალგაზრდული ფორუმში მონაწილეობენ ბრიტანეთის შემქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, ახალგაზრდა მეწარმეები და სტუდენტები საქართველოდან. ჩატარდება საპანელო დისკუსიები, ასევე ოთხი ვორკშოპი დარგის აქტუალურ თემებზე. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ბრიტანული ინოვაციების ფონდის NESTA-ს ვორკშოპის „შემოქმედებითი მეწარმეობის პროგრამა“ გამარჯვებულების პრეზენტაციით გამოსვლა და დაჯილდოვება.

    ფორუმის მიზანია კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების (CCIs) არსის შესახებ საერთო ცოდნის შექმნა და კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის როლის ხაზგასმა ეკონომიკური და სოცილური ინდუსტრიის, ახალგაზრდა შემოქმედებითი მეწარმეების პროფესიული უნარების და დასაქმების განვითარებაში.

    ბრიტანული სეზონი UK/Georgia 2019 ბრიტანეთის საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ ერთობლივად შემუშავებულ, 60-ზე მეტი ღონისძიებისგან შემდგარ სპეციალურ პროგრამას წარმოადგენს. პროგრამა 2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ხორციელდება.

  • სამუშაო შეხვედრა ეფექტიანი და ინკლუზიური პროფესიული განათლების უზრუნველსაყოფად

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ, გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდთან (GGF) თანამშრომლობით, სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა სადაც პროფესიული განათლებისა და გადამზადების დაფინანსების მოქმედი სქემა  და საერთაშორისო კარგი პრაქტიკის სკითხები განიხილეს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ,  პროფესიული განათლებისა და გადამზადების დაფინანსების პოლიტიკასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა, როგორც საშუალო, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.

    შეხვედრაში, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძემ, PwC-ის დირექტორმა და GGF-ის გუნდის ხელმძღვანელმა საქართველოში თამთა შერმადინმა და GGF-ის პროექტის ხელმძღვანელმა, ოლივერ დისმა გახსნეს, მონაწილეობა მიიღეს როგორც სამინისტროს, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

     „ჩვენი მიზანია, ჩამოვაყალიბოთ პროფესიული განათლებისა და გადამზადების დაფინანსების ეფექტური მექანიზმები, რითაც ხელს შევუწყობთ პროფესიული განათლების პოპულარობისა და მიმზიდველობის გაზრდას მოსახლეობაში, პროფესიული განათლებისა და გადამზადების ხარისხის გაუმჯობესებას დამსაქმებლების აქტიური ჩართულობის გზით, პროფესიული განათლების სისტემაში დინამიური და დივერსიფიცირებული სერვისების ჩამოყალიბებას, ასევე, უნდა გაიზარდოს ამ სისტემის შიდა ეფექტიანობაც. პროფესიული განათლებისა და გადამზადების პოლიტიკამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, სოციალურ ჩართულობას და მთელი ცხოვრების მანძილზე განათლების უზრუნველყოფას, ასევე, საქართველოს პროფესიული განათლებისა და

    გადამზადების სისტემის დაახლოებას ევროპის ერთიან საგანმანათლებლო სივრცესთან,“ - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაკიძემ.   

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიაში (2017-2021 წწ.) პროფესიული განათლების დაფინანსების ეფექტური მექანიზმების საჭიროება, რამაც თავის მხრივ მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის (LLL) პრინციპზე დაფუძნებულ პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შემოთავაზებულმა დაფინანსების ახალმა მოდელმა პროფესიული განათლების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოებასთან ერთად,  ხელი უნდა შეუწყოს (ა) დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია; (ბ) დამატებითი დაფინანსების  მოძიება; (გ) კერძო სექტორის ჩართულობა; (დ) დაფინანსების ეფექტური განაწილება ინსტიტუტებს, მიმართულებებსა და პროგრამებს შორის; და (ე) პროფესიული განათლების ეფექტიანი მართვა.

    PwC-ის საკონსულტაციო პრაქტიკის დირექტორისა და საქართველოში GGF-ის გუნდის ხელმძღვანელის, თამთა შერმადინის თქმით, პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებს დაფინანსების ახალი მოდელის შემოღებას. მისი აზრით, პროფესიული განათლების სისტემა იცვლება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ის უფრო მოქნილი ხდება, რაც თავის მხრივ მოითხოვს დაფინანსების დივერსიფიცირებული მექანიზმების შემოღებას. პროფესიული განათლების დაფინანსება ეფუძნება ხარჯების განაწილებას სახელმწიფოს, დამსაქმებლებსა და სტუდენტებს შორის: „დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის მხარდაჭერით ორგანიზებულ საკონსულტაციო შეხვედრაზე მოველით, რომ ამ კუთხით საქართველოსთვის საუკეთესო გადაწყვეტაზე შევჯერდებით, რაც თავის მხრივ უნდა აისახოს პროფესიული განათლების დაფინანსების მთავრობის დადგენილებაში.“ - განაცხადა თამთა შერმადინმა.

    სამუშაო შეხვედრა ორგანიზებულია დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის (GGF) პროექტის - „დაფინანსების დივერსიფიცირებული მექანიზმების შემუშავება საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემისთვის“ ფარგლებში. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტექნიკური დახმარების პროექტი ითვალისწინებს პროფესიული განათლების დაფინანსების დივერსიფიცირებული მოდელის შემუშავებას. საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებისგან შემდგარი გუნდი, მთავარ დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გზით, სამინისტროს დაეხმარება, შეიმუშაოს დაფინანსების ახალი, დივერსიფიცირებული მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს პროფესიული განათლებისა და გადამზადების ეფექტური და ინკლუზიური სისტემის ჩამოყალიბებას. ეს, თავის მხრივ, შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მთავრობას, მიაღწიოს პროფესიული განათლების მიწოდების რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს, ამასთან, შემცირდეს შრომითი ბაზრის მოთხოვნებთან არსებული შეუსაბამობა. 

  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადება

    16 სექტემბერს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყება.  ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

    მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა ერთეულ შემთხვევებში (20-მდე სკოლაში)  შესაძლოა მხოლოდ ორი კვირით  გადაიწიოს. ასეთ სკოლებში, გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით  შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.

    აღნიშნულის შესახებ, მშობლების ინფორმირებას სამინისტროს ინსტრუქციის საფუძველზე, სკოლების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური