საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 მარტი 2019 12:13

საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ორდინალური, სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

საქართველოს მხრიდან შეთანხმებებს ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ხოლო    ფიჯის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა ინია სერუირატუმ.  
 
საქართველოს მოქალაქეებს ფიჯის ტერიტორიაზე ისევე როგორც ფიჯის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე შეუძლიათ შესვლა და ყოფნა არაუმეტეს 90  დღის ვადით 180 დღიან პერიოდში.
 

7 მარტს, საქართველოს და ფიჯის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი.
საქართველოს მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ფიჯის მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი ინია სერუირატუ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ფიჯის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების მნიშნელოვანი საკითხები, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და შემდგომი განვითრების პერსპექტივები, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურისა და  სპორტის მიმართულებით. დაფიქსირდა ორმხრივი მზადყოფნა ხელი შეეწყოს ფიჯის რესპუბლიკაში და ზოგადად ოკეანეთის რეგიონში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ქვეყნის პოპულარიზაციას. შესაბამისად, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ სექტორული სამინისტროების წარმომადგენელთა ვიზიტების ურთიერთგაცვლას, ასევე კერძო სექტორისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შორის  კონტაქტების დამყარებას პრაქტიკული თანამშრომლობის დაწყების მიზნით.
 
განხილულ იქნა მრავალმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატები, საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმხარდაჭერებზე ყურადღების გამახვილებით. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონებში არსებული ვითარება და გამოწვევები. ფიჯის მხარეს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, განხორციელებული უკანონო ქმედებების ასევე საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შესახებ. მოხდა აზრთა გაზიარება კავკასიის და ოკეანეთის რეგიონებში, აგრეთვე საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით. ბატონმა ინია სერუირატუმ, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ფიჯის რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

წაკითხულია 67 ჯერ

Related items

  • მამუკა ბახტაძე - დღეს შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა

    დარწმუნებული ვარ, ერთსულოვნებითა და ერთად დგომით, გაუტეხავი ქართული სულითა და ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით, აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ერთიანი, ძლიერი და მშვიდობიანი საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

    მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპა ქართველი ერის ცივილიზაციური არჩევანია და საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს.

    "ჩვენს ერს აქვს თავისი წვლილი შეტანილი იმ ფასეულობების ფორმირებაში, რომელსაც ევროპული იდეა ეფუძნება. სწორედ ამიტომ,  საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს ამის თქმის უფლება, რომ ეს არის ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენ ძალიან რთული გზა გავიარეთ, მაგრამ დღეს შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, რომელიც ყველას ეკუთვნის. ეს არის ჩვენი საზოგადოების დამსახურება და ჩვენი დასავლელი მეგობრების დახმარების შედეგი, რისთვისაც მინდა, მათ მადლობა გადავუხადო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

    მამუკა ბახტაძემ განსაკუთრებით აღნიშნა ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მნიშვნელობა, რომლის საშუალებითაც საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა და ქვეყნის ტრანსფორმაცია დაიწყო.

    „ვფიქრობ, დღევანდელი დღე არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ ვდგავართ მყარად და ერთად ერთ სწორ გზაზე, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს წარმატებასთან. აუცილებელია, ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად გრძნობდნენ იმ სიკეთესა და წარმატებას, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზას მოაქვს.  ჩვენ ახლახან კიდევ ერთი გამარჯვება ვიზეიმეთ, როდესაც ევროკავშირმა ოფიციალურად მოგვცა საშუალება გავწევრიანდეთ ევროპის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში (ENQA) და ქართული დიპლომები აღიარებული იყოს ევროპაში. ჩვენ ასეთი გამარჯვებები გვჭირდება ყოველდღე", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

    ევროპის დღეების ფარგლებში რიყის პარკში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმართეს.

    პრემიერ-მინისტრმა, ევროკავშირის ელჩსა და თბილისის მერთან ერთად რიყის პარკში ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა, რომელზეც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოში განხორციელებულ აქტივობებსა და პროექტებს წარადგენენ.

    ევროპის დღეები, რომელიც საქართველოში წელს მეშვიდედ აღინიშნება, მაისის ბოლომდე გაგრძელდება და როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, ჯამში 80-მდე ღონისძიებას მოიცავს.

  • CCTV7“ საქართველოზე ფილმების სერიას გადაიღებს

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის კინოსტუდიის და ტელეცენტრის დირექტორის მოადგილეს ვენ ჩენგუის, და ტელეკომპანია „CCTV7“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

    აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტელევიზია „CCTV7“ საქართველოზე, როგორც აგრარულ ქვეყანაზე ფილმების სერიას გადაიღებს და ეთერში გაშვებას უზრუნველყოფს.

    როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფილმების სერიის მიზანს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს, როგორც აგრარული ქვეყნის ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.
    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.

  • საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიის მუშაობა განახლდება

    “ჩვენ შევთანხმდით აზერბაიჯანულ მხარესთან, რომ უახლოს პერიოდში განახლდება ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიის სხდომა და გადაადგილება სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ ნაწილებზე განხორციელდება შეუფერხებლად, არსებული პრაქტიკის გთვალისწინებით” - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე კომენტირებისას განაცხადა.
    დავით ზალკალიანის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრს ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა აზერბაიჯანელ კოლეგასთან.
    მინისტრის განცხადებით, მიღწეულია შეთანხმება, რომ უახლოეს დღეებში დასრულდება სადელიმიტაციო კომისიის განახლებული შემადგენლობის დაკომპლექტება და განახლდება ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიის მუშაობა.
    “მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პრემიერის დავალებით ვიყავი და ვარ მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჩვენ, რა თქმა უნდა ვხელმძღვანელობთ ჩვენი ურთიერთობებიდან გამომდინარე, საქართველო და აზერბაიჯანი გახლავთ სტრატეგიული პარტნიორები, ბუნებრივია საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე განსაკუთრებული სიფრთხილით ვუდგებით ამ თემას, ჩვენ შევთანხმდით აზერბაიჯანულ მხარესთან, რომ უახლოს პერიოდში განახლდება ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიის სხდომა, კომისიის შემადგენლობაში იყო განახლება საჭირო, რის შემდეგეგაც და უახლოეს პერიოდში კომისია განაახლებს საქმიანობას იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას შეთანხმება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებით.“-აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
    ამასთან, მინისტრის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ რომ გადაადგილება სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ ნაწილებზე განხორციელდება შეუფერხებლად და დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად.
    „გადაადგილება დავით-გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდება არსებული პრაქტიკის შესაბამისად და მინდა ყველას ვთხოვო, რომ გაითვალისწინონ საკითხის სენსიტიურობა და დელიკატურობა, განსაკუთრებული გულისყურით მოვეკიდოთ ამ თემას. დარწმუნებული ვარ, რომ საკითხი პოზიტიურად გადაწყდება, ბუნებრივია ჩვენ ვთანმხდებით აზრებაიჯანულ მხარესთან, რომ ჩვენი ურთიერთობიდან, სტრატეგიული პარტნიორობიდან და მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ყველა ამ საკითხზე მსჯელობა და შესაბამისი პოზიტიური გადაწყვეტილება იყოს მიღებული.“-აღნიშნა ზალკალიანმა.
    როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის აღნიშნულ თემაზე კომუნიკაციამიმდინარეობდა კონსტრუქციულ, პარტნიორულ რეჟიმში და როგორც ამ საკითხზე, ასევე სხვა თემებზე მიიღება ისეთი გადაწყვტილებები, რომელიც შეეფერება ორი ერის მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას.

  • მონპელიეში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ღამეებს ღია ცის ქვეშ ათევენ

    საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოდან საფრანგეთის მონპელიეში უკიდურესი გაჭირვების გამო გაიქცნენ, ღამეს ღია ცის ქვეშ ათევენ. ქუჩას "ქართველების კარვების" ქუჩა შეარქვეს.

    ქართველი ემიგრანტები იბრძვიან გადარჩენისთვის და ცდილობენ, ევროკავშირის წევრი ქვეყანა დაარწმუნონ, რომ თავშესაფარი მისცეს. მათი თქმით, საქართველოს დატოვება უმძიმესი ეკონომიკური პრობლემების გამო მოუწიათ.

    „იმის გამო წამოვედით, რომ ჩემი ძმა სამკურნალოა, საავადმყოფოში წევს. ოპერაცია გაუკეთეს. არ გვაქვს საცხოვრებელი, არ გვეხმარება არავინ. ვართ გარეთ,“- განაცხადა საქართველოს მოქალაქემ.

    ქართველი ემიგრანტების თქმით, მონპელიეში მათ აღარ იღებენ, ამის მიზეზად კი ისინი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ასახელებენ. მათ განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ, რისი საფუძველიც არ აქვთ.

    „საცხოვრებელი სახლი საქართველოში არ გვაქვს, არც სამუშაო. ჩვენ ვითხოვთ მკურნალობას და დროებით გაჩერების უფლებას. აღარ იღებენ არავის იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ჩვენ პოლიტიკურ თავშესაფარს ვითხოვთ და საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. საქართველო არ არის უსაფრთხო ქვეყანა. ძალიან უჭირს ხალხს საქართველოში ცხოვრება.

    წყარო: რუსთავი 2

  • “ევროპული საქართველოს” წევრი გ. კანდელაკი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პრემიერის გამოსვლას უარყოფითად აფასებს

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცის წევრი “ევროპული საქართველოდან” გიორგი კანდელაკი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გამოსვლას აფასებს და აცხადებს, რომ მთავრობის ლიდერმა მთავარი მოთხოვნა არ გააჟღერა.

    “ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამოსვლისას პრემიერმა კი ისაუბრა ჩვენს პრობლემებზე, მაგრამ არ უთხოვია მთავარი, რომ ჩვენი ოკუპაციის და დევნილთა საკითხი მოხვდეს ევროკავშირის და აშშ-ის სანქციების მოთხოვნებში და რომ საქართველოს საკითხი ყოველთვის დადგეს რუსეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებზე. ანუ გამოდის რომ ამას საქართველო არ ითხოვს და თუ არ ითხოვს რატომ მიიღებს? რაც შეეხება კითხვა-პასუხს, უბრალოდ ნახეთ ჩანაწერი (იმედია, პრემიერის პრეს-სამსახური თავად დადებს და არ დამალავს) და თავად შეაფასეთ. პრემიერ-მინისტრის პასუხების შემხედვარე ხმების მოსყიდვაზე, სასამართლოზე და სხვა მწვავე კითხვებზე მთელ დარბაზში უხერხული მომენტები ხშირად იყო”, – აცხადებს გიორგი კანდელაკი.

    როგორც ცნობილია, 10 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოვიდა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

    შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობდა. 

    საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პოლიტიკურ ჯგუფებთან. დელეგაციის წევრები ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საკომიტეტო მუშაობაში.

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

    ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

     

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური