კვიპროსის რესპუბლიკაში კიდევ ერთი ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 მარტი 2019 10:48

ქ. ლიმასოლში ახალი ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა. საქართველოს საელჩოსა და კვიპროსის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მოლაპარაკების შედეგად, საკვირაო სკოლა ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსდა (მისამართია: Larisis 4, Potamos Germasogeias 1st Primary School, Limassol).
 
გახსნით ცერემონიაზე კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რევაზ ლომინაძემ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სიტყვით მიმართა  და წარმატებული ახალი სასწავლო წელი უსურვა. ელჩმა ისაუბრა იმ სიახლეებსა და წამახალისებელ ღონისძიებებზე, რომელთა ჩატარება წლის განმავლობაში საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის იგეგმება და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მათ გადაეცემათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტიური ჩართულობით საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისთვის შექმნილი სახელმძღვანელოები.
 
ქ. ლიმასოლში ახლადგახსნილ ქართულ საკვირაო სკოლაში 30-მდე მოსწავლე ირიცხება. ბავშვებს ჩაუტარდებათ ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, ხატვის, მუსიკისა და სპორტის გაკვეთილები.
 
 აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი ქართული საკვირაო სკოლა  კვიპროსში, ქ. ნიქოზიაში მდებარეობს.

წაკითხულია 23 ჯერ

Related items

  • 2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება

    საქართველოს სკოლებში 2020 წლიდან გამსოაშვები გამოცდები მოიხსნება. ამის შესახებ განცხადება გამოცების ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ გააკეთა.

    მისი თქმით, ძირითადი ცვლილებები 2020 წლიდან ამოქმედდება, 2019 წელს კი მე-11 კლასისი მოსწავლეებისთვის გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები.

    აღნიშნული გამოცდები წელს შენარჩუნდება მეთორმეტე კლასელებისათვის.

  • DIB სკოლა კურსს - „ნატოს როლი საერთაშორისო უსაფრთხოებაში“ მასპინძლობს

    თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში საერთაშორისო უსაფრთხოების კურსი „საერთაშორისო უსაფრთხოების სწავლება: ნატოს როლი საერთაშორისო უსაფრთხოებაში“ გაიხსნა. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით გამართული კურსი ორი - ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებებისგან შედგება. 

    ნატოს მიმართულებას ქართველ ექსპერტებთან ერთად გაუძღვება კლიგენდაელის წარმომადგენლები სიუზან ოოსტერვიჯკი და გენერალ-ლეიტენანტი ტონ ვან ლუნი, ასევე მოწვეული მკვლევარი ერდოგან აიკაჩი უძღვებიან. კურსი საქართველოს თავდაცვის და ფართო უსაფრთხოების სექტორის საშუალო რგოლის იმ საჯარო მოხელეებისათვისაა გათვლილი, რომლებიც მუშაობენ და ან დაინტერესებულები არიან საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებით და ევროკავშირთან და ნატოსთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტებით.

    სემინარის ფარგლებში განხილული იქნება ნატოს ბრიუსელის სამიტის შედეგები, ნატოს წინაშე მდგარი შიდა და გარე გამოწვევები და საფრთხეები, ნატოს გაფართოების პოლიტიკა, ნატოს როლი რეგიონულ უსაფრთხოებაში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ასპექტები, ნატოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი და შესაძლებლობები, ნატო და კიბერ-თავდაცვის საკითხები, ნატო და თურქეთში მიმდინარე მოვლენები, ნატოს სტრატეგია შავ ზღვასთან მიმართებაში და რუსეთი. კურსი ინტერაქტიურია და ჯგუფურ სამუშაოებსაც მოიცავს.

  • „რუსი რეპორტიორები“ თბილისში: რეალური ჟურნალისტიკის სკოლა

    ქართველმა და რუსმა მედიამენეჯერებმა მონაწილეობა მიიღეს მრგვალ მაგიდაში თემაზე „ჟურნალისტიკის ხვალინდელი დღე: ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები“, რომელიც „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.
    რუსი ჟურნალისტები ჩამოვიდნენ თბილისში, რათა ქართველ კოლეგებს ჟურნალისტიკის განვითარებაზე და გამოწვევებზე ესაუბრონ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საგანმანათლებლო პროექტი „რეალური ჟურნალისტიკის სკოლა“, რომელსაც საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მხარდაჭერით არაკომერციული ორგანიზაცია „რუსი რეპორტიორები“ ახორციელებს. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“ შეხვედრის საინფორმაციო პარტნიორი გახდა.
    „რაც უფრო მეტად პროფესიონალია ჟურნალისტი, მით უფრო კარგად ესმის ერთმანეთის ქვეყნებს, სახელმწიფოებს, ადამიანებს. ჩვენი მიზანია ასევე რუსული ენის მხარდაჭერა“, — „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსი რეპორტიორების“ თავმჯდომარემ დმიტრი მიხაილინმა.
    პროექტი „რეალური ჟურნალისტიკის სკოლა“ ორ ეტაპს მოიცავს. ამჟამად რუსი მედიამენეჯერები პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჟურნალისტებს ხვდებიან და განიხილავენ საკითხებს, რომელიც რუსულენოვან ჟურნალისტიკას უკავშირდება.
    გარდა მისა, გამოცხადდა კონკურსი, რომლის ფარგლებში 2018 წლის 1 სექტემბრამდე ჟურნალისტებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი — გაგზავნონ საკუთარი ნამუშევრები. საუკეთესო მასალების ავტორებს პროექტის მეორე ეტაპზე მოსკოვში მოიწვევენ, სადაც ისინი წამყვან რუს ჟურნალისტებს შეხვდებიან.
    ფონდი „რუსკი მირი“ დაასახელებს საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს, რომლებსაც პრიზის სახით რუსეთის ნებისმიერ წერტილში მოგზაურობა ერგებათ. დანიშნულების ადგილს გამარჯვებული თავად აირჩევს.
    ჟურნალისტების ნამუშევარი უნდა შეიცავდეს მოთხრობას გამოჩენილ ადამიანზე, რომელიც თავის ირგვლივ სამყაროს ცვლის. ჟურნალ „რუსკი რეპორტიორის“ მთავარი რედაქტორის, ვიტალი ლეიბინის თქმით, არ არის სავალდებულო, რომ მოთხრობის გმირი ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყოს. ფორმატსაც არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა — მიიღება სტატიები, ფოტორეპორტაჟები, ვიდეოსიუჟეტები.
    „ეს შეიძლება იყოს რიგითი მოქალაქე — ქუჩის მოვაჭრე, ექიმი, სტუდენტი ან პენსიონერი. ის უნდა გამოირჩეოდეს რაღაც განსაკუთრებული საქმეებით, რითაც ის სამყაროს უკეთესისკენ შეცვლას ცდილობს. უნდა იყოს ნამდვილი დრამატული ისტორია, და არა ფორმალური, შაბლონური მოთხრობა“, — აღნიშნა ლეიბინმა.
    მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის აუდიტორიამ მეზობლების ცხოვრების შესახებ უბრალო ადამიანების დრამატული ისტორიებიდან შეიტყოს.
    განხილვის ერთ-ერთი თემა იყო რუსულ-ქართული ურთიერთობები. გამოითქვა სხვადასხვა თვალსაზრისი, მათ შორის მწვავე პოლიტიკურ თემებზე.
    „სიტუაციის გათვალისწინებით, პოლიტიკური დისკუსიას ვერ აცდები. მე იმის მომხრე ვარ, რომ მტკივნეული საკითხები ყოველთვის განიხილებოდეს. ასე ყალიბდება ასე თუ ისე ობიექტური თვალსაზრისი. ამიტომ ასეთი შეხვედრები ყოველთვის სასარგებლოა“, — უამბო „Sputnik-საქართველოს“ გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა.
    ასეთი დიალოგის მნიშვნელობაზე რუსული მხარის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს.
    „ასეთი პირდაპირი და ღია საუბრის ფაქტი ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. აქ არ არის რაიმე მკვეთრად დაფიქსირებული პოლიტიკური ფორმატი, რაიმე დღის წესრიგი ან აშკარა პოლიტიკური ამოცანა, რომელიც რომელიმე მხარის წინაშე დგას. ჩვენ ვაცნობიერებდით, რომ რუსული და ქართული კულტურები იმდენად არის შერწყმული ერთმანეთთან, რომ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც არ ძალუძს ამ ყველაფრის წაშლა“, — განაცხადა რეჟისორმა ედუარდ ბოიაკოვმა.

  • 24-ე სკოლასთან მოსწავლეებსა და მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

    თბილისში 24-ე საჯარო სკოლასთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

    შელაპარაკება მოქალაქესა და მოსწავლეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
    დაპირისპირებისას ერთ-ერთმა მონაწილემ მსუბუქი დაზიანება მიიღო.

    არსებული ინფორმაციით, მოქალაქემ მოსწავლეებს, რომლებიც სკოლასთან სიგარეტს ეწეოდნენ შენიშვნა მისცა.

    როგორც შს სამინისტროდან „რუსთავი2“-ს განუცხადეს, მომხდარში ცივი იარაღი არ ფიგურირებს.
    უწყების ცნობით, სკოლის მოსწავლეებსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირების შესახებ შეტყობინება 112-ში შევიდა.

    ამ წუთებში სამართალდამცველებს ინციდენტის მონაწილე პირები გამოკითხვაზე გადაჰყავთ.

  • საქართვლოსა და კვიპროსს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობა გაღრმავდება

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კვიპროსის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს კოსტა კადისს უმასპინძლა. მინისტრებმა ორი ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია გაცვალეს და მომავალ თანამშრომლობაზე მემორანდუმი გააფორმეს.

    მემორანდუმის თანახმად, სწავლის აკადემიური პროგრამების ხელმისაწვდომობის მიზნით, მხარეები ხელს შეუწყობენ აკადემიური კვალიფიკაციის ორმხრივ აღიარებას ორი ქვეყნის უმაღლესი განათლების დაწესებულებებში. ასევე უზრუნველყოფენ მეცნიერთა, საგანმანათლებლო ექსპერტებისა და სტუდენტების სამეცნიერო კონფერენციებში, კონგრესებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობას, რომელიც გაიმართება როგორც კვიპროსში, ასევე საქართველოში.

    ორ მხარეს შორის თანამშრომლობა მეცნიერების სფეროშიც გაღრმავდება. მხარეები მხარს უჭერენ თანამშრომლობას და პირდაპირი კონტაქტების დამყარებას კვიპროსის უმაღლესი სასწავლებლებსა და საქართველოს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კვლევით ინსტიტუტებს შორის. გარდა ამისა, ხელს შეუწყობენ აკადემიური პერსონალის, მკვლევარების, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და სადოქტორო სასწავლო გაცვლითი პროგრამების დანერგვასა და გაფართოებას.

    შეხვედრაზე კვიპროსის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ქართველ კოლეგას ასევე გააცნო საგანმანათლებლო-გარემოსდაცვითი პროექტი, რომელიც წარმატებით ხორციელდება კვიპროსის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები იღებენ მნიშვნელოვან განათლებას გარემოსთან დაკავშირებით და ასევე ხდება გარემოსდაცვითი საქმიანობის წახალისება. მიხეილ ჩხენკელმა დაინტერესება გამოხატა პროექტის მიმართ და აღნიშნა, რომ მსგავსი პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის და შესაძლებელია, პირველ ეტაპზე, აღნიშნული პროექტის ჩვენ ახალგაზრდულ ბანაკებში დანერგვა.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური