საქართველოს ტრანსპლანტოლოგიის დარგის განვითარებაში სამხრეთ კორეელი სპეციალისტები დაეხმარებიან

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
შაბათი, 02 მარტი 2019 12:06

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამხრეთ კორეის დელეგაციას შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას სამხრეთ კორეის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, დახმარება გაუწიონ საქართველოს ტრანსპლანტოლოგიის დარგის განვითარებაში. ასევე, წარმოადგინეს ინიციატივები, საჭირო ღონისძიებების ხელშეწყობასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოსა და სამხრეთ კორეის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. კერძოდ, სამხრეთ კორეელი ექიმები, როგორც სწავლისა და ქირურგების მომზადების პროცესში, ასევე, უშუალოდ ოპერაციებში აქტიურად ჩაერთვებიან. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების ინიციატივით, თანამშრომლობის ორი მემორანდუმი გაფორმდება და სახელმწიფოს თანადაფინანსებით ღვიძლის გადანერგვის ორი ოპერაცია ჩატარდება.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან კვანგ ვუნგ ლი – ჰეპატო-ქირურგი, ტრანსპლანტოლოგი, ტრანსპლანტოლოგიის საერთაშორისო ექსპერტი, სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის და საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი; ჩანგ სუკ სუჰ – სეულის ეროვნული საუნივერსიტეტო კლინიკის პრეზიდენტი, აღმასრულებელი დირექტორი და ჩან სო შინ – სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის დეკანი, პროფესორი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური ინფორმაციით, სამხრეთ კორეა ცოცხალი დონორიდან გადანერგვის ოპერაციებში მსოფლიოში ლიდერ ქვეყანად არის აღიარებული. ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი წარმატებული ოპერაცია მსოფლიო მასშტაბით სწორედ კორეაში ჩატარდა და მათგან 77% სწორედ ღვიძლის ტრანსპლანტაციაზე მოდის.

წაკითხულია 455 ჯერ

Related items

  • კლინიკა “გული“ და ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი 12-13 ივნისს ჰიპერტენზიის სკრინინგსა და უფასო კონსულტაციაზე გიწვევთ

    12-13 ივნისს, ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ჰიპერტენზიის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო კამპანიის „გაიზომე წნევა - #ამას შენთვის გეუბნები“ ფარგლებში კლინიკა “გულსა“ და ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში ჰიპერტენზიის უფასო გასინჯვები გაიმართება.

    ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება მიმართოს აღნიშნულ კლინიკას,  პროფესიონალი კარდიოლოგებთან გაიაროს კონსულტაცია და დაავადების პრევენციასა და სიმტომების გამოვლენის შემთხვევაში, ჩატიაროს შესაბამისი კვლევა.  

    რეგისტრაციისთვის აუცილებელია დარეკოთ ცხელ ხაზზე:

    • კლინიკა „გული“ +995322 77 62 62 (ყოველდღე 09:00 საათიდან 19:00 საათამდე) და კონსულტაციისთვის მიმართოთ მისამართზე წინანდლის #9
    • ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი + 995 32 2 51 70 08 (ჩაწერის საათები კვირის დღეები 09:00 – 20 :00 და შაბათ კვირა 10:00 – 16:00)  და კონსულტაცისითვის მიამრთოთ მისამართზე დიღომი, ჩაჩავას #1

    მნიშვნელოვანია, რომ ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრს შეგიძლია ეწვიოთ 19-20 ივნისსაც, ჩაიტაროთ უფასო სკრინინგი და მიიღოთ კონსულტაცია სპეციალისტებისგან.

    შეგახსენებთ, რომ გლობალური კამპანია სახელწოდებით, „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“ ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ინივიატივით ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციასთან ერთად უკვე მესამე წელია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს და საქართველოც უერთდება.  კამპანიის ფარგლებში, უფასო სკრინინგითა და კონსულტაციებით უკვე ისარგებლა 200 მდე პაციენტმა, 5-6 ივნისს,  თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა - დიღმის სამედიცინო ცენტრში, ჩაიტარეს გამოკვლევეები  და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია  ჰიპერტენზიის შესახებ.

    საერთაშორისო კამპანიის მიზანს  ჰიპერტენზიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება,  არტერიული წნევის შემოწმების და რეგულარული კონტროლის  მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა წარმოადგენს, რათა მოხდეს  დაავადების დროული გამოვლენა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან არიდება. წელს კამპანია კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან ჰიპერტენზია Covid-19 პაციენტების მდგომარეობის დამამძიმებელ და მწვავე სიმპტომების განმაპირობებელ ფაქტორად განისაზღვრა, რადგან ექიმებთან  გართულებული ვიზიტის გამო, პაციენტების მხოლოდ მცირე რაოდენობამ შეძლო აღნიშნული მდგომარეობის დიაგნოსტიკა.

    ინფორმაცია დაავადების შესახებ:

    არტერიულ ჰიპერტენზია კარდიოვასკულური სიკვდილობის  მთავარი მიზეზია მსოფლიოში.  იგი ინსულტის, ინფარქტის და თიკმლის დაავდების წინაპირობაა.  მაღალი წნევისგან გარკვეულ ასაკში არავინ არის დაზღვეული, მაგრამ განსაზღვრული რისკ-ფაქტორების და დაავადებების თანხლება ზრდის მომატებულ არტერიული წნევის განვითარების რისკს. ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, ჭარბი წონა, კვების თავისებურება, კერძოდ, დიდი რაოდენობით მარილის მიღება, წნევის მატებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ცხოვრების ჯანსაღი წესი და უარის თქმა ისეთ მავნე ჩვევებზე,  როგორიცაა -ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს მოწევა.

    ჰიპერენზიას ხშირად უსიმპტომოდ, ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად ადუნებს პაციენტის ყურადღებას და დამყოლობას მკურნალობის მიმართ.  სწორედ ამიტომ,  მას  „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, რადგან პრაქტიკულად ყოველმა მეორე ადამიანმა არც კი იცის რომ ჰიპერტენზია აქვს. კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე, ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება სახლის პირობებში წნევის რეგულარული გაზომვაა. დღეს ექიმები მოგვიწოდებენ, გარკვეული ასაკის შემდეგ და თანხმლები რისკ-ფაქტორების შემთხვევაში, პერიოდულად გავიზომოთ წნევა, რათა დროულად გამოვავლინოთ წნევის მომატებული მაჩვენებლები.  ერთჯერადად წნევის ციფრების მატებაც  კი საყურადღებოა და საჭიროებს შემდგომ მონიტორინგს,  რათა გამოირიცხოს დაავადების არსებობა. არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის შემთხვევაში კი, ექიმის დანიშნულების თანმიმდევრულ მიღებას და სახლის პირობებში წნევის სისტემატიურ გაზომვას, დაავადების მართვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

  • ეკონომიკის მინისტრი უკრაინის სამთავრობო დელეგაციის წევრ მინისტრებს შეხვდა

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრს ოლეგ ნემჩინოვსა და უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრს ოლეკსანდრ ტკაჩენკოს შეხვდა. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს, შეხვედრა საქართველოში უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა.

    შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინასა და საქართველოს შორის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას. აღინიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობაა. ამასთან, ხაზი გაესვა ამ მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან პროგრესს, თუმცა ითქვა, რომ ამ პროგრესის განვითარებისთვის კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ზრდას, უკრაინული ინვესტიციების მოზიდვას, ტურიზმის, ენერგეტიკის, საბორნე და სარკინიგზო მიმოსვლის, ავიაციისა და სახმელეთო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

    2021 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. ამ პერიოდში სავაჭრო ბრუნვამ 218.85 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 25%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან.

    როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ აღნიშნა, უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ სექტემბერში, თბილისში საქართველო-უკრაინის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება, რომელიც გასულ წელს პანდემიის გამო გადაიდო.

    „წელს ჩვენ გვაქვს ყველა წინაპირობა, რომ ეს კომისია ჩავატაროთ. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი დაგროვდა, პირველ რიგში, ეს არის მზარდი ექსპორტი საქართველოდან უკრაინაში, ზოგადად მზარდი ვაჭრობა. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ექსპორტი, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი პროდუქტებისა და სამრეწველო პროდუქტების კვალობაზე. ასევე საუბარი შეეხო როგორ წავახალისოთ ორ ქვეყანას შორის შავი ზღვის პორტებით საბორნე მიმოსვლა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ლოგისტიკური კავშირი გვქონდეს ამ დერეფანში. უკრაინელები ჩვენი ტრადიციული პარტნიორები არიან და საჭიროა, გავზარდოთ მიმოსვლის სიხშირე და თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში, რათა მოვიზიდო უფრო მეტი უკრაინელი ტურისტი და უფრო მეტი უკრაინელი ინვესტორი საქართველოში. ჩვენ ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს დასახული სამომავლოდ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

  • საქართველოს განვითარება დიასპორის გარეშე წარმატებული და სრულყოფილი ვერ იქნება-დ. ზალკალიანი

    „ჩვენი ხელისუფლება სრულად აცნობიერებს იმ მნიშვნელოვან როლს, რასაც ქართული დიასპორა ასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში და სწორედ ამიტომ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე ზრუნვა და მათი ინტერესების დაცვა აყვანილია ძალიან მაღალ ნიშნულზე“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ განაცხადა.
    საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება  გამოხატა ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიმართ,  რომელთა ძალისხმევა, მინისტრის თქმით,  მიმართულია  სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფის და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისკენ.
    ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვა საზღვარგარეთ მოქმედ დიასპორული ორგანიზაციების მნიშვნელობას და აღნიშნა მათი ძალისხმევა პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, თანამემამულეების წინაშე არსებული სოციალური, ეკონომიკური თუ მორალური პრობლემების დასაძლევად.
    მინისტრის თქმით, სახელმწიფო უმაღლეს საკანონმდებლო დონეზე აცხადებს თავის პასუხისმგებლობას უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების დაცვასა და ზრუნვაზე, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და მაღალი დონის საკანონმდებლო თუ სტრატეგიული დოკუმენტებით.
    საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, დიასპორასთან ურთიერთობის კუთხით საქმიანობა კიდევ უფრო გააქტიურდა:

    • გრძელდება ინტენსიური კონტაქტები თანამემამულეებთან, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე;
    • ხორციელდება პროექტები და პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს საკვირაო სკოლების, ფოლკლორული ანსამბლების, კულტურული კერების და დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერას.
    • დიასპორის ჩართულობით ტარდება რეგიონულ კონფერენციები და თემატური ფორუმები.
    • საზღვარგარეთ ჩვენი საელჩოების ძალისხმევით გაიხსნა და წარმატებით ფუნქციონირებს 100-ზე მეტი საკვირაო სკოლა, ქართული ენის შემსწავლელი კურსები, 110 ფოლკლორული ანსამბლი.
      მნიშვნელოვანი წინსვლაა დიასპორის ორგანიზებულობისა და კოორდინაციის კუთხითაც - ამჟამად სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს 300-მდე დიასპორული ორგანიზაცია.
    • გრძელდება აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან - (მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია IOM, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების  საერთაშორისო 
    • ცენტრი ICMPD და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ).

    სიტყვით გამოსვლისას, დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა  საქართველოს პრეზიდენტს,  სალომე ზურაბიშვილს და აღნიშნა პრეზიდენტის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს დიასპორასთან თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. მინისტრმა ასევე აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერის მნიშვნელობა დიასპორასთან ურთიერთობის საკითხებში.
    დავით ზალკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა ეკლესიის როლს დიასპორასთან ურთიერთობის პროცესში.
    მინისტრმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია  ლევილის მამულთან დაკავშირებით. დავით ზალკალიანის ინფორმაციით,  გათვალისწინებულ ვადაში დასრულდა ლევილის მამულის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პირველი ფაზა - მცირე, ე.წ. „ორანჟერიის პროექტი“. ამჟამად მიმდინარეობს მეორე - „გენერალური (ძირითად) პროექტის“ მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის დასრულება დაგეგმილია 2024 წლისთვის (2 წლით ადრე, ვიდრე თავდაპირველი გეგმით იყო გათვალისწინებული - 2026წ.).
    ფორუმის ფარგლებში, გაიმართა ორი თემატური შეხვედრა: 1. „ეკონომიკა და ბიზნესი - ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისათვის“;  2. „განათლება და კულტურა.
    ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრრმა ირაკლი ღარიბაშვილმა,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა.

  • დავით ზალკალიანი ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას ეხმაურება
    საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას ეხმაურება და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
     
    "საქართველოს მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალყურს ისრაელსა და ღაზას სექტორში განვითარებულ მოვლენებს. საქართველო გმობს ძალადობას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ სარაკეტო თავდასხმას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონში. რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს," - წერს მინისტრი Twitter-ის პირად გვერდზე.

    ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ღამით 1 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. როგორც ისრაელის არმიაში აცხადებენ, მათგან 850-მა ისრაელის საზღვარი გადაკვეთა, ხოლო 200 ღაზის სექტორის ტერიტორიაზე ჩავარდა. საპასუხო იერიშების შედეგად ისრაელმა ღაზის სექტორში მოძრაობა „ჰამასის“ 500 ობიექტი გაანადგურა. ღაზის სექტორში იუწყებიან, რომ დაღუპულია 35 ადამიანი.

    ისრაელისა და მოძრაობა „ჰამასის“ ორმხრივი საჰაერო იერიშებს წინ უძღოდა დაძაბულობა იერუსალიმის აღმოსაველთ ნაწილში. ისრაელის ხელისუფლება ქალაქის ამ ნაწილიდან პალესტინელების 70-ზე მეტი ოჯახის გასახლებას აპირებს. ეს გადაწყვეტილება პალესტინელებმა ქუჩაში გააპროტესტეს, რასაც იერუსალიმში მდებარე ალ აქასას მეჩეთთან შეტაკებები მოჰყვა. საერთაშორისო საზოგადოებამ მოუწოდა ისრაელს, შეწყვიტოს გასახლების პროცესი, თუმცა მთავრობა აცხადებს, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია და მათ მშენებლობების გაგრძელების უფლება აქვთ.

  • იაპონიაში "მარტოობის მინისტრი" დანიშნეს

    იაპონიაში, სადაც თვითმკვლელობები გაიზარდა ახალი ტიპის კორონავირუსის გამო, პრემიერ-მინისტრმა სუგამ "მარტოობის მინისტრად" დანიშნა ტეცუში საკამოტო, რომელიც რეგიონალური მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.  ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    იაპონიაში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სოციალური ცხოვრება თითქმის შეჩერდა, რის გამოც საზოგადოებამ სულ უფრო მეტი სტრესი და მარტოობა იგრძნო.

    ქვეყანაში სუიციდის შემთხვევებმა მოიმატა. თვითმკვლელობის შემთხვევების ზრდის თავიდან ასაცილებლად, იაპონიის პრემიერ მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ რეგიონალური განვითარების მინისტრი, ტეცუში საკამოტო, მარტოხელა ხალხის პრობლემებზე პასუხისმგებელ მინისტრად დანიშნა.

    საკამოტომ ახალ მოვალეობასთან დაკავშირებულ პირველ განცხადებაში აღნიშნა: "პრემიერ-მინისტრმა სუგამ დამავალა საკითხის შესწავლა და შესაბამის სამინისტროსთან კოორდინაციის გზით ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება. იმედი მაქვს, რომ განვახორციელებ საქმიანობას სოციალური იზოლაციის თავიდან ასაცილებლად და ხალხებს შორის კავშირების დასაცავად."

პოპულარული

« ივნისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური