გიორგი გახარია ნატოს საზღვაო ძალების სარდალს, სერ კლაივ ჯონსტონს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 28 თებერვალი 2019 15:38

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ნატოს საზღვაო ძალების (MARCOM) სარდალს, ვიცე-ადმირალს, სერ კლაივ ჯონსტონს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და ნატოს საზღვაო ძალებს შორის არსებულ პრაქტიკულ თანამშრომლობასა და სანაპირო დაცვის გაძლიერებაზე ისაუბრეს. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ბრიუსელის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქართველოს სანაპირო დაცვასთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია "Sea Guardian"-ში საქართველოს სანაპირო დაცვის ქვედანაყოფების (სააბორდაჟო ჯგუფების) ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფების შეფასებისა და სერტიფიცირების პროცესის წარმატებით დასრულების სურვილი გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ სერტიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ, საქართველოს სანაპირო დაცვას ეყოლება ნატოს სტანდარტებით მომზადებული, აღჭურვილი და სერტიფიცირებული სააბორდაჟო დანაყოფები, რომელთაც ნატოს რეაგირების ძალების (NRF) სტატუსი მიენიჭებათ.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ნატოს მუდმივმოქმედი საზღვაო შენაერთების ვიზიტების ინტენსიურობის გაზრდა საქართველოსთვის ძლიერი პოლიტიკური გზავნილია. მან ხაზი გაუსვა ნატოს მრავალეროვნულ სწავლებებში საქართველოს სანაპირო დაცვის ჩართულობისა და ნატოს საზღვაო ძალებთან ერთობლივი სწავლებების ჩატარების მნიშვნელობას.

გიორგი გახარიამ ნატოს საზღვაო ძალების სარდალს მადლობა გადაუხადა საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის, მათ შორის აბორდაჟის ჯგუფების მომზადების პროცესში გაწეული დახმარებისათვის.

ნატოს საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი, სერ კლაივ ჯონსტონი საქართველოს ხვალ დატოვებს. ეს ნატოს საზღვაო ძალების სარდლის პირველი ვიზიტია საქართველოში.

წაკითხულია 75 ჯერ

Related items

  • საერთაშორისო ლოჯისტიკურ სწავლებას „LOGDEV 2019“ საქართველო პირველად მასპინძლობს

    სამეთაურო-საშტაბო მრავალეროვნული ლოჯისტიკური სწავლება „LOGDEV 2019“  ოფიციალურად დაიწყო. გახსნის ცერემონიალზე „არმიჰოლში“ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, თავდაცვის  ძალების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და  აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7 წარმომადგენელმა, ლოჯისტიკური განვითარების პროგრამის დირექტორმა სტივენ მეტსონმა მიმართეს.

    სიტყვით მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა ყურადღება სწავლების მნიშვნელობასა და მის მიზანზე გაამახვილა. „საქართველო პირველად მასპინძლობს საერთაშორისო ლოჯისტიკურ  სწავლებას, რომელშიც ნატოს წევრი 12 ქვეყანა მონაწილეობს. სწავლების მიზანია, ლოჯისტიკური უზრუნველყოფა ნატოს სტანდარტებს დაუახლოვდეს და ჩვენ  შევძლოთ მრავალეროვნულ გარემოში ოპერირება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

    სწავლება ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზის ტერიტორიაზე ჩატარდება. „LOGDEV 2019“-ში მონაწილეობას 12 ქვეყნის 130 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს, მათ შორის - აზერბაიჯანი, ალბანეთი, აშშ,  ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, საქართველო, სერბეთი, უკრაინა, ფინეთი, შვედეთი და ხორვატია.  

    სწავლების მიზანი ნატოს ლოჯისტიკის დოქტრინების დახვეწა და ნატოს ინფორმაციული სისტემების გამოყენების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ასევე,  ქვედანაყოფების ფორმირების,  გადასროლის, ოპერაციის რაიონში ლოჯისტიკური უზრუნველყოფისა და უკუგადასროლის საკითხებში მონაწილეთა შორის ურთიერთთავსებადობის მიღწევაა.

    სწავლების გახსნის ცერემონიალს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის  (ODC) წარმომადგენლები და  სწავლებაში მონაწილე პირადი შემადგენლობა დაესწრო.

    მრავალეროვნული ლოჯისტიკური სწავლება აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7 ხელმძღვანელობით, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო ლოჯისტიკური სწავლება 17 მაისს, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დაიხურება.

  • ნატოს შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტი საქართველოში

    საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატოს შემფასებელთა ჯგუფს მასპინძლობს.  დელეგაციას ნატოს საერთაშორისო სამსახურის თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის სამმართველოს, თავდაცვის დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელი პოლ სავერო ხელმძღვანელობს.

    სამდღიანი ვიზიტის მიზანს  დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის დოკუმენტით განსაზღვრული პარტნიორობის მიზნების განხორციელების შეფასების ქართულ მხარესთან ერთად განხილვა წარმოადგენდა. პარტნიორობის მიზნების წარმატებით შესრულება  საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს შესაძლებლობების განვითარებასა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას უწყობს ხელს.

    ვიზიტის ფარგლებში მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართა ნატოს დელეგაციის წარმომადგენლებთან, ასევე საქართველოში მოვლენილ ნატოს ექსპერტებთან და პარტნიორი ქვეყნების მრჩევლებთან. შეხვედრაზე  ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი განიხილეს და  სამომავლო გეგმები დასახეს.

    შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის პოლ სავეროს მადლობის სერთიფიკატი გადასცა.

    ვიზიტის ფარგლებში, ნატოს შემფასებელთა ჯგუფის წევრებმა, ასევე, შეხვედრები გამართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, ფინანსთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.  

  • ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ამერიკელი სამხედროები დააჯილდოვეს

    საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე,  საზღვაო ქვეითთა კორპუსის  ქართული სამეკავშირეო ჯგუფის სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვეს.  II  ქვეითი ბრიგადის 22-ე  ბატალიონის  მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა თედორე პაპავამ და ავღანეთში უფროსი სამხედრო წარმომადგენლის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით წიკლაურმა ამერიკელი სამხედროებს მედლები „გენერალი კვინიტაძე“ გადასცეს.

    II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას გასული წლის ოქტომბრიდან ასრულებს. ბატალიონის ამოცანას  ბაზის შიდა და გარე პერიმეტრის  დაცვა და ძალთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას წარმოადგენს.

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნატოში მეკავშირე ოფიცერი მიავლინა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში მეკავშირე ოფიცერი მიავლინა. დღეს, მეკავშირე ოფიცრის, ნიკოლოზ ქავთარაძის აკრედიტაციის შესაბამისი პროცედურა ნატომ ოფიციალურად დაასრულა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცერი, ალიანსში ინტეგრაციის გზაზე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, უზრუნველყოფს მუდმივ კომუნიკაციასა და კოორდინაციას ნატოს საზღვაო ძალების სარდლობასთან, ნატოს გაერთიანებული ძალების უზენაეს სარდლობასთან და ნატოს შტაბ-ბინასთან. აღნიშნული მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია და ხაზს უსვამს საქართველოს და ალიანსის შესაბამის ინსტიტუტებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას.

    აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ვარშავის სამიტის შემდეგ, საქართველო-ნატოს ურთიერთობებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზღვაო უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას, რომელთა განხორციელებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის სფეროს წარმოადგენს. აღნიშნული მზაობა 2018 წელს ნატოს ბრიუსელის სამიტის დეკლარაციითაც დადასტურდა, სადაც საზღვაო უსაფრთხოების მიმართულებით მთელი რიგი მნიშვნელოვანი ინიციატივები განისაზღვრა.

  • ნატო-საქართველოს სწავლების საჩვენებელი დღე მაღალი დონის სტუმრებისთვის

    "ნატო-საქართველოს სწავლება 2019” აქტიურ ფაზაში გადავიდა. სწავლების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები კრიზისის საპასუხო ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად აუმჯობესებენ.

    სწავლების მიმდინარეობის გასაცნობად ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (jtec) საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის მეთაურის მოადგილე, ადმირალი მანფრედ ნილსონი ეწვიენ.

    საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, მოგვიანებით კი, სწავლების სამუშაო პროცესს გაეცნენ და მრავალეროვნული ბრიგადის შტაბი დაათვალიერეს.

    ვიზიტის ბოლოს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის მეთაურის მოადგილემ, ადმირალმა მანფრედ ნილსონმა მოწვეული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გამართეს.

    „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელიც 18-29 მარტის ჩათვლით jtec-ში იმართება და მასში 350 სამხედრო და სამოქალაქო პირი იღებს მონაწილეობას. „ნატო-საქართველოს სწავლება 2019” პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს.

     სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას. სწავლება ასევე გამოცდის ალიანსის non article 5 კრიზისებზე რეაგირების ყოვლისმომცველ მიდგომას. პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები (“წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი” (icrc) და გაეროს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტი) რაც ხელს უწყობს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას.

    „ნატო-საქართველოს სწავლება 2019” რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (sngp) ტარდება - პაკეტი საქართველოს 2014 წელს უელსში გამართულ ნატოს სამიტზე მიენიჭა. ნატო-საქართველოს პირველი ერთობლივი სწავლება 2016 წელს ჩატარდა.

    პირველად ხდება ისტორიაში ასევე, როდესაც „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს საქართველოს თავდაცვის ძალები jtec-თან ერთად ხელმძღვანელობს. ქართულ მხარეს სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მენტორობას ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობა (act), ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობა (landcom) და გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრი (jftc) უწევს.

    წინა სწავლებისგან განსხვავებით, ღონისძიება გაფართოვდა, კერძოდ წინა სწავლებაში 15 ქვეყანა მონაწილეობდა, ხოლო წლევანდელ წვრთნებში 24 ქვეყანა იღებს მონაწილეობას (ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, საქართველო, შვედეთი).

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური