საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახელით, ოფიციალური ვახშამი გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 თებერვალი 2019 11:12

საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახელით, ოფიციალური ვახშამი გაიმართა.
საპრეზიდენტო რეზიდენციაში ,,გიანჯლიკი" გამართულ ვახშამზე სახელმწიფოს ლიდერებმა ოფიციალური სადღეგრძელოები წარმოთქვეს და ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ სამაგალითო მეგობრობაზე გაამახვილეს.

,,თქვენი ასეთი დახვედრა არის დასტური იმისა, რომ მასპინძლობა ჩვენი ერების ერთ-ერთი საერთო მახასიათებელია;
ეს არის კავკასიური კულტურის ძირძველი ნიშანი, უცვლელი ტრადიცია.
დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთხელ მოწმობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობას.
მინდა გავიხსენო დიდი აზერბაიჯანელი, ისტორიული  ფიგურა ალი ბეი ჰუსეინზადე, რომელსაც ეკუთვნის აზერბაიჯანის აღორძინების პროგრამა - „თურქიზაცია, ისლამიზაცია, ევროპიზაცია“.
ჩვენთვის - ქართველებისთვის ასეთი გმირი ილია ჭავჭავაძე იყო. მან ჩვენს ეროვნულ ლოზუნგად აქცია „მამული, ენა, სარწმუნოება“ და ევროპიზაციის იდეას ქადაგებდა.
ქართველებმა და აზერბაიჯანელებმა ერთად გავიარეთ გზა თავისუფლებისკენ და სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. ეს გზა დღეს საერთო მიზნებს გვისახავს.
ჩვენ ერთდროულად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა 1918 წელს, გამოვცადეთ ფედერალური წყობაც, შემდეგ დავკარგეთ დამოუკიდებლობა და გავიარეთ მძიმე საბჭოთა წნეხის პერიოდი. ბოლოს ჩვენ ასევე ერთდროულად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა.
საბჭოთა პერიოდის მემკვიდრეობა მძიმედ დაგვაწვა. კონფლიქტები და ტერიტორიული მთლიანობის შელახვა ორივე ქვეყნის ტრაგედიაა. ჩვენ დღემდე ერთად ვიბრძვით საერთაშორისო ორგანიზაციებში - გაეროდან იუნესკომდე, რათა ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული და აღდგენილი. ამ ტრაგედიების მიუხედავად,  ჩვენ შევძელით თანამედროვე სახელმწიფოების მშენებლობა, თანამედროვე ეკონომიკის განვითარება და დიდი პროექტების განხორციელება.
ჩვენ კავკასია მსოფლიო რუკაზე გამოვაჩინეთ - თქვენ ამ რუკაზე ჩანხართ, როგორც გაზისა და ნავთობის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი, ჩვენ კი მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა ვართ. ჩვენი სამეული - აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ამ რეგიონის ენერგოგზების ქვაკუთხედი გახდა.
კავკასიის პოტენციალი მსოფლიოსთვის ამით არ იწურება. ამ რეგიონის გამორჩეული მდებარეობისა და უნიკალური მონაცემებიდან გამომდინარე, დიდი როლი გვაქვს შესასრულებელი.
ჩვენი ქვეყნები იმ გზაზე მდებარეობს,  რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აზიასა და ევროპას, ჩინეთსა და დასავლეთს, კასპიის ზღვასა და შავ ზღვას. ამ სატრანსპორტო დერეფნების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.
იმისათვის, რომ ეს გზები მაქსიმალურად დაიტვირთოს და სათანადო მნიშვნელობა შეიძინოს, აუცილებელია, ჩვენმა რეგიონმა შეინარჩუნოს სტაბილურობა და მშვიდობა. ყველას გვჭირდება მეტი ინვესტიცია, მეტი პარტნიორი, მეტი ტურისტი, მეტი ბაზრები. ეს ყველაფერი ჩვენს სტაბილურობაზეა დამოკიდებული.

სტაბილურობისა და წინსვლის განუყოფელი ნაწილია კულტურა. ჩვენმა ქვეყნებმა ღირსეული ადგილი უნდა დაიკავონ მსოფლიო და ევროპულ თანამეგობრობაში, რომელიც, ეკონომიკის გარდა, სწორედ კულტურის სფეროს მოიცავს.
მიმაჩნია, რომ დადგა დრო, როცა საქართველომ და აზერბაიჯანმა თავიანთი კულტურა სავიზიტო ბარათად უნდა აქციონ. ჩვენ ვფიქრობთ ახალ სტრატეგიებზე: ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებზე, ვფიქრობთ მასშტაბურ კულტურულ პროექტებზე.
ახლახან, იუნესკოში ვიზიტის დროს, გამოიკვეთა რამდენიმე ასეთი მიმართულება. მათ შორის არის ინდუსტრიული მემკვიდრეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლად იქნას აღიარებული გასული საუკუნის დასაწყისში ბაქოში ნავთობის აღმოჩენა და ინდუსტრიის განვითარება.
ჩვენ მზად ვართ, გაგიზიაროთ გამოცდილება და, თუ თქვენი სურვილი იქნება, ერთობლივად წარმოვადგინოთ კავკასიის ინდუსტრიული მემკვიდრეობა (ბაქო, რკინიგზა და ფოთი).
ეს პირადად ჩემთვის იქნება დიდი პატივი, რადგანაც ჩემი წინაპარი - ნიკო ნიკოლაძე  უშუალოდ იყო ჩართული ამ წამოწყებებში და ურთიერთობდა კაპიტალისტებთან, რომლებიც მაშინ კავკასიაში საქმიანობდნენ. ესენი იყვნენ: ნობელები - თქვენთან, როტჩილდები კი - ჩვენთან.
არ დავივიწყოთ ისიც, რომ ნავთობის ინდუსტრიის ისტორია ჩვენი რეგიონის მშვიდობის ისტორიაცაა. მისი ახლებური წაკითხვა და მსოფლიოსთვის წარდგენა მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ერებს და შეცვლის ცრუ წარმოდგენას რეგიონზე, რომელიც მხოლოდ კონფლიქტების ჭრილში აღიქმება.
არსებობს მრავალი პროექტი კულტურის, ეკონომიკის სფეროებში. მათ შეუძლიათ ჩვენი ქვეყნების, ხალხების, ახალგაზრდების უფრო მჭიდროდ დაკავშირება.
ჩვენს დედაქალაქების შორის უფრო აქტიური გაცვლები უნდა მოხდეს: თქვენი ტრადიციული ხელგარჯილობის, მხატვრების, კომპოზიტორების, მწერლების წარმოჩენა; გაიმართოს ფორუმები აქტუალურ საკითხებზე, - მაგალითად, გარემოს დაცვაზე,  რამეთუ კავკასიის ბიოდივერსიფიცირებული ფლორა და ფაუნა ჩვენი დასაცავია.
ამისათვის უნდა ვიმუშაოთ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე მსოფლიო კონფერეციებზე. ახალგაზრდებს შორის ამ პასუხისმგებლობის შეგრძნება და ამაღლება, ახალი მიდგომების დანერგვა შეიძლება გახდეს ძალიან ეფექტიანი დამაკავშირებელი ინსტრუმენტი.

არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ჩვენ კიდევ უფრო გვაახლოებენ ჩვენს ქვეყნებში მცხოვრები ქართველები და აზერბაიჯანელები. 
ხვალ აქ ვესტუმრები ქართული წარმოშობის აზერბაიჯანის მოქალაქეებს. მათ მიმართ ჩვენ  დიდ სიახლოვეს ვგრძნობთ და გვინდა, რომ ვიზრუნოთ მათზე - ისევე,  როგორც თქვენ გინდათ, ხელი გაუწოდოთ აზერბეიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებს. ეს ადამიანები ერთმანეთთან მტკიცედ აკავშირებენ ჩვენს ქვეყნებს.
მინდა ვისურვო, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითა და დიდი თუ პატარა მეზობლების კეთილგანწყობით მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას.
ეს არის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საწინდარი იმ რეგიონში, რომელიც კულტურებისა და ცივილიზაციების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გზაჯვარედინზე მდებარეობს. ჩვენ მსოფლიოს წინაშე ვალდებული ვართ, დავიცვათ მისი უნიკალურობა!", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურ ვახშამზე.
ილჰამ ალიევის განცხადებით, დღეს არსებობს კარგი შესაძლებლობები და პერსპექტივები აზერბაიჯანსა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისათვის, ესენია: ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურის სფეროები.

წაკითხულია 155 ჯერ

Related items

  • საქართველოს პრეზიდენტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს და დირექტორის მოადგილეს შეხვდა

    მხარეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებში საქართველოს წარმატებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის არჩევნების საკითხზე.
    ,,2013 წლიდან საქართველომ საყოველთაო ჯანდაცვის კუთხით ისტორიულ შედეგს მიაღწია. ამ ისტორიულ წარმატებას აღიარებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს სხვადასხვა სააგენტოები.

    უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა მაღალი საერთაშორისო ფორუმი გამოვიყენოთ საქართველოს გამოცდილების გაზიარების მიზნით. დღეს საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეხვედრის ყურადღების ცენტრში",- აღნიშნა ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წევრმა მარიამ ჯაშმა.
    პარლამენტარ მარიამ ჯაშის განცხადებით, ცნობილია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის პოსტი დღეისათვის ვაკანტურია და უახლოეს საათებში გადაწყდება ახალი ხელმძღვანელის ვინაობა. მისი თქმით, ამ პოსტზე საქართველოდან წარდგენილ კანდიდატს ნატა მენაბდეს უაღრესად დიდი გამოცდილება აქვს გლობალური ჯანდაცვის სისტემებში და ამ პროცესში კი მნიშვნელოვანი პოზიციები გააჩნია. გასათვალისწინებელია, რომ კონკურენცია მაღალია, მაგრამ ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს კანდიდატი წარმატებული იქნება.

    შეხვედრისას მხარეებმა სამომავლო გეგმებზე და იმ გამოწვევებზე იმსჯელეს, რომლის წინაშეც დგას, როგორც საქართველო, ასევე ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებიც.  

  • საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მედლინ მუნის და ნატოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.

    პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო - ნატოს ურთიერთობების პროგრესის საკითხი განიხილეს.

    საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ პროცესში საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.

    შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებს და სალომე ზურაბიშვილს მედლინ მუნიმ საკუთარი შთაბეჭდილებები და ემოციები გაუზიარა დღეს ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან სტუმრობასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან განიხილა ასევე შიდაპოლიტიკური საკითხები, პრეზიდენტის ახალი ფუნქციები და ეკონომიკური პროექტები.

  • სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდა

    მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა განიხილეს. საუბარი შეეხო კონფლიქტის მოგვარების პროცესში საფრანგეთის ჩართულობის მნიშვნელობას.

    ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის ახალ ეტაპზე გადაყვანა იყო  შეხვედრის მთავარი თემა. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის განახლებასა და გაძლიერებაზეც იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო ფრანგული ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას. 

    ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი საუბრის თემა.
    საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან 
    პარტნიორობისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.

  • საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიდან 13 მედლით დაბრუნდა

    დღეს დილით ბაქოდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია. ევროპის რიგით XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს აზერბაიჯანის დედაქალაქი  ბაქო 21-27 ივლისს მასპინძლობდა, სადაც სპორტის 10 სახეობაში (ველოსპორტიკალათბურთიმძლეონობასპორტული ტანვარჯიშიფრენბურთიჩოგბურთიცურვაძიუდოჭიდაობახელბურთი)  49 ქვეყნის 3600 მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის საქართველოდან იასაპარეზა 36 სპორტსმენმა.

    ქართველმა სპორტსმენებმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე  სპორტის 2 სახეობაში მოიპოვეს 13 მედალი -1 ოქრო, 5 ვერცხლი და 7 ბრინჯაო. საერთო გუნდურ ჩათვლაში კი 21-ე ადგილი დაიკავეს.

    ოქროს მედალოსანი

    ნიკა ბაჩიაშვილი ( 50კგ, ძიუდო)

    ვერცხლის მედალოსნები

    ნიკოლოზ სანთელაძე (45 კგ, თავისუფალი ჭიდაობა) 

    რომეო ბერიძე (55 კგ, ბ/რ ჭიდაობა),

    ლუკა გუგეშაშვილ (48 კგ, თავისუფალი ჭიდაობა)

    ხვიჩა აბულაძე (48 კგ, ბ/რ ჭიდაობა)

    აკაკი ჯაფარიძე ( 81 კგ, ძიუდო

    ბრინჯაოს მედალოსნები

    დავით აბდალაძე (60კგ, თავისუფალი ჭიდაობა),

     ნიკა ბროლაძე (60 კგ, ბ/რ ჭიდაობა),

    დავით ფაცინაშვილი (65 კგ, თავიუსფალი ჭიდაობა),

    ნუკრი ბენიძე ( 51 კგ, ბ/რ ჭიდაობა)

     გვანცა სომხიშვილი (+70 კგ, ძიუდო)

    თორნიკე ფოლადიშვილი ( 90 კგ, ძიუდო )

    გიგა ტატიაშვილი (+90 კგ, ძიუდო)

  • პრეზიდენტის შეხვედრა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან

    ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტომაშ პეტრჟიჩეკის შეხვდა.

    მხარეებმა საქართველო - ჩეხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილეს და ჩეხეთის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

    ჩეხეთი, როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავთან დაკავშირებით ისაუბრეს. ჩეხეთი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ღია კარისა და გაფართოების პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივაა საუბარი შეეხო ასევე ევროკავშირში საქართველოს სექტორულ ინტეგრაციას, განსაკუთრებით კულტურისა და განათლების სფეროში.
    საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ ევროპული კულტურისა და განათლების სისტემის სრულფასოვანი წევრი გახდეს. მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ ისაუბრეს და ხაზი გაესვა ჩეხეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

     შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, აუცილებელია ჟენევის ფორმატმა მიიღოს ქმედითი სახე საქართველოს პარტნიორების შუამავლობით. მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მონაწილეობას ნატოს მისიებში გლობალური მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვისათვის და განაცხადა, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას.

    ჩეხეთი ნატოს წევრ ქვეყნებთან ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოსათვის მაპის მინიჭებას. მხარეებმა შრომითი მიგრაციისა და საქართველოს მოქალაქეების ჩეხეთში დასაქმების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ჩეხეთიდან ტურიზმისა და ინვესტიციების ზრდის შესახებ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური