მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკს“ ტოვებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 21 თებერვალი 2019 13:50

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკს“ ტოვებს. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მეგობრებო, თიბისელებო, ჩემი და თიბისი გუნდის გულშემატკივრებო!

უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ 27 წლის განმავლობაში გაწეული მეგობრობისთვის, თანადგომისთვის და ერთად გაკეთებული საქმეებისთვის.

ცხოვრებაში დგება ეტაპები, როცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებ, მეც ბევრჯერ მქონია ასეთი, ახლაც ამ შემთხვევასთან მაქვს საქმე.

აღარ განვმეორდები, თუ როგორი შეტევის ქვეშ იმყოფება ჩვენი ჯგუფი, ბანკი. შედეგად, ჩვენმა საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს, შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამაც სერიოზულად იზარალა. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოგვაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან ვითომდა კავშირში, რომლის არარსებობა საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული.

სამწუხაროდ, არც ერთ სახელმწიფო მოხელეს არ გამოუთქვამს სურვილი, პრემიერის და მისი მინისტრების ჩათვლით, შეგვხვედროდნენ და პირადად დაინტერესებულიყვნენ ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმით, როგორც ჩვენი გუნდისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე მათგანს პირადად მივწერე და შესაბამისი დოკუმენტებიც გადავუგზავნე გასაცნობად, პასუხი არავისგან მოსულა. სამაგიეროდ მოვისმინე მათი ბევრი კომენტარი საჯარო სივრცეში.

მე მივხვდი, რომ მიზანი ჩემი დისკრედიტაციაა, იმასაც მივხვდი, რომ აქ, ჩვენთან, წარმატებას ებრძვიან, მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული.

ჩემზე ასეთი თავდასხმა პირდაპირ აისახება ჩვენი ბანკის რეპუტაციაზე.

ბანკი კი არ შეიძლება ხანგრძლივ სასამართლო დავაში იყოს თავის რეგულატორთან, მით უმეტეს თუ ეს უკანასკნელი არაა თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში, მიუხედავად მისი კანონით მინიჭებული მაღალი ხარისხის დამოუკიდებლობისა.

დღეს ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ბანკის, მისი აქციონერებისა და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე.

შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება, წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, ბანკიდან, რომელიც 500 დოლარიდან რეგიონის უმსხვილეს მოთამაშედ ვაქციე ჩემს გუნდთან ერთად.

იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს – ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა.

სამშაბათს, როგორც დავპირდი პარლამენტს და საზოგადოებას, ვიქნები კომიტეტის მოსმენაზე, რათა მშვიდად განვიხილო და გავაცნო საქმის დეტალები პარლამენტარებს და საზოგადოებას.

ამავე დროს დამოუკიდებლად გავაგრძელებ ჩემი უფლებების სამართლებრივ დაცვას სასამართლო წესით, როგორც კერძო პირი საქართველოში და უცხოეთში“, – აღნიშნულია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი ემმა“, „თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც „თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, „თიბისი ბანკმა“, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას. გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი ემის” ვალი.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

წაკითხულია 153 ჯერ

Related items

  • ინტელექტბანკის აქციონერები თიბისი ბანკის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურებიან

    ინტელექტბანკის აქციონერები თიბისი ბანკის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურებიან. ინტელექტბანკის განცხადებას "ნიუსდეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

     „ინტელექტბანკის“ აქციონერების გაკვირვებას იწვევს, ახლახან, „თიბისი ბანკისა“ და მათი დამფუძნებლების შესახებ, გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, 2008 წელს, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, სესხი აუღიათ თავიანთივე ბანკის (სადაც 80 %-ს ფლობდნენ) კლიენტისგან, რომელსაც საკრედიტო ხაზი ჰქონდა გახსნილი ,,თიბისი ბანკში“ და შემდეგ, ეს სესხი, სხვა, ვადაგასულ სესხებთან ერთად, ჩამოუწერიათ.

     „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, თურმე, 2008 წელს, ისეთი დანაშაული ჩაუდენიათ, რომ 11 წლის შემდეგაც კი უზარმაზარი რეზონანსი გამოიწვია... ოპერაციას, რომელსაც, მაქსიმუმ შეიძლება შიდა საბანკო რეგულაციების დარღვევად ჩაითვალოს, ფულის გათეთრება და მითვისება დაარქვეს და უმძიმეს დანაშაულად წარმოაჩინეს.

     ამ საქმეს არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული.

     

    ამავე დროს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მრავლად არის იმავე პერიოდის საქმეები, სადაც მართლაც აქვს ადგილი ბიზნესზე ტერორს უფლებამოსილების გადამეტებისა და გამოძალვის ფაქტებს.

     

    2004 წელს, ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, მათი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აირჩიეს ფავორიტი ბანკი - „საქართველოს ბანკი“ და მის დაპატრონებას და ხელოვნურად გაძლიერებას შეუდგნენ. „საქართველოს ბანკი“ ჩააბარეს ვლადიმერ გურგენიძეს და ირაკლი გილაურს და მწვანე შუქი აუნთეს ბანკის ნებისმიერ უკანონო ქმედებას.

     

    მიტაცების სქემაში მოხვდა „ინტელექტბანკიც“, რომლის მითვისების გეგმის განხორციელებას შეუდგნენ 2005 წლის ზაფხულიდან. 2005-2006 წწ. „ინტელექტბანკის“ აქციონერებთან, უპრეცენდენტო ზეწოლის ქვეშ წარმოებული „მოლაპარაკებების“ უშედეგოდ დამთავრების შემდგომ, მათ 2006 წლის 10 თებერვალს, გადაწყვიტეს ეროვნულ ბანკთან და ძალოვნებთან ერთად ჩაეტარებინათ სპეცოპერაცია და ბანკი 48 საათის განმავლობაში მიითვისეს.

     

    მიუხედავად იმისა, რომ გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიებული და შესწავლილი იქნა აღნიშნული დანაშაულის ფაქტი, გამოიკითხა მრავალი მოწმე და შეიკრიბა წერილობითი მტკიცებულებები, დღემდე დანაშაულის ჩამდენ არცერთ პირს არ წარდგენია ბრალდება და არცერთი ის პირი, რომელთა მიმართაც დანაშაული იქნა ჩადენილი, დაზარალებულად არ არის ცნობილი.

     

    კიდევ ერთხელ, მოკლედ გვინდა შევეხოთ და გამოვკვეთოთ ჩადენილი დანაშაულებები და მათი ჩამდენი პირები:

     

    ვლადიმერ გურგენიძემ, ირაკლი გილაურმა და გიორგი ქადაგიძემ (იმ დროს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი) ჩამოაყალიბეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელთა უკანონო ქმედებებსაც ხელს უწყობდა იმ დროს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტი, რომან გოცირიძე და ეკა გალდავა. განხორციელდა უპრეცედენტო ზეწოლა „ინტელექტბანკზე“, რათა აქციონერებს მიეღოთ გადაწყვეტილება „ინტელექტბანკის“ „საქართველოს ბანკთან“ მიერთების სასარგებლოდ. დანაშაულებრივი ჯგუფი, საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობისგან, უწყვეტად იღებდა ინსაიდურ ინფორმაციას კონკურენტი ბანკის შესახებ.

     

    2006 წლის 10 თებერვალს, შეიჭრენ „ინტელექტბანკში“, 48 საათით გამოკეტეს ბანკის თანამშრომლები ბანკის შენობაში და მათ, იძულებით ასრულებინებდნენ სხვადასხვა სახის უკანონობებს (აწერინებდნენ ხელს სხვადასხვა გაყალბებულ დოკუმენტებზე, შლიდნენ და ახლიდან წერდნენ კომპიუტერულ პროგრამებს და სხვა).

     

    შეჭრისთანავე, „საქართველოს ბანკთან“ მიერთებაზე უარის მიღების შემდეგ, „ინტელექტბანკის“ აქციონერთა ნების საწინააღმდეგოთ, იმავე დღეს, ბანკიდან გააძევეს უკრაინული წამყვანი ბანკის - „უკრგაზბანკის“ - ტოპ-მენეჯმენტი, რომელთანაც დასრულებული ქონდათ მოლაპარაკება ბანკის აქციონერად შემოსვლასთან დაკავშირებით და რომელთაც, თავიანთი განზრახვის დასტურად, „ბე“-ს სახით, 2 მილიონი აშშ დოლარი, უკვე ჩარიცხული ქონდათ „ინტელექტბანკის“ საკორესპოდენტო ანგარიშზე ეროვნულ ბანკში.

     უკრაინელი ბანკირები, დღესაც მზად არიან, საქართველოს პროკურატურისთვის ჩვენების მისაცემად, თუმცა პროკურატურა, მეექვსე წელიწადია „არ ჩქარობს“ მათ გამოკითხვასაც კი...

     დაშინებით აიძულებდნენ ბანკის კლიენტებს და დეპოზიტარებს, რომ მათ ანგარიშები გაეხსნათ იქვე („ინტელექტბანკის“ შენობაში (!!!)) მათ მიერვე უკანონოდ მოწყობილ, „საქართველოს ბანკიდან“ წამოღებულ კომპიუტერში, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელთა საშუალებით. ძალდატანებით აწერინებდნენ საგადასახადო დავალებებს და არიცხინებდნენ თანხებს „ინტელექტბანკის“ ანგარიშებიდან „საქართველოს ბანკში“ „ახლად გახსნილ“ ანგარიშებზე. ასეთი რამ, უპრეცენდენტო მოვლენაა საბანკო სისტემაში.

     ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე, 24 საათის განმავლობაში, ჩამოყარეს აბრები „ინტელექტბანკის“ სათაო ოფისიდან და ყველა ფილიალიდან და შეცვალეს ისინი „საქართველოს ბანკის“ აბრებით.

     48 საათის განმავლობაში, გადაიტანეს „ინტელექტბანკის“ ყველა აქტივი „საქართველოს ბანკში“, რაც, მათივე, საჯარო სივრცეებში გაკეთებული განცხადებებითაც დასტურდება, ხოლო იურიდიულად, მხოლოდ ერთი თვის თავზე გააფორმეს, რომ „ინტელექტბანკის“ აქტივები, „საქართველოს ბანკმა“ „იყიდა“ 1 ლარად. და მრავალი საბუთი გაფორმდა ძველი რიცხვით,რისი დამადასტურებელი ფაქტებიც არსებობს.

     აღსანიშნავია, რომ ამ მიტაცების შემდეგ იმ დროისათვის, საქართველოს ბანკი გადაიქცა ყველაზე მსხვილ ბანკად საქართველოში.

     2013 წლის 6 თებერვალს, „ინტელექტბანკის“ აქციონერებმა საქართველოს მთავარ პროკურათურაში შეიტანეს საჩივარი, სადაც ვრცლად და დეტალურად არის გამოკვეთილი ჩადენილი დანაშაული და მათი ჩამდენები.

     საქართველოს გენერალური პროკურატურის პასუხი, ყველა ხსენებულ უკანონობაზე, არის ის, რომ როგორც ისინი აცხადებენ, არ არიან საბანკო საქმის ექსპერტები, ხოლო ეროვნული ბანკი, ამ საქმის მხარეა მათი ექსპერტად ჩართვა დაუშვებელიაო.

     ანუ, იმის ნაცვლად, რომ გამოავლინოს და დასაჯოს უკანონო ქმედებების ჩამდენები პირები, პროკურატურა ცდილობს, რომ საკითხი ისეთ ჭრილში გადაიყვანოს, რომ გამოძიება ჩიხში შევიდეს და პასუხისმგებლობა ააცილონ დამნაშავეებს.

     ჩვენთვის, უცნობია რა ვალდებულებები აიღო „საქართველოს ბანკმა“ 2012 წლის შემდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ ელემენტარულ დარღვევაზე არაპროპორციულად ისჯება ერთი, ხოლო სერიოზულ დანაშაულზე, საერთოდ არ ისჯება მეორე!

     რამდენიმე დღის წინ, პოლიტიკაში დაბრუნებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ინგა გრიგოლიას თოქ-შოუში სტუმრობისას, გაასაჯაროვა მმართველი პარტიისა და მისი თავმჯდომარის პოზიცია, რომლის თანახმად, თურმე, ბევრი საჩივარი ყოფილა შესული „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში, მაგრამ პარტიის ლიდერის პოზიცია არის, რომ პროკურატურა არ უნდა ჩაერიოს ორ სუბიექტს შორის დავაში, რათა ასეთ დავებში პროკურატურის ჩარევა, იქნება სიხისტის გამოვლენა სახელმწიფოს მხრიდან. ანუ, გამოდის, რომ 2012 წლის არჩევნების ერთ-ერთი ფუნდამენტალური დაპირების - სამართლიანობის აღდგენის - იმედით, პროკურატურაში შესული, 10 000-ზე მეტი საჩივრის უკან მდგომი ასეულობით ათასი ადამიანი, სულ ტყუილად ელოდება მართლმსაჯულების განხორციელებას, რადგან სახელმწიფოს მხრიდან, არ არის იმის მზაობა და პოლიტიკური ნება, რომ პროკურატურამ გამოიძიოს ეს საქმეები და დასაჯოს დამნაშავეები.

     საყურადღებოა, რომ გურგენიძე-ქადაგიძის ტანდემი, არაერთ მსგავს საქმეში არის მხილებული, რაზეც, მიმდინარე წლის 4 მარტს, პარლამენტის ტრიბუნიდანაც ისაუბრა საქართველოს პარლამენტის წევრმა კარლო კოპალიანმაც და მოუწოდა კიდეც პროკურატურას, რომ ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს ეს საქმები.

     საყურადღებოა, რომ „ინტელექტბანკი“, ქართული საბანკო სისტემის ერთ-ერთი პიონერი ბანკი იყო. ეს ბანკი, ქართული ბანკებიდან, პირველი გაწევრიანდა და ამით ქვეყანა გააწევრიანა SWIFT-ის საერთაშორისო გადარიცხვების სისტემაში. ამ ბანკმა საქართველოში პირველმა დაამზადა და დანერგა საერთაშორისო პლასტიკური ბარათი და დადგა ქვეყანაში პირველი ბანკომატი. ამ ბანკმა, „თიბისი ბანკთან“ ერთად, შექმნა საერთაშორისო და ადგილუბრივი პლასტიკური ბარათების საქართველოში პირველი, საპროცესინგო ცენტრი. იყო ლიდერი საერთაშორისო ანგარიშსწორებისა და ფულადი გზავნილების ბაზარზე. „ინტელექტბანკმა“ შემოიყვანა საქართველოში „ამერიქან ექსპრესის“ სახელით ცნობილი პლასტიკური ბარათების ბრენდი და გახდა ამ კომპანიის ექსკლუზიური წარმომადგენელი ქვეყანაში. საყურადღებოა, რომ დღეს, „საქართველოს ბანკი“, უსირცხვილოდ ამაყობს ამ ექსკლუზივით რომელიც მან რელურად, „ინტელექტბანკს“ წაართვა და ეს ექსკლუზივი, იმ, 1 ლარად „აუქციონზე“ „შეძენილი“ აქტივების მხოლოდ მცირე ნაწილია. ინტელექტბანკი ყოველწლიურად გადიოდა აუდიტორულ შემოწმებას,რომელსაც ატარებდნენ ე.წ. ,,დიდი ხუთიანის“ წევრები და წარმატებით ემსახურებოდა მთელი საქართველოს მაშტაბით ასიათასობით კერძო და იურიდიულ კლიენტს.

     ნიშანდობლივია, რომ ის ბიზნესმენები, რომლებიც კარგად გრძნობდნენ თავს წინა ხელისუფლების პირობებში, მათი კარის ბიზნესმენებად ითვლებოდნენ და ამით, დიდ მატერიალურ მოგებას ნახულობდნენ, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, უფრო უკეთესად არიან და გაცილებით კარგად გრძნობენ თავს, ვიდრე ის ბიზნესმენები, რომლებიც წინა ხელისუფლების დიქტატს არ აყვნენ, შეუპოვრად იბრძოლეს, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს სახელმწიფო მანქანის წინააღმდეგ. ყველანაირი ლოგიკით, ისინი, დღეს უკეთესად უნდა იყვნენ, ვიდრე ყოფილი ხელისუფლების კარის ბიზნესმენები რადგან, სამართლიან ქვეყანაში, წამრთმევი, წართმეულზე უკეთესად ვერ უნდა გრძნობდეს თავს, თუმცა იშვიათი გამონაკლისის გარდა, ეს ასე არ არის...

     აქედან კი შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ ადგილი აქვს შერჩევით მართლმსაჯულებას, რასაც სამწუხაროდ, ამყარებს ის ფაქტი, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე, სადაც არც მომჩივანია ვინმე და არც დაზარალებული, პროკურატურა, 11 წლის წინანდელ საქმეს იძიებს „საკუთარი ნებით“, ხოლო ,,ინტელექტბანკის“ ბანკის მითვისების საქმე, რომელსაც კონკრეტული მომჩივანებიც ყავს და დაზარალებულებიც, მეექვსე წელია თაროზე დევს და დამნაშავის გამოვლენა „ვერ ხერხდება“."-ნათქვამია განცხადებაში.

    წყარო: geotimes.ge

  • მამუკა ბახტაძე “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყველას მოუწოდებს, "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ. როგორც მთავრობის მეთაურმა ქართველ ჟურნალისტებს მიუნხენში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ეროვნულმა ბანკმა, როგორც მარეგულირებელმა, მიიღო გადაწყვეტილება და თუ ვინმეს ამ საკითხზე პრეტენზიები აქვს, სწორედ შინაარსობრივი არგუმენტები უნდა დასახელდეს.

    "სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. "თიბისი ბანკი" არის სისტემური მნიშვნელობის, ძლიერი ფინანსური ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, ის, რომ "თიბისი ბანკი" წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ჩვენი ეკონომიკის წარმატებაა და ეს ყველას კარგად აქვს გააზრებული. ეროვნულმა ბანკმა, როგორც რეგულატორმა მიიღო გადაწყვეტილება და ბუნებრივია, მე მის შინაარსობრივ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვიცი ერთი რამ - ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებს ძალიან მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვით და ეს არის ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პოზიცია. "თიბისი ბანკი" არის ძლიერი, სისტემური ბანკი და ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი არა მხოლოდ ფინანსური სექტორისთვის, არამედ ზოგადად ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის. აქედან გამომდინარე, მსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ პოლიტიკური სპეკულაციებისგან. ეს არის ძალიან ჩარჩოში მოქცეული პროფესიული მიდგომებიდან შესაფასებელი სიტუაცია და მას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მარეგულირებელმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და თუ ვინმეს აქვს პრეტენზია ამ საკითხზე, სწორედ შინაარსობრივი არგუმენტები უნდა ისმოდეს და არა პოლიტიკური სპეკულაციები. ეს ნამდვილად არ წაადგება საქმეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

    მამუკა ბახტაძის შეფასებით, ასევე ძალიან ცუდი სპეკულაციაა აღნიშნული თემის დაკავშირება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან.

    "მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი გახლავთ ამ უმნიშვნელოვანესი იდეის ინიციატორი და ჩვენ, როგორც მთავრობა, ყველა ფინანსურ ინსტიტუტთან აქტიურად ვსაუბრობთ, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყოს საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისგან ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის დაფინანსება. ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და ამავე დროს რეგიონისთვის. ჩვენ შევძელით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად ყველა წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა გაითვალისწინა ანაკლია და მიმდინარეობს მისი დაფინანსების განხილვა. შესაბამისად, ამ საკითხის პოლიტიკურ სპეკულაციებში გადატანა, რა თქმა უნდა, სრული უპასუხისმგებლობაა. საქართველოს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და აუცილებლად ექნება ის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

  • სასტუმროების მართვის, ონლაინ დაჯავშნისა და გადახდის სისტემის პრეზენტაცია
    15 თებერვალს, 11:00 საათზე, ”თიბისი ბანკის” სათაო ოფისში (თბილისი, მარჯანიშვილის N 7), ორგანიზაცია “პროსერვისის” ორგანიზებით, თიბისი ბანკისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით, ახალი ონლაინ პროგრამის - „სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სისტემების“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბ-ნი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, თიბისი ბანკის ექვაირინგის განყოფილების უფროსი ნიკა კიკვაძე და საქართველოში მოქმედი სასტუმროების წარმომადგენლები. პრეზენტაციას წარმართავს კომპანია პროსერვისი-ს დირექტორი რევაზ ნატროშვილი. პროგრამა სიახლეა საქართველოს ბაზარზე და მინზად ისახავს, მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობას. პროექტის მთავარ სეგმენტს წარმოადგენენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განთავსებული სასტუმროები. ელექტრონული სერვისით, სასტუმროების პოტენციურ სტუმრებს, შეეძლებათ ონლაინ რეჟიმში შეამოწმონ სასურველ სასტუმროში თავისუფალი ნომრები. ასევე შეეძლებათ ონლაინ დაჯავშნა პლასტიკური ბარათით და გადახდა როგორც პირდაპირი გადახდის, ასევე ადგილზე, მოგვინებითი გადახდის პირობით. შეთავაზება განსაკუთრებით საინტერესოა იმ სასტუმროებისათვის, რომლებსაც არ აქვთ ვებ გვერდი. პროექტის ფარგლებში, ასეთი სასტუმროები „სასტუმროს მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სიტემის“ პროგრამულ უზრუნვეყოფასთან ერთად, ვებ გვერდს და 1 გბ ჰოსტინგს მიიღებენ. „დღეს, თითქმის ყველა სასტუმრო სარგებლობს საერთაშორისო დაჯავშნის სისტმებით, რომლებიც შუამავალ აგენტებს წარმოადგენენ. თუმცა ამ პორტალებთან საკომისიო საკმაოდ მაღალია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ტურიზმის განვითარებასა და რენტაბელური ფასები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. სისტემის მომხმარებელთათვის გათვალისწინებულია, მხოლოდ ფიქსირებული, ყოველთვიური გადასახადი, რაც არ გულისხმობს დამატებით საკომისიო გადასახადს მიუხედავა იმისა, რამდენი სტუმარი ისარგებლებს ონლაინ დაჯავშვნით“, - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა რევაზ ნატროშვილმა. „სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სისტემის“ ინტეგრაცია სასტუმროებისათვის უკვე დაწყებულია და ეტაპობრივად მიმდინარეობს. ასევე გათვალისწინებულია ტრენინგები თბილისსა და სხვა ქალაქებში პროგრამის ფარგლებში ჩართული მხარეებისთვის. ტრენინგები უსასყიდლოდ ჩატარდება პროსერვისის ტექნოლოგიური ექსპერტების მიერ. პრეზენტაციაზე დასწრების საშუალება ექნებათ საქართველოში მოქმედი სასტუმროების წარმომადგენლებს, რომლებსაც დეტალურად მიეწოდებათ ინფორმაცია ახალი პროგრამის შესახებ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური