საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2019 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 თებერვალი 2019 15:20

„საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა პირველად იქნა შემუშავებული და ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კომიტეტის აქტივობა სწორედ, ამ გეგმის მიხედვით ხორციელდებოდა“, - აღნიშნული განცხადება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

მომხსენებელმა, კომიტეტის 2019 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას, იმ ძირითად აქტივობებზე ისაუბრა, რაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წლის განმავლობაში აქვს დაგეგმილი.

„წელს ვგეგმავთ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის გაძლიერებაზე, რაც გულისხმობს რეგულარული მოსმენების ჩატარებას საგარეო პოლიტიკის თემატურ მიმართულებებზე, რაზეც საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესი იკვეთება“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მისივე თქმით, ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა სტრატეგიულ კომუნიკაციებს, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და პრეზიდენტთან კოორდინაციის გააქტიურებას.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ეროვნულ უსაფრთხოების საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომლის შექმნის საკანონმდებლო პაკეტი კანონმდებლებმა პირველი მოსმენით დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე განიხილეს. „ვგეგმავთ, რომ კოორდინირებულად ვიმუშაოთ საბჭოსთან ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ჰიბრიდული საფრთხეები და დეზინფორმაცია“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით გადაჭრა, არაღიარების პოლიტიკა, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, ურთიერთობების გაღრმავება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რეგიონული კავშირების გაძლიერება, ეკონომიკური დიპლომატია, საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის გაძლიერება და სტრატეგიული კომუნიკაციები არის სწორედ ის პრიორიტეტები, რაზეც მიმდინარე წლის განმავლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი იმუშავებს.

სოფიო ქაცარავას განცხადებით, 2018 წლის სექტემბერში პირველად ჩატარდა საპარლამენტო კონფერენცია, რომელიც სტრატეგიული კომუნიკაციების და დეზინფორმაციის სფეროს მიეძღვნა. „ჩვენ გავითვალისწინეთ კონფერენციაზე გამოთქმული რეკომენდაციები და მოსაზრებები და ვმუშაობთ მათ იმპლემენტაციაზე“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე. სოფიო ქაცარავას განმარტებით, კომიტეტში უკვე შეიქმნა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფი.

 

 
წაკითხულია 93 ჯერ

Related items

  • აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია

    აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია (H.Res. 660) მიიღო.

    მომდევნო ეტაპზე რეზოლუციას კენჭს უყრიან 2016 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ კონგრესის პლენარულ სხდომაზე, სადაც კონგრესმენთა უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევაში, რეზოლუცია საბოლოო სახით დამტკიცდება.

    საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების ტედ პოსა (რ-ტეხასი) და ჯერალდ კონოლის (დ-ვირჯინია) მიერ აშშ-ის კონგრესში წარდგენილი რეზოლუცია ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს. საერთო ჯამში, რეზოლუციას ჰყავს 31 თანასპონსორი - წარმომადგენელთა პალატის როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი წევრები.

    რეზოლუცია აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოსადმი და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი მრავალი წლის განმავლობაში გაწეული თანადგომის უმნიშვნელოვანესი გამოხატულებაა, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსადმი აშშ-ის პოლიტიკური მხარდაჭერის მაღალ დონეს.

    რეზოლუცია მოუწოდებს აშშ-ს მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შეუქცევადი მხარდაჭერისაკენ და არაღიარების იმგვარი პოლიტიკის გატარებისაკენ, რომლის მსგავსიც წარმატებით განხორციელდა ბალტიის ქვეყნების - ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის შემთხვევაში. საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიის ქვეყნების ოკუპაციის დღიდან ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობდა მათ საბჭოთა კავშირის შემადგენელ რესპუბლიკებად. 

    რეზოლუციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები, ნებისმიერი გარემოების მიუხედავად, არ ცნობს რუსეთის დე-იურე და დე-ფაქტო კონტროლს საქართველოს შემადგენელ რომელიმე ნაწილზე, მის საჰაერო სივრცესა და ტერიტორიულ წყლებზე, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე.

    რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციასა და მისი ტერიტორიის ოკუპაციას; ასევე ოკუპირებული ხაზის გასწვრივ რუსეთის უკანონო ქმედებებს. მოუწოდებს რუსეთს, რომ  გაიწვიოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება და უარი თქვას მის მიერ წარმოებულ ქმედებებსა და პოლიტიკაზე, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს რუსეთს, რომ გადადგას ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმების ყველა პირობის შესასრულებლად. რეზოლუცია ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფარგლებში ძირითად საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებას.

    რეზოლუცია მოუწოდებს აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ გააღრმავოს საქართველოსთან თანამშრომლობა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ყველა სფეროში, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. იგი ასევე მოუწოდებს აშშ-ის ადმინისტრაციას გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და საქართველოსთვის თავდაცვითი შესაძლებლობების მიწოდების გზით. აღნიშნული ნაბიჯები ხელს შეუწყობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერებას. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ თავისუფალი, დემოკრატიული და სუვერენული საქართველო აშშ-ის გრძელვადიან ინტერესშია, რადგან იგი ხელს უწობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური