​სალომე ზურაბიშვილი ბრიჯიტ მაკრონმა ელისეს სასახლეში მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 თებერვალი 2019 12:24

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს,  საფრანგეთის პირველმა ლედიმ ბრიჯიტ მაკრონმა, ელისეს სასახლეში შვილებთან ერთად უმასპინძლა.
 
საფრანგეთის პირველმა ლედიმ  და
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე და ამ მიმართულებით პირადი კონტაქტების ეფექტიანად გამოყენებაზე ისაუბრეს.
 
საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი ფრანგ კოლეგას, ემენუელ მაკრონს ხვალ შეხვდება და საქართველო - საფრანგეთს შორის ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხში აყვანის საკითხს განიხილავს.

წაკითხულია 97 ჯერ

Related items

  • ​საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

    სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც სომხეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, საქართველოსა და სომხეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების საკითხი განიხილა, როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
     
    როგორც სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვანია და ეს ურთიერთობები განსაკუთრებულია ორივე ქვეყნისათვის და დაფუძნებულია საერთო ისტორიაზე, სულიერ ღირებულებებზე და ძალიან აქტიურია ყველა სფეროში, როგორც სამეცნიერო, ასევე კულტურულ და სამეცნიერო საკითხებში.
     
    ,,ტრადიციულად ჩვენ გვქონდა მჭიდრო საპარლამენტო ურთიერთობები და  დღესაც ვავითარებთ მას.
    ამ ეტაპზე ჩვენს ასამბლეაში ყალიბდება საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელიც ქალბატონი აზარიანი იქნება, ასამბლეის ვიცესპიკერი.
    ჩვენი მყარი და მდგრადი კავშირები შესაძლებლობას გავძლევს ვითანამშრომლოთ საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც ჩვენი მოსაზრებები უამრავ საკითხებში თანხვედრაშია და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს. მაგალითად, სომხური დელეგაცია თავს იკავებს ხმის მიცემისგან, ისეთ საკითხში, რომელიც  საქართველოს ინტერესების დაზიანებას ეხება.
    მთანი ყარაბახის კონფლიქტი მხოლოდ მშვიდოებიანი  მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს. ეს მომდინარეობს ყველას ინტერესიდან", - აღნიშნა მირზოიანმა.
     
    საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარლამენტების ურთიერთთანამშრომლობა.
     
    ,,თქვენ ასევე ახსენეთ ჩვენი თანამშრომლობა კონფლიქტების საკითხში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
    ეს კონფლიქტები, ალბათ, ჩვენი რეგიონისთვის არის ის, რაც ყველაზე მეტად აფერხებს ჩვენს ერთობლივ წინსვლას.
     
    როგორც იცით, საქართველოში არის ორი ოკუპირებული ტერიტორია და ჩვენთვის, თუ ვსაუბრობთ ქვეყნის ინტერესებზე, მთავარი და ერთადერთი ინტერესია, რომ ეს ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული, და აღიარებული არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფაქტობრივად.
     
    ამ მხრივ ძალიან სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბახიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და თავად აყენებენ საკითხს, თითქოსდა ეს არის ერთიდაიგივე ტიპის კონფლიქტები და რაღაც სიმეტრიას ეძებენ, ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია.
    ჩვენ ვთვლით, რომ აქ არ არის ის კეთილგანწყობა, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უნდა არსებობდეს",- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
     
    საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთში სომხური ეკლესიების საკითხსაც შეეხო, რომელიც გადაცემულია რუსეთის მიტროპოლიტის დაქვემდებარებაში, რაც კანონის შესაბამისად, ასევე, ჩვენი ტერიტორიული სუვერენობის ძალიან დიდი დარღვევაა.
     
    ,,ჩვენც თქვენსავით ვთვლით და ეს ჩვენი ურყევი პოზიციაა, რომ ამ კონფლიქტების გადაწყვეტა შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით.
    ჩვენ ამ პოლიტიკის ურყევი მიმდევრები ვართ, არ ვცვლით მას და არ გვგონია, რომ არსებობდეს სხვა ალტერნატივა ამ რეგიონში.
    ყველაფერი, რაც ამძაფრებს ამ კონფლიქტებს და უფრო რთულს ხდის მათ გადაწყვეტას ჩვენი რეგიონის ინტერესების წინააღმდეგ მიდის.
    ამ კონფლიქტების გადაწყვეტის ერთადერთი გზა, ჩვენი პარტნიორების უფრო მაღალი დონის პოლიტიკური ჩარევაა.
     
    საამწუხაროდ, ახსენეთ თქვენ მინსკის ჯგუფი და ასევე, ჩვენთან მიმართებაში არსებობს ჟენევის ფორმატი,  რომლებიც მეტნაკლებად გადასულები არიან რაღაც ტექნიკურ საკითხებზე და არ არიან იმ პოლიტიკური დონის გადაწყვეტილებების მიმღები, რომლებმაც დღეს შეიძლება რამე გარდატეხა შემოიტანონ ამ სიტუაციაში.
     
    მგონია, რომ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რომ საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით, ამ კონფლიქტების გადაწყვეტის ახალ ეტაპს მივაღწიოთ.
     
    თუ არა, მაშინ ყველაფერი რაზეც ვსაუბრობთ: ეკონომიკური წინსვლა, სტაბილურობა, უფრო მეტი ურთიერთობა და მათი გაღრმავება, სატრანსპორტო და ლოგისტიკის ქსელების განვითარება ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან მხოლოდ სიტყვიერი განაცხადებია.
     
    საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ წარმოშობით სომხები და აზერბაიჯანელები და ჩვენთვის შეიძლება ისევე მტკივნეული იყოს ეს კონფლიქტი, როგორც თქვენთვისაა, რადგან კონფლიქტი რომ გადმოვიდეს ჩვენს ტერიტორიაზე, ეს საქართველოსთვის დამანგრეველი იქნება.
     
    ასე რომ, ამ კუთხით, მე მგონია, ჩვენი ინტერესები ძალიან ნათელია და არავისთვის არაფრის ახსნა გვჭირდება, რომ ეს არის საქართველოსთვის უალტერნატივო პოლიტიკა, რომ მისი კონფლიქტები, მის ტერიტორიაზე არსებული ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი გადაწყდეს მშვიდობიანად და ასევე, ის კონფლიქტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არაა, მაგრამ, რომლის გადმოტანა შეიძლება იყოს დამანგრეველი საქართველოსთვის, ისიც უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით", აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნულ ასამბლეაში შეხვედრაზე.

  • ​ქართველ სტუდენტებთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა დასაქმების საკითხებზე ისაუბრა

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს შეხვდა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და ქვეყანაში შრომის ბაზრის მიმართულებით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

    საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს განვითარებისათვის მნიშვნელოვანია  ის ადამიანური რესურსი, რომელიც განათლებას იღებს საზღვარგარეთ, სურს სამშობლოში დაბრუნება და შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ქვეყნის სამსახურში ჩაყენება.

    საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესდა - როგორ ხედავენ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტები საკუთარ თავს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, როგორ ხედავენ ისინი მომავალ პროფესიულ კარიერას. 

    სალომე ზურაბიშვილის აზრით,  დღეს ქართული განათლების სისტემა ბოლომდე არ არის მორგებული შრომის ბაზრის საჭიროებებს. ერთი მხრივ,  ქვეყანაში მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი და მეორე მხრივ, კონკრეტული საჭიროებებისა და კატეგორიის კადრები რთული მოსაძიებელია, ამიტომ საჭიროა, პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა.

    როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, სახელმწიფომ მკაფიოდ უნდა  ჩამოაყალიბოს საკუთარი პრიორიტეტები და გაარკვიოს სად და როგორი  კადრები სჭირდება. საქართველო უნდა დაუახლოვდეს შრომის ევროპულ სტანდარტს  და მოხდეს ევროპული სამუშაო კულტურის გადმოტანა.

    საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრისას პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაციის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ღიაა ახალგაზრდა კადრებისათვის. სტაჟირების სისტემა კი, მათ საშუალებას მისცემს გამოსცადოს საკუთარი თავი საჯარო სამსახურში, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, სტაჟიორები შეიტანენ ახალ იდეებსა და ინიციატივებს.

    შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები დაინტერესდნენ: სახელმწიფოს განათლების სისტემის განვიტარების მიმართულებებით, საქართველო-ევროკავშირის სამომავლო  ურთიერთობების დღის წესრიგით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ასპექტებით.

  • საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახელით, ოფიციალური ვახშამი გაიმართა

    საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახელით, ოფიციალური ვახშამი გაიმართა.
    საპრეზიდენტო რეზიდენციაში ,,გიანჯლიკი" გამართულ ვახშამზე სახელმწიფოს ლიდერებმა ოფიციალური სადღეგრძელოები წარმოთქვეს და ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ სამაგალითო მეგობრობაზე გაამახვილეს.

    ,,თქვენი ასეთი დახვედრა არის დასტური იმისა, რომ მასპინძლობა ჩვენი ერების ერთ-ერთი საერთო მახასიათებელია;
    ეს არის კავკასიური კულტურის ძირძველი ნიშანი, უცვლელი ტრადიცია.
    დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთხელ მოწმობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობას.
    მინდა გავიხსენო დიდი აზერბაიჯანელი, ისტორიული  ფიგურა ალი ბეი ჰუსეინზადე, რომელსაც ეკუთვნის აზერბაიჯანის აღორძინების პროგრამა - „თურქიზაცია, ისლამიზაცია, ევროპიზაცია“.
    ჩვენთვის - ქართველებისთვის ასეთი გმირი ილია ჭავჭავაძე იყო. მან ჩვენს ეროვნულ ლოზუნგად აქცია „მამული, ენა, სარწმუნოება“ და ევროპიზაციის იდეას ქადაგებდა.
    ქართველებმა და აზერბაიჯანელებმა ერთად გავიარეთ გზა თავისუფლებისკენ და სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. ეს გზა დღეს საერთო მიზნებს გვისახავს.
    ჩვენ ერთდროულად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა 1918 წელს, გამოვცადეთ ფედერალური წყობაც, შემდეგ დავკარგეთ დამოუკიდებლობა და გავიარეთ მძიმე საბჭოთა წნეხის პერიოდი. ბოლოს ჩვენ ასევე ერთდროულად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა.
    საბჭოთა პერიოდის მემკვიდრეობა მძიმედ დაგვაწვა. კონფლიქტები და ტერიტორიული მთლიანობის შელახვა ორივე ქვეყნის ტრაგედიაა. ჩვენ დღემდე ერთად ვიბრძვით საერთაშორისო ორგანიზაციებში - გაეროდან იუნესკომდე, რათა ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული და აღდგენილი. ამ ტრაგედიების მიუხედავად,  ჩვენ შევძელით თანამედროვე სახელმწიფოების მშენებლობა, თანამედროვე ეკონომიკის განვითარება და დიდი პროექტების განხორციელება.
    ჩვენ კავკასია მსოფლიო რუკაზე გამოვაჩინეთ - თქვენ ამ რუკაზე ჩანხართ, როგორც გაზისა და ნავთობის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი, ჩვენ კი მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა ვართ. ჩვენი სამეული - აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ამ რეგიონის ენერგოგზების ქვაკუთხედი გახდა.
    კავკასიის პოტენციალი მსოფლიოსთვის ამით არ იწურება. ამ რეგიონის გამორჩეული მდებარეობისა და უნიკალური მონაცემებიდან გამომდინარე, დიდი როლი გვაქვს შესასრულებელი.
    ჩვენი ქვეყნები იმ გზაზე მდებარეობს,  რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აზიასა და ევროპას, ჩინეთსა და დასავლეთს, კასპიის ზღვასა და შავ ზღვას. ამ სატრანსპორტო დერეფნების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.
    იმისათვის, რომ ეს გზები მაქსიმალურად დაიტვირთოს და სათანადო მნიშვნელობა შეიძინოს, აუცილებელია, ჩვენმა რეგიონმა შეინარჩუნოს სტაბილურობა და მშვიდობა. ყველას გვჭირდება მეტი ინვესტიცია, მეტი პარტნიორი, მეტი ტურისტი, მეტი ბაზრები. ეს ყველაფერი ჩვენს სტაბილურობაზეა დამოკიდებული.

    სტაბილურობისა და წინსვლის განუყოფელი ნაწილია კულტურა. ჩვენმა ქვეყნებმა ღირსეული ადგილი უნდა დაიკავონ მსოფლიო და ევროპულ თანამეგობრობაში, რომელიც, ეკონომიკის გარდა, სწორედ კულტურის სფეროს მოიცავს.
    მიმაჩნია, რომ დადგა დრო, როცა საქართველომ და აზერბაიჯანმა თავიანთი კულტურა სავიზიტო ბარათად უნდა აქციონ. ჩვენ ვფიქრობთ ახალ სტრატეგიებზე: ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებზე, ვფიქრობთ მასშტაბურ კულტურულ პროექტებზე.
    ახლახან, იუნესკოში ვიზიტის დროს, გამოიკვეთა რამდენიმე ასეთი მიმართულება. მათ შორის არის ინდუსტრიული მემკვიდრეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლად იქნას აღიარებული გასული საუკუნის დასაწყისში ბაქოში ნავთობის აღმოჩენა და ინდუსტრიის განვითარება.
    ჩვენ მზად ვართ, გაგიზიაროთ გამოცდილება და, თუ თქვენი სურვილი იქნება, ერთობლივად წარმოვადგინოთ კავკასიის ინდუსტრიული მემკვიდრეობა (ბაქო, რკინიგზა და ფოთი).
    ეს პირადად ჩემთვის იქნება დიდი პატივი, რადგანაც ჩემი წინაპარი - ნიკო ნიკოლაძე  უშუალოდ იყო ჩართული ამ წამოწყებებში და ურთიერთობდა კაპიტალისტებთან, რომლებიც მაშინ კავკასიაში საქმიანობდნენ. ესენი იყვნენ: ნობელები - თქვენთან, როტჩილდები კი - ჩვენთან.
    არ დავივიწყოთ ისიც, რომ ნავთობის ინდუსტრიის ისტორია ჩვენი რეგიონის მშვიდობის ისტორიაცაა. მისი ახლებური წაკითხვა და მსოფლიოსთვის წარდგენა მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ერებს და შეცვლის ცრუ წარმოდგენას რეგიონზე, რომელიც მხოლოდ კონფლიქტების ჭრილში აღიქმება.
    არსებობს მრავალი პროექტი კულტურის, ეკონომიკის სფეროებში. მათ შეუძლიათ ჩვენი ქვეყნების, ხალხების, ახალგაზრდების უფრო მჭიდროდ დაკავშირება.
    ჩვენს დედაქალაქების შორის უფრო აქტიური გაცვლები უნდა მოხდეს: თქვენი ტრადიციული ხელგარჯილობის, მხატვრების, კომპოზიტორების, მწერლების წარმოჩენა; გაიმართოს ფორუმები აქტუალურ საკითხებზე, - მაგალითად, გარემოს დაცვაზე,  რამეთუ კავკასიის ბიოდივერსიფიცირებული ფლორა და ფაუნა ჩვენი დასაცავია.
    ამისათვის უნდა ვიმუშაოთ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე მსოფლიო კონფერეციებზე. ახალგაზრდებს შორის ამ პასუხისმგებლობის შეგრძნება და ამაღლება, ახალი მიდგომების დანერგვა შეიძლება გახდეს ძალიან ეფექტიანი დამაკავშირებელი ინსტრუმენტი.

    არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ჩვენ კიდევ უფრო გვაახლოებენ ჩვენს ქვეყნებში მცხოვრები ქართველები და აზერბაიჯანელები. 
    ხვალ აქ ვესტუმრები ქართული წარმოშობის აზერბაიჯანის მოქალაქეებს. მათ მიმართ ჩვენ  დიდ სიახლოვეს ვგრძნობთ და გვინდა, რომ ვიზრუნოთ მათზე - ისევე,  როგორც თქვენ გინდათ, ხელი გაუწოდოთ აზერბეიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებს. ეს ადამიანები ერთმანეთთან მტკიცედ აკავშირებენ ჩვენს ქვეყნებს.
    მინდა ვისურვო, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითა და დიდი თუ პატარა მეზობლების კეთილგანწყობით მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას.
    ეს არის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საწინდარი იმ რეგიონში, რომელიც კულტურებისა და ცივილიზაციების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გზაჯვარედინზე მდებარეობს. ჩვენ მსოფლიოს წინაშე ვალდებული ვართ, დავიცვათ მისი უნიკალურობა!", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურ ვახშამზე.
    ილჰამ ალიევის განცხადებით, დღეს არსებობს კარგი შესაძლებლობები და პერსპექტივები აზერბაიჯანსა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისათვის, ესენია: ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურის სფეროები.

  • ​საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

    ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტს დახვდნენ: აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნადირ ჰუსეინ ზადე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი.
     
    საქართველოს პეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს გამართავს უმაღლესი თანამდებობის პირებთან: აზერბაიჯანის პრეზიდენტთან,  პირველ ვიცეპრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
     
    ვიზიტის მიზანი აზერბაიჯანთან, როგორც მეზობელ სახელმწიფოსთან, სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება და განვითარებაა. პოლიტიკურ-ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, პრიორიტეტული იქნება ასევე კულტურული ურთიერთობების განვითარებაც.
     
    აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ქართველ სტუდენტებთნ, წარმატებული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და დიასპორასთან.
     
    საქართველოს პრეზიდენტი ასევე ეწვევა აზერბაიჯანის რამდენიმე მუნიციპალიტეტს: კახს ზაქათალას და ბელაქანს, სადაც  ეთნიკური ქართველი აზერბაიჯანის მოქალაქეები ცხოვრობენ.
     
    საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო დელეგაციის შემადგენობაში შედიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად ძიძიგური, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე,
    პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი გიორგი მოსიძე,  პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ნინო წილოსანი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ადა მარშანია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე ქეთევან მახარაშვილი.

  • საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

    პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში 27 თებერვალს დაიწყება.
    ვიზიტის მიზანი აზერბაიჯანთან, როგორც მეზობელ სახელმწიფოსთან, სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება და განვითარებაა.
    პოლიტიკურ-ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, პრიორიტეტული იქნება კულტურული ურთიერთობების განვითარებაც, რომლის საფუძველსაც ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის, წლების განმავლობაში, ჩამოყალიბებული კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები ქმნის.
    ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდება. შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართება. სალომე ზურაბიშვილი და ილჰამ ალიევი შეხვედრის დეტალებს ჟურნალისტებს ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააცნობენ.
    ბაქოში დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები: აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნოვრუზ მამედოვთან და პარლამენტის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვთან.
    ბაქოში, ოფიციალური ვიზიტით მყოფი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს და საქმიანი წრეების წარმომადგენლებსაც შეხვდება.
    საქართველოს პრეზიდენტი ბაქოს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური