მამუკა ბახტაძე “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
კვირა, 17 თებერვალი 2019 16:44

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყველას მოუწოდებს, "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ. როგორც მთავრობის მეთაურმა ქართველ ჟურნალისტებს მიუნხენში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ეროვნულმა ბანკმა, როგორც მარეგულირებელმა, მიიღო გადაწყვეტილება და თუ ვინმეს ამ საკითხზე პრეტენზიები აქვს, სწორედ შინაარსობრივი არგუმენტები უნდა დასახელდეს.

"სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. "თიბისი ბანკი" არის სისტემური მნიშვნელობის, ძლიერი ფინანსური ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, ის, რომ "თიბისი ბანკი" წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ჩვენი ეკონომიკის წარმატებაა და ეს ყველას კარგად აქვს გააზრებული. ეროვნულმა ბანკმა, როგორც რეგულატორმა მიიღო გადაწყვეტილება და ბუნებრივია, მე მის შინაარსობრივ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვიცი ერთი რამ - ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებს ძალიან მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვით და ეს არის ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პოზიცია. "თიბისი ბანკი" არის ძლიერი, სისტემური ბანკი და ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი არა მხოლოდ ფინანსური სექტორისთვის, არამედ ზოგადად ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის. აქედან გამომდინარე, მსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ პოლიტიკური სპეკულაციებისგან. ეს არის ძალიან ჩარჩოში მოქცეული პროფესიული მიდგომებიდან შესაფასებელი სიტუაცია და მას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მარეგულირებელმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და თუ ვინმეს აქვს პრეტენზია ამ საკითხზე, სწორედ შინაარსობრივი არგუმენტები უნდა ისმოდეს და არა პოლიტიკური სპეკულაციები. ეს ნამდვილად არ წაადგება საქმეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, ასევე ძალიან ცუდი სპეკულაციაა აღნიშნული თემის დაკავშირება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან.

"მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი გახლავთ ამ უმნიშვნელოვანესი იდეის ინიციატორი და ჩვენ, როგორც მთავრობა, ყველა ფინანსურ ინსტიტუტთან აქტიურად ვსაუბრობთ, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყოს საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისგან ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის დაფინანსება. ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და ამავე დროს რეგიონისთვის. ჩვენ შევძელით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად ყველა წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა გაითვალისწინა ანაკლია და მიმდინარეობს მისი დაფინანსების განხილვა. შესაბამისად, ამ საკითხის პოლიტიკურ სპეკულაციებში გადატანა, რა თქმა უნდა, სრული უპასუხისმგებლობაა. საქართველოს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და აუცილებლად ექნება ის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

წაკითხულია 156 ჯერ

Related items

  • საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

    23 მაისს, საქართველოს, პირველი ოფიციალური ვიზიტით, ეწვევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი.

    საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან.

    ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით; ასევე, ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის განვითარებაზე „სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის ფარგლებში. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

    ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ- მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან.

  • პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის სენატის მარშალს უმასპინძლა

    პოლონეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და პოლონეთის სენატის მარშალ სტანისლავ კარჩევსკისს შეხვედრისას აღინიშნა.

    განხილული იყო როგორც ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები და პერსპექტივები, ასევე  საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები.

    შეხვედრაზე  ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მათ შორის ვაჭრობასა და სექტორულ ურთიერთობებზე. ხაზი გაესვა ვაჭრობის კუთხით არსებულ პოზიტიურ დინამიკას და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობას და ამ პროცესში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის როლს, რომლის მორიგი სხდომა ივნისში გაიმართება. პოზიტიურად შეფასდა პოლონეთის ინვესტიციისა და ვაჭრობის სააგენტოს დაარსება საქართველოში.

    მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირებზე. აღინიშნა, რომ საქართველოში ცოტა ხნის წინ დაარსებული პოლონეთის ინსტიტუტი ხელს უწყობს ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი და სენატის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

  • პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, კრისტოფ კასტანერს უმასპინძლა.

    შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობაზე.

    მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ქართველი და ფრანგი ხალხის ურთიერთობის მრავალწლიან ისტორიას და აღნიშნა, რომ საფრანგეთი რთულ წლებში ყოველთვის გვერდით ედგა საქართველოს, რასაც ქართველი ერი არასოდეს დაივიწყებს.

    საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას, ასევე, ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებს. მთავრობის მეთაურმა ფრანგულ მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო სამართალდაცვითი და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში აღინიშნა მინისტრ კასტანერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობა, რომელიც დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.

    პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთთან ნაყოფიერი და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის მეტი გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო.

  • კახა კალაძემ ახალი, მწვანე ფერის მუნიციპალური ავტობუსები წარადგინა

    დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას ახალი, „მანის“ (MAN) მარკის 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა. ახალი ავტობუსების პრეზენტაცია პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოხდა, სადაც კახა კალაძე ერთ-ერთი ავტობუსის საჭესთან თავად დაჯდა. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც ესწრება.

    დედაქალაქის მერიის ცნობით, წელს ავტოპარკს 90 ახალი ავტობუსი დაემატა, რომელიც დიზელის ძრავზე მომუშავე „ევრო 6“ ემისიის სტანდარტისაა.

    ავტობუსები გათვლილია სულ 82 მგზავრზე, აქედან დასაჯდომი ადგილების რაოდენობაა 27. ისინი ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია სპეციალური გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, რომელიც სპეციალურად გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე, გააჩნიათ საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და გაჩერებების დასახელების ტექნიკური საშუალება.

    თბილისის მერიამ განსაზღვრა 10 მარშრუტი, რომლებზეც ახალი ავტობუსები გადანაწილდება. უახლოეს დღეებში ისინი N85 და N95 მარშრუტებზე გავლენ. მომდევნო ეტაპზე, მაისის ბოლომდე ახალი მწვანე ავტობუსები N50, N55 და N71 მარშრუტებზე მოძრავ ამორტიზებულ ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. ამავდროულად, გათვალისწინებულია ამ მარშრუტების მცირედით შეცვლა. ისინი გორგასლის ქუჩიდან აუხვევენ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩაზე და ბარათაშვილის ქუჩას თავისუფლების მოედნის გავლით დაუკავშირდებიან. ამასთანავე, კოტე აფხაზის ქუჩაზე ავტობუსების გაჩერებები განისაზღვრება.

    თბილისის მერიის ცნობით, N50, N55 და N71 მარშრუტების ცვლილება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ პირველი ივლისიდან აფხაზის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება.

    მუნიციპალიტეტისთვის ოთხმოცდაათივე მწვანე ავტობუსის მიწოდების შემდეგ, ისინი ასევე გადანაწილდებიან N3, N15, N33, N54 და N79 მარშრუტებზე.

    თბილისის მერიის ცნობით, 8 თვეში დედაქალაქს 220 ერთეული, „ისუზუს“ (ISUZU) მარკის 8-მეტრიანი ავტობუსიც დაემატება. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. აღნიშნული ავტობუსები ასევე დიზელის ძრავზე მომუშავეა და „ევრო 6“ ემისიის სტანდარტისაა. 8-მეტრიანი ავტობუსები გათვლილი იქნება 53 მგზავრზე და სრულად ადაპტირებული შშმ პირთათვის. „მანის“ ავტობუსების მსგავსად, ამ ავტობუსებშიც უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და WiFi.

    წყარო: 1tv.ge

  • მამუკა ბახტაძე - დღეს შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა

    დარწმუნებული ვარ, ერთსულოვნებითა და ერთად დგომით, გაუტეხავი ქართული სულითა და ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით, აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ერთიანი, ძლიერი და მშვიდობიანი საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

    მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპა ქართველი ერის ცივილიზაციური არჩევანია და საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს.

    "ჩვენს ერს აქვს თავისი წვლილი შეტანილი იმ ფასეულობების ფორმირებაში, რომელსაც ევროპული იდეა ეფუძნება. სწორედ ამიტომ,  საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს ამის თქმის უფლება, რომ ეს არის ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენ ძალიან რთული გზა გავიარეთ, მაგრამ დღეს შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, რომელიც ყველას ეკუთვნის. ეს არის ჩვენი საზოგადოების დამსახურება და ჩვენი დასავლელი მეგობრების დახმარების შედეგი, რისთვისაც მინდა, მათ მადლობა გადავუხადო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

    მამუკა ბახტაძემ განსაკუთრებით აღნიშნა ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მნიშვნელობა, რომლის საშუალებითაც საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა და ქვეყნის ტრანსფორმაცია დაიწყო.

    „ვფიქრობ, დღევანდელი დღე არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ ვდგავართ მყარად და ერთად ერთ სწორ გზაზე, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს წარმატებასთან. აუცილებელია, ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად გრძნობდნენ იმ სიკეთესა და წარმატებას, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზას მოაქვს.  ჩვენ ახლახან კიდევ ერთი გამარჯვება ვიზეიმეთ, როდესაც ევროკავშირმა ოფიციალურად მოგვცა საშუალება გავწევრიანდეთ ევროპის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში (ENQA) და ქართული დიპლომები აღიარებული იყოს ევროპაში. ჩვენ ასეთი გამარჯვებები გვჭირდება ყოველდღე", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

    ევროპის დღეების ფარგლებში რიყის პარკში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმართეს.

    პრემიერ-მინისტრმა, ევროკავშირის ელჩსა და თბილისის მერთან ერთად რიყის პარკში ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა, რომელზეც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოში განხორციელებულ აქტივობებსა და პროექტებს წარადგენენ.

    ევროპის დღეები, რომელიც საქართველოში წელს მეშვიდედ აღინიშნება, მაისის ბოლომდე გაგრძელდება და როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, ჯამში 80-მდე ღონისძიებას მოიცავს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური