აშშ-ის სენატისადმი წარდგენილ კანონპროექტში კვლავაც ასახულია საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი დებულებები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 15 თებერვალი 2019 16:49

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ, სენატორმა ბობ მენენდესმა (დემოკრატი-ნიუ ჯერსის შტატი), სენატორებმა ლინდსი გრემმა (რესპუბლიკელი - სამხრეთ კაროლაინის შტატი), კორი გარდნერმა (რესპუბლიკელი-კოლორადოს შტატი), ბენ კარდინმა (დემოკრატი-მერილენდის შტატი), ჯინ შაჰინმა (დემოკრატი-ნიუ ჰემპშირის შტატი) ა. წ. 13 თებერვალს აშშ-ის სენატში შეიტანეს კრემლის აგრესიისაგან ამერიკის უსაფრთხოების დამცავი 2019 წლის კანონპროექტი (Defending American Security from Kremlin Aggression Act of 2019, DASKA)კანონპროექტი მიზნად ისახავს, რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, გაზარდოს მასზე ეკონომიკური, პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა. 
საყურადღებოა, რომ ამ კანონპროექტში, აშშ-ის კონგრესის სხვა, მრავალი წინამორბედი საკანონმდებლო დოკუმენტების მსგავსად, კვლავაც ასახულია საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი დებულებები.
კანონპროექტის მიხედვით, „აშშ-ის პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოსთხოვოს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, რომ ყირიმი დაუბრუნოს უკრაინის ხელისუფლების კონტროლს, შეწყვიტოს მხარდაჭერა სეპარატისტული ძალადობისადმი აღმოსავლეთ უკრაინაში, შეწყვიტოს ოკუპაცია და მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიებზე მყოფი სეპარატისტებისადმი და შეწყვიტოს სირიის ბაშარ ალ ასადის ძალისმიერი რეჟიმის გაძლიერება, რომელიც ჩადის სამხედრო დანაშაულს.“
„რუსეთის გავლენის წინააღმდეგ შექმნილი ფონდის (Countering Russia Influence Fund) თანხები უნდა მოხმარდეს, სახელმწიფო მდივნის მიერ განსაზღვრულ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებს, რომლებიც მოწყვლადნი არიან რუსეთის ფედერაციის დამაზიანებელი ზეგავლენისადმი.“ ამ მხრივ ფონდის მიზნების ჩამონათვალში ასახულია, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციით გამოწვეულ კრიზისზე რეაგირების მნიშვნელობა - ფონდის ერთ-ერთი მიზანია „უპასუხოს ჰუმანიტარულ კრიზისსა და არასტაბილურობას, რომელიც გამოწვეულია, თუ გაძლიერებულია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში შეჭრითა და ოკუპაციით.“ - აღნიშნულია აქტის ტექსტში.  
კანონმდებლობა ითვალისწინებს ყოვლისმომცველი პოლიტიკური მექანიზმების შექმნას - მაგ. კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სანქციების კოორდინირებისათვის ახალი პოლიტიკური ოფისის შექმნას, რათა უკეთ მოხდეს აშშ-ის მიერ კრემლის აგრესიულ ქმედებებზე საპასუხო ქმედებების განხორციელება. იგი ასევე მხარდაჭერას გამოხატავს ნატოსადმი და უკრძალავს აშშ-ის პრეზიდენტს, სენატის თანხმობის გარეშე აშშ-მა დატოვოს ნატო-ს რიგები.
„არ შეიძლება პუტინის ქმედებების მოთმენა, უმოქმედობის მყისიერი შედეგია სირიაში მიმდინარე ჰუმანიტარული კატასტროფა, რეგიონული არასტაბილურობა, უკრაინელი მეზღვაურების გატაცება, უკრაინული გემების მიტაცება და საერთაშორისო ნორმების ეროზია. ერთი რამ ცხადია: მოსკოვი კვლავაც გააგრძელებს ზეწოლას მანამდე სანამდე მას არ შეხვდება რეალური წინააღმდეგობა. ამიტომაც ჩვენ შეგვაქვს აქტი, რომელიც ერთიანი სახით პასუხობს კრემლისგან მომდინარე საფრთხისშემცველ რეალობას; ამავე დროს იგი ჩვენს მოწინააღმდეგეებსა და მოკავშირეებს აწვდის მკაფიო გზავნილს, რომ აშშ-ის კონგრესი დაიცავს ჩვენს ინსტიტუტებს, მოკავშირეებსა და ფასეულობებს.“ - ნათქვამია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარის, აქტის წარმდგენი სენატორის, მენენდესის (დემოკრატი-ნიუ ჯერსის შტატი) განცხადებაში.
„ჩვენი მიზანია შევცვალოთ სტატუს-კვო და პუტინის რუსეთის წინააღმდეგ შემოვიღოთ მნიშვნელოვანი სახის სანქციები და ზომები. ... ამ აქტში ასახული სანქციები და სხვა სახის ზომები, აქამდე ოდესმე არსებულ ზომებზე უფრო ძლიერია - იგი პირდაპირი პასუხია პუტინის დაუოკებელ სურვილზე, რომ ძირი გამოუთხაროს აშშ-ის დემოკრატიას. ჩვენს მიერ შემოთავაზებული ზომები მიმართულია, რომ მაქსიმალურად, ყველაზე უფრო ძლიერი სახით უპასუხოს პუტინის ქმედებებს.“- ნათქვამია აქტის თანასპონსორი სენატორის, გრემის (რესპუბლიკელი-სამხრეთ კაროლაინას შტატი) განცხადებაში.
„კონგრესი განაგრძობს, რომ მოწინავე როლი შეასრულოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად, აშშ-სა და საზღვარგარეთ დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ, რუსეთის მიერ მიმდინარე აგრესიასთან ბრძოლაში.“ - აღნიშნულია აქტის თანაპონსორი სენატორის, კარდინის (დემოკრატი-მერილენდის შტატი) მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
სენატორი გარდნერის (რესპუბლიკელი-კოლორადოს შტატი) განმარტებით, „პუტინის რუსეთი არის არალეგიტიმური რეჟიმი, რომელიც ყველა შესაძლო გზით ცდილობს ძირი გამოუთხაროს საერთაშორისო სამართალს და დაანგრიოს აშშ-ის ლიდერობით არსებული ლიბერალური, გლობალური წესრიგი. ... ამ აქტით კონგრესი აჩვენებს ძლიერ, ორპარტიულ სიმტკიცეს კრემლის სიცრუის წინააღმდეგ და იმედი მაქვს, რომ ეს აქტი მალე მიიღებს კანონის ძალას.“
„ეს საკანონმდებლო აქტი ეყრდნობა კონგრესის წინა პერიოდის ძალისხმევებს, რომ რუსეთს მოეთხოვოს პასუხი აშშ-ისა  და გლობალური მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ მისი აგრესიული ქცევისათვის.“ - აღნიშნავს აქტის თანასპონსორი სენატორი, შაჰინი (დემოკრატი-ნიუ ჰემპშირის შტატი). 
სენატორების მიერ წარდგენილი აქტი შეიცავს  ახალ ელემენტებს, კერძოდ რუსეთის მიერ საზღვარგარეთის ქვეყნების დემოკრატიულ ინსტიტუტებში ჩარევის საპასუხოდ რუსეთისადმი აწესებს სანქციებს. ასევე საკანონმდებლო აქტი ასევე შეიცავს მნიშვნელოვან დებულებებს, კერძოდ ასახავს ნატო-სადმი აშშ-ის ძლიერ მხარდაჭერას, ქმნის ეროვნული ერთობის ცენტრს (National Fusion Center), რომ გაუმკლავდეს ჰიბრიდული სახის საფრთხეებს, სახელმწიფო დეპარტამენტის ფარგლებში ქმნის კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული ეკონომიკის ოფისს; ზეწოლას ახორციელებს რუსეთის ხელისუფლებაზე, რომ შეაჩეროს ობსტრუქციული  სახის საერთაშორისო ძალისხმევები; მოითხოვს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, წარმოადგინოს არგუმენტაცია, თუ რამდენად პასუხობს რუსეთი კრიტერიუმს, რათა იგი შეიყვანონ ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში;   მოითხოვს რუსეთის გავლენის წინააღმდეგ შექმნილი ფონდის (Countering Russia Influence Fund) ხელახალ ავტორიზაციას. იგი დახმარებას აღმოუჩენს კრემლის ჩარევისადმი მოწყვლად ევროპულ ქვეყნებს.      
ზემოხსენებული კანონპროექტი საჭიროა დამტკიცდეს აშშ-ის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის მიერ. ამის შემდეგ იგი აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება. პრეზიდენტის მიერ კანონპროექტზე ხელმოწერის შემთხვევაში, იგი კანონის ძალას მიიღებს.

აქტის წარდგენის თაობაზე სენატორების მიერ გაკეთებული პრეს-რელიზი იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.menendez.senate.gov/news-and-events/press/senators-introduce-bipartisan-legislation-to-hold-russia-accountable 

წაკითხულია 273 ჯერ

Related items

  • პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა გაიმართა
    პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა.
     
    სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა 141 დეპუტატმა. რის შემდეგაც გაიმართა კენჭისყრის პროცედურა.
     
    პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კოლეგებს მიმართა, რომ კენჭისყრისას კარგად გაიაზრონ პასუხისმგებლობა მიღებულ გადაწტვეტილებასთან დაკავშირებით.
     
    „ერთი წლის წინ ჩვენ მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილება და შევცვალეთ საქართველოს კონსტიტუცია. გავაკეთეთ საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანა გადავიდა საპარლამენტიო მმართველობის მოდელზე. ამ რეფორმის ფარგლებშიც, ერთი წლის წინ ჩვენ შევცვალეთ ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი საარჩევნო სისტემის და მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა 2024 წელს გადავიდოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. დღეს კენჭს ვუყრით ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 2024 წელს დანიშნული პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარდეს 2020 წელს. გთხოვთ, ყველამ კიდევ ერთხელ გაიაზროთ თქვენი პასუხისმგებლობა ამასთან დაკავშირებით და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
     
    ჩატარებული კენჭისყრის შედეგად 101 დეპუტატმა დაუჭირა მხარი წარმოდგენილ ცვლილებას, 3 წინააღმდეგია. ეს ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი გადაწყვეტილების მისაღებად.
  • თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლისთან, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ხელმძღვანელთან, ვიცე-პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოსთან და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების ასპექტები მიმოიხილეს.

    ამერიკულმა მხარემ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პროცესში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და პრაქტიკული დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.

  • აშშ-ში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი დღეს დაიწყება

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. პრეზიდენტის გამოსვლა ასამბლეაზე 25 სექტემბერს იგეგმება.
    საქართველოს დელეგაციას გაეროში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.

    გაეროს ფორმატში- უნივერსალური ჯანდაცვისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე რამდენიმე სამიტი გაიმართება, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა იგეგმება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის კახა იმნაძის განცხადებით, პრეზიდენტს საკმაოდ დატვირთული პროგრამა აქვს. ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, როგორც გაეროს ფორმატში ასევე, ფორმატის მიღმა.

    პრეზიდენტს და მინისტრებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ როგორც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომელთან კონტაქტიც ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს. კახა იმნაძის განცხადებით, გენერალური საკონსულო აქტიურადაა ჩართული ამ საკითხებში და ბევრი საინტერესო შეხვედრა იგეგმება.

  • სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი სოფელ ოძისთან ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლს ეწვია

    ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი აცხადებს შეშფოთებას დე ფაქტო ხელისუფლების განმეორებით მუქარებზე ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გამშვები პუნქტების განუსაზღვრელი ვადით დახურვის შესახებ. ფილიპ რიკერმა აღნიშნული სიტუაციის შესახებ მოხსენება საქართველოს ოფიციალური პირებისგან მოისმინა, მაშინ, როდესაც აკვირდებოდა ოძისის მახლობლად არსებული გამშვები პუნქტების დახურვას. მან მოუწოდა მყისიერად შეწყვეტილიყო ნებისმიერი სტრუქტურის, ღობისა თუ ბარიერების მშენებლობა, რაც ემსახურება ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის არაკანონიერი ბორდერიზაციის გაძლიერებას. ელჩმა რიკერმა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის არაკანონიერი ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

  • ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს ოკუპირებულ აფხაზეთში გამართული ე.წ. არჩევნები

    ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
    პოლონეთის მხარის ინიციატივით, ევროპისა და ამერიკის თხუთმეტმა სახელმწიფომ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:
    „ამერიკის შეერთებული შტატები, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ირლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, ფინეთი, ჩეხეთი არ აღიარებენ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს დე-ფაქტო სტრუქტურების მიერ ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და არ ცნობენ მის შედეგებს. ანალოგიურად, ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 2019 წლის 9 ივნისს გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ან  შედეგებს.
    ჩვენ კვლავ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
    ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომა ამ რეგიონებში, ასევე უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება.“

    შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში რაულ ხაჯიმბა და ალხაზ კვიწინია გავიდნენ.

    აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა 56% მივიდა, რაც ნიშნავს, რომ „არჩევნები“ ჩატარებულად მიიჩნევა. კანდიდატების მიერ მიღებული ხმების გამოქვეყნება 12 საათისთვის არის დაგეგმილი.

    „საპრეზიდენტო კანდიდატების“ შტაბების მიერ დათვლილი ხმების საფუძველზე ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ მეორე ტურში გავიდნენ მოქმედი „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა და პარტია „ამცახარას“ წარმომადგენელი ალხას კვიწინია.

    კვიწინიას 100-დე ხმით ჩამორჩა ოლეგ არშბა, რომელმაც უკვე აღიარა დამარცხება და ალხას კვიწინიას წარმატება უსურვა.

    „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური 8 სექტემბერს უნდა ჩატარდეს. ამ ინფორმაციას „სპუტნიკ-აბხაზია“ ავრცელებს.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური