პოლიციამ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიიდან თურქეთში სარეალიზაციოდ გამზადებული ავტომატი და 7 030 ვაზნა ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 15 თებერვალი 2019 11:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით გადატანის ბრალდებით, 1965 წელს დაბადებული რ.თ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა რ.თ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ, ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან, თურქეთის რესპუბლიკაში სარეალიზაციოდ გამზადებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 7 030 ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით გადატანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

წაკითხულია 134 ჯერ

Related items

  • სტუდენტური დასაქმების ფორუმი შინაგან საქმეთა სამინისტროში

    შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტური დასაქმების მეორე ფორუმი გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გახსნა.

    ,,სიმბოლურია, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, რადგან ჩვენი ახალი მიდგომით, სწორედ ეს არის კარი, რომელიც უნდა შეაღო, თუ გინდა, რომ სისტემაში მოხვდე. ჩვენ გათვლას ღია კონკურსზე ვაკეთებთ, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა, მოტივირებული კადრები მოვიზიდოთ. ეს დასაქმების ფორუმიც გვინდა, რომ ტრადიციად იქცეს და თბილისის ფარგლებს გასცდეს. შემოდგომაზე უკვე დასავლეთ საქართველოს მოვიცავთ. გვინდა, მეტად მივაწოდოთ ახალგაზრდებს ხმა, თუ დასაქმების რა შესაძლებლობები არსებობს ჩვენთან. დღევანდელ ფორუმზე წარმოდგენილი გვაქვს როგორც საპოლიციო, ისე არასაპოლიციო პოზიციები, რეალური ვაკანსიები, სტაჟირებები და ეს სტაჟირებაც, რეალურად, არის გზა, რომ შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოხვდეთ. იურისტებს, ალბათ, განსაკუთრებულად დააინტერესებთ გამომძიებლის სტაჟირების პროგრამა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დავნერგეთ და აღსანიშნავია, რომ ეს სტაჟირება ანაზღაურებადია. ასე რომ, ეს არის რეალური ვაკანსიები მათთვის, ვისაც ჩვენს სისტემაში უნდა მუშაობა", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ნინო ჯავახაძემ.

    ფორუმის მონაწილე სტუდენტებს სიტყვით ასევე მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგენიძემ.

    საქართველოს უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზე ჩატარდა. სამინისტროს სტრუქტურულმა დანაყოფებმა ახალგაზრდებს 400-მდე აქტიური ვაკანსია და სტაჟირების პროგრამა შესთავაზეს. 
    ფორუმის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ 17 უმაღლეს სასწავლებელთან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტთა მიერ სამუშაო პრაქტიკის გავლის საკითხებს მოიცავს.

    დასაქმების ფორუმზე სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა სამინისტროს საქმიანობის, სტუდენტთა სტაჟირების პოზიციების და მათ მიერ გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. მოეწყო თემატური პავილიონიც, სადაც სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფმა თავისი საქმიანობისთვის დამახასიათებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გამოფინა.

    სტუდენტური დასაქმების ფორუმის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ახალგაზრდა, მოტივირებული და კვალიფიციური კადრების მოზიდვა და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავება.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ფორუმი პირველად 2016 წელს ჩაატარა, რის შედეგადაც დასაქმებული სტუდენტები სამინისტროში დღესაც მუშაობენ.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია. პარალელურად, 19:00 საათზე აქცია დაიგეგმა პუშკინის სკვერში.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა აქციების მიმდინარეობის თითოეულ ადგილზე. აქციების მონაწილეთა მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის რეაგირებას მოახდენს. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.
     
    როგორც ერთი, ასევე, მეორე აქციის მონაწილეთა მხრიდან სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.
  • მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებენ

    შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით აგრძელებს ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას.

    პირველად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდს - POLICE.GE დაემატა ინოვაციური სერვისი - ვიდეოჯარიმების ონლაინ გადახდის ფუნქცია. ამიერიდან, მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას უკვე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც შეძლებენ, ერთი პლატფორმის პრინციპით.
    კერძოდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - police.ge, ე.წ. ჯარიმების კაბინეტს დაემატა ჯარიმის გადახდის ფუნქცია. აღნიშნული ფუნქცია მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ვებგვერდზე ნახონ ვიდეოჯარიმის სტატუსი და მისი არსებობის შემთხვევაში, ამავე გვერდზე, ყველაზე დაბალი საკომისიო გადასახადით - 1%, შეძლონ საჯარიმო ქვითრის გადახდა.
  • თურქეთში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ჩვენებურები“ ჩატარდა

    ქ. ინეგოლში საქართველოს საელჩოსა და სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით, ასევე ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის ორგანიზებით ფოკლორის საერთაშორისო ფესტივალი "ჩვენებურები" ჩატარდა.

    ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა რატი ბრეგაძემ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ და სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჯამბაზიშვილმა

     მათ  ხაზი გაუსვეს ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობას, როგორც ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის, ასევე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების საქმეში.
     
    საღამოს ფარგლებში,  დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა და საქართველოს ელჩმა ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის თავმჯდომარეს, ომერ ფარუქ დემირთაშს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
     
    ამასთან, ფესტივალის ფარგლებში, ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციაში ჩატარდა წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნება 1936-2003 წლებში თურქეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერს – ისტორიკოსსა და ეთნოგრაფს, მთარგმნელს, პოეტსა და პუბლიცისტს ჰაირი ჰაირიოღლუს (ვახტანგ მალაყმაძეს).
     
    ფესტივალზე საქართველოდან ჩამოსულმა ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა შეასრულეს ქართული ტრადიციული ცეკვები და სიმღერები.
     
    ფესტივალს ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თურქეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    როგორც საზოგადოებამ იხილა, პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

     მიუხედავად სამინისტროს მხრიდან მოწოდებისა, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ პარლამენტში შეჭრის მცდელობას, პოლიციელთა მიმართ წინააღმდეგობას, ძალადობას და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
     
    შესაბამისად, პარლამენტის შენობაში შეჭრის, მოქალაქეთა და სამართალდამცველთა ჯანმრთელობის დაზიანების და ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული, იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები.
     
    ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს მასობრივი არეულობის მოწყობისა და პარალამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას. სამართალდარღვევის და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე სამინისტრო მოახდენს რეაგირებას.

ბიზნეს ნიუსი

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ 4 ივლისი ამერიკელი ხალხ...

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური