საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 14 თებერვალი 2019 11:35

2019 წლის 13 თებერვალს, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ძი იენჩიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ.
შეთანხმების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა საქართველოსთვის გამოყოფს უსასყიდლო დახმარებას 100 მილიონი იუანის (დაახლოებით 15 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით, რომელიც მიიმართება საქართველოში საბაჟო-გამშვები პუნქტებისთვის საინსპექციო სისტემების შესაძენად. 
უსასყიდლო დახმარების ფარგლებში შეძენილი ტექნიკის მიმღები იქნება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
აღნიშნული უსასყიდლო დახმარების ფარგლებში შეძენილი აღჭურვილობა უზრუნველყოფს საზღვარზე პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით, მიზნობრივი საბაჟო კონტროლის სწრაფად განხორციელებას, ხელს შეუწყობს უსაფრთხოების დაცვასა და იმავდროულად, შეამცირებს საბაჟო შემოწმების პროცედურების ხანგრძლივობას, რაც წინგადადგმული ნაბიჯია კანონიერი და ეფექტიანი სავაჭრო თანამშრომლობის განვითარების კუთხით.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, 2005 წლიდან დღემდე, გრანტების სახით უკვე გამოყოფილია, დაახლოებით, 62 მლნ აშშ დოლარი, ხოლო შეღავათიანი სასაქონლო კრედიტის სახით - დაახლოებით 4.3 მლნ აშშ დოლარი. 
აღნიშნული უსასყიდლო დახმარებებით/უპროცენტო სასაქონლო კრედიტით ფინანსდება საქართველოსთვის პრიორიტეტული ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის პროექტები, რომელთა შერჩევა ხორციელდება მხარეებს შორის კონსულტაციების საფუძველზე.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდა და ამჟამად მიმდინარეობს ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჭიროებისთვის (ფსიქიატრიული საავადმყოფოების მშენებლობა სენაკსა და თელავში) ასევე, საქართველოს სოფლის მეურნეობაში ირიგაციისა და სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერა, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აღჭურვა შესაბამისი ტექნიკითა და მოწყობილობებით. ამასთან, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ჯანსაღი ცხოვრების წესის, მეწარმეობისა და ინოვაციების და სხვა ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდული ჰაბების შექმნის პროექტის განხორციელება.

წაკითხულია 271 ჯერ

Related items

  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

    საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, ლი იანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

    რწმუნებათა სიგელების ასლის გადაცემის ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, განხილულ იქნა საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი. ყურადღება გამახვილდა თანამშროლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. მხარეებმა იმსჯელეს „სარტყელისა და გზის“ ინიციატივაში (Belt and Road Initiative) საქართველოს ჩართულობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქმიანობის კოორდინაციას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონ მამუკა ბახტაძის 2019 წლის 1 ივლისს გამართული ვიზიტი ჩინეთის ქალაქ დალიანში, სადაც, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) ფარგლებში, შედგა მისი ორმხრივი შეხვედრა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან, ბატონ ლი კეციანთან.

    მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ჩინეთის სახელმწიფო მრჩევლისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის მაისში გამართულ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში და მის მნიშვნელობას.

    ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ არ დაიშურებს ძალისხმევას ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებისათვის. მან ასევე დაადასტურა ჩინეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დავით ზალკალიანმა კი, თავის მხრივ, „ერთი ჩინეთის პრინციპისადმი“ (One China Principle) ჩვენი ქვეყნის ერთგულებას გაუსვა ხაზი.

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთის ელჩს ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

  • პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის პერსპექტივა განიხილა

    ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა და საქართველოს რეგიონულ ცენტრად გარდაქმნის პერსპექტივა განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი კეციანმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს ქალაქ დალიანში, სახელმწიფო რეზიდენციაში გაიმართა. 

    მთავრობის მეთაურმა პრემიერ ლი კეციანს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70 წლის იუბილე მიულოცა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

    საუბრისას ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების სრულფასოვანი გამოყენების აუცილებლობას და საქართველოში მეტი ინვესტიციის განხორციელების მნიშვნელობას, განსაკუთრებით იმ სექტორებში, რომელთა საექსპორტო პოტენციალი მაღალია. 

    საქართველოს რეგიონულ ცენტრად ქცევის კონტექსტში, ხაზი გაესვა უმსხვილესი კომპანიების დაინტერესების აუცილებლობას, განახორციელონ ინვესტიციები და გახსნან რეგიონული ოფისები საქართველოში.

    აღინიშნა ხალხთაშორისი კონტაქტების როლი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების ხელშეწყობაში. 

    ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერა და არაღიარების პოლიტიკისადმი ერთგულება დაადასტურა.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჩინეთის საგარეო საქმეთა, კომერციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრები, ასევე სახელმწიფო რეფორმებისა და განვითარების კომისიის თავმჯდომარე, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტ სი ძინპინს ექვემდებარება. უმაღლესი დონის შეხვედრა მსგავსი ფორმატით პირველად გაიმართა, რაც, მხარეების შეფასებით, ორმხრივი ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ დონეზე გადასვლის დასტურია. 

    საქართველოს მთავრობის მეთაურმა პრემიერ ლი კეციანს ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დალიანში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევისთვის, რომელზეც სულ რამდენიმე ქვეყნის ლიდერია დაპატიჟებული. 

    მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თემატურ სესიაზე - Talent Transforming Technology. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი დალიანში 2 ივლისს დასრულდება.

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

  • 2022 წელს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე - „ევროპალია“ საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება

    შეთანხმებას ბრიუსელში, ეგმონტის სასახლეში ხელი მოაწერეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ და "ევროპალიას" თავმჯდომარემ ქაუნთ ჟორჟ ჟაკობ დე ჰახენმა.

    "ევროპალია საქართველოს" ფესტივალის ფარგლებში, ბელგიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში გაიმართება გამოფენები, კონცერტები, წარმოდგენები, ლიტერატურული ღონისძიებები, კონფერენციები და კინოჩვენებები, სადაც სხვადასხვა ტიპის შემოქმედებითი აქტივობის სახით, საქართველოს ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნება სრული მრავალფეროვნებით იქნება წარმოდგენილი.

    „ევროპალია“ 1969 წლიდან ბელგიის სამეფოში ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მაღალი დონის შემოქმედებითი და კულტურული ღონისძიებებით გამოირჩევა. ფესტივალების ციკლი 1,5 მილიონამდე დამთვალიერებელს იზიდავს.

  • დავით ზალკალიანმა ჩინეთის რესპუბლიკის ელჩი მიიღო

    2019 წლის 18 ივნისს გაიმართა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ძი იენჩის შორის, რომელიც საქართველოში თავის მისიას ასრულებს.

    განხილულ იქნა საერთო ინტერესის მქონე თემების ფართო სპექტრი, მათ შორის ეკონომი-კური მიმართულებით. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

    ხაზი გაესვა ჩინეთის სახელმწიფო მრჩევლისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ამასწინდელ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში და მის ისტორიულ მნიშვნელობას.
    ჩინეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დავით ზალკალიანმა კი, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი საქართველოს ერთგულებას.
    ~
    ყურადღება გამახვილდა „სარტყელისა და გზის“ გლობალურ ინიციატივაზე (Belt and Road Initiative) და მასში საქართველოს უფრო მეტ ჩართულობაზე.

    კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი ინვესტორი ქვეყანაა, რომლის ჩართულობითაც არაერთი პროექტი ხორციელდება, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რაც ხელს უწყობს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას.

    ჩინეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მისი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ის კვლავაც შეეცდება თავისი წვლილის შეტანას საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საქმეში. გამოითქვა იმედი, რომ ჩინეთის ახალი ელჩი, რომელიც საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამობრძანდება, იქნება ძალზედ წარმატებული, რაც ორივე ქვეყნის ინტერესს ემსახურება.

    დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ჩინეთის ელჩის განსაკუთრებულ როლს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში და ჩინელ დიპლომატს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

  • ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ძი იანჩისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
    მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის განვითარების დინამიკა შეაფასეს.

    აღინიშნა, რომ ბოლო წლებში, საქართველოსა და ჩინეთს შორის, მნიშვნელოვნად გააქტიურდა ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირები.

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

     

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური