სამხედრო პოლიციის უფროს ოფიცერთა საორიენტაციო კურსი DIBS-ში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 13 თებერვალი 2019 12:56

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) სამხედრო პოლიციის უფროს ოფიცერთა საორიენტაციო კურსი  დაიწყო.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა და ნატოს სამხედრო პოლიციის განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს ორი დღის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო პოლიციის 21-ე ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი გლენ შმიკი და ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესი სარდლობის (SHAPE) პირველი რანგის სამხედრო პოლიციის მეთაური, პოლკოვნიკი დენიელ ნორტი უძღვებიან.

ტრენინგის მიზანია თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის მაღალი რანგის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ნატოს სამხედრო პოლიციის ფუნქციების, ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში სამხედრო პოლიციის როლისა და შესაძლებლობების შესახებ. საორიენტაციო კურსის ფარგლებში მონაწილეები ნატოს სამხედრო პოლიციის საუკეთესო გამოცდილებას გაიზიარებენ, ნატოს სამხედრო პოლიციის სტანდარტებთან ურთიერთთავსებადობის საკითხებს გაეცნობიან და ნატოს დოქტრინებსა და პროცედურებს შეისწავლიან. ტრენინგის დასრულების შემდეგ, მსმენელები მიღებულ ცოდნას პირად შემადგენლობას გააცნობენ.

წაკითხულია 56 ჯერ

Related items

  • სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა

    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა. საქმე ეხება მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში” სავალდებულო სამხედრო მოსამხურეთა შორის მომხდარ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტს.

    დაკავება განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე. უახლოეს საათებში ბრალდებულებს ჩადენილი დანაშაულისათის წარედგინებათ ბრალი, ხოლო მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე.

  • გიორგი გახარიამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა

    შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა და ადგილზე მომუშავე პოლიციელებს პირადად შეხვდა.

     
    გიორგი გახარია თავდაპირველად სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს რეგიონალურ ბაზას ეწვია, ცხრაწყაროს ახლად გახსნილი საგუშაგო დაათვალიერა და თანამშრომლებს გაესაუბრა.
     
    დაცვითი ღონისძიებების მეტად ეფექტიანად განხორციელებისა და პირადი შემადგენლობის სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, ცხრაწყაროს მონაკვეთზე ახალი, კეთილმოწყობილი, კაპიტალური ბაზა აშენდა, რომელიც ყაზარმას, სამორიგეოს, სასადილოს, ასევე, თოვლმავლებისა და კვადროციკლების ავტოფარეხს მოიცავს.
     
    აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული მილსადენების საქართველოს მონაკვეთის ნაწილი წალკა-ტაბაწყური-ბაკურიანის ყველაზე რთულად დასაცავ პერიმეტრზე გადის. ცხრაწყაროს უღელტეხილზე მდებარე საგუშაგო ზღვის დონიდან 2450 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, სადაც ტემპერატურა ხშირ შემთხვევაში -10-დან -35 გრადუსამდე ეცემა.
     
    პროექტის ფარგლებში, ბაზაზე შეიცვალა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემაც, კერძოდ, დამონტაჟდა „ბულეტის“ ტიპის ანალიტიკური ფუნქციის მქონე სტატიკური კამერები, რომლებიც აღნიშნული მონაკვეთის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე შეირჩა. ბაზა, ასევე, აღიჭურვა მოძრავი ვიდეოკამერით, რომელიც ექსტრემალურ პირობებში შეუფერხებლად მუშაობს.
     
    ცხრაწყაროს საგუშაგოს შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაკურიანში საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში მშენებარე პოლიციის შენობა დაათვალიერა.
     
    ბაკურიანის პოლიციის ახალი შენობა და დროებითი მოთავსების იზოლატორი ზაფხულში გაიხსნება. მზარდი ტურისტული ნაკადის გათვალისწინებით, ახალ შენობაში ადგილობრივი განყოფილების თანამშრომლების გარდა, სეზონურად, საპატრულო პოლიციის სპეციალური დანაყოფებიც განთავსდებიან.
     
    გიორგი გახარიამ ბორჯომში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მშენებარე ინფრასტრუქტურაც მოინახულა, სადაც ახალი სახანძროს შენობის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება და 29 მანქანით, მთლიანად ბორჯომს მოემსახურება.
     
    შინაგან საქმეთა მინისტრი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პოლიციის სამმართველოებსაც ესტუმრა, მათ შორის ახალქალაქის განახლებული პოლიცია, დროებითი მოთავსების იზოლატორი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ასპინძის ბაზაც დაათვალიერა. გიორგი გახარიამ თანამშრომლებს სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები პირადად გააცნო.
     
    აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2018 წელს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, სწორედ საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, 20-მდე მაღალი გამავლობის, რთულ რელიეფურ პირობებზე მორგებული ავტომობილი და 100 სამხრე კამერა გადაეცა.
     
    საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს შინაარსობრივი რეფორმები და პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლება. შეიცვალა სამსახურში მიღების წესი და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია გახდა სისტემაში მოხვედრის ერთადერთი გზა, რაც იმას ნიშნავს, რომ საპოლიციო საქმიანობას მხოლოდ სათანადო კვალიფიკაციის მქონე და მომზადებული კადრები განახორციელებენ. ამჟამად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 24 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსია გამოცხადებული.
  • ზამთრის სამთო შუალედური კურსი გუდაურში

    პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში (PFP) შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს. სამთო კურსის მეორე ეტაპზე საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები გუდაურში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს სამთო უნარ-ჩვევების დახვეწაში ეხმარებიან, რომელიც მათ საბაზისო სამთო კურსის ფარგლებში შეასწავლეს. კურსში 14 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, მათ შორის 3 ქართველი, 2 ლატვიელი, 1 ბელარუსი, 1 აზერბაიჯანელი და 7 უკრაინელი. 

    ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მოვლენილი სამხედროები თოვლიან რელიეფზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას გადიან. კურსის ფარგლებში მათ უწევთ გაუკვალავ თოვლში სრიალი, თოკში ჩაბმული სრიალი, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა, გადარჩენა და ევაკუცია, ასევე უახლოეს სამედიცინო პუნქტამდე მიყვანა, თოვლში თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენება, ზვავსაშიშ ადგილებში თოვლის საფარის შემოწმება და ზვავის რისკების დადგენა. მსმენელებს საძებნი ხელსაწყოს A8 გამოყენებით ზვავში მოყოლილი ადამიანის აღმოჩენაც უხდებათ. 

    შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსის პირველი ეტაპი სამხედროებმა აბულის მთაზე გაიარეს. 

    შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი 8 თებერვალს დასრულდება. კურსის დასრულების შემდეგ სამხედროები სერტიფიკატებსა და სამკერდე ნიშნებს მიიღებენ. წარჩინებულ მსმენელებს ჯგუფის უფროსის კურსზე დასწრების რეკომენდაცია გაეწევათ.

  • კურსი “თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“ დაიწყო
    სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ რეგიონული მასშტაბის კურსი - „თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“ გაიხსნა. ტრენინგის მიზანს უსაფრთხოების სისტემაში მმართველობის პროცესთან და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება, საჭირო მეთოდების გაცნობა და უნარების განვითარება წარმოადგენს.
     
    კურსი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაკენზი სმიტმა და თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა, დავით გუნაშვილმა გახსნეს, მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.
     
     ორკვირიანი ტრენინგის განმავლობაში რეგიონში თავდაცვისა და უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ. კურსს ბრიტანელი ინსტრუქტორები გაუძღვებიან და მსმენელებს გამოცდილებას გაუზიარებენ. საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის, სტრატეგიული დაგეგმვის, თავდაცვის სისტემაში მართვის სპეციფიკის, ადამიანური რესურსების, ასევე, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებენ.
     
    კურსი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიის, კრენფილდის უნივერსიტეტის, დიდი ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მეათედ ხორციელდება.
  • კურსი „პოლიტიკის სტრატეგიული ანალიზი და რეპორტინგი“ დაიწყო

    საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა (DIB) და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით, ტრენინგი - „პოლიტიკის სტრატეგიული ანალიზი და რეპორტინგი“ დაიწყო.

    ტრენინგს უძღვებიან კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წარმომადგენლები, რომლებიც, ქართველ ექსპერტებთან ერთად, მსმენელებს სამი დღის განმავლობაში პოლიტიკის სტრატეგიული ანალიზის კუთხით გამოწვევების იდენტიფიცირების, მიმდინარე პრაქტიკისა და პერსპექტივის შესახებ გამოცდილებას გაუზიარებენ.

    ტრენინგს საქართველოს თავდაცვის უწყებისა და უსაფრთხოების სექტორის ის წარმომადგენლები ესწრებიან, რომლებიც ჩართულნი არიან პოლიტიკის დაგეგმვისა და ანალიზის, ასევე სტრატეგიული და ანალიტიკური დოკუმენტების შემუშავების პროცესში.

    კურსი საქართველოში საერთაშორისო და ადგილობრივი ტრენერების ჩართულობით უკვე მეორედ ტარდება; მომავალში კი, სასწავლო პროცესის ადგილობრივი რესურსებით წარმართვა იგეგმება.

    კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) ინტენსიურად თანამშრომლობენ. ინსტიტუტის ექსპერტები DIB სკოლას რეგულარულად სტუმრობენ და ქართულ მხარეს გამოცდილებას უზიარებენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური