განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 06 თებერვალი 2019 15:45

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.

რეფორმა განათლების სისტემის კომპლექსურ ცვლილებებს გულისხმობს და მოიცავს როგორც სკოლამდელ, ასევე, ზოგად, პროფესიულ, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას.

განათლების რეფორმის ფარგლებში 2021-2023 წლებისათვის სასკოლო მზაობის პროგრამა უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ყველა აღსაზრდელებისთვის. გარდა ამისა, დაინერგება ახალი სასწავლო პროგრამები და რესურსები, რომლებიც ინკლუზიური და სამოქალაქო განათლების პრინციპებს დაეფუძნება. შემუშავდება და დამტკიცდება მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალი მოდელი და სახელფასო პოლიტიკა.

ზოგადი განათლების მიმართულებით შემუშავდა უნარებისა და ღირებულებების განვითარებაზე, კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებაზე, სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებასა და წიგნიერებაზე ორიენტირებული „ახალი სკოლის“ მოდელი. იგი სკოლების ავტონომიასა და დეცენტრალიზაციას, უნიფიცირებული მიდგომიდან დიფერენცირებულ მიდგომაზე გადასვლას, სკოლის დირექტორის ლიდერად ჩამოყალიბებას, გადამზადებულ პედაგოგებს გულისხმობას. „ახალი სკოლის“ მოდელის პილოტირება 150-ე საჯარო სკოლაში წარმატებით განხორციელდა და მისი დანერგვა ეტაპობრივად 2024 წლისათვის ყველა სკოლაში მოხდება.

„ახალი სკოლის“ მოდელის ფარგლებში სკოლებში განახლდება კომპიუტერული კლასები, აღიჭურვება ინტერნეტითა და WiFi-ით. პირველკლასელთა ნეტბუქები მოდიფიცირდება თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებით (მაგ. Minecraft Education Edition, Scratch და სხვა). განვითარდება ვებგვერდის el.ge, სადაც თავმოყრილი იქნება საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსები. დაინერგება სთრიმინგ გაკვეთილები. საინტერესო სპიკერები ონლაინ რეჟიმში ჩაატარებენ ლექციათა ციკლს, რომელიც მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და მათემატიკური და ალგორითმული უნარების გაღრმავებაზე იქნება ორიენტირებული.

2018-2019 სასწავლო წელს მე-11 და მე-12 კლასელთათვის მოიხსნა გამოსაშვები გამოცდები. შეფასების ახალი მოდელის მიზანია უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი ზრდა, ეროვნული გამოცდების პროგრამის სასკოლო პროგრამასთან დაახლოება და მშობლების დანახარჯების შემცირება.

2020 წლიდან მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება: ქართულსა და უცხო ენაში. მესამე კი უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით განისაზღვრება: მათემატიკა - ტექნიკური, ხოლო ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.

მასწავლებლებისთვის გაუქმება კრედიტქულები. პედაგოგები გათავისუფლდებიან თვითშეფასების ვალდებულებისაგან. გამარტივდება და დაჩქარდება პროფესიაში კადრების შესვლის გზები.

2019 წელს თბილისსა და რეგიონებში 9 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და 265 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდება. განახლდება 8 სპეციალური სკოლაც. დაიწყება 35 ახალი სკოლის მშენებლობა. დაგეგმილია განათლებისა და მეცნიერების ქალაქის აშენება, რომელიც სხვადასხვა საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს.

უსაფრთხო, ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შესაქმნელად მანდატურის სამსახური სამ მნიშვნელოვან რგოლს გააერთიანებს: მანდატურს, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებსა და კრიზისული ინტერვენციის ჯგუფს, რომელიც კრიზისულ სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით შეიქმნა. 2019-2020 წლებში მანდატური წარმოდგენილი იქნება დამატებით 260 საჯარო სკოლაში. 8 არსებულ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს 2019 წელს სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში ორი ახალი დაემატება. გარდა ამისა, შეიქმნება მანდატურის სამსახურის 8 რეგიონული ცენტრი.

პროფესიული განათლება რეგიონული განვითარების საჭიროებებსა და სწრაფ დასაქმებაზე იქნება ორიენტირებული. დაგეგმილია ახალგაზრდების პროფესიული მიმართულებით დაინტერესება და მათთვის მომზადება-გადამზადების პროგრამების შეთავაზება. პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების ატესტატს გაუთანაბრდება. კერძო სექტორთან თანამშრომლობით კერძო პროფესიული სასწავლებლებიც დაარსდება.

უმაღლესი განათლების კუთხით შემუშავდა ორწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG 2015) დანერგვას ისახავს მიზნად. იგეგმება ცენტრის გაწევრიანება ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR), რაც უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული დიპლომების უპირობო აღიარებას ევროპაში და ქართველი და უცხოელი სტუდენტების მობილობა.

მეცნიერების მიმართულებით 2019 წელს ფონდი ევროკომისიის ინიციატივაში EURAXESS საქართველოს გაწევრიანდება. შეიქმნება EURAXESS-Georgia პორტალი, რომელიც EURAXESS-ის პანევროპულ პორტალთან ინტეგრირდება. პორტალში ამჟამად 40-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. EURAXESS-ში ჩართვა ქართველი მკვლევრებისათვის ხელმისაწვდომს გახდის ევროკავშირის შიდა სამეცნიერო რესურსებს და გაზრდის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში ჩართვის შესაძლებლობას. გამოიცემა ახალი რეფერირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის „საქართველოს მეცნიერების“ (Georgian Science). სახელმწიფო სრულად დააფინანსებს საჯარო და კერძო უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომას.

განათლების რეფორმა ყველა მიმართულებისათვის კომპლექსურ და მათ შორის ინტერდისციპლინურ მიდგომებს გულისხმობს, რაც განათლების ერთიანი სისტემის ტრანსფორმაციას უზრუნველყოფს.

 

 

წაკითხულია 184 ჯერ

Related items

  • სამუშაო შეხვედრა ეფექტიანი და ინკლუზიური პროფესიული განათლების უზრუნველსაყოფად

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ, გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდთან (GGF) თანამშრომლობით, სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა სადაც პროფესიული განათლებისა და გადამზადების დაფინანსების მოქმედი სქემა  და საერთაშორისო კარგი პრაქტიკის სკითხები განიხილეს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ,  პროფესიული განათლებისა და გადამზადების დაფინანსების პოლიტიკასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა, როგორც საშუალო, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.

    შეხვედრაში, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძემ, PwC-ის დირექტორმა და GGF-ის გუნდის ხელმძღვანელმა საქართველოში თამთა შერმადინმა და GGF-ის პროექტის ხელმძღვანელმა, ოლივერ დისმა გახსნეს, მონაწილეობა მიიღეს როგორც სამინისტროს, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

     „ჩვენი მიზანია, ჩამოვაყალიბოთ პროფესიული განათლებისა და გადამზადების დაფინანსების ეფექტური მექანიზმები, რითაც ხელს შევუწყობთ პროფესიული განათლების პოპულარობისა და მიმზიდველობის გაზრდას მოსახლეობაში, პროფესიული განათლებისა და გადამზადების ხარისხის გაუმჯობესებას დამსაქმებლების აქტიური ჩართულობის გზით, პროფესიული განათლების სისტემაში დინამიური და დივერსიფიცირებული სერვისების ჩამოყალიბებას, ასევე, უნდა გაიზარდოს ამ სისტემის შიდა ეფექტიანობაც. პროფესიული განათლებისა და გადამზადების პოლიტიკამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, სოციალურ ჩართულობას და მთელი ცხოვრების მანძილზე განათლების უზრუნველყოფას, ასევე, საქართველოს პროფესიული განათლებისა და

    გადამზადების სისტემის დაახლოებას ევროპის ერთიან საგანმანათლებლო სივრცესთან,“ - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაკიძემ.   

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიაში (2017-2021 წწ.) პროფესიული განათლების დაფინანსების ეფექტური მექანიზმების საჭიროება, რამაც თავის მხრივ მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის (LLL) პრინციპზე დაფუძნებულ პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შემოთავაზებულმა დაფინანსების ახალმა მოდელმა პროფესიული განათლების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოებასთან ერთად,  ხელი უნდა შეუწყოს (ა) დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია; (ბ) დამატებითი დაფინანსების  მოძიება; (გ) კერძო სექტორის ჩართულობა; (დ) დაფინანსების ეფექტური განაწილება ინსტიტუტებს, მიმართულებებსა და პროგრამებს შორის; და (ე) პროფესიული განათლების ეფექტიანი მართვა.

    PwC-ის საკონსულტაციო პრაქტიკის დირექტორისა და საქართველოში GGF-ის გუნდის ხელმძღვანელის, თამთა შერმადინის თქმით, პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებს დაფინანსების ახალი მოდელის შემოღებას. მისი აზრით, პროფესიული განათლების სისტემა იცვლება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ის უფრო მოქნილი ხდება, რაც თავის მხრივ მოითხოვს დაფინანსების დივერსიფიცირებული მექანიზმების შემოღებას. პროფესიული განათლების დაფინანსება ეფუძნება ხარჯების განაწილებას სახელმწიფოს, დამსაქმებლებსა და სტუდენტებს შორის: „დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის მხარდაჭერით ორგანიზებულ საკონსულტაციო შეხვედრაზე მოველით, რომ ამ კუთხით საქართველოსთვის საუკეთესო გადაწყვეტაზე შევჯერდებით, რაც თავის მხრივ უნდა აისახოს პროფესიული განათლების დაფინანსების მთავრობის დადგენილებაში.“ - განაცხადა თამთა შერმადინმა.

    სამუშაო შეხვედრა ორგანიზებულია დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის (GGF) პროექტის - „დაფინანსების დივერსიფიცირებული მექანიზმების შემუშავება საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემისთვის“ ფარგლებში. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტექნიკური დახმარების პროექტი ითვალისწინებს პროფესიული განათლების დაფინანსების დივერსიფიცირებული მოდელის შემუშავებას. საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებისგან შემდგარი გუნდი, მთავარ დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გზით, სამინისტროს დაეხმარება, შეიმუშაოს დაფინანსების ახალი, დივერსიფიცირებული მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს პროფესიული განათლებისა და გადამზადების ეფექტური და ინკლუზიური სისტემის ჩამოყალიბებას. ეს, თავის მხრივ, შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მთავრობას, მიაღწიოს პროფესიული განათლების მიწოდების რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს, ამასთან, შემცირდეს შრომითი ბაზრის მოთხოვნებთან არსებული შეუსაბამობა. 

  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადება

    16 სექტემბერს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყება.  ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

    მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა ერთეულ შემთხვევებში (20-მდე სკოლაში)  შესაძლოა მხოლოდ ორი კვირით  გადაიწიოს. ასეთ სკოლებში, გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით  შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.

    აღნიშნულის შესახებ, მშობლების ინფორმირებას სამინისტროს ინსტრუქციის საფუძველზე, სკოლების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

  • ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

    4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში გაიმართა ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია. ღონისძიებას წარუძღვა ჩინეთის სამხრეთს ავიახაზების, სინძიანის ფილიალის გენერალური დირექტორი ცაი ვენსი.

    ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჩინეთის კონსულმა საქართველოში ეკონომიკური და კომერციული საკითხებში ვან ლიანპომ , საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილემ გივი დავითაშვილმა, TAV Georgia-ს გენერალური დირექტორმა მეთ ერკალიმ. 

    ცაი ენსიმ საკუთარ მიმართვაში აღნიშნა, რომ „ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ფლოტი სიდიდით პირველია აზიაში ხოლო მესამე მსოფლიოში. 2018 წლის მიწურულისთვის ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ფრენებმა მოიცვა 39 ქვეყანა, 69 ქალაქი და 172 მიმართულება ერთი გზა ერთი სარტყელის ინიციატივის (BRI) ფარგლებში. ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებს ყოველწლიურად თხუთმეტ მილიონზე მეტი ტურისტი გადაყავს, რითიც ხელს უწყობს საჰაერო კორიდორის შექმნას ეკონომიკური თანამშრომლობისა და კოოპერაციისთვის. 

    ვან ლიანპომ, საქართველოში ჩინეთის კონსულმა ეკონომიკურ და კომერციულ საკითხებში, აღნიშნა, რომ ჩინეთ საქართველოს ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაიზარდა მიმდინარე წელს და ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელს მიაღწია. მისი თქმით ორ ქვეყანას შორის გაიზარდა და გაძლიერდა თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში და მიმართულებებში. ასევე გაზრდილია ხალხთა შორისი და კულტურული კავშირები. მისი თქმით ჩინეთი საქართველოს რიგითობით მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი.

    შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც 2011 წელს თბილისი-ურუმჩის გზა (ფრენა, რეისი, მიმართულება) გაიხსნა ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებმა შექმნა მოხერხებული ხიდი საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური, სავაჭრო, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებს აქვს ყველაზე მეტი ჩინური სატრანსპორტო თვითმფრინავი, ასევე ყველაზე განვითარებული სამარშრუტო ქსელი, უსაფრთხო და ყველაზე დიდი მგზავრთბრუნვა წელიწადში, რომელმაც 140 მილიონს მიაღწია 2018 წელს.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის მთავრობის დახმარებით ინსტიტუციური განვითარების პროექტს იწყებს

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა სამინისტროსა და აშშ-ს მთავრობის თანამშრომლობით დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს დიპლომატიური ინსტიტუტის შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებას.

    პროექტი რომლის ხანგრძლივობაც ერთი წელია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ფინანსური მხარდაჭერით „ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება 2020 (HICD2020)“ პროექტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს  ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლობით ხორციელდება.
     
    შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მიმართა და აღნიშნა, რომ “პროექტი, რომელიც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად  განხორციელდა დაეხმარება მკვლევარებს, დიპლომატებს, რომლებიც მოღვაწეობენ ამ ინსტიტუტში, დადონ მნიშვნელოვანი, ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც ჩვენი საგარეო პრიორიტეტების განხორციელებაში დაგვეხმარება“, განაცხადა დავით ზალკალაიანმა.
     
    პროექტის მნიშვნელობის და მიმდინარეობის შესახებ მოწვეულ სტუმრებთან ასევე ისაუბრეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა და დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორმა, თინათინ ბრეგვაძემ.  ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია ქართველი როგორც მოქმედი, ასევე მომავალი დიპლომატების პროფესიული განვითარების მიმართულებით არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ.
     
    პროექტის პრეზენტაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის და USAID-ის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

  • პრეზენტაცია „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით

    თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა და აღნიშნა, რომ   დიდი პატივია ჩავერთოთ სწავლებების იმ ციკლში, რომელსაც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობა ევროპის სამხრეთ ნაწილში პარტნიორ და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად ატარებს. „ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობა ჩვენი რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობისაა. ყველა წლის დინამიკა არის მაქსიმალურად მიმართული იმისკენ, რომ გაიზარდოს როგორც უშუალოდ ჩვენი თავდაცვის  ძალების, ისე ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. სწორედ, ეს არის უზრუნველყოფა იმ პრინციპისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ - მეტი ნატო საქართველოში,“ - განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით მიმართვისას.

    „Agile Spirit 2019“-ის  კონცეფციაზე კი, მოწვეულ სტუმრებს სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

    პრეზენტაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური და მისი მოადგილეები, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.

    მრავალეროვნულ სწავლებას „Agile Spirit 2019“ საქართველო 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. სამხედრო წვრთნები საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აშშ-ის ევროპის სარდლობების ხელმძღვანელობით ჩატარდება. სწავლება როგორც სამეთაურო-საშტაბო, ასევე საველე წვრთნებს მოიცავს.

    სწავლება მიზნად მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას ისახავს.

    „Agile Spirit 2019“ სამ ლოკაციაზე პარალელურად გაიმართება - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. მრავალმხრივია სწავლების სცენარიც, რომელიც სახმელეთო და საჰაერო კომპონენტების ჩართულობას ითვალისწინებს. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური