2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით 116 პირი ამხილა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 06 თებერვალი 2019 15:19

არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა და ასეთი კატეგორიის დანაშაულების არასრულწლოვან მსხვერპლთა ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი და გამოწვევაა.

2018 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით მხილებულ იქნა 116 პირი, რომელთაგან:

* 4 მხილებული იყო გაუპატიურების ჩადენაში (სსკ-ის 137-ე მუხლი);

* 2 - სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში (სსკ-ის 138-ე მუხლი);

* 24 - გარყვნილი ქმედების ჩადენაში (სსკ-ის 141-ე მუხლი);

* 86 - 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირში (სსკ-ის 140-ე მუხლი).

არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ, სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდელბლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებას და მათთვის მთელი რიგი უფლებების ჩამორთმევას. მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ სასწავლო, სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა, ასეთ დაწესებულებებში ყოფნა და ა.შ.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 138-ე, 139-ე და 141-ე მუხლებით მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას, რაც მიზნად ისახავს მსჯავრდებულთა მონიტორინგის გზით, დანაშაულის პრევენციას.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი, რომელიც თებერვლიდან პილოტურად ამოქმედდება და რომლის მიზანი გამოძიების მიმდინარეობისას მსხვერპლთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და მათთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივებაა.

წაკითხულია 84 ჯერ

Related items

  • პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავა, რომლებიც „მეტრომანის“ ბარათების მეშვეობით თანხებს უკანონოდ ითვისებდნენ

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ორგანიზებულ დანაშულთან ეფექტიანი ბრძოლა. ამჯერად, სამინისტრომ გამოავლინა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელმაც ერთ-ერთი კომპანია 136 ათასი ლარით დააზარალა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად და თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან თანამშრომლობით, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი: 1986 წელს დაბადებული რ.ა., 1975 წელს დაბადებული გ.ხ., 1988 წელს დაბადებული ნ.ჩ., 1992 წელს დაბადებული ი.მ., 1989 წელს დაბადებული გ.მ. და 1960 წელს დაბადებული დ.ს.

    დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოტყუებით ქონებრივი დაზიანება, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ასევე, ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლა.

    დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოქმედებდა და კომპანია "მეტრო სერვის +"-ს ქონებრივ ზიანს აყენებდა.

    აღსანიშნავია, რომ "მეტრო სერვის +" მოქალაქეებს სთავაზობს სამგზავრო-სატრანსპორტო მომსახურებით სარგებლობისთვის განკუთვნილ "მეტრომანის" ბარათებს და ახდენს მათ მიერ გადახდილი თანხების შესაბამისი სატრანსპორტო კომპანიებისთვის გადარიცხვას.

    სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დაკავებულები აღნიშნული კომპანიის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ აღწევდნენ და "მეტრომანის" ბარათებზე თანხებს ვირტუალურად ასახავდნენ. შემდგომ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ბარათს დროებით სარგებლობაში გადასცემდნენ სხვადასხვა პირს - ძირითადად ტურისტებს, რომლითაც ისინი მგზავრობის ღირებულებას იხდიდნენ.

    აღსანიშნავია, რომ ჯგუფის წევრებს დანაშაულებრივი ფუნქციები გადანაწილებული ჰქონდათ. კერძოდ, ჯგუფის ორგანიზატორები - დ.ს. და რ.ა. დანაშაულის მთელ პროცესს ხელმძღვანელობდნენ და ჯგუფის წევრებს შორის თანხებს ანაწილებდნენ; გ.მ., გ.ხ. და ნ.ჩ. რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე კლიენტებს იზიდავდნენ და მათგან თანხებს იღებდნენ; ი.მ. კი, რ.ა.-სთან ერთად, მობილურ ტელეფონში ჩაწერილი შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ბარათებზე თანხის ვირტუალურად ასახვას ახდენდა.

    აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ყოველდღიურად, მხოლოდ ერთი ბარათის გამოყენებით, დაახლოებით, 200-დან 300 ლარამდე უკანონო შემოსავალს იღებდნენ. საერთო ჯამში, ბარათებზე ხელოვნურად ასახული თანხების ოდენობამ, 2019 წლის დასაწყისიდან დაკავების მომენტამდე, 136 ათასი ლარი შეადგინა.

    სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით „მეტრომანის“ ბარათები, რომლებზეც უკანონოდ იყო ასახული თანხა. ასევე, ამოღებულია კომპიუტერული მოწყობილობა, რითაც ბარათებზე თანხის ასახვა ვირტუალურად ხდებოდა.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, 284-მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ 55 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა. სისხლის სამართლის 737 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული, განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, 55 მილიონი ლარია.

    შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით ეტაპობრივად ანადგურებენ.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 178 კილო და 667 გრამი ჰეროინი, 2088 აბი „სუბუტექსი“, „კოდეინის“ შემცველი 590 აბი, 38.471 გრამი მეტადონი, 525 აბი და 18.21 გრამი „მდმა“, 170 აბი „ტრამადოლი“, ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

    ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა. ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს, ღამის 00:00 საათიდან თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე დაგეგმილ მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ჭავჭავაძის გამზირზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება, კერძოდ ვარაზისხევიდან ჭავჭავაძის გამზირის და ატენის ქუჩის კვეთამდე.

     რეაბილიტაციის მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის არსებული სქემა და გარკვეულ ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება, კერძოდ:
     
    ვარაზისხევიდან ამომსვლელი ავტომანქანები იმოძრავებენ კორნელი კეკელიძის ქუჩაზე ნინო ჟვანიას ქუჩის მიმართულებით ან ფალიაშვილის ქუჩის გავლით მირცხულავას ქუჩის კვეთამდე, საიდანაც მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ ილია ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის პარკის მიმართულებით;
     
    ვაკის-პარკიდან რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი ავტომანქანები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით:
     
    ჭავჭავაძის გამზირიდან ავტომანქანები ავლენ არაყიშვილის ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ აბაშიძის ქუჩაზე მრგვალი ბაღის ან ვაკის პარკის მიმართულებით.
     
    მრგვალი ბაღიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები,პეტრიაშვილის ქუჩით ჩავლენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე.
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღაიანში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

    შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული მ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს.

     
    დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
     
    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს.
     
    დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
     
    გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მახათას მთაზე მდებარე ეკლესიის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, 12 მაისს, დილის 07:00 საათიდან, მახათას მთისკენ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება და იქნება ცალმხრივად “წრიული” შემდეგი მიმართულებით: ყველა სახის ამსვლელი ტრანსპორტისთვის მოძრაობა ნებადართული იქნება მხოლოდ ვაზისუბნის 2-მ/კ რაიონის მხრიდან, მახათის აღმართის გავლით, ხუდადოვის და ცაიშის ქუჩების მიმართულებით.

    ასევე ტრანსპორტს შეეძლება ცალმხრივად მხოლოდ ამსვლელი მიმართულებით იმოძრაონ შემდეგი ქუჩებით: ავლაბრის მოედანი, გუმბრის ქუჩა, საინგილოს ქუჩა, ნიაბის ქუჩის გავლით მახათის მთაზე.

    საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: მეტროსადგურ "ვარკეთილი", ვაზისუბნის 2-მ/რ, მახათას აღმართი, ხუდადოვის ქუჩა, თბილისის ზღვა, ჰუალინგის მიმართულებით. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან - ავლაბრის მოედანი, ვარკეთილი, ვაზისუბანი 2-მ/რ, მახათას აღმართი, ცაიშის ქუჩის გავლით, საბჭოს მოედნის მიმართულებით.

    აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით საგზაო მოძრაობას საპატრულო პოლიცია დაარეგულირებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური