მედიათეკების გაერთიანებასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 05 თებერვალი 2019 15:24

თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ვაკის და ვარკეთილის მედიათეკებში ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ, თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორმა ნინია მაჭარაშვილმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ.

როგორც სოფიო ხუნწარიამ აღნიშნა, პროექტების მიზანია დედაქალაქში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.

„არაერთხელ გაჟღერებულა ჩვენი მხრიდან, რომ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება და დღეს სწორედ ამ მიზნით მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს. ამ თანამშრომლობით ორ ძალიან საინტერესო პროექტს ჩაეყრება საფუძველი.   ვაკის მედიათეკაში გაიხსნება კაფე, სადაც პროფესორ-მასწავლებლები კვირაში ერთხელ ჩაატარებენ ლექციებს. ასევე, ვარკეთილის მედიათეკაში აბიტურიენტებისთვის შეიქმნება კურსი, რომელიც მათ მისაღები გამოცდებისთვის მოამზადებს. დასწრება იქნება თავისუფალი და ეს ყველაფერი იქნება სრულიად უსასყიდლოდ“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი ორივე პროექტი სტარტს 1 მარტიდან აიღებს. „სამეცნიერო კაფე“ ვაკის მედიათეკის ვერანდაზე მოეწყობა და ილიას უნივერსიტეტის პროფესორები, კვირაში ერთხელ, სტუდენტებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, დარგობრივ ლექციებს ჩაატარებენ. ვარკეთილის მედიათეკაში კი აბიტურიენტებისთვის საკვირაო სკოლა გაიხსნება, სადაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსს ორ საგანში ჩაატარებენ. გაკვეთილებზე დასწრება თავისუფალი იქნება.

წაკითხულია 510 ჯერ

Related items

  • ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო), თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას და 18 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

    „ჩვენ საერთაშორისო პარტნიორთან, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით იქმნება გარკვეული პლატფორმა, სადაც ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვიმსჯელოთ და შევთანხმდეთ  გარკვეულ საკითხებზე, რომელიც კითხვის ნიშნებს მოხსნის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ მემორანდუმზე ხელმოწერა არის უპირობოდ მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ ღონისძიების დასრულების შემდეგ.

    თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის სახელით დოკუმენტს ხელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილმა მოაწერა; როგორც მან განაცხადა აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციაა, რომელიც არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებას ემსახურება. „დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების ერთგვარ განმარტებას. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია, რომელიც წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და უწყებათაშორისი კომისიის მიერ დამკვიდრდა და ემსახურება იმას,  რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში. რაც მთავარია ემსახურება იმასაც, რომ მხარეებს ჰქონდეთ წინასწარ ზუსტი ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ საკანონმდებლო ჩანაწერის განმარტება“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

    მემორანდუმზე ხელმოწერა და ამით მის პრინციპებთან მიერთება შეუძლია არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური პარტიების იმ წარმომადგენლებს, ვინც იზიარებს მემორანდუმის მუხლებში მითითებულ განმარტებებს.

    ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან  (IFES) თანამშრომლობით შეიმუშავა. IFES-ი მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას ბოლო რამდენიმე საერთო არჩევნებზე უწევს ფასილიტაციას, რაც საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

  • PSP-სა და ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

    PSP-სა და ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა შემდგომი სტაბილური თანამშრომლობის გაგრძლების შესახებ. სპორტულ ცენტრ „იმედში“ მემორანდუმის გაფორმებას თან ახლდა მინი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ახალგაზრდული ნაკრების ახალი ფორმის პრეზენტაცია; ამასთან, კოპმანია PSP-მ ნაკრების წევრებს სასაჩუქრე ნაკრებები გადასცა და მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.

    ახალგაზრდული ნაკრები ,,მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის’’ ბაზაზე ჩამოყალიბდა და მსოფლიოს მინი ფეხბურთის ახალგაზრდულ (U23) ჩემპიონატში პირველად მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატი უკრაინის დედაქალაქ კიევში, მიმდინარე წლის 12-15 აგვისტოს ტადრება.   

    „მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგაში“ წელს თბილისის 100-მდე სკოლის 1000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა; ჩემპიონატი 4 თვის მანძილზე მიმიდნარეობდა  და 450-ზე მეტი მატჩი ჩატარდა. „მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა“ 2019 წელს ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციის მიერ დაარსდა კამპანიის ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს’’ ფარგლებში და ამ დროიდან PSP მისი მხარდამჭერია, რადგან პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. მოხარულები ვართ რომ წელს ბევრად მეტმა სკოლამ და მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და ამ გუნდების ბაზაზე დაარსებული ნაკრები პირველად მიემგზავრება მინი ფეხბურთის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ნაკრებს ჩემპიონატზე და გვჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა უკვე დიდი გამარჯვებაა“ - აცხადებენ PSP-ში.

    ,,მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა’’ 2019 წელს ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციამ, ქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კომპანია PSP-ს მხარდაჭერით, კამპანიის ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს’’ ფარგლებში დააფუძნა.

  • USAID და BP ერთობლივი ძალებით უწყობენ ხელს საქართველოს თემების განვითარებას

    თბილისი, საქართველო- 2021 წლის 27 ივლისიUSAID საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა და BP საქართველოს ხელმძღვანელმა აიტან ჰაჯიევამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც ორივე ორგანიზაცია ერთობლივად შეუწყობს ხელს საქართველოს თემების გაძლიერებას. მემორანდუმის ფარგლებში USAID, bp-ისთან ერთად ხელს შეუწყობს რეგიონებში ეკონომიკის გაძლიერებას. ამასთანავე, USAID და bp შეეცდებიან ერთობლივი ძალებით მოიძიონ ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც კლიმატური ცვლილებების გადაჭრას შეუწყობს ხელს და წაახალისებს რეგიონალურ თანამშრომლობას.

    USAID-ის მზარდი აქცენტი კერძო სექტორის ჩართულობაზე

    არსებული მემორანდუმი ასახავს USAID-ის სტრატეგიის ერთ-ერთ მიზანს - გააფართოვოს და გააღრმავოს კერძო სექტორთან თანამშრომლობა, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს მდგრად განვითარებას. კერძო სექტორთან პარტნიორობით სააგენტო მიზნად ისახავს გააძლიეროს  საქართველო გარე მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ, შექმნას ანგარიშვალდებული ინსტიტუტები და მიაღწიოს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.  USAID მოხარულია bp-სთან პარტნიორობით და ელის, რომ ერთად შეძლებენ მედეგობის გაძლიერებას რეგიონებში და ისეთი აქტივობების განხორციელებას, რომლებიც შეამცირებს კლიმატურ ცვლილებებს.

    “bp საქართველოსთან დაწყებული ეს პარტნიორობა შესაძლებლობას მისცემს USAID-ს გავაძლიეროთ საქართველოს რეგიონების მედეგობა, რომელიც 2020 წელს დაწყებული ჩვენი განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია “- განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში პიტერ ვიბლერმა. „bp და USAID წლების განმავლობაში თანამშრომლობენ, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოს თემებში მედეგობას და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, მათ შორის მოწყვლად მოსახლეობას, რომელებიც  საქართველოს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ცხოვრობენ. ველით, რომ ერთად შევქმნით და დავაფინანსებთ ახალ ინიციატივებს, რომლებიც დადებითად აისახება საქართველოს მოსახლეობაზე.“

    bp საქართველოს ხელმძღვანელმა, აიტან ჰაჯიევამ განაცხადა, რომ „bp-ის მდგრადი განვითარების სტრატეგიის მთავარი ღირებულებაა მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესება.  რაც ასევე ხელს უწყობს ჩვენი გეგმის განხორციელებას  - განახლებული ენერგიით უზრუნველვყოთ მოსახლეობა და დედამიწა. ჩვენი მიზანია გავაერთიანოთ ეს ძალისხმევა USAID-თან, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება და რესურსები, რათა ხელი შევუწყოთ მდგრად განვითარებას იმ თემებში, რომლებშიც ჩვენ ვმუშაობთ. ეს თანამშრომლობა საქართველოს მოსახლეობას დაეხმარება მედეგობის გაზრდაში, რასაც მოჰყვება მდგრადი შემოსავლები ოჯახებისა და დასაქმებული ადამიანებისათვის.“

    არსებული პარტნიორობის განვითარება

    ურთიერთგაგების მემორანდუმი ეფუძნება USAID -სა და bp-ს შორის  უკვე არსებულ წარმატებულ პარტნიორობას. 2018 -2020 წლებში USAID-მა პროგრამის „ზრდა საქართველოში“ ფარგლებში ითანამშრომლა bp-სთან. ამ თანამშრომლობის შედეგად განახორციელდა ერთობლივი პროექტები ბაქო- თბილისი-ჯეიჰანის და სამხრეთ კავკასიის მილსადენებთან  არსებულ  41 სოფელში შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. USAID-მა და bp-მ ერთობლივად დააფინანსეს 685 000 აშშ დოლარის ღირებულების პროექტები, რომლის ფარგლებში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების გაფართოების მიზნით ადგილობრივ მოსახლეობას გადაეცა გრანტები, ჩაუტარდა ტრენინგები და გაეწია ტექნიკური დახმარება.

    USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში:

    აშშ წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს  დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები.  1992 წლიდან USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgiaAbout.  

    bp-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში:  bp უკვე 25 წელია საქართველოში  ნავთობის და გაზის მსხვილ პროექტებზე მუშაობს თავისი პარტნიორების სახელით. ბაქო-სუფსის და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენები, ასევე სამხრეთ კავკასიის გაზსადენი ხელს უწყობენ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ენერგორესურსებით ამარაგებენ საერთაშორისო ბაზრებს. კომპანია  ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია ქვეყანაში.  დღემდე ენერგო ინფრასტრუქტურაში  4 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 100 მილიონი აშშ დოლარი  დაიხარჯა და მიმართულია მდგრადი განვითარების პროექტებზე.  ნავთობისა და გაზის პროექტების პარტნიორებთან, დონორებთან და ბიზნესპარტნიორებთან ერთად მხარს ვუჭერთ ადგილობრივ თემებს და ფართო საზოგადოებას, რომლის ფარგლებშიც ვახორციელებთ პროგრამებს როგორიცაა - ენერგიასთან და ენერგო ეფეტურობასთან წვდომა, ბიზნეს სტარტაპები და სოფლის მეურნეობა, განათლება და პარალიმპიური სპორტი. 2003 წელს bp-მ და მისმა ნავთობისა და გაზის პარტნიორებმა დაიწყეს ახალი პროგრამა- „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების  ინიციატივა“, რომლის ფარგლებშიც ბოლო 18 წლის განმავლობაში 27 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.  www.bpgeorgia.ge  

    BP საქართველოს პრეს-რელიზი

  • ლიბერთი ბანკი მცირე საოჯახო სახლებისა და თავშესაფრების მხარდაჭერას აგრძელებს

    10 მარტი, 2021, თბილისი - დღეს, ხელი მოეწერა ლიბერთი ბანკსა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შორის მემორანდუმს. მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთი კვლავაც რჩება სააგენტოს გამორჩეულ პარტნიორად და აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის - #ლიბერთიგულით ფარგლებში, წლების წინ დაწყებულ საქმეს - ქვეყნის მასშტაბით არსებული, 54 მცირე საოჯახო ტიპის სახლისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრის კომუნალური ხარჯების ანაზღაურებას მთელი წლის განმავლობაში.

    ლიბერთი ბანკი სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურს სრულად აფინანსებს, რაც მთელი წლის განმავლობაში 500 000 ლარამდე შეადგენს. 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 278 ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის 56 შშმ პირი. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა და დღის ცენტრებში ყოველდღიურ მომსახურებას ქუჩაში მცხოვრები 168 ბავშვი იღებს. „კერძო სექტორის მხრიდან სახელმწიფო უწყების მხარდაჭერა და გვერდში დგომა კომპანიის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს, მით უფრო როცა საქმე ეხება სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფ ბავშვებსა და მოხუცების საცხოვრებელ საოჯახო ტიპის სახლების და თავშესაფრების ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფასა და კომუნალური ხარჯების ანაზღაურების დაფარვას. სააგენტოსთან პარტნიორული თანამშრომლობა წლების განმავლობაში უწყვეტად გრძელდება, სამაგალითოა შეთანხმების ჯეროვანი შესრულებაც.

    ლიბერთიმ დაამტკიცა, რომ აქტიურად მონაწილეობს საზოგადოების განვითარებაში, არის პასუხისმგებლიანი კომპანია და უდიდესია მათი დახმარება, რისთვისაც ჩვენ კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდით“, - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი, მერი მაღლაფერიძე. „ჩვენი მხარდაჭერა, მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებისთვის მხოლოდ კომუნალური ხარჯების ანაზღაურებით არ შემოიფარგლება. გასულ წელს განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დადგა მთელი ქვეყანა და პრიორიტეტს უკვე ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა წარმოადგენდა. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა #ლიბერთიგულით, რომლის ფარგლებში, სხვა მასშტაბურ პროექტებთან ერთად, მთელი წლის განმავლობაში მაქსიმალურად მხარში დავუდექით თავშესაფრებს პროდუქტებითა და მედიკამენტებით. ასევე, ჩავერთეთ სხვადასხვა მოხალისეობრივ საქმიანობებში, რომ ამ სახლების ბენეფიციარებისთვის იზოლაციის პერიოდი შეგვემსუბუქებინა. ჩვენ ვცდილობთ გულით ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ყოველთვის ვიყოთ იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.“ - ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი, ვასილ ხოდელი. ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 617 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.libertybank.ge

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

  • აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

    აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმზე ხელმოწერა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. 

    ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში ქით ქროქი, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე და აკაკი საღირაშვილი, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გიორგი ციკოლია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

    მემორანდუმში ხაზგასმულია აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელების (5G) განვითარების მიმართულებით. მემორანდუმის თანახმად, 5G იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას აპლიკაციების ფართო სპექტრი, მათ შორის, რომლებიც გამოყენებული იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომსახურების მისაწოდებლად, რაც სარგებელს მოუტანს ორი ქვეყნის მოქალაქეებსა და ეკონომიკებს. 

    ამავე დროს, 5G-ის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დოკუმენტში აღნიშნულია საკომუნიკაციო ქსელების შეფერხებებისა ან მანიპულირებისგან დაცვის მნიშვნელობა. მემორანდუმში ხაზგასმულია 5G ბაზრებზე საიმედო და სანდო ქსელის აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლების მხარდაჭერის აუცილებლობა ეროვნული უსაფრთხოების რისკის პროფილის შეფასების გათვალისწინებით და, ასევე, ისეთი ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის საჭიროება, რომლებიც ეფექტურად იცავს 5G ქსელებს არასანქცირებული წვდომისგან ან ჩარევისგან. დოკუმენტის თანახმად, ბაზარზე მომწოდებლების შეფასებისას მნიშვნელოვანია ისეთი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობა, როგორიცაა კანონის უზენაესობა; უსაფრთხოების გარემო; მიმწოდებლის ეთიკური  პრაქტიკა; მიმწოდებლის შესაბამისობა უსაფრთხოების სტანდარტებსა და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკასთან.

    მემორანდუმის მიხედვით, მხარეები აღიარებენ, რომ 5G მომწოდებლებმა უნდა უზრუნველყონ ისეთი პროდუქტები და მომსახურება, რაც საშუალებას მისცემს ინოვაციების განვითარებას და ხელს შეუწყობს ეფექტურობას. ამ პროდუქტებმა და მომსახურებებმა უნდა უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია და ხელი შეუწყონ შემდგომ განვითარებას ბაზარზე მაქსიმალური მონაწილეების ჩართულობით. 

    მემორანდუმის შესაბამისად, მომავალი თაობის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვის შექმნის ხელშესაწყობად, აშშ და საქართველო როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში ითანამშრომლებენ ინოვაციებზე, რათა უზრუნველყონ მრავალფეროვანი და ძლიერი მიწოდების ჯაჭვი უსაფრთხო და სანდო მომავალი თაობის უსადენო ტექნოლოგიების ქსელისთვის.

    მემორანდუმის საფუძველზე აშშ-ის მთავრობასთან საქართველოს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს 5G ქსელების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაცვას, მონაცემთა დაცვას და ადამიანის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მომავალი თაობის ინტერნეტ სანდო ეკოსისტემის, ციფრული სერვისების და მთლიანად ციფრული ეკონომიკის განვითარებაში.

    5G ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარება ახალი შესაძლებლობაა საქართველოსთვის. ეს არის ახალი თაობის ტექნოლოგია, რომელიც წარმოუდგენელი სიჩქარის კომუნიკაციას და კავშირს უზრუნველყოფს. 5G ტექნოლოგიის დანერგვა ასევე გარდაქმნის და სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს სექტორებს, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა და სხვ.

    5G ტექნოლოგია ადამიანებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გაიმარტივონ ცხოვრება და მიიღონ ისეთი მომსახურებები, რომლის რესურსი და შესაძლებლობაც აქამდე არ ჰქონდათ.  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც ახალი თაობის ინტერნეტი განავითარებს, ჯანდაცვას ეხება. 5G ინტერნეტის მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა, დაინერგოს ახალი ტიპის სამედიცინო პროცედურები. 5G მნიშვნელოვანია განათლების სისტემისთვის, რომელიც პანდემიის შედეგად დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. ინოვაციური ტექნოლოგია განათლების სისტემას აძლევს საშუალებას, უფრო ეფექტურად შეძლონ დისტანციური სწავლება როგორც მოსწავლეებისთვის, ისე სტუდენტებისთვის.

    საქართველოსა და აშშ-ს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის ხელმოწერით, საქართველო მიუერთდა „Clean Network“ ინიციატივას, რაც თავის მხრივ ხაზს უსვამს სანდო მომწოდებლებისგან 5G ქსელის უსაფრთხოებისათვის საჭირო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების გამოყენებას, მოქალაქეთა კონფიდენციალურობისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვას და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

    ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაცია

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« ნოემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური