მ. ბახტაძე ევროკავშირის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში ტ. კლაარს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 თებერვალი 2019 14:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობაზე, ასევე  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობის შესახებ.

განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება. ხაზი გაესვა კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობების აღდგენის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ისახავს მიზნად. კერძოდ, განიხილეს სამი მიმართულება - განათლება, ჯანდაცვა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. აღინიშნა, რომ ამ სფეროებში ცალკეული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ხალხთა შორის ურთიერთობების აღდგენას.

წაკითხულია 126 ჯერ

Related items

  • საქართველოს პრეზიდენტმა ნორვეგიის პრემიერთან ურთიერთობების გააქტიურების საკითხი დააყენა

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნორვეგიასთან ურთიერთობების გააქტიურების საკითხი დააყენა ნორვეგიის პრემიერთან ერნა სოლბერგთან შეხვედრაზე, რომელიც ჟენევაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართა. ნორვეგიის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

    ერნა სოლბერგი დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით და საქართველოს პრეზიდენტმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მას ბოლო პერიოდში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის, რუსიფიკაციისა და მასობრივი პასპორტიზაციის საკითხებზე.

    საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აფხაზეთში აფხაზური ენა საფრთხის ქვეშაა და მას დაცვა და შენარჩუნება სჭირდება. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს და ნორვეგიის პრემიერმა საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს მაღალი შეფასება მისცა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს კანდიდატების მხარდჭერის საკითხი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) ევროპის რეგიონის რეგიონული დირექტორის პოსტზე და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის პოსტზე. ასევე აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიის თვალსაზრისით ნორვეგიის გამოცდილებისა და მიღწევების გაზიარება, როგორც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, ასევე შავი ზღვის ეკოსისტემის დაცვისა და შავ ზღვაში თევზის რეწვის სფეროს რეგულირებაში. საუბარი შეეხო პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ნორვეგიის გამოცდილების გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებასაც.
    ,,ყოველთვის სასიამოვნოა ახალ ქალ ლიდერებთან შევხედრა, რომლებიც საკმაოდ ცოტანი ვართ.
    საუბარი შეეხო საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას"- აღნიშნა ერნა სოლბერგმა. 
    ნორვეგიის პრემიერმა მნიშვნელოვანი უწოდა თბილისში ნორვეგიის ხსნის საელჩოს გახსნისბგადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ეს გაზრდის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.
    ,,ჩვენ მოუთმენლად ველით ამას", - აღნიშნა ნორვეგიის პრემიერმინისტრმა. 
    მისი თქმით, შეხვედრისას საუბარი შეეხო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის  პროფესიული განათლების მიმართულებით. 
    ,,ვისაუბრეთ პროფესიულ მომზადება-გადამზადებაზე. ამ სფეროში ვფიქრობ, რომ შეგვიძლია უფრო მეტად ვიმუშაოთ ერთობლივად"- განაცხადა ერნა სოლბერგმა.

  • საქართველოში ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმოს მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება

    საქართველოში ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმოს მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება, - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს კომპანია „აი გრუპისა" და ჩინური კომპანია „ჩანგანის" წარმომადგენლებს შეხვდა.

    პროექტის თანახმად, კომპანია „აი გრუპი" ქუთაისში 100 ჰექტარ ტერიტორიაზე 24 თვეში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ქარხანაში 300-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება, საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვეში კი არანაკლებ 5 000 ელექტრომობილისა დამზადდება. 

    პრემიერ-მინისტრისა და კომპანიის წარმომადგენლების შეხვედრისას მნიშვნელოვნად შეფასდა ის ფაქტი, რომ საწარმო მთავრობის ხელშეწყობით აშენდება და იქნება რეგიონში პირველი ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით.

    მთავრობის მეთაურმა საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩინეთის განსაკუთრებულ  ურთიერთობებს და განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობის ნაწილი იყოს ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა „ჩანგანი". როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც  ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აქვს და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. გარდა ამისა, საქართველო არის ერთ-ერთი პირველი, ვინც მონაწილეობა მიიღო „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივაში.

    პრემიერ-მინისტრის, „აი გრუპისა" და „ჩანგანის" წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებით მემორანდუმები გაფორმდა. დოკუმენტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი დუგლაძემ, ქართულმა კომპანია „აი გრუპისა" და ჩინური კომპანია „ჩანგანის" წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი.

    რეგიონში პირველი ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. სამშენებლო სამუშოები ქუთაისში უახლოეს თვეებში დაიწყება.

  • პრემიერ-მინისტრმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა

    თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

    თურქეთის თავდაცვის მინისტრს, რომელიც თბილისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სტუმრობს, პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

    შეხვედრის დასაწყისში ჰულუსი აქარმა მამუკა ბახტაძეს 26 მაისი მიულოცა.

    საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და აღინიშნა ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა.

    ხაზი გაესვა  თავდაცვის სფეროში საქართველო-თურქეთის ურთიერთობების მნიშვნელობას  საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების კონტექსტში. აღინიშნა ამ კუთხით საქართველოსთვის თურქეთის მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

    შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და თურქეთის პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივას.

    პრემიერ-მინისტრმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს  საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

    შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.

    პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

  • საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

    23 მაისს, საქართველოს, პირველი ოფიციალური ვიზიტით, ეწვევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი.

    საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან.

    ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით; ასევე, ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის განვითარებაზე „სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის ფარგლებში. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

    ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ- მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან.

  • პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის სენატის მარშალს უმასპინძლა

    პოლონეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და პოლონეთის სენატის მარშალ სტანისლავ კარჩევსკისს შეხვედრისას აღინიშნა.

    განხილული იყო როგორც ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები და პერსპექტივები, ასევე  საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები.

    შეხვედრაზე  ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მათ შორის ვაჭრობასა და სექტორულ ურთიერთობებზე. ხაზი გაესვა ვაჭრობის კუთხით არსებულ პოზიტიურ დინამიკას და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობას და ამ პროცესში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის როლს, რომლის მორიგი სხდომა ივნისში გაიმართება. პოზიტიურად შეფასდა პოლონეთის ინვესტიციისა და ვაჭრობის სააგენტოს დაარსება საქართველოში.

    მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირებზე. აღინიშნა, რომ საქართველოში ცოტა ხნის წინ დაარსებული პოლონეთის ინსტიტუტი ხელს უწყობს ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი და სენატის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური