პრემიერ-მინისტრი უშგულის მოსახლეობას რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 თებერვალი 2019 15:17

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს უშგულში იმყოფებოდა. 

მთავრობის მეთაური უშგულის ლამარიას - ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ეზოში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა, მათ პრობლემებს გაეცნო და მოსახლეობისგან წინადადებები მოისმინა.

ადგილობრივების ძირითად პრობლემას გზების მოწესრიგება, უძველესი კოშკების აღდგენა-გამაგრება, წყლის სისტემის გაუმართაობა და ელექტრობოძებისა და გაყვანილობის რეაბილიტაცია წარმოადგენს. 
მთავრობის მეთაურმა ადგილობრივებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2019-2020 წლებში რეგიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, რისთვისაც 100 მილიონი ლარია გამოყოფილი.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უშგულში ტურიზმი სწრაფად ვითარდება, რასაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სჭირდება.

მამუკა ბახტაძემ უშგულის ურბანულ განახლებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უკვე დასრულებულია მუშაობა გენერალურ გეგმაზე, რაც უშგულის გეგმაზომიერ განვითარებას შეუწყობს ხელს, ისე, რომ უძველესი სახლებისა და კოშკების პირვანდელი იერსახე შენარჩუნდეს.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში ადგილობრივების მაქსიმალური ჩართულობისა და თანადგომის მნიშვნელობას.

მოსახლეობა ასევე დაინტერესდა პროგრამით, რომელიც საოჯახო სასტუმროების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პრემიერ-მინისტრმა მათ პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
უშგულის მცხოვრებლების თხოვნის შესაბამისად, მთავრობის მეთაურმა შესაბამის უწყებებს უკვე დაავალა, რომ ელექტროენერგიის მიწოდებისა და წყალმომარაგების სისტემაში არსებული შეფერხებები უახლოეს მომავალში აღმოიფხვრას.

წაკითხულია 100 ჯერ

Related items

  • პრემიერ-მინისტრმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა

    თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

    თურქეთის თავდაცვის მინისტრს, რომელიც თბილისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სტუმრობს, პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

    შეხვედრის დასაწყისში ჰულუსი აქარმა მამუკა ბახტაძეს 26 მაისი მიულოცა.

    საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და აღინიშნა ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა.

    ხაზი გაესვა  თავდაცვის სფეროში საქართველო-თურქეთის ურთიერთობების მნიშვნელობას  საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების კონტექსტში. აღინიშნა ამ კუთხით საქართველოსთვის თურქეთის მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

    შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და თურქეთის პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივას.

    პრემიერ-მინისტრმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს  საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

    შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.

    პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

  • საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

    23 მაისს, საქართველოს, პირველი ოფიციალური ვიზიტით, ეწვევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი.

    საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან.

    ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით; ასევე, ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის განვითარებაზე „სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის ფარგლებში. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

    ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ- მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან.

  • პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის სენატის მარშალს უმასპინძლა

    პოლონეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და პოლონეთის სენატის მარშალ სტანისლავ კარჩევსკისს შეხვედრისას აღინიშნა.

    განხილული იყო როგორც ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები და პერსპექტივები, ასევე  საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები.

    შეხვედრაზე  ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მათ შორის ვაჭრობასა და სექტორულ ურთიერთობებზე. ხაზი გაესვა ვაჭრობის კუთხით არსებულ პოზიტიურ დინამიკას და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობას და ამ პროცესში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის როლს, რომლის მორიგი სხდომა ივნისში გაიმართება. პოზიტიურად შეფასდა პოლონეთის ინვესტიციისა და ვაჭრობის სააგენტოს დაარსება საქართველოში.

    მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირებზე. აღინიშნა, რომ საქართველოში ცოტა ხნის წინ დაარსებული პოლონეთის ინსტიტუტი ხელს უწყობს ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი და სენატის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

  • პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, კრისტოფ კასტანერს უმასპინძლა.

    შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობაზე.

    მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ქართველი და ფრანგი ხალხის ურთიერთობის მრავალწლიან ისტორიას და აღნიშნა, რომ საფრანგეთი რთულ წლებში ყოველთვის გვერდით ედგა საქართველოს, რასაც ქართველი ერი არასოდეს დაივიწყებს.

    საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას, ასევე, ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებს. მთავრობის მეთაურმა ფრანგულ მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო სამართალდაცვითი და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში აღინიშნა მინისტრ კასტანერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობა, რომელიც დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.

    პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთთან ნაყოფიერი და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის მეტი გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო.

  • კახა კალაძემ ახალი, მწვანე ფერის მუნიციპალური ავტობუსები წარადგინა

    დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას ახალი, „მანის“ (MAN) მარკის 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა. ახალი ავტობუსების პრეზენტაცია პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოხდა, სადაც კახა კალაძე ერთ-ერთი ავტობუსის საჭესთან თავად დაჯდა. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც ესწრება.

    დედაქალაქის მერიის ცნობით, წელს ავტოპარკს 90 ახალი ავტობუსი დაემატა, რომელიც დიზელის ძრავზე მომუშავე „ევრო 6“ ემისიის სტანდარტისაა.

    ავტობუსები გათვლილია სულ 82 მგზავრზე, აქედან დასაჯდომი ადგილების რაოდენობაა 27. ისინი ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია სპეციალური გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, რომელიც სპეციალურად გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე, გააჩნიათ საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და გაჩერებების დასახელების ტექნიკური საშუალება.

    თბილისის მერიამ განსაზღვრა 10 მარშრუტი, რომლებზეც ახალი ავტობუსები გადანაწილდება. უახლოეს დღეებში ისინი N85 და N95 მარშრუტებზე გავლენ. მომდევნო ეტაპზე, მაისის ბოლომდე ახალი მწვანე ავტობუსები N50, N55 და N71 მარშრუტებზე მოძრავ ამორტიზებულ ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. ამავდროულად, გათვალისწინებულია ამ მარშრუტების მცირედით შეცვლა. ისინი გორგასლის ქუჩიდან აუხვევენ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩაზე და ბარათაშვილის ქუჩას თავისუფლების მოედნის გავლით დაუკავშირდებიან. ამასთანავე, კოტე აფხაზის ქუჩაზე ავტობუსების გაჩერებები განისაზღვრება.

    თბილისის მერიის ცნობით, N50, N55 და N71 მარშრუტების ცვლილება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ პირველი ივლისიდან აფხაზის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება.

    მუნიციპალიტეტისთვის ოთხმოცდაათივე მწვანე ავტობუსის მიწოდების შემდეგ, ისინი ასევე გადანაწილდებიან N3, N15, N33, N54 და N79 მარშრუტებზე.

    თბილისის მერიის ცნობით, 8 თვეში დედაქალაქს 220 ერთეული, „ისუზუს“ (ISUZU) მარკის 8-მეტრიანი ავტობუსიც დაემატება. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. აღნიშნული ავტობუსები ასევე დიზელის ძრავზე მომუშავეა და „ევრო 6“ ემისიის სტანდარტისაა. 8-მეტრიანი ავტობუსები გათვლილი იქნება 53 მგზავრზე და სრულად ადაპტირებული შშმ პირთათვის. „მანის“ ავტობუსების მსგავსად, ამ ავტობუსებშიც უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და WiFi.

    წყარო: 1tv.ge

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური