ზამთრის სამთო შუალედური კურსი გუდაურში

გამოქვეყნებულია სამხედრო
ორშაბათი, 04 თებერვალი 2019 11:10

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში (PFP) შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს. სამთო კურსის მეორე ეტაპზე საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები გუდაურში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს სამთო უნარ-ჩვევების დახვეწაში ეხმარებიან, რომელიც მათ საბაზისო სამთო კურსის ფარგლებში შეასწავლეს. კურსში 14 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, მათ შორის 3 ქართველი, 2 ლატვიელი, 1 ბელარუსი, 1 აზერბაიჯანელი და 7 უკრაინელი. 

ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მოვლენილი სამხედროები თოვლიან რელიეფზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას გადიან. კურსის ფარგლებში მათ უწევთ გაუკვალავ თოვლში სრიალი, თოკში ჩაბმული სრიალი, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა, გადარჩენა და ევაკუცია, ასევე უახლოეს სამედიცინო პუნქტამდე მიყვანა, თოვლში თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენება, ზვავსაშიშ ადგილებში თოვლის საფარის შემოწმება და ზვავის რისკების დადგენა. მსმენელებს საძებნი ხელსაწყოს A8 გამოყენებით ზვავში მოყოლილი ადამიანის აღმოჩენაც უხდებათ. 

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსის პირველი ეტაპი სამხედროებმა აბულის მთაზე გაიარეს. 

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი 8 თებერვალს დასრულდება. კურსის დასრულების შემდეგ სამხედროები სერტიფიკატებსა და სამკერდე ნიშნებს მიიღებენ. წარჩინებულ მსმენელებს ჯგუფის უფროსის კურსზე დასწრების რეკომენდაცია გაეწევათ.

წაკითხულია 493 ჯერ

Related items

  • საერთაშორისო სწავლება Agile Spirit 2021 ოფიციალურად გაიხსნა

    მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021), რომელიც წელს საიუბილეოა და მას საქართველო უკვე მეათედ მასპინძლობს, ოფიციალურად დღეიდან დაიწყო. საერთაშორისო წვრთნების გახსნის ცერემონიალი სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის უწყებაში განუცხადეს, სამწყობრო მოედანზე მოწყობილ სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი 12 და პარტნიორი 3 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ ერთობლივი წვრთნებით კიდევ უფრო გაღრმავდება მონაწილე ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებს შორის  ურთიერთთავსებადობა და საბრძოლო შესაძლებლობები. მინისტრმა  მრავალეროვნული სწავლებების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეს ზრდის ნატოს არსებობას საქართველოში და ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.    

    სამწყობრო მოედანზე მოწყობილ 15 ქვეყნის სამხედროებს Agile Spirit 2021-ის ოფიციალური დაწყება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმაც მიულოცა და წვრთნების წარმატებით აღსრულება უსურვა. სიტყვით გამოსვლისას გენერალმა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებს შორის პარტნიორული შესაძლებლობების გაძლიერებასა და მზადყოფნის შენარჩუნებაზე ისაუბრა, რასაც მრავალეროვნული სწავლება ემსახურება.  

    Agile Spirit 2021-ის გახსნას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, წვრთნებში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორი და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი დაესწრნენ. 

    Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება, რომელსაც დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს. საერთაშორისო წვრთნები საქართველოში 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და ხუთ ლოკაციაზე იქნება გაშლილი. წვრთნები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას, ასევე მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად. 

  • საქართველოსა და იტალიის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

    საქართველოში ვიზიტით იტალიის თავდაცვის ძალების დელეგაცია იმყოფება, რომელსაც იტალიის თავდაცვის შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ბრიგადის გენერალი დავიდ მორპურგო ხელმძღვანელობს. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    იტალიის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტისა და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
    ქართულმა მხარემ დელეგაციის წევრებს იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესს, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად.
    ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებულ მიმდინარეობაზე. ხაზგასმით აღინიშნა SNGP-ის ინიციატივების - ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) განვითარებაში იტალიის წვლილი. საუბარი შეეხო სამხედრო პოლიციასა და კარაბინიერებისკორპუსს შორის, ასევე სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. 

    შეხვედრის დასასრულს იტალიისა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს შორის 2021 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა, რომელიც მიმდინარე წლის თანამშრომლობის მიმართულებებს განსაზღვრავს. დოკუმენტს ხელი საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა შალვა კვინიხიძემ და იტალიის თავდაცვის შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა დავიდ მორპურგომ მოაწერეს ხელი. 

  • ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პროცესში საქართველო ნატოს ქვეყნებს ლოჯისტიკურ მხარდაჭერას უწევს

    საქართველოს მნიშვნელოვანი სატრანზიტო შესაძლებლობები კიდევ უფრო ძლიერდება. ნატოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან ჯარების გამოყვანის პროცესში საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მათ სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ მხარდაჭერას უწევს. როოგორც "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს, აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გერმანიის საჰაერო ტრანსპორტირების ქვედანაყოფისთვის გადმოსროლის ჰაბის როლს ასრულებს.

    საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ჰუბერტ ქნირში და თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ლარს უკერვიცი გაეცნენ. მათ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, ბრიგადის გენერალ ჯონი ტატუნაშვილსა და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალს, პოლკოვნიკ სერგო ნინუას გაწეული მხარდაჭერისა და ლოჯისტიკური პროცედურების მაღალ დონეზე შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს. გერმანელი დიპლომატების განცხადებით, საქართველოს სატრანზიტო მხარდაჭერის მეშვეობით, ჯარების გამოყვანის პროცედურები უფრო ეფექტიანად და სწრაფად ხორციელდება. 

    საქართველო ავღანეთიდან ნატოს ჯარების გადმოსროლის პროცესში საქართველოსა და ნატოს შორის ტრანზიტის უზრუნველყოფისა და მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესახებ მოქმედი ხელშეკრულების თანახმად მონაწილეობს, რომელიც ნატოს ძალებისთვის, მისი პერსონალისთვის, ნატოს კონტრაქტორებისთვის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

  • 32-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა ავღანეთიდან დაბრუნდა

    ავღანეთიდან ქართველი მშვიდობისმყოფელების დაბრუნების პროცესი გრძელდება. დღეს სამშობლოში  ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ქართული ქვედანაყოფის მორიგი ნაკადი დაბრუნდა. თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ცნობით, 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასავლეთის სარდლობისა და მესამე ქვეითი ბრიგადის წარმომადგენლები დახვდნენ, მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.
    32-ე ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას" ექვსი თვის განმავლობაში, ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა და მის მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა.
    უახლოეს პერიოდში ქვედანაყოფი საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდება. „მტკიცე მხარდაჭერის მისია" უკვე დაასრულა მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა, რომელიც მაზარ-ი-შარიფში იყო დისლოცირებული და დაკისრებულ  მოვალეობებს გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. 
    ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში საქართველო 2004 წლიდანაა ჩართული და ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი კონტრიბუტორია. საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ავღანეთს ნატოსთან  შეთანხმებული გრაფიკით ტოვებენ.

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ნატო-ს 2021 წლის ბრიუსელის სამიტის შესახებ

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 14 ივნისს, ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტს, რომელზეც მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორც საქართველოს გაწევრიანების კონტექსტში, ასევე თავად ალიანსის სამომავლო ადაპტაციის კუთხით.

    უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკეში დადასტურებულია, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ “საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“ და რომ საქართველოს აქვს ყველა “პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის“.

    მისასალმებელია, ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან ცალსახა და პირდაპირი დადასტურება, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენულ უფლებას აირჩიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და რომ დაუშვებელია ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევა ამ პროცესში. ნიშანდობლივია, რომ წევრი ქვეყნები ცალსახად პოზიტიურად აფასებენ საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელების კუთხით და ხაზს უსვამენ საქართველოს შესაძლებლობას ღირსეული წვლილი შეიტანოს საერთო ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

    საქართველოსთვის განსაკუთრებით ღირებულია, რომ მოკავშირეები სწორ შეფასებას აძლევენ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის პოლიტიკის დესტრუქციულობას და გამოთქვამენ მზადყოფნას კიდევ უფრო გააღრმავონ შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობა საქართველოსთან.

    საქართველო განსაკუთრებით აფასებს, წევრი ქვეყნების მტკიცე, თანმიმდევრულ და ქმედით მხარდაჭერას ქვეყენის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მიმართ. წევრი ქვეყნების მხრიდან ადექვატურად იქნა შეფასებული რუსეთის ფედერაციის მცდელობა „ძალადობრივი“ მეთოდებით მოახდინოს ორი ოკუპირებული რეგიონის მოწყვეტა დანარჩენი საქართველოსგან და ხაზი გაესვა ბორდერიზაციის, საქართველოს მოქალაქეთა გატაცებების, მათი უკანონო დაკავების და შევიწროვების გახშირებულ შემთხვევებს. მისასალმებელია ალიანსის მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რათა ამ უკანასკნელმა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
    საქართველო ასევე მიესალმება წევრი ქვეყნების მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

    საქართველოსთვის, როგორც ალიანსის მომავალი წევრისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ნატო-ს გაძლიერებისკენ და თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებთან უკეთ გამკლავებისკენ მიმართული გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულ იქნა ბრიუსელის სამიტზე.

    საქართველო მიესალმება ალიანსის გადაწყვეტილებას განაახლოს ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ალიანსის 2022 წლის სამიტზე დამტკიცდება. ახალი კონცეფცია უკეთესად იქნება მორგებული უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებს, კიდევ ერთხელ დაადასტურებს ალიანსის ერთგულებას მისი ძირითადი ფასეულობებისა და ღირებულებების მიმართ და განსაზღვრავს ნატო-ს სამომავლო განვითარების მიმართულებებს. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ადექვატურად იქნება ასახული და ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებულ „NATO 2030-United for a New Era” დოკუმენტში გაფართოების საკითხთან და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს გაიზიარებს. საქართველო იმედოვნებს, რომ ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ჩამოყალიბდება ალიანსის მკაფიო და კონკრეტული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისადმი.

    მოკავშირეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერის საკითხზე. ხაზი გაესვა, რომ რუსეთი, მისი უკანონო ქმედებებით, ხელს უშლის აღნიშნული წესრიგის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ ძირს უთხრის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოებას, სტაბილურობას და დემოკრატიულ ღირებულებებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგის ამ ქვეპუნქტშიც იქნა განხილული.

    მისასალმებელია ალიანსის გადაწყვეტილებები შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით. ნატო-მ 2014 წლიდან დაიწყო მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ფლანგის გაძლიერება შეიარაღებული ძალების მზაობის გაზრდითა და მის ტერიტორიაზე ახალი სამხედრო განლაგებებით. სწორედ ამ კონტექსტში ხორციელდება ნატო-ს აქტიური ძალისხმევები შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით. აღსანიშნავია, რომ სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ გააუმჯობესონ ალიანსის მზაობა, რეაგირება და თავდაცვა. ქართული მხარე მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და იმედოვნებს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ნატო-ს ჩართულობა შავი ზღვის რეგიონში, რაც მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი იქნება და კიდევ უფრო განამტკიცებს უსაფრთხოებას ევრო-ატლანტიკურ სივრცეში.

    წევრი ქვეყნების მიერ ყურადღება გამახვილდა მედეგობის გაძლიერების საკითხზეც, რაც უმნიშვნელოვანესია ალიანსის სამი ძირითადი ამოცანის - კოლექტიური თავდაცვის, კრიზისების მართვის და თანამშრომლობითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დესტრუქციული აქტორები ხშირად იყენებენ კონვენციური და ჰიბრიდული ომის წარმოების მეთოდებს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის, საქართველო მიესალმება ამ მიმართულებით ალიანსის შესაძლებლობების გაძლიერებას და არაწევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

    საქართველოსთვის, როგორც ასპირანტი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ღირებულია ტრანსატლანტიკური ერთობის პრინციპი და მისი განმტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯები, რაც 2021 წლის სამიტის ერთ-ერთ მთავარ გზავნილს წარმოადგენდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური