ესპანეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირსა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისკენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 იანვარი 2019 13:34

ესპანეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირსა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისკენ, ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟოსეფ ბორელ ფონტელიესმა ქ. მადრიდში ქართველ კოლეგასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-ესპანეთის ურთიერთობებს და საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ქვეყნის განვითარების გზაზე.

 მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, დავით ზალკალიანის განცხადებით ესპანეთი საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების საქმეში. თავის მხრივ მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის ურყევი პოზიცია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ესპანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.  დავით ზალკალიანმა კოლეგას დეტალურად გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ამჟამად არსებული ვითარება და რუსეთის დესტრუქციული ნაბიჯები და ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების აუცილებლობას.
 
მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ ბიზნეს და ეკონომიკურ კავშირებს, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველოში წარმატებით ოპერირებენ წამყვანი ესპანური კომპანიები. ამ მხრივ ორივე ქვეყნის საგარეო მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო შესაძლებლობებს და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, ასევე საქართველოს პოზიტიური საერთაშორისო რეიტინგები კარგ საფუძველს იძლევა ევროპული კომპანიებისთვის დაინტერესდნენ საქართველოს - როგორც აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებზე გამავალი ხიდის ფუნქციით.

მხარეებმა ასევე კმაყოფილებით აღნიშნეს ესპანელი ვიზიტორების მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული მზარდი ინტერესი. დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ტურიზმის სფეროს განვითარების მნიშვნელობას, აღნიშნა ამ მხრივ მიღწეული შთამბეჭდავი შედეგები და გამოთქვა დაინტერესება საქართველომ გაიზიაროს ესპანეთის წარმატებული გამოცდილება ამ მიმართულებით.
 
ევროკავშირში ინტეგრაციის  საკითხებზე საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მხრიდან განხორციელებულ წარმატებულ და ხელშესახებ რეფორმებს, რომელიც შეუქცევადს ხდის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზას და ასევე ესპანურ მხარეს გააცნო საქართველოს მთავრობის ინიციატივა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის სახით, მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის გააკეთოს იმაზე მეტი, რასაც მისგან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოითხოვს, რათა მიაღწიოს საბოლოო მიზანს რაც ევროკავშირში სრულფასოვან გაწევრიანებას უკავშირდება.

დავით ზალკალიანმა ესპანელი კოლეგა მიმდინარე წლის ივლისში ბათუმში მიიწვია, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მონაწილეობის მიზნით.

საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ხაზი გაესვა ქვეყნის წარმატებულ რეფორმებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, აღინიშნა, რომ ასპირანტ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინტრუმენტი ნატოში წევრობისთვის, ასევე ხაზი გაესვა საქართველოს არსებით როლს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ორივე ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დაადასტურა რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მადრიდში განხორციელებული ვიზიტი ხელს შეუწყობს შემდგომ თანამშრომლობის განვითარებას ყველა მიმართულებით.

წაკითხულია 165 ჯერ

Related items

  • დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან. 

    სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.  განსაკუთრებული  ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ გარემოზე.

    საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირის უმაღლეს  წარმომადგენელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე ბოლო განვითარებების შესახებ, მათ შორის გორის რ-ნის სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვის ფაქტებზე.
     
    სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებაში ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს, განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის მხრიდან საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობა.
     
    საოკუპაციო ხაზზე ბოლო პერიოდში გახშირებული ინციდენტების გათვალისწინებით, ხაზი გაესვა აღნიშნული საკითხების განხილვის აუცილებლობას, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის ფარგლებში. ამ კონტექსტში აღინიშნა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის მნიშვნელობა.
     
    საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა უმაღლეს წარმომადგენელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისთვის, რომელიც ადგილზე არსებული საერთაშორისო მონიტორინგის ერთადერთი მექანიზმია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვითარების დეესკალაციისა და უსაფრთხოების შემდგომი უზრუნველყოფისთვის.
     
    უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

  • დავით ზალკალიანმა გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან განიხილა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელების საკითხზე საგანგებო ვითარებაში გამართა სატელეფონო ზარი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან - სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩეკთან.

    დავით ზალკალიანმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციების შესახებ. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სრულ სურათს ფლობს სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესისა და საქართველოს 8 მოქალაქის გატაცების შესახებ.

    სატელეფონო საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის პარალელურად, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება კიდევ უფრო ამძიმბეს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით ისედაც რთულ მდგომარეობას, და წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას რუსეთის ფედერაციის მხრიდან.

    საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩეკს თხოვნით მიმართა, რომ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ აამოქმედოს ყველა საერთაშორისო ბერკეტი, რათა შესაძლებელი გახდეს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის შეჩერება და გატაცებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ დაბრუნება საკუთარ ოჯახებში.

    დავით ზალკალიანმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს ასევე სთხოვა საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს თემის მაღალ დონეზე წამოწევა. სატალეფონო საუბრისას ასევე აღინიშნა ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის მნიშვნელობა.

    ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარადჭერა და ხაზი გაუსვა ადგილზე უსაფრატხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას.

  • თურქეთში საქართველოს ელჩი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

    თურქეთის შავიზღვისპირეთში მივლინების ფარგლებში, თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა უნიესა და ფაცას ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წევრებთან.

    შეხვედრებზე საუბარი შეეხო დიასპორასთან დაკავშირებით საქართველოს სახელწიფო პოლიტიკას. საქართველოს ელჩმა დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წევრებს გააცნო დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია და ის ინიციატივები და სიახლეები, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ინერგება დიასპორასთან ეფექტური კომუნიკაციის მიზნით.

    ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ურთიერთობების წარმატებაში ქართული დიასპორის დიდ როლს და აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა არის საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.
    ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა საქართველოს ელჩს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობისა და მათ მიერ განხორციელებული პროექტების თაობაზე. ასევე აღინიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს დიასპორასთან რეგულარულ კონტაქტებსა და შეხვედრებს.

    შეხვედრის დასასრულს, ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს საელჩოს გამოჩენილი ყურადღებისთვის და გამოთქვეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.

  • გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოს მნიშვნელოვან მოკავშირედ და მხარდამჭერად - კრისტოფერ პინჩერი

    2019 წლის  5 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან კრისტოფერ პინჩერთან.

    მინისტრმა კრისტოფერ პინჩერს მიულოცა მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშნვა და უსურვა წარმატებები მომავალ საქმიანობაში. საუბრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. განსაკუთრებით აღინიშნა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობა და იმედი გამოითქვა, რომ ბრექსიტის შემდგომ თანამშრომლობის აღნიშნული პლატფორმა კიდევ უფრო მეტ დინამიურობას შეიძენს.

    სახელმწიფო მინისტრმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა, რომ გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოს მნიშვნელოვან მოკავშირედ და მხარდამჭერად. საუბრისას მხარეებმა აღნიშნეს ორმხრივი შეხვედრების აქტიური დინამიკის მნიშვნელობა და დააფიქსირეს ამ კუთხით მზაობა, იქნება ეს ორმხრივი გაცვლითი ვიზიტების თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ღონისძიებების ფარგლებში.

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის მთავრობის დახმარებით ინსტიტუციური განვითარების პროექტს იწყებს

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა სამინისტროსა და აშშ-ს მთავრობის თანამშრომლობით დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს დიპლომატიური ინსტიტუტის შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებას.

    პროექტი რომლის ხანგრძლივობაც ერთი წელია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ფინანსური მხარდაჭერით „ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება 2020 (HICD2020)“ პროექტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს  ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლობით ხორციელდება.
     
    შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მიმართა და აღნიშნა, რომ “პროექტი, რომელიც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად  განხორციელდა დაეხმარება მკვლევარებს, დიპლომატებს, რომლებიც მოღვაწეობენ ამ ინსტიტუტში, დადონ მნიშვნელოვანი, ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც ჩვენი საგარეო პრიორიტეტების განხორციელებაში დაგვეხმარება“, განაცხადა დავით ზალკალაიანმა.
     
    პროექტის მნიშვნელობის და მიმდინარეობის შესახებ მოწვეულ სტუმრებთან ასევე ისაუბრეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა და დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორმა, თინათინ ბრეგვაძემ.  ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია ქართველი როგორც მოქმედი, ასევე მომავალი დიპლომატების პროფესიული განვითარების მიმართულებით არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ.
     
    პროექტის პრეზენტაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის და USAID-ის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური