მიზანს ვერ მიაღწიე!!! ვერ შეძლებ ჩემს გაჩერებას, გაჩუმებას, გაუჩინარებას!!! - ეკა ბესელია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 იანვარი 2019 10:44

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გადავწყვიტე მოგმართოთ პირდაპირ, ღიად და შეუფერადებელი ემოციით. პირველი მივმართავ იმას, ვინც დგას მორალური ტერორის უკან – ისიც ამ საზოგადოების ნაწილია და მინდა ვუთხრა – მიზანს ვერ მიაღწიე!!! ვერ შეძლებ ჩემს გაჩერებას, გაჩუმებას, გაუჩინარებას!!! ვერ შეძლებ! ჩემში გააღვიძე ახალი ეკა, რომელსაც უფრო მეტად გაუმყარე საკუთარი თავის რწმენა, ვალდებულება და პასუხისმგებლობაც, რომ მას სხვების დაცვა საკუთარ თავზე მეტად შეუძლია!!! შემდეგ მივმართავ ოჯახს, რომელმაც ბევრი რამ გადაიტანა ჩემს გამო მთელი ეს წლები, რაც მე პოლიტიკაში ვარ. მე მათ პატიებას ვთხოვ ამდენი განცდისთვის, მაგრამ ისე, როგორც ყოველთვის მჯერა, რომ უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. მივმართავ ყველა ქალს – თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ რეალობა. მეტი ქალია საჭირო პოლიტიკაში! ამას მაშინ მივხვდი, როცა მე თავად მომიწია ბევრი კათარზისის გავლა. ბევრი განსაცდელის გადატანა და მუდმივად მტკიცება, რომ სუსტი არა ვარ! რომ დამოუკიდებლად შემიძლია შევქმნა ღირებული და არა ვიყო სხვისი ხელის შემყურე...სწორედ იმიტომ, რომ ამდენის გავლა და გადატანა არ დასჭირდეს არც ერთ ქალს, მეტნი მოდით პოლიტიკაში და იბრძოლეთ, რომ იყოს უფრო ადამიანური და კეთილი, ვიდრე არის დღეს. ახლა მივმართავ ყველა დანარჩენს: შინაარსში ასახსნელი არაფერია, რაც გაავრცელეს, ფორმაა ამაზრზენი. ოჯახური თანაცხოვრების ხელყოფა და ფარული კამერით შეჭრა პირად სივრცეში, იქ, სადაც არავის არასოდეს არაფერი ესაქმება!!! ის რაც ხელშეუხებელია!!! ამას ჩადიოდა ყველა საჯარო პირის მიმართ სააკაშვილის რეჟიმი, მან შექმნა სისტემა, რომელიც ადამიანის ღირსებას ფეხქვეშ თელავდა. ანადგურებდა ფიზიკურად და მორალურად. ადამიანი, როგორც ღირებულება არ არსებობდა. სწორედ იმიტომ, რომ ამის ატანა და შეგუება არ შემეძლო, გამოვიხურე იმაზე უფრო კომფორტული კაბინეტი, ვიდრე მქონდა და მიმზადებდნენ და გავედი ქუჩაში ბარიკადებზე, აქციებზე, მიტინგებზე სხვათა დასაცავად!!! ამ სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლაში ვიდექი ფეხმოუცვლელად მაშინაც, როცა სააკაშვილის ზონდერები ჯერ ქვებს, ხოლო შემდეგ მომწამვლელ გაზს, პლასტიკურ აკრძალულ ტყვიებს გვიშენდნენ მე და ჩემს მეგობრებს და სასიკვდილოდ გვიმეტებდნენ. ვიდექი მე, ქალი ამ სასტიკი დარბევების დროს და გაიხსენოს ვინც იდგა ჩემთან ერთად – არასოდეს გავქცეულვარ! არასოდეს შემშინებია! არასოდეს მინანია!!!და ყველაზე მძიმე გამოცდა – 2009–11 წლებში ჩემი სკოლის მოსწავლე შვილის და 11 წლით უმცროსი ძმის ერთად დაპატიმრება პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით. ყველა ინსტანციის სასამართლომ ბედნიერად გაასამართლა დედის გამო დასჯილი უდანაშაულო ბიჭები. ისე როგორც ასამართლებდნენ სხვებს. არავის ვუნახივარ აცრემლებული, შეშინებული, გატეხილი და უკანდახეული. და მოვიდა 2012 წლის 1 ოქტომბერი. როგორც არ უნდა გავნაწყენდე, ვერასოდეს დავუვიწყებ ბიძინა ივანიშვილს იმ თავდადებას, როცა ყველაფერი სასწორზე დადო და ამ ბრძოლაში წინ დადგა. მე მან მიხმო მესამე დღეს მისი პოლიტიკაში ჩართვიდან და მითხრა ამ ბრძოლაში გავყოლოდი. ჩემი პირველივე შეხვედრის სათქმელი იყო – რისთვის ვიბრძოდი? სამართლიანობა უნდა აღგვედგინა ამ ქვეყანაში! ეს ვუთხარი როგორც მიზანიც და პირობაც! დანარჩენი ის იყო, რაც ყველამ ნახეთ. დამარცხდა ყველაზე სასტიკი რეჟიმი 1 ოქტომბერს და პირველი რაც გავაკეთეთ მე და ჩემმა თანამოაზრეებმა –ნაწამები და ნაგვემი ციხე – თავისუფლების მანიფესტით გავათავისუფლეთ. "ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე დიდი პოლიტიკური დარტყმა მივაყენეთ და 215 პოლიტიკური პატიმარი ვცანით პარლამენტის დადგენილებით იმ მოწვევის უმრავლესობამ. ათასობით კი სასჯელის შემცირებით გათავისუფლდა. ამ დარტყმის პასუხი იყო ის არაერთი თავდასხმა და ცილისწამება, რაც დღემდე არ ცხრება ჩემს მიმართ. ამით ცდილობდნენ შურისძიებას ოპონენტები. არასოდეს მინანია, უფრო მეტიც, იმ დღის ბედნიერების ემოცია მომყვებოდა ეს წლები, როცა ციხის კარი გავაღეთ და გმინვაში მყოფი პატიმრები გამოვიყვანეთ მზის სინათლეზე. ამას მხოლოდ ის გაიგებს, ვისაც სხვისი თავისუფლებისთვის უბრძოლია. ვისთვისაც მატერიალური გამორჩენა არაა სიცოცხლის აზრი და ვისაც ერთი ადამიანი მაინც უანგაროდ დაუცავს. მართალია დღეს ჩვენს "გუნდში" აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამ მანიფესტს და ღირსების აქტს ჩრდილს აყენებენ, მაგრამ ეს ისტორიის კუთვნილება გახდა და თავისუფლების ფასი არ არის არაფერი სხვა. სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება –ესეც ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ხელით მოხდა. მახსოვს ლევან გოგიჩაიშვილის ემოციური კითხვა, როცა ვთხოვე ნაწამები პატიმრების საჩივრები გაეანალიზებინა დასკვნის წერის დროს, "რა დაგიშავე, რომ ეს გზა თავიდან რატო გამატარეო". ეს გზა გავიარეთ ყველამ ერთად, ვინც ვიყავით მსხვერპლნი და არა მოძალადენი....და გვინდოდა ამ თავისუფლებისთვის და სამართლიანობის აღსრულებისთვის ეს გამარჯვება! გამოგვივიდა? და ახლა ბოლოს "ქართულ ოცნებას" მივმართავ: გამოგვივიდა? შევძელით ეს? დავიწყეთ და ვერ მივიყვანეთ ბოლომდე. კოლექტიური მოძალადე ფრაგმენტულად, მაგრამ დიდი დოზით შემოვიდა ჩვენს "გუნდში". შიგნიდან დაგვიწყო რყევა და ჯაყჯაყი. არ მიიღო ჩვენმა საზოგადოებამ ეს გადმონაცვლებული მოძალადე მეოცნების როლში. ვერ მიიღო სამართალი ამ აზელილი "გუნდით“. ვერ მივიყვანეთ სამართლის აღსრულება ბოლომდე. მე-7 წლისთავზე ვწყვეტ შიგნით ამაზე საუბარს, წუხილს და სამდურავს და საჯაროდ ვამბობ ს ა კ მ ა რ ი ს ი ა! სახელი დავარქვათ ყველაფერს! მოძალადის რეინკარნაციამდე მანძილს ვამცირებთ მათივე ანასხლეტების შეფარებით. ამ დროს კი რამდენს ვატკინეთ გული უსამართლოდ ჩვენივე თანამებრძოლს. აი რატომ არ შეიძლება ამ რეჟიმის მსახურნი გამოვაცხადოთ მსხვერპლად და ვაწინაუროთ მოსამართლის მანტიის როლში. მე ამას ვერ შევეგუებოდი! მე კიდევ ერთხელ შევეხე შიშველ სადენებს და ვთქვი რომ არ დავიხევ უკან ამ ბრძოლაში. ეს ჯგუფი საკმაოდ ფესვებგადგმულია და იბრძვის ყველა ფორმით! ეს მორალური ტერორიც ამის ნაწილი მგონია! ჩემი პასუხი? არ ვაპირებდი პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრებას და ეს მყარად მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ისევ მათ მაიძულეს და ახლა მიფრთხილდით! ჩვენ თქვენ დაგამარცხებთ იმიტომ, რომ მე დავამარცხე ჩემში ყველა შიში ერთის გარდა – გალაკტიონის ენით რომ გადმოვცე – მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის, სიკვდილს რომ გავს და უარესია! ამიტომაც, ერთად წავიდეთ წინ და ჩვენი თავისუფლება და სამართლიანობა ერთად მოვიპოვოთ!!!", - წერს ეკა ბესელია "ფეისბუქში".

წაკითხულია 254 ჯერ

Related items

  • "საჭიროა დიალოგი საზოგადოებაში, დიალოგი პოლიტიკურ ძალებს შორის და დიალოგი კონფლიქტში მონაწილე ყველა შესაბამის მხარეს შორის"

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მერვე ყოველწლიურ სესიაზე, რომელიც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხზე მსჯელობს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო მიზნის მიღწევის გზებსა და საზოგადოების პოლარიზაციის დაძლევის მიმართულებებზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა. "ვთხოვ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას შემოგვიერთდეს ჩვენს მიმართვაში, რათა 1 თვის წინ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. რუსეთის ოკუპაციის დასაძლევად უნდა შევიმუშავოთ ეფექტური გზები”, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
     

    საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, იმისათვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირში ინტეგრაციის საბოლოო მიზანს მივაღწიოთ, ახლებური გზები უნდა გამოვნახოთ და ამისათვის ახალი ინსტრუმენტები გვჭირდება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავს აღნიშნავს, რომელიც თანამშრომლობის ძალიან წარმატებულ ფორმატს წარმოადგენს.

    "პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლონელ და შვედ პარტნიორებს ამ ინიციატივისათვის, რომელმაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა ევროკავშირთან. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ინსტიტუციურ სიახლოვეს, აქ საუბარია კულტურისა და საზოგადოების სიახლოვეზე. ამან განამტკიცა ჩვენი დემოკრატიული განვითარება. დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავიზო რეჟიმი, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება, საშუალება გვაქვს ევროკავშირთან ერთად მივიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი, პოლიტიკური გადაწყვეტილებები და უფრო დიდი საზოგადოებისა და დიდი ოჯახის წევრად ვგრძნობთ თავს. ჩვენ გვესმის, რომ გვაქვს ერთნაირი მისწრაფებები, საზიარო ღირებულებები და სოლიდარობა, ამასთან, ვგრძნობთ სრულ პასუხისმგებლობას და რა თქმა უნდა, ვპასუხობთ უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით არსებულ სირთულეებს. მეტი დემოკრატიის, მეტი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად უნდა მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევის კონსოლიდაცია. უფრო საიმედო და ნათელი მომავალის მისაღწევად, ეს ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს და განმტკიცდეს, რათა გადავლახოთ უფრო პრობლემური ეტაპები, სხვადასხვა იურიდიულ, თუ ეკონომიკურ სფეროებში. 
     
    ჩვენ არ უნდა ვიცადოთ კიდევ შემდეგი ათი წელი. მე ასე არ ვფიქრობ, ასეთია ჩემი პირადი რწმენა და ინტუიცია. ევროკავშირში ინტეგრაციის საბოლოო მიზნის მისაღწევად, კრეატიულად უნდა ვიაზროვნოთ, რაღაც ახლებური, არაორდინალური გზები გამოვნახოთ, ამისათვის ახალი ინსტრუმენტები და ახალი ტიპის ძალისხმევა გვჭირდება. სხვა ალტერნატივა საქართველოს, მის ხელისუფლებასა და მის მოქალაქეებს არ გააჩნიათ. ჩვენი მიზანი ახალი კონსტიტუციისთვის ახალი პირობების და ახალი ჩარჩოს შექმნაა. მე ამ დოკუმენტის - კონსტიტუციის გარანტორი და დამცველი ვარ. ჩვენი კონსტიტუცია ევროსკეპტიკური ტალღის მიმართ მდგრადია და იმედი მაქვს, მომავალშიც ასეთად დარჩება. საქართველო აღიარებს ევროკავშირთან საზიარო ღირებულებებს - კულტურულ ფასეულობებსა და მომავალის ხედვებს. რა თქმა უნდა, ევროკავშირთან დაკავშირებით არსებობს სირთულეები და გამოწვევები, რომლებიც შიდა და გარე ფაქტორებითაა განპირობებული. ევროკავშირსაც თავისი სირთულეები აქვს - შიდა და გარე კრიზისები. რაღა თქმა უნდა, ჩვენ ვიზიარებთ ამ სირთულეებს, მათ შორის პოლარიზაცია, რომლებიც ბევრი ქვეყნისათვის საერთოა და არც საქართველოა აქ გამონაკლისი. 
     
    ქვეყანაში პოლარიზებულია საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები და მედია. მას შემდეგ რაც პრეზიდენტი გავხდი ვცდილობ ეს პოლარიზაცია დავძლიოთ და გადავლახოთ. პოლარიზებული საზოგადოება ვერ გადალახავს სირთულეებს. გაყოფილი საზოგადოება ვერ დაძლევს ეგზისტენციალურ პრობლემებს, მით უმეტეს, როდესაც იგი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ის ვერ დაძლევს ამ ოკუპაციის პრობლემას და ვერ მიიღებს პარტნიორების სრულ მხარდაჭერას. გაყოფილი საზოგადოება ვერ იპოვის პოლიტიკურ გამოსავალს; ვერ ჩაერთვება პოლიტიკურ დიალოგში, დიალოგი კი აუცილებელია: პოლიტიკურ ძალებს, ყველა შესაბამის აქტორსა და დაინტერესებულ პირს შორის; არსებული მოლაპარაკებების ფორმატები სხვა პოლიტიკურ დონეზე უნდა ავიდეს, ამას ალტერნატივა არ აქვს. ჰუმანიტარულ საქმეებზეც კი, პროფესიული ვალდებულების შესრულებისას, 1 თვის წინ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მაგალითზე ვხედავთ, რომ ვერც ჟენევის და ვერც სხვა ფორმატები გამოსავალს ვერ პოულობს და თავს ვერ ართმევს ამ პრობლემას ბიუროკრატიულ დონეზე. ექიმები პოლიტიკური საზღვრების გარეშე უნდა იყვნენ. პარტნიორობა ევროკავშირის პოლიტიკური მოთამაშეების ჩართულობით პოლიტიკური გამოსავლის მოძებნას გულისხმობს. არ უნდა მოხდეს არსებული პრობლემების ესკალაცია. 
     
    სტაბილურობა აუცილებელია როგორც საქართველოსათვის, ასევე რეგიონისა და ევროპისთვისაც. არავის ინტერესებში შედის ესკალაცია, განსაცდელით სავსე სამყაროში. რუსეთის ოკუპაციის დასაძლევად ყველამ ერთად უნდა შევიმუშავოთ უფრო ეფექტიანი გზები და საშუალებები. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისათვისაც უნდა ვუზრუნველვყოთ ოთხი ძირითადი უფლების განხორციელების შესაძლებლობა, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის. ვერ დავასრულებ ამ სიტყვას იმის გარეშე, რომ არ გთხოვოთ თქვენც, რადგან ეს არის თხოვნა, რომლითაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივმართავ. დღეს, 9 დეკემბერს, ერთი თვე გავიდა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შემდეგ. მინდა თხოვნით მოგმართოთ ასამბლეას, რომ შემოგვიერთდეთ ამ ჩვენს მიმართვაში, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. იმედი მაქვს, აქ ყველა შეუერთდება და გაიზიარებს ამ მიმართვას. დღეს ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება ამ ადამიანის გათავისუფლებაა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

  • მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა

    მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა. განცხადება ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და უმრავლესობის სხდომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს გააკეთა.

    გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ მთავრობაში 2017 წლის 13 ნოემბრიდან შინაგან საქმეთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობებს იკავებს. ასევე ის არის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.

    2016 წლის 27 ნოემბერი-2017 წლის 13 ნოემბრის პერიოდში გიორგი გახარია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო, მანამდე ეკონომიკურ საბჭოს ხელმძღვანელობდა, ასევე იკავებდა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადება დასჭირდება. კონსტიტუციის გათვალისწინებით, პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში, ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ დასახელებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას.

  • ბიძინა ივანიშვილის განცხადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ

    პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

    საზოგადოებას მოეხსენება, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, არჩევნების პროპორციული სისტემა უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული, და შესაბამისად, პლურალისტური პოლიტიკური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს.

    თუმცა, იქვე დადგინდა, რომ ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უფრო სწორი 2024 წელს იქნებოდა, რადგან პარტიების გაძლიერებას, მათ კრისტალიზაციას ღირებულებების გარშემო, მეტ კონსოლიდაციას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას გარკვეული წლები კიდევ სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ განისაზღვრა კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო რეფორმის ოპტიმალურ ვადად 2024 წელი, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული, გამართული და აპრობირებულია არაერთ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანაში.

    მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა.

    დღეს ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინიციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა.

    იმავდროულად, საზოგადოებრივ მოთხოვნას უნდა მოჰყვეს, და დარწმუნებული ვარ მოჰყვება კიდეც, სამართლებრივი შედეგებიც.

    უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა.

    რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, უპირველესი მიზეზი, რამაც ამისკენ გვიბიძგა, არის ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით, ახალგაზრდობის სურვილი და მზაობა, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვაში, და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა.

    საზოგადოების ამ სულისკვეთებასთან თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილიც, ნებაყოფლობით ვთქვათ უარი იმ სასტარტო უპირატესობაზე, რაც შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ბუნებრივად აქვს „ქართულ ოცნებას“.

    შუალედური არჩევნების შედეგებმა ყველა დაარწმუნა, რომ ქართული ოცნების ნებისმიერი კანდიდატი, პრაქტიკულად უკონკურენტოა. ფაქტია, რომ პოპულარულ ადამიანებს კვლავ „ქართული ოცნების“ ეგიდით სურთ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა და თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა, მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, რითაც უკიდურესად შეამცირებს მრავალპარტიული პარლამენტის ფორმირების რესურსს. ეს შესაძლოა ემსახურებოდეს ჩვენს პარტიულ ინტერესს, მაგრამ ვეღარ პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

    და კიდევ ერთი მიზეზი, რაც საფუძვლად დაედო ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას, არის ის მზარდი, გლობალური თუ ლოკალური ხასიათის, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და რომლებთანაც გამკლავებას სულ უფრო ხშირად დასჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი, ერთიანობა და პასუხისმგებლობის გაზიარება, რაც მხოლოდ მაქსიმალურად პლურალისტურ გარემოშია შესაძლებელი;

    ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. იმავდროულად, ნულზე ჩამოგვყავს, ანუ სრულად ვაუქმებთ დღეს არსებულ პროცენტულ ბარიერს და იმედი გვაქვს, რომ ამ გზით, 2020 წელს მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი და ამ ქვეყნის მთელი ინტელექტუალური პოტენციალი იქნება წარმოდგენილი. არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება, ხელოვნური გაერთიანება და ხშირად საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.

    ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მიმდინარე სასესიო კვირის დასრულებისთანავე, დაიწყოს ფართო კონსულტაციები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან. ყველასთან, ვინც მზად არის კონსტიტუციისა და კანონის უპირობო პატივისცემის ფარგლებში ეწეოდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას.

  • საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები პარლამენტის სპიკერის გადადგომას ითხოვენ

    ფრაქცია „ევროპული საქართველო“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

    ფრაქციის წევრების თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებენ.

    „ეს რაც მოხდა, ყოველგვარ ზღვარს სცდება რაციონალური პოლიტიკის, პარტიული დაპირისპირების, ფეხქვეშ გათელვას საქართველოს სუვერენიტეტის, ჩვენი ინსტიტუტებისა და ეროვნული თავმოყვარეობის. დღეს ვიხილეთ ოკუპანტი სახელმწიფოს დუმის წევრი, ადამიანი, რომელიც იბრძოდა აფხაზეთში, რომელმაც ხმა მისცა აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას და აქ ჩამოსვლამდე, სამი დღით ადრე ჭკუას არიგებდა მთელს საქართველოს, რომ ყველა ერთად შევეგუოთ აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას. დღეს ვნახეთ ეს ადამიანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას, ქვეყნის კონსტიტუციით მეორე მნიშვნელობის ადგილას, რომელსაც რუსულ ენაზე მიჰყავდა სხდომა. ეს ფაქტი სცდება პარტიული განსხავებების ფარგლებს და არის შეტევა საქართველოს სუვერენიტეტზე. მიგვაჩნია და საპარლამენტო უმცირესობის სახელით ვთვლით, რომ ამ ფაქტს აუცილებლად უნდა მოჰყვეს უმაღლეს დონეზე პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დავიწყებთ ოფიციალური იმპიჩმენტის პროცედურას და ამას მივიყვანთ ბოლომდე. მაგას ამას სჭირდება დრო, ამიტომ მოვუწოდებთ, თავად გადადგას ეს ნაბიჯი და ამით მოწმინდოს სირცხვილი, რომელიც დღეს ყველამ ერთად ვნახეთ პარლამენტში“, – აცხადებენ ფრაქცია „ევროპულ საქართველოში“.

    თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. სესია, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გააპროტესტეს. ისინი შესვენების დროს სხდომათა დარბაზში პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ, მოგვიანებით მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ. დარბაზში დაპირისპირება და ხმაური იყო.

    ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სერგეი გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. მისი თქმით, ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტში ვეღარ გაგრძელდება.

    სხდომა საქართველოს პარლამენტში შეწყდა და სესიის დელეგატებმა პარლამენტი დატოვეს.

    წყარო: https://1tv.ge/news/evropuli-saqartvelo-irakli-kobakhidzis-gadadgomas-moitkhovs/

  • 24 მაისს საქართველოს პარლამენტი ADAMI Media Prize-ის ღონისძიებას უმასპინძლებს

    24 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში გაიმართება  “ADAMI მედიის პრიზის" ახალი პროგრამის ADAMI TANDEM წარდგენა და ADAMI-ის კონკურსში ნომინირებული ქართული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჩვენება.

    ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი მარიამ ჯაში და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნორში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში კოტე ნაცვლიშვილი.

    ADAMI TANDEM-ის პროგრამას ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადებენ შტეფან ტოლცი, ADAMI მედიის პრიზი კულტურის მრავალფეროვნების აღმოსავლეთ ევროპაში დირექტორი და ქრისტიან ტრიპე, Deutsche Welle-ს უსაფრთხოების პოლიტიკისა და სოციალური საკითხების ხელმძღვანელი.

    ADAMI TANDEM არის ახალი მედია ინიციატივა ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული სამაუწყებლო კომპანიებისთვის, რომელიც სატელევიზიო ჟურნალისტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დაამყარონ კავშირები დასავლეთ ევროპის წამყვან მაუწყებლებთან და ერთობლივად აწარმოონ კულტურული მრავალფეროვნების თემატიკასთან დაკავშირებული სატელევიზიო სიუჟეტები.

    ADAMI TANDEM-ში მონაწილე ტელეარხებს შორისაა ZDF და SWR გერმანიიდან, ფრანგულ-გერმანული კულტურული არხი ARTE და Deutsche Welle. ADAMI TANDEM იმართება ევროპის მაუწყებელთა კავშირთან (EBU) მჭიდრო თანამშრომლობით.

    ღონისძიება ტარდება  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტ  “ევროპა, საქართველო” ფარგლებში,   საქართველოს პარლამენტის და  პრეზიდენტის მხარდაჭერისა და მფარველობის ქვეშ.

    ADAMI მედიის პრიზი დაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პროკრედიტ ჰოლდინგის (გერმანია) მიერ.

    გთხოვთ გაითვალისწინოთ: ღონისიებაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში საჭიროა გამოგზავნოთ დასტური შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: JLIB_HTML_CLOAKING 23 მაისის 18 საათამდე.

     

    იხილეთ ADAMI SHOWCASE კინოჩვენების პროგრამა:

    1. „ჩასარბენი ციხე“ / The Tower

    ავტორი - სალომე ჯაში / Author - Salome Jashi

    ხანგრძლივობა - 4 წთ. / Length - 4 min

     

    2. ახალგაზრდობა აშაგი სარალში / Being Young in Ashagi Saral

    ავტორები - ალი ქანიევი და აზიზ ქანიევი / Author - Aziz and Ali Ganievs

    ხანგრძლივობა- 5.10 / Lenght - 5.10

     

    3.მრავალფეროვნების სახეები: ჰურიე / Images of Diversity – Hurie

    ავტორი - ბესო გვენეტაძე / Author - Beso Gvenetadze

    ხანგრძლივობა: 5.10 წთ. / Length: 5.10

     

    4. „მატუშკა“ / Matushka

    ავტორები - მანანა ხიდაშელი, ნინო ჩუტკერაშვილი / Author: Manana Khidasheli, Nino Chutkerashvili

    ხანგრძლივობა - 38 წთ. / Length: 38 mins.

     

    5. "სათაურს მიღმა" / A look Beyond the Headlines

    ავტორი - თაკო რობაქიძე / Author: Tako Robakidze

    ხანგრძლივობა - 5.20 წთ. / Length: 5.20 mins.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური