საგადასახადო სანქციების ლიბერალიზაციის მიმართულებით საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 24 იანვარი 2019 15:21

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიცირებით, საგადასახადო სანქციების შემდგომი ლიბერალიზაციის მიმართულებით ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსში. 

ცვლილებების მიხედვით: გადამხდელს ავტომატურად შეუმცირდება დარიცხული ჯარიმების 50 პროცენტი, თუ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანება აღიარებულია და საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში სრულად გადახდილია დარიცხული გადასახადების და ჯარიმების 50 პროცენტი. 

გარდა ამისა, სამჯერ - 30%-დან 10%-მდე შემცირდა ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის. ამასთან, თუ ვადაგადაცილების პერიოდი არ აღემატება 2 თვეს, ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა განახევრდება და იქნება 5 პროცენტი, ხოლო თუ ვადაგადაცილების პერიოდი აღემატება 2 თვეს, გადამხდელი დაჯარიმდება გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით, ნაცვლად მანამდე მოქმედი 30 პროცენტისა. 

საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის ჯარიმის შეფარდება ხორციელდება გადასახადის სამართალდარღვევის სიმძიმის ხარისხის მიხედვით. კერძოდ, თუ შემცირებული გადასახადის თანხა არ აღემატება დეკლარაციაში გადასახადის თანხის 5 პროცენტს, გადამხდელი დაჯარიმდება შემცირებული თანხის 10 პროცენტით, ხოლო თუ შემცირებული თანხა დეკლარაციაში მითითებული თანხის 5 პროცენტზე მეტია, მაგრამ არ აღემატება 20 პროცენტს, გადამხდელი დაჯარიმდება 25 პროცენტის ოდენობით, ნაცვლად მანამდე მოქმედი 50 პროცენტისა. 

ასევე, დაწესდა ზღვრული ოდენობა გადასახადის შემცირებისათვის არსებულ ჯარიმაზე - საგადასახადო შემოწმების შედეგად, გადამხდელს გადასახადის შემცირებისთვის ვერ შეეფარდება აღნიშნულ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადების თანხაზე მეტი ოდენობის ჯარიმა. 

გარდა ამისა, განხორციელებული ცვლილებებით, ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისას, პირველ შემთხვევაში სანქციის სახით გამოიყენება გაფრთხილება, ფულადი ჯარიმის ნაცვლად. 

აღნიშნული ცვლილებები საგადასახადო კოდექსში საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ბოლოს დაამტკიცა და მისი მიზანია, ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება. 

საგადასახადო სანქციების შემდგომი ლიბერალიზაციისა და სამართლიანი ადმინისტრირების კუთხით ცვლილებების განხორციელება მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ 2018 წელს დაანონსდა.

წაკითხულია 172 ჯერ

Related items

  • მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში სისტემური ცვლილებები დაიწყო

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სისტემურ ცვლილებებთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგი გამართა.

    მიხეილ ბატიაშვილის თქმით, თანამდებობები დატოვეს: მინისტრის მოადგილეებმა - თემურ მურღულიამ და ლია გიგაურმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მანანა მიქაბერიძემ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა.

    მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ გაწეული სამუშაოსათვის და აღნიშნა, რომ კონკურენტუნარიანი განათლების სისტემის შექმნისა და მისი თანამედროვე მოთხოვნებზე მორგების მიზნით, იგი არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას გეგმავს, რასაც ახალი ენერგია, ახალი ხედვები და ახალი საკადრო პოლიტიკა ესაჭიროება.

    მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ მისი მოადგილეების რაოდენობა შემცირდება და 7-ის ნაცვლად, დარჩება 5. ცვლილებები კი გაგრძელდება და უახლოეს მომავალში საზოგადოება განათლების სისტემის ახალ, თამამ გადაწყვეტილებებზე ორიენტირებულ კადრებს გაიცნობს, რომელთა დანიშვნაც შესაბამისი პროცედურების გავლით მოხდება.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება

    პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ რეფორმები და ცვლილებები ძალიან პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე. ამის შესახებ კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც სამთავრობო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ისაუბრა. 
    „თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის გზაზე დადგა ეტაპი, რომ ცვლილებები შეეხოს მმართველობით სტრუქტურებს, რათა კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი ჩამოყალიბდეს, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია. სწორედ ესაა დაგეგმილი ცვლილებების არსი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

    ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარებული მორიგი დემოკრატიული არჩევნები, ამომრჩევლის მიერ გამოცხადებული უდიდესი ნდობა, გვანიჭებს მანდატს, შეუქცევადად განვაგრძოთ ჩვენს მიერ აღებული კურსი. მეტიც, გამოვაცხადოთ ცვლილებების ახალი ტალღა, რომელიც კიდევ უფრო უკეთ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და მოემსახურება ჩვენს უმთავრეს მიზანს - ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ქვეყნის სწრაფ განვითარებას. 
    ამისთვის, ვგეგმავთ მთელი რიგი სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რომელზეც ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაგეგმილი ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს, თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. 

    წარმოგიდგენთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვითაც იგეგმება მთავრობის სტრუქტურის ცვლილება და რომელსაც მოჰყვება შესაბამისი საკადრო გადაადგილებები შემდეგი მიმართულებებით:

    • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი;
    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ინიშნება დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას.

    თქვენ იცით, რომ ეკონომიკის სწრაფი განვითარება, რომელიც ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, კიდევ უფრო მოქნილი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას ითვალისწინებს. ეკონომიკის სამინისტრო მულტისექტორული უწყებაა და პასუხისმგებელია არა მხოლოდ ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაზე, არამედ საგარეო ვაჭრობის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ინოვაციურ მოწყობაზე და სხვა სექტორულ განვითარებაზე. ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების მართვის და ეკონომიკის სხვა მიმართულებების ერთი „ქოლგის" ქვეშ მოქცევა ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას უფრო ეფექტიანს და შედეგზე ორიენტირებულს გადის. 

    • ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია ინიშნება შინაგან საქმეთა მინისტრად. შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი, პოლიციელის პრესტიჟი, დანაშაულთან ბრძოლა და საზოგადოებრივი წესრიგი არის ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ამ პრიორიტეტის ხაზგასასმელად, მინისტრი ამავდროულად დაიკავებს ვიცე-პრემიერის პოსტს. გიორგი გახარია სწორედ მენეჯერული გამოცდილებით არის შერჩეული ამ პოსტზე და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ის წარმატებული მინისტრი იქნება. 

    • აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და მას უხელმძღვანელებს გიორგი მღებრიშვილი.
    ეს უნდა იყოს ოპერატიული ფუნქციებით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი აპარატი, რომელიც პირდაპირ პრემიერს დაექვემდებარება. გიორგი მღებრიშვილი, მისი გამოცდილებით, იქნება ამ სტრუქტურის კარგი ხელმძღვანელი.

    • ფინანსთა მინისტრად ინიშნება მამუკა ბახტაძე, რომელიც ამჟამად „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორია. 
    მას აქვს ძალიან კარგი განათლება და გამოცდილება და აჩვენა კონკრეტული შედეგები „საქართველოს რკინიგზის" მართვის პირობებში. 
    სწორედ ამ პერიოდში მოხდა საქართველოს რკინიგზის ინტეგრაცია აბრეშუმის გზის დერეფანში, დაიწყო ყურის ქვეყნებისა და შავი ზღვის დამაკავშირებელი ახალი სატრანზიტო დერეფნის შექმნაზე ძალიან აქტიური მუშაობა; მოხდა თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვა და ახალი, თანამედროვე მოძრავი შემადგენლობის შემოყვანა.
    მამუკა ბახტაძე გახლავთ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა INSEAD-ის ცნობილ ბიზნესსკოლაში, საფრანგეთში.

    • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ჩხენკელი, რომელიც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია და მას კარგად იცნობენ აკადემიურ წრეებში.
    მიხეილ ჩხენკელი პროფესიით გახლავთ მათემატიკოსი. მან ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა.
    ბატონი მიხეილი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის პენსილვანიის უნივერსიტეტის არაერთი ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის, Goldman Sachs-ის ფონდის პრემია, სამეცნიერო-კვლევითი გრანტები და სტიპენდიები.
    იგი კითხულობს ლექციებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და აქვს მჭიდრო პროფესიული კავშირები მრავალ წამყვან უნივერსიტეტთან, მათ შორის ჰარვარდის, პრინსტონის, პენსილვანიის, და ა.შ.

    • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და ამ მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე.
    ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტის განათლებასთან გაერთიანება, ერთის მხრივ უფრო მეტ შესაძლებლობებს გაუჩენს ახალგაზრდულ მიმართულებას და მოახდენს მის ინტეგრაციას განათლების რეფორმასთან.
    მეორეს მხრივ, რაც შეეხება სპორტის მიმართულებას, მისი ინტეგრაცია კულტურასთან თანასწორ შესაძლებლობებს გააჩენს ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს მიმართულებით და უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ მართვას.

    • გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს.
    ჩვენი ქვეყნისთვის ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გაერთიანება აპრობირებულია ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. სწორედ ასეთი მოდელი მოქმედებს წარმატებულ ევროპულ ქვეყნებში - ესპანეთში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში. მსგავსი მოდელებია პორტუგალიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ბულგარეთში. 
    ეს მიდგომა უზრუნველყოფს ორივე მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერებას და არავითარ შემთხვევაში, რომელიმე მათგანის შესუსტებას. 

    • საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს.
    ახალი გამოწვევები, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით გვაქვს, გულისხმობს გაცილებით უფრო ფართო კონტექსტს, რომელიც მთელი ჩვენი საგარეო უწყების პრიორიტეტი და ძირითადი ხაზია. თავისთავად ის, რომ ამ მიმართულებას ვიცე-პრემიერი ფარავს, მიუთითებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული შიდა რეფორმების კოორდინაციის აუცილებლობაზე.

    • პარლამენტს წარედგინება ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური. 
    ამ სფეროში ჩვენ უკვე განვახორციელეთ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები და უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერება მხოლოდ მისასალმებელია. საგარეო დაზვერვა სწორედ ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილია და ამ ცვლილებითაც ხდება ლოგიკური ჯაჭვის შეკვრა.

    • ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების პაკეტს მთავრობის უახლოეს სხდომაზე დავამტკიცებთ, რის შემდეგაც ის განსახილველად პარლამენტს წარედგინება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოახდენს კოორდინაციას ცვლილებების სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით. ასევე, მინდა ვთხოვო პარლამენტს, მხარი დაუჭიროს აღნიშნულ რეფორმებს, რათა ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე, უმოკლეს ვადაში დასრულდეს.

    • საკანონმდებლო პროცესის დასრულების შემდეგ, სამთავრობო გუნდი ახალი შემადგენლობით წარვდგებით პარლამენტის წინაშე ნდობის განსაახლებლად.

    • ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, რომელსაც აღნიშნული ცვლილებები შეეხო და რომლებიც, ბუნებრივია, ჩვენი გუნდის წევრებად რჩებიან, დიდ მადლობას ვუხდი გაწეული საქმიანობისათვის.

    • რაც შეეხება სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების არსს, რატომ არის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი? ჩვენი ყველა საარჩევნო დაპირება და რეფორმა ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და სწრაფ განვითარებას. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჩვენ განვახორციელეთ არაერთი მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილება.

    • შსს-ს, პროკურატურის, სასამართლოს, სასამართლოს, სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმების მთავარი ორიენტირი ყოველთვის იყო და არის ადამიანი. სწორედ ამიტომ ყველა ამ ცვლილებამ შედეგად გამოიღო ადამიანთა უფლებების მიმართულებით მიღწეული უდიდესი პროგრესი, რაც აღიარებულია ყველა საერთაშორისო შეფასებაში.

    • ჩვენ ასევე ძირეულად შევცვალეთ და ადამიანზე ორიენტირებული გავხადეთ: ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკის მიმართულებით განხორციელებული მრავალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც რიგით ადამიანებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს.

    • ამავე დროს, ჩვენი ხელწერაა, რომ ცვლილებები მაქსიმალურად უმტკივნეულოდ, არა რადიკალურად, არამედ ევოლუციურად განვახორციელოთ.

    • თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის გზაზე დადგა ეტაპი, რომ ცვლილებები შეეხოს მმართველობით სტრუქტურებს, რათა კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი ჩამოყალიბდეს, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია. სწორედ ესაა დაგეგმილი ცვლილებების არსი.

    • დარწმუნებული ვარ, რეფორმები და ცვლილებები ძალიან პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე.

     

  • გიორგი კვირიკაშვილი: ,,ჩვენ დაგვჭირდება მომავალი სისტემური ცვლილებები“

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს დაავალა სტიქიის ლიკვიდაციაში ჩართული  სხვადასხვა სტრუქტურების თანამშრომლების პრემიებით წახალისების საკითხი უზრუნველყოს.

    ,,პირველ რიგში, მინდა ფინანსთა მინისტრს დავავალო, პრემირების საკითხი უმოკლეს დროში გადაწყვიტოს. ვინც იყო ამ სტიქიის ლიკვიდაციაში ჩართული, მათ ნამდვილად ეკუთვნით წახალისება და ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი. ჩვენ დაგვჭირდება მომავალი სისტემური ცვლილებები, ასევე ინფრასტრუქტურის განახლება. დღევანდელ დღეს, გლობალური დათბობის პირობებში, ხედავთ რა სიტუაციაც არის მთელი ევროპის მასშტაბით, მსოფლიოს მასშტაბით. ნებისმიერი ქვეყანა უნდა იყოს მზად ასეთი გამოწვევებისთვის. ვფიქრობ, რომ საჭიროა შესაბამისი, ინფრასტრუქტურული აღჭურვილობის განახლება, მანქანების განახლება, ასევე არის აუცილებელი კრიზისების საბჭოს სტრუქტურის შესაბამისობაში ყოფნა ასეთი ტიპის გამოწვევებთან. ამიტომ, პირველივე დღიდან, როდესაც აბასთუმანში ცეცხლი ჩაქრება, ჩვენ ამ საკითხზე მოგვიწევს მუშაობა. წელსაც და მომავალი წლის ბიუჯეტშიც საჭირო იქნება გათვალისწინება ამ რესურსის და გასატარებელი იქნება ისეთი ტიპის სისტემური ცვლილებები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გაცილებით მაღალი ხარისხის მზადყოფნაში მოიყვანს ასეთი ტიპის გამოწვევებთან. ვფიქრობთ, რომ ძალა შეგვწევს და აუცილებლად გავაკეთებთ ამას. მინდა ვთქვა, რომ ფართობი ზუსტდება. წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოდ, დაახლოებით 200 ჰექტრის ფარგლებშია დამწვარი ტყის ფართობი.  ღირსეული საქმეა ჩვენი ულამაზესი ტყის აღდგენა მთელი მოსახლეობის ჩართულობით და მათ ვისაც სურვილი ექნება,  თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანოს ამ  საქმეში, ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ იმ ტყეს, რომელიც განადგურდა. ეს ჩვენი ვალია," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

  • ონსტიტუციაში შესატან ცვლილებების პროექტს ზესტაფონისა და თერჯოლის მოსახლეობა გაეცნო

    საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებების პროექტს ზესტაფონის და თერჯოლის მოსახლეობა გაეცნო. საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში გამართული შეხვედრის მონაწილეებს, კონსტიტუციური ცვლილებების ძირითადი არსი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააცნო. 

    საორგანიზაციო კომისიის წევრმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ცვლილებების მომზადების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებები 2010 წელს განხორციელდა, რომელიც მმართველობის სისტემის მრავალ ხარვეზს და იურიდიული ტექნიკის გაუმართავ ნორმებს შეიცავს. მამუკა მდინარაძემ დეტალურად ისაუბრა იმ ფუნდამენტურ ცვლილებებზე, რომლებიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შედეგად მომზადდა და ძირითადი ყურადღება არსებით სიახლეებზე გაამახვილა.

    ძლიერი პარლამენტი ეს არის საპარლამენტო ქვეყნების მოწყობის ფუნდამენტი. ამიტომ, წარმოდგენილი ცვლილებებით ძლიერდება პარლამენტის როლი, რაც ოპოზიციისთვის საგამოძიებო დროებითი კომისიის შექმნის უფლებამოსილების მინიჭებით და მთავრობის პარლამენტის მიმართ ანგარიშვალდებულების გაზრდით გამოიხატება“, - აღნიშნა ფრაქციის თავმჯდომარემ.

    მამუკა მდინარაძე საარჩევნო სისტემის ცვლილებებს, არჩევნებში გამარჯვებული პარტიისთვის ე. წ. ბონუსის მინიჭებას, საარჩევნო ბლოკების გაუქმებას და პრეზიდენტის არჩევის წესსაც შეეხო. ფრაქციის თავმჯდომარე მიწის განკარგვასთან დაკავშირებულ რეგულაციებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მიწას განსაკუთრებულ რესურსად მიიჩნევს და შესაბამისად, მისი განკარგვისთვის სპეციალურ ორგანულ კანონს აწესებს. მანვე შრომითი უფლებების გარანტიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შრომითი ინსპექცია, რომელიც 2006 წელს გაუქმდა, 2015 წლიდან ისევ  აგრძელებს მუშაობას და ხელისუფლება ზრუნავს შრომითი უფლებების კიდევ უფრო დახვეწის მიზნით დამატებითი ღონისძიებები გაატაროს.

    საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან ირმა ინაშვილმა, გიორგი წერეთელმა და ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისაუბრეს. გამომსვლელების ძირითადი კრიტიკა ე. წ. ბონუსის სისტემის შემოღებას და მისი გაუქმების მოთხოვნას უკავშირდებოდა. გიორგი წერეთელმა კონსტიტუციური პროექტის ერთ-ერთ დადებით სიახლეზეც ისაუბრა და ამ მხრივ ყურადღება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაზე გაამახვილა, სადაც საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციაზეა საუბარი.

    ირმა ინაშვილმა თავისი პოზიცია საყოველთაო-სახალხო განხილვების მნიშვნელობაზეც გამოხატა და განაცხადა, რომ მსგავსი შეხვედრების შედეგი კონსესუსის მიღწევას და პოზიციების შეჯერებას უნდა ემსახურებოდეს.

    ზესტაფონში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას პარლამენტის წევრმა, ანრი ოხანაშვილმაც მიმართა. მისი განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საქართველოს მოსახლეობის დაკვეთით მომზადდა, რათა ქვეყანის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება არ შეფერხდეს და უკეთესი მომავალი იყოს უზრუნველყოფილი. ანრი ოხანაშვილი კონსტიტუციის მეორე თავს და იქ მოცემულ მნიშვნელოვან სიახლეებსაც შეეხო, რომლებიც ადამიანის ძირითად უფლებებს კონსტიტუციურ დონეზე განამტკიცებს. მისივე განცხადებით, კონსტიტუციაში ცალკე მუხლად გაიწერება სოციალური სახელმწიფოს არსი, რაც სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიდგომის მაღალ ხარისხზე მეტყველებს.

    გამოსვლების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. ადგილობრივები მაჟორიტარული სისტემის გაუქმების, უცხოელ მოქალაქეებზე მიწის პრივატიზების, პრეზიდენტის არჩევის და საპარლამენტო მმართველობის ძირითად პრინციპებით დაინტერესდნენ. დასმულ კითხვებთან დაკავშირებით კომისიის წევრებმა მოსახლეობას საკუთარი პოზიციები გააცნეს და დამატებითი განმარტებები გააკეთეს.

    კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ხვალ სამტრედიაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრით გაგრძელდება.

  • ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია - ცვლილებები საგადასახადო კოდექსში

    საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის, - კანონპროექტთა პაკეტი საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებს ითვალისწინებს. ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ეკონომიკური რეფორმების ნაწილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება იყო.

    პაკეტის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად დადგენილი თანხის ოდენობა 50 000-დან 100 000 ლარამდე იზრდება. ასევე, უქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს.

    ცვლილებებზე ეკონომიკურმა გუნდმა იმუშავა - უპირველეს ყოვლისა, ფინანსთა სამინისტრომ, თუმცა, ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენობის დროს საკმაოდ მოცულობითი სამუშაო შეასრულა გიორგი გახარიამ.

    სპეციალური წამახალისებელი ზომები იქნება მიღებული იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მიკროელექტროსადგურები აქვთ.

    ჩვენ გვინდა, მწვანე ენერგია მაქსიმალურად წავახალისოთ და მოქალაქეების მიერ მიკროელექტროსადგურების საშუალებით გამომუშავებული ელექტროენერგიის ჭარბი რაოდენობა გაიყიდოს ისე, რომ გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი არ დაიბეგროს.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური