განათლების რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ინოვაციური პროექტების პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019 15:24

განათლების რეფორმის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ჯგუფის ხელმძღვანელთან ნიკა დობორჯგინიძესა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგოების მიმართულების ექსპერტთან სანდრო ასათიანთან ერთად საზოგადოებას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინა.

„ახალი სკოლის მოდელი“ ისეთი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს და XXI საუკუნის გამოწვევათა მისაღებად საჭირო ცოდნითა და უნარებით შეაიარაღებს.

მინისტრის თქმით, რეფორმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, 50 სკოლაში განახლდება კომპიუტერული კლასები და აღიჭურვება ინტერნეტითა და WiFi-ით. ინოვაციური მიდგომები და ტექნოლოგიები პედაგოგისთვის და მოსწავლისთვის იქნება დამხმარე საშუალება უნარების განსავითარებლად. სასწავლო პროცესში ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება მოხდება ცოდნის შეძენის, ინფორმაციის შენახვისა და გაცვლის მიზნით. მასწავლებლები თავადაც შექმნიან ელექტრონულ სასწავლო რესურსებს და კოლეგებს გაუზიარებენ.

განათლების რეფორმის ფარგლებში Microsoft-თან და ტალინის უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობით სასწავლო პროცესში ციფრული საგანმანათლებლო რესურსები დაინერგება. მასწავლებლები და მოსწავლეები ელექტრონული რესურსებით იქნებიან უზრუნველყოფილი, რათა შეძლონ ინფორმაციის მარტივად გაცვლა, საკუთარი საკომუნიკაციო არხების აწყობა, ინფორმაციის გავრცელება, სწავლა-სწავლების პროცესში ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების ეფექტური გამოყენება. ინფორმაციისა და ტექნოლოგიების ეპოქაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვებში მედიაწიგნიერების განვითრებას.

სამინისტრომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით 2019 წლიდან საპილოტე სკოლებში დაიწყო სასწავლო პროცესში ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებში წარმატებით აპრობირებული პროგრამების დანერგვა. შედეგად მოსწავლეები დაეუფლებიან კომპიუტერული მეცნიერების საწყისებს. განსაკუთრებულად გამახვილდება ყურადღება ინტერნეტის უსაფრთხოების საკითხებზე, როგორც მოსწავლეებსა და მასწავლებლებში, ასევე მშობლებში.

თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად იგეგმება არსებული ელექტრონული რესურსების, მათ შორის, ვებგვერდის el.ge-ის განვითარება, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობით. პორტალზე თავს მოიყრის სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსები: ელექტრონული წიგნები, ვიდეო და ფოტო მასალა, ნოტები და სხვადასხვა სახის გრაფიკული გამოსახულებები.

სანდრო ასათიანის თქმით, სასწავლო პროცესში სთრიმინგ გაკვეთილები დაინერგება, როგორც დამატებითი საგანმანათლებლო რესურსი. საინტერესო სპიკერები ონლაინ რეჟიმში ჩაატარებენ ლექციათა ციკლს: „საუბრები მომავალზე“, რომელიც მოსწავლეებში კრიტიკული და ალგორითმული აზროვნების განვითარებაზე, სწავლის პროცესში კრეატიულობის ამაღლებასა და მათემატიკური და ალგორითმული უნარების გაღრმავებაზე იქნება ორიენტირებული.

 

წაკითხულია 175 ჯერ

Related items

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის მთავრობის დახმარებით ინსტიტუციური განვითარების პროექტს იწყებს

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა სამინისტროსა და აშშ-ს მთავრობის თანამშრომლობით დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს დიპლომატიური ინსტიტუტის შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებას.

    პროექტი რომლის ხანგრძლივობაც ერთი წელია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ფინანსური მხარდაჭერით „ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება 2020 (HICD2020)“ პროექტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს  ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლობით ხორციელდება.
     
    შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მიმართა და აღნიშნა, რომ “პროექტი, რომელიც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად  განხორციელდა დაეხმარება მკვლევარებს, დიპლომატებს, რომლებიც მოღვაწეობენ ამ ინსტიტუტში, დადონ მნიშვნელოვანი, ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც ჩვენი საგარეო პრიორიტეტების განხორციელებაში დაგვეხმარება“, განაცხადა დავით ზალკალაიანმა.
     
    პროექტის მნიშვნელობის და მიმდინარეობის შესახებ მოწვეულ სტუმრებთან ასევე ისაუბრეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა და დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორმა, თინათინ ბრეგვაძემ.  ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია ქართველი როგორც მოქმედი, ასევე მომავალი დიპლომატების პროფესიული განვითარების მიმართულებით არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ.
     
    პროექტის პრეზენტაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის და USAID-ის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

  • პრეზენტაცია „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით

    თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა და აღნიშნა, რომ   დიდი პატივია ჩავერთოთ სწავლებების იმ ციკლში, რომელსაც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობა ევროპის სამხრეთ ნაწილში პარტნიორ და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად ატარებს. „ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობა ჩვენი რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობისაა. ყველა წლის დინამიკა არის მაქსიმალურად მიმართული იმისკენ, რომ გაიზარდოს როგორც უშუალოდ ჩვენი თავდაცვის  ძალების, ისე ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. სწორედ, ეს არის უზრუნველყოფა იმ პრინციპისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ - მეტი ნატო საქართველოში,“ - განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით მიმართვისას.

    „Agile Spirit 2019“-ის  კონცეფციაზე კი, მოწვეულ სტუმრებს სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

    პრეზენტაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური და მისი მოადგილეები, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.

    მრავალეროვნულ სწავლებას „Agile Spirit 2019“ საქართველო 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. სამხედრო წვრთნები საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აშშ-ის ევროპის სარდლობების ხელმძღვანელობით ჩატარდება. სწავლება როგორც სამეთაურო-საშტაბო, ასევე საველე წვრთნებს მოიცავს.

    სწავლება მიზნად მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას ისახავს.

    „Agile Spirit 2019“ სამ ლოკაციაზე პარალელურად გაიმართება - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. მრავალმხრივია სწავლების სცენარიც, რომელიც სახმელეთო და საჰაერო კომპონენტების ჩართულობას ითვალისწინებს. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

  • აშხაბადში გაიმართა თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუხამედოვის წიგნის ,,თურქმენეთი დიდი აბრეშუმის გზის გული’’ პრეზენტაცია

    29 ივნისს, თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში გაიმართა თურქმენეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუხამედოვის წიგნის ,,თურქმენეთი დიდი აბრეშუმის გზის გული’’ პრეზენტაცია, რომელიც ითარგმნა თურქულ და უკრაინულ ენებზე.

    საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თურქმენეთში აკრედიტირებულმა დიპლომატებმა, მთავრობის წარმომადგენლებმა, კულტურისა და მეცნიერების წამყვანმა სპეციალისტებმა, სტუდენტებმა და საერთაშორისო მას-მედიის წარმომადგენლებმა.

    როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუხამედოვის ახალი ნაშრომი, შესაძლებლობას იძლევა ობიექტურად შეფასდეს თურქმენეთის ისტორიული გზა, გაეცნონ ეროვნულ კულტურულ ღირსშესანიშნაობებს, ტრადიციებს, ადათ-წესებს. ნაშრომში ფართოდ არის ასახული თურქმენული ხალხის მიღწევა მსოფლიოს მეცნიერებაში, ეკონომიკასა და კულტურულ პროგრესში.

    გამომსვლელებს შორის იყვნენ თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი საპარდურდი ტოილიევი, თურქეთის ელჩი თურქმენეთში მუსტაფა კაკუჯუ და უკრაინის ელჩი თურქმენეთში ვალენტინ შევალიევი. 

    „დიდი აბრეშუმის გზა“ ნაშრომში განიხილება როგორც უნიკალური ისტორიულ-კულტურული მოვლენა. ავტორი მოგვითხრობს იმის თაობაზე თუ როგორი ღრმა ნაკვალევი დატოვა ამ ფენომენმა უძველესი დროიდან თანამედროვე თურქმენეთის მაგალითზე. სამეცნიერო ანალიზის მეთოდებით მოყვანილია დოკუმენტური მასალები, არქეოლოგიური და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები, ეთნოგრაფიული მასალები. ასევე შეფასებულია თურქმენეთის როლი მის ერთ-ერთ ცერნტრალურ რგოლად წარმოჩენაზე „დიდი აბრეშუმის გზის გულში“, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია კაცობრიობის განვითარებაზე.

    წიგნი ორი ნაწილისაგან შედგება „ჯეიხუნიდან ხაზარამდე“ და „მარშრუტები სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ“. თითოეული მათგანი სამი თავისაგან შედგება. ისინი „დიდი აბრეშუმის გზის“ კონკრეტულ ნაწილებს აღწერენ  თურქმენეთის ტერიტორიაზე.  ნაშრომი სრულდება დამატებებით: „პიროვნებები და ქრონოლოგია დიდ აბრეშუმის გზაზე“ და „მოკლე არქეოლოგიური და ტერმინოლოგიური ლექსიკონი დაკავშირებული დიდ აბრეშუმის გზასთან“.

    წიგნი ილუსტრირებულია მდიდარი ისტორიული მნიშვნელობის მასალებით, ასევე გეოგრაფიული აღნიშვნებით. ნაშრომში მოყვანილია არქეოლოგიური მონაცემები, აერო-კოსმოსური გადაღებები, უძველესი კარტოგრაფიული ოაზისები და სხვა მრავალი საინტერესო მასალები.

     

    ავთანდილ ოთინაშვილი

    აშხაბადი-თბილისი

  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადება

    ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს გეგმაზე შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად. მაქსიმალურს გავაკეთებთ, რათა დაცული იყოს ყველა აბიტურიენტის ინტერესი და მათ მიეცეთ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა.

  • კახა კალაძემ ახალი, მწვანე ფერის მუნიციპალური ავტობუსები წარადგინა

    დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას ახალი, „მანის“ (MAN) მარკის 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა. ახალი ავტობუსების პრეზენტაცია პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოხდა, სადაც კახა კალაძე ერთ-ერთი ავტობუსის საჭესთან თავად დაჯდა. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც ესწრება.

    დედაქალაქის მერიის ცნობით, წელს ავტოპარკს 90 ახალი ავტობუსი დაემატა, რომელიც დიზელის ძრავზე მომუშავე „ევრო 6“ ემისიის სტანდარტისაა.

    ავტობუსები გათვლილია სულ 82 მგზავრზე, აქედან დასაჯდომი ადგილების რაოდენობაა 27. ისინი ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია სპეციალური გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, რომელიც სპეციალურად გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე, გააჩნიათ საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და გაჩერებების დასახელების ტექნიკური საშუალება.

    თბილისის მერიამ განსაზღვრა 10 მარშრუტი, რომლებზეც ახალი ავტობუსები გადანაწილდება. უახლოეს დღეებში ისინი N85 და N95 მარშრუტებზე გავლენ. მომდევნო ეტაპზე, მაისის ბოლომდე ახალი მწვანე ავტობუსები N50, N55 და N71 მარშრუტებზე მოძრავ ამორტიზებულ ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. ამავდროულად, გათვალისწინებულია ამ მარშრუტების მცირედით შეცვლა. ისინი გორგასლის ქუჩიდან აუხვევენ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩაზე და ბარათაშვილის ქუჩას თავისუფლების მოედნის გავლით დაუკავშირდებიან. ამასთანავე, კოტე აფხაზის ქუჩაზე ავტობუსების გაჩერებები განისაზღვრება.

    თბილისის მერიის ცნობით, N50, N55 და N71 მარშრუტების ცვლილება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ პირველი ივლისიდან აფხაზის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება.

    მუნიციპალიტეტისთვის ოთხმოცდაათივე მწვანე ავტობუსის მიწოდების შემდეგ, ისინი ასევე გადანაწილდებიან N3, N15, N33, N54 და N79 მარშრუტებზე.

    თბილისის მერიის ცნობით, 8 თვეში დედაქალაქს 220 ერთეული, „ისუზუს“ (ISUZU) მარკის 8-მეტრიანი ავტობუსიც დაემატება. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. აღნიშნული ავტობუსები ასევე დიზელის ძრავზე მომუშავეა და „ევრო 6“ ემისიის სტანდარტისაა. 8-მეტრიანი ავტობუსები გათვლილი იქნება 53 მგზავრზე და სრულად ადაპტირებული შშმ პირთათვის. „მანის“ ავტობუსების მსგავსად, ამ ავტობუსებშიც უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და WiFi.

    წყარო: 1tv.ge

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური