​სალომე ზურაბიშვილი ბელგიაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 22 იანვარი 2019 14:28

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს შეხვდა.
სტუდენტები საქართველოს საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ხედვით დაინტერესდნენ და სალომე ზურაბიშვილს იმ პრობლემების შესახებ ესაუბრნენ, რომლებიც მათ ბელგიაში სწავლისა და ცხოვრებისას ექმნებათ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ქეთევან მახარაშვილის განცხადებით, შეხვედრა საინტერესოდ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ბელგიაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, რომლებსაც საქართველოსთან ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ, საქართველოს პრეზიდენტს სხვადასხვა საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.
როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, მათთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, როგორ ხედავს საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდობის როლსა და მისიას ქვეყნის ფარგლებს გარეთ - საქართველოს პოპულარიზაციის მიმართულებით და ასევე, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ქვეყნის განვითარების საქმეში.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრიუსელში პირველ სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
დაგეგმილია შეხვედრები ნატო-ს გენერალურ მდივანთან და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან, ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ანტონიო ტაიანისთან. საგარეო საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართება ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან და ევროკომისართან, მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსთან.

წაკითხულია 71 ჯერ

Related items

  • პრეზიდენტი გაერო-სთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-სთანაკრედიტებულ ელჩებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.
    საქართველოს პრეზიდენტმა გაერო-სთან ფინეთის, ეკვადორის, დომინიკის რესპუბლიკის, მარშალის კუნძულების, ესვატინისსამეფოს და მიკრონეზიის ფედერალური შტატების მუდმივ წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. მხარეებმა ჟენევის მოლაპარაკებების თაობაზე და გაერო-ში საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსს“ უკავშირდება.

    ელჩები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესით დაინტერესდნენ და შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს.

  • სალომე ზურაბიშვილი - კვიპროსის პრეზიდენტის პირველი ვიზიტით, ორი ქვეყნის ურთიერთობებში, ახალი ეტაპი იწყება

    საქართველოს და კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა, მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, გამართეს.

    შეხვედრებისას აღინიშნა, რომ კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში პირველია დიპლომატიურ ურთიერთობათა გაფორმების დღიდან, რაც თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დინამიკა პროგრესირებს. კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს გულთბილი დახვედრისთვის. ,,მადლობა, მინდა გადაგიხადოთ, რომ მომეცა შანსი და პირველად, 27 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის განმავლობაში ვეწვიე საქართველოს. მოგვეცა შანსი, რომ განვიხილოთ, რა სახის ურთიერთობა გვექნება და როგორ განვავითარებთ სექტორულ თანამშრომლობას“, - აღნიშნა ნიკოს ანასტასიადისიმ.

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში, კვიპროსის პრეზიდენტის პირველი ვიზიტით, ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება. ,,ეს ურთიერთობები უკვე განვითარებულია სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში თქვენი ჩამობრძანდებით კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ წინ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

    საქართველო დადებითად აფასებს, კვიპროსის მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და მის აქტივობებს, რომელიც წინ უძღოდა ასოცირების ხელშეკრულებისა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულების ამოქმედებას. მხარეებმა შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ ისაუბრეს და საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის რეგულირებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ბერკეტი ევროკავშირის მონიტორინგის მისიაა, რომელიც ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრებთან აწარმოებს მონიტორინგს. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა სადამკვირვებლო მისიაში კვიპროსის კონტრიბუციის მნიშვნელობა, დღეისათვის მისიაში 3 კვიპროსელი დამკვირვებელი მუშაობს. შეხვედრისას განიხილეს ასევე, საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის გააქტიურების საკითხი და სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგების და ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების მაღალ პოლიტიკურ დონეზე განხილვისათვის საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, კვიპროსის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

    აღინიშნა, რომ პრეზიდენტი ანასტასიადისი სადამკვირვებლო მისიას ეწვევა და პირადად მათგან მიიღებს ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. როგორც შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საქართველო და კვიპროსი პატარა, მაგრამ უდიდესი ისტორიის და კულტურის ქვეყნები არიან. ორივეს ტერიტორიული პრობლემები აქვს და ორივე სახელმწიფოს უპირველესი მიზანი ქვეყნის ტერიტორიის გაერთიანებაა. ტერიტორიული საკითხების გადასაწყვეტად, კი, საქართველოს ერთადერთ გზად, მხოლოდ მშვიდობიანი გზა ესახება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას: ტურიზმის, კულტურის, განათლების, არქეოლოგიისა და კვლევითი საქმიანობის სფეროში. აღინიშნა, რომ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანია საქართველო -კვიპროსის ბიზნეს ფორუმი, რომელიც 18 აპრილს თბილისში ჩატარდება.

    გაფართოებულ შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკის განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში რევაზ ლომინაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნათია სულავა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი. კვიპროსის მხრიდან: კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს ხრისტოდულიდისი, კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობის სპიკერი პროდრომოს პროდრომუ, კვიპროსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კირიაკოს კენევეზოსი, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის დიპლომატიური სამსახურის დირექტორის მოადგილე ჰელენა მინა, კვიპროსის რესპუბლიკის დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენელი პანტელის პანტელიდისი, კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ნეოფიტოს კონსტანტინუ, კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ჯორჯ სტავრინუ.

  • ​საქართველოს პრეზიდენტმა იორდანიის სენატის პრეზიდენტს უმასპინძლა

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ იორდანიის სენატის პრეზიდენტს ფეისალ ალ-ფაიეზის შეხვდა.
    პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო - იორდანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის: ეკონომიკური, სავაჭრო, ტურიზმის, კულტურისა და განათლების კუთხით თანამშრომლობის გააქტიურებასა და გაფართოებას.

    დელეგაციებმა შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს. სალომე ზურაბიშვილმა დადებითად შეაფასა ვიზიტის ფარგლებში, ფეისალალ-ფაიეზის საოკუპაციო ხაზთან, ოკუპანტების მიერ მავთულხლართებით გაყოფილ სოფელ ხურვალეთში გამგზავრება და აღნიშნა, რომ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტი, აღნიშნული სოფლის მონახულების შემდეგ, პირადად დარწმუნდება, თუ რამდენად რთულია, დედაქალაქთან ახლოს და ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე კილომეტრში საოკუპაციო ხაზის არსებობა.

    საქართველოს პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით განაცხადა, რომ აღნიშნული კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა კულტურული კავშირების განვითარების პერსპექტივებსა და კლდეში ნაკვეთი ქალაქების კონსერვაციის მიმართულებით, იორდანიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

    ასევე, მხარეებმა საქართველოში რელიგიური ტურიზმის განვითარების ზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრეს და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტმა, რომელმაც გუშინ ბოდბის მონასტერი მოინახულა, ტურიზმის ამ მიმართულების პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრას ესწრებოდნენ: იორდანიის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ზაზა კანდელაკი, პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ზურაბ ალექსიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნათია სულავა.

  • სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს განვითარება რეგიონებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე დგას

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს სოფლის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, რომელიც ამ სფეროში ეროვნული პოლიტიკის ჩამოყალიბებას მიეძღვნა.

    საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანია, რადგან ის ეხება საქართველოსათვის უაღრესად საჭირო დარგს, სოფლის მეურნეობას, რომელიც ქვეყნის განვითარების საფუძველს წარმოადგენს.
     

    ,,დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს განვითარება მისი რეგიონებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე დგას. ქართული ეკონომიკის განვითარებას არ ექნება მომავალი, თუ სოფლის მეურნეობის სფერო არ იქნება აგებული თანამედროვე პრინციპებზე. ჩვენ უნდა განვავითაროთ და ვისწავლოთ ის, რაც დღევანდელ მსოფლიოში მდგრადი განვითარების პრინციპებადაა მიჩნეული და სწორედ ამ პრინციპებზე ავაგოთ ჩვენი სოფლის მეურნეობა.

    ეს ნიშნავს იმას, რომ შევინარჩუნოთ ძველი, ქართული ტრადიციები და ამასთან, ვისწავლოთ როგორ განვავითაროთ დარგი ისე, რომ არ უშლიდეს ხელს არც გარემოს დაცვას (რომელიც არანაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისათვის) და ამავე დროს, იყოს ჩართული მსოფლიო ეკონომიკაში, იყოს მორგებული მსოფლიო ბაზრებს. ეს ყველაფერი კი არის ის, რაც სხვების გამოცდილების გაზიარებით უნდა ვისწავლოთ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
     

    სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისა და მხარდაჭერისათვის საერთაშორისო ორგანიზაციებს: ევროკავშირსა და გაეროს, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.
     

    კონფერენციას „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+. ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, სფეროს წამყვანი ექსპერტები და პოლიტიკის შემქმნელები ესწრებოდნენ.

  • საქართველოს პრეზიდენტი იტალიელი მხატვრის, ჯორჯო დე კირიკოს გამოფენის გახსნას დაესწრო

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნულ გალერეაში მეოცე საუკუნის იტალიელი მხატვრის, ჯორჯო დე კირიკოს გამოფენის ,,ეზოთერიკოსი დე კირიკო. მოგზაური ორ სამყაროს შორის” გახსნას დაესწრო.

    სალომე ზურაბიშვილმა გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ დე კირიკოს გამოფენა ნამდვილი საჩუქარია ქართული საზოგადოებისათვის.
    პრეზიდენტის განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ იტალია აკეთებს იმას, რისთვისაც მთელი ევროპა ემზადება, რომ 2019 წელი ევროპის კულტურული სეზონი გახდეს საქართველოში, რაც ყველაზე უფრო მეტი დაახლოება ევროპასთან.
    ,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ იმართება ევროპული დონის გამოფენები. ეს არის ის დონე, რომელსაც შეხვდებით პარიზში, რომსა და ევროპის დედაქალაქებში. ასეთი ნაბიჯებით ნელ-ნელა ვარწმუნებთ ყველას, რომ ჩვენ ვართ კულტურული ევროპის წევრი, ვეკუთვნით მას და ჩვენი ცივილიზაციითა და ჩვენი წარსულით გვაქვს ის კულტურული დონე, რითაც შეგვიძლია არ ჩამოვრჩეთ ევროპას“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
    საქართველოში იტალიის ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის განცხადებით, დე კირიტოს შემოქმედების მიზანია, რეალობასა და ოცნებას შორის გადოს ხიდი. ცხენები მამაკაცურ ძალოვნებაზე მიგვანიშნებენ, რომლებიც მითოლოგიაზე არიან გადაჯაჭვულნი, თოჯინები კი, ადამიანის მარტოხელობას ასახავენ.

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური