შსს-მ ბორჯომსა და თელავში სიჩქარის მზომი 18 სექციური „ჭკვიანი“ კამერა აამოქმედა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 15 იანვარი 2019 14:40
შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით საქართველოს რეგიონებში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს განაგრძობს. ამ ეტაპზე, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონებში, კერძოდ, ბორჯომისა და თელავის მუნიციპალიტეტებში 10 ლოკაციაზე საავტომობილო სიჩქარის მზომი 18 სექციური „ჭკვიანი“ კამერა ამოქმედდა.
 
სამცხე-ჯავახეთის რეგიონი:
 
1. ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრიდან (ყვიბისის გადასახვევი > ქ. ბორჯომი) - ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრამდე (ბაკურიანის გადასახვევი > ქ. ბორჯომი), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ.
 
2. ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრიდან (ბაკურიანის გადასახვევი > ქ. ხაშური) - ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრამდე (ყვიბისის გადასახვევი > ქ. ხაშური), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ.
 
3. ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრიდან (ბაკურიანის გადასახვევი > ქ. ახალციხე) - ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრამდე (ბორჯომის ცენტრალური პარკი > ქ. ახალციხე), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ.
 
4. ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრიდან (ბორჯომის ცენტრალური პარკი > ქ. ხაშური) - ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრამდე (ბაკურიანის გადასახვევი > ქ. ხაშური), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ.
 
კახეთის რეგიონი:
 
5. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მე-60 კილომეტრიდან (გომბორი > ქ. თელავი) - ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 65-ე კილომეტრამდე (გომბორი > ქ. თელავი), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
 
6. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 65-ე კილომეტრიდან (ქ. თელავი > გომბორი) - ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მე-60 კილომეტრამდე (ქ. თელავი > გომბორი), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
 
7. ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრიდან (ქ. თელავი > გურჯაანი) - ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრამდე (ქ. თელავი > გურჯაანი), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
 
8. ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 32 კილომეტრიდან (გურჯაანი > ქ. თელავი) - ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრამდე (გურჯაანი > ქ. თელავი), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
 
9. ქ. თელავში, დავით აღმაშენებლის და ალაზნის ქუჩების კვეთიდან - დავით აღმაშენებლის ქუჩისა და შოთა რუსთაველის გამზირის კვეთამდე, ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
 
10. ქ. თელავში, დავით აღმაშენებლის ქუჩისა და შოთა რუსთაველის გამზირის კვეთიდან - დავით აღმაშენებლის და ალაზნის ქუჩების კვეთამდე, ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
 
ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, 1 441 ვიდეოკამერა მუშაობს, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი - ე.წ. "ჭკვიანი" ვიდეოკამერა. სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით უკვე 375 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზა კონტროლდება.
 
შეგახსენებთ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე, ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიიღებენ.
 
სატელეფონო ნომრის გადამოწმების მიზნით ან მის შესაცვლელად, ავტომანქანის მფლობელები უნდა დაუკავშირდნენ მომსახურების სააგენტოს, ცხელ ხაზზე - 2 41 91 91. შემდეგ, პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით, ოპერატორს უნდა უკარნახონ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, თავიანთ მფლობელობაში არსებული ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი, ტექმოწმობის ან შასის/vin კოდის ბოლო 4 ციფრი და განაახლონ მობილური ტელეფონის ნომერი. მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ მიბრძანდნენ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებში.
 
შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით.
 
იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.
 
საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge. აღნიშნული წესი ამოქმედდა 2017 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შესული რეგულაციით, რომლის თანახმად, ვიდეოჯარიმის ქვითარი სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - police.ge-ზე საჯაროდ ქვეყნდება.
 

 

წაკითხულია 207 ჯერ

Related items

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

     შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.
  • შსს-მ საგზაო უსაფრთხოების კამპანიის ახალი ეტაპი დაიწყო

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა და სოციალური კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის" ახალი ეტაპი საზოგადოებას წარუდგინა. მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს გეგმების შესახებ პრეზენტაციით გააცნო.

    საგზაო უსაფრთხოების კამპანია „მეტი სიცოცხლისათვის" აქტიურად გრძელდება და მისი ახალი ეტაპი იწყება. გრძელდება მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებების, პრაქტიკული ქმედებების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს მიმართულებით.

    ავტოსატრანსპორტო შემთხვევების მხრივ 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია 10.2%-ით.

    მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის განცხადებით: „მისასალმებელია, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევების დროს დაშავებულთა რაოდენობის მხრივ კლების ტენდენციაა 2019 წლის 9 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 9 თვის მონაცემებით, სამწუხაროდ, გარდაცვლილია 337 ადამიანი, რაც წინა წლის 9 თვის მაჩვენებელზე 1.5%-ით ნაკლებია. თუმცა, ეს არ გვაძლევს სიმშვიდის უფლებას და ვცდილობთ, ჩვენი ყველა ღონისძიება მიმართული იყოს ამ ციფრის კლებისკენ.

    მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები, საავტომობილო გზებზე ფარული კამერების რაოდენობის ზრდა და ზოგადად, სამინისტროს მხრიდან რეგულაციების გამკაცრება ვერ მიგვიყვანს რეალურ შედეგამდე, თუ არ მოხდება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება".

    2019 წლის აპრილის მდგომარეობით, მაშინ როდესაც კამპანია "მეტი სიცოცხლისთვის" პირველი ეტაპი დაიწყო, მთელ საქართველოში 2 600-მდე ე.წ. „ჭკვიანი კამერა" ფუნქციონირებდა, ხოლო დღეის მდგომარეობით კამერების რაოდენობა შეადგენს 4 318-ს: საიდანაც 2 760 - ზოგადი ხედვის კამერაა, ხოლო 1 558 - ნომრის ამომცნობი კამერა. გეგმის მიხედვით, წლის ბოლოსთვის, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედებული იქნება 5 000-მდე ვიდეოკამერა.

    რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, მათი ნაწილი უკვე წარედგინა პარლამენტს - კერძოდ, მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში გატანისთვის მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები. ასევე დეპუტატებს განხილვისთვის უკვე გადაეგზავნათ ცვლილებები, რომლებიც მოპედების რეგისტრაციას ეხება.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალური კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის" ახალ ტალღა მოიცავს თემატურ ვიდეოკლიპებს, რომლებიც მედია საშუალებებში გავრცელდება, ასევე იგეგმება მნიშვნელოვანი აქტიურობა სოციალურ მედიაში. კამპანიის ფარგლებში, იგეგმება ღონისძიებების და შესაბამისი აქტივობების განხორციელება რეგიონებში.

     

     
  • შსს-ს ინფორმაცია სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ

    შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით განაგრძობს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს. მიმდინარეობს ყველა იმ პირის გამოკითხვა, ვინც შესაძლოა, გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს, ასევე, ტარდება ტექნიკური მოწყობილობების დათვალიერება. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

    ამ დროისთვის, უმეტეს ვებგვერდებზე წვდომა აღდგენილია. უახლოეს პერიოდში სხვა ვებგვერდების ფუნქციონირებაც სრულად აღდგება.

    შესაძლოა, კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა.

    ამ ეტაპზე, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დგინდება, რომ განხორციელდა კიბერშეტევა, რა დროსაც შეიცვალა ვებსაიტების მთავარი გვერდები - ე.წ. "დიფეისი" (Deface). დაზარალებული კომპანიების უდიდეს ნაწილს ჰოსტინგურ მომსახურებას უწევენ ქართული კერძო კომპანიები. თითოეულ ვებგვერდზე კიბერშეტევის სტილი არის იდენტური.

    28 ოქტომბერს, ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიბერშეტევა განხორციელდა ქართული ტელეკომპანიების სერვერებზეც. ამ ეტაპზე, აღნიშნული კომპანიების ვებსერვერებზე მსგავსი ტიპის კიბერშეტევა არ განხორციელებულა, თუმცა ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით.

    სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე უნებართვო შეღწევისა და მონაცემების უნებართვო შეცვლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

  • განცხადება სოციალურ ქსელში ბავშვის ვიდეოების გავრცელებასთან დაკავშირებით

    სოციალურ ქსელში გავრცელებული ბავშვის ფოტოები და ვიდეოები, სადაც იკვეთება მისი ასაკისთვის შეუსაბამო ქცევის დასწავლის ნიშნები, შეიცავს საყურადღებო რისკებს არასრულწლოვნის განვითარებისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მშობლების ინფორმირება მსგავსი მასალის გავრცელების საფრთხეებსა და ბავშვის განვითარების რისკებთან დაკავშირებით. აღნიშნული საჭიროებს გრძელვადიან მულტიდისციპლინურ მუშაობას, სადაც ჩართული უნდა იყვნენ როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

    ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა სოციალური სამსახურის, სახალხო დამცველის აპარატის, მანდატურის სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ქეის-კონფერენცია გამართა.
    შეხვედრაში მონაწილე უწყებები მოუწოდებენ როგორც აღნიშნულ ოჯახს, ასევე, ზოგადად, მშობლებს, რომ თავი შეიკავონ მსგავსი შინაარსის ფოტოებისა და ვიდეოების დამზადებისა და გასაჯაროებისგან.
    მსგავსი მასალის ფოტო-ვიდეოგადაღება/გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ინტერესების უგულებელყოფა, შეაფერხოს მოზარდის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარება. ამასთან, არსებობს იმის საფრთხე, რომ ბავშვი შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი, მათ შორის, ონლაინ სივრცეში.
    ამდენად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, არასრულწლოვნის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას და განვითარებას.
    შეხვედრის მონაწილეები აღნიშნულ ოჯახთან მუშაობის სტრატეგიასა და ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის საკითხებზე შეთანხმდნენ.
  • მართლწესრიგის ოფიცრებმა ძველ თბილისში მუშაობა დაიწყეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, ძველი თბილისის რაიონში 60-მა მართლწესრიგის ოფიცერმა დაიწყო მუშაობა.

    მართლწესრიგის ოფიცრებს პირველი სამუშაო დღის დაწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გაგა კირკიტაძემ და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა მიხეილ დაუშვილმა მიულოცეს.

    პირველ სამუშაო დღეს, მართლწესრიგის ოფიცრები ძველი თბილისის მოსახლეობას შეხვდნენ და თავიანთი საქმიანობის სპეციფიკა გააცნეს.

    ოფიცრები, ასევე, ეწვივნენ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის №42 საჯარო სკოლას, სადაც მოსწავლეებს ბულინგის შესახებ და ამ პრობლემის ერთობლივი ძალისხმევით გადაჭრის გზებზე ესაუბრნენ.

    მართლწესრიგის ოფიცრები აქამდე თბილისის მასშტაბით მხოლოდ ვაკე-საბურთალოს რაიონში მუშაობდნენ. დაახლოებით, 10-თვიანი მუშაობის შედეგად, მართლწესრიგის ოფიცრებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის მიზნით, არაერთ ფაქტზე მოახდინეს რეაგირება.

    მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია.

    მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მის ფუნქცია-მოვალეობებში, ასევე, შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება.

    ოფიცრების შერჩევა მოხდა როგორც მოქმედი თანამშრომლებიდან, ასევე, საკონკურსო წესით. კონკურსში გამარჯვებულმა კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეთვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს.

    ღია კონკურსის მეშვეობით მართლწესრიგის ოფიცრების ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევა კვლავ გრძელდება. სამომავლოდ შერჩეული ოფიცრები ინტენსიურ სწავლებასა და მომზადებას გადიან.

    მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ჯერ დედაქალაქის მასშტაბით, ყველა უბანში, ხოლო მოგვიანებით, ეტაპობრივად მთელ საქართველოში დაინერგება.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური