საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადება "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 09 იანვარი 2019 15:06
ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო ,,თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების  ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.
აღნიშნული მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს ეროვნულ ბანკს და საქართველოს პროკურატურას.
ეროვნულმა ბანკმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლა საკითხი და აღმოჩენილ დარღვევებზე მოახდინა  შესაბამისი რეაგირება.
ხოლო საქართველოს პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს, დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. 
გამოძიებით დადგენილია, რომ  2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა,  ,,თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც ,,თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს.  2008 წლის ბოლოს, თიბისი ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას. საგულისხმოა, რომ „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოიწერა, რომ ამ კომპანიებს  სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს  ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M” - ს, ვალი.
გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხნენ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის გამოკითხულია მამუკა ხაზარაძეც. გამოძიების ამ ეტაპზე, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების სრულყოფილად შესწავლისთვის, აუცილებელია დამატებითი დოკუმენტაციის და ინფორმაციის მოპოვება და შესწავლა, რისთვისაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 4 იანვარს შუამდგომლობებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს ,,თიბისი ბანკი“-დან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული შუამდგომლობები შესასრულებლად ჩაბარდა სს ,,თიბისი ბანკს“. საქმეზე საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გენერალური პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების შესახებ.
წაკითხულია 128 ჯერ

Related items

  • საქართველოს პრეზიდენტის განცხადება

    მივესალმები საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის, წლების განმავლობაში შეჩერებული, დელიმიტაციის პროცესის განახლებას, რაზეც აზერბაიჯანში ვიზიტისას პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე შევთანხმდით.

    დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობებიდან გამომდინარე, მხარეები იხელმძღვანელებენ სტრატეგიული პარტნიორობით და ეს პროცესი სწრაფად მოგვცემს შედეგს, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

  • ბანკი არის ძალიან დიდი რესურსი სადაზღვევო კომპანიისთვის, ამიტომაც ბანკთან ასოცირებული კომპანიები ამაში პრობლემას ვერ ხედავენ!!!

    თუ „იმედი ლ“ -ის გენერალური დირექტორი ბატონი გივი ბანკიების მიერ სადაზღვევო კომპანიების მფლობელობას პრობლემად არ აღიქვამს, პსპ დაზღვევა, ბანკების მონაწილეობას დაზღვევის ბიზნესში სხვაგვარად აფასებს და ეს პოზიცია არის ძალიან მკაფიო და ხისტი.

    დაუშვებელია ბიზნესი განავითარო არასამართლიანი და არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში. ბანკის მონაწილეობა კი ამ ორივე პირობას უშვებს, კერძოდ, სახეზეა არაჯანსაღი კონკურენცია და არასამართლიანი პირობები.

    ბანკების მიერ დაარსებულ ან მათთან დაკავშირებულ სადაზღვევო კომპანიებს აქვთ შეუზღუდავი წვდომა ბანკში აკუმულირებულ ინფორმაციაზე, როგორიცაა ფიზიკური პირების ინფორმაცია, სხვადასხვა იურიდიული პირების და კომპანიების შესახებ. საკრედიტო ან/და სასესხო ხელშეკრულებების გაფორმებისას კომპანიას ან ფიზიკურ პირს არ აძლევს საშუალებას თავად აირჩიოს სადაზღვევო კომპანია. ეს ეხება როგორც ჯანმრთელობის დაზღვევას, ასევე ავტო და ქონების დაზღვევის მიმართულებებს. უფრო ცხადი რომ იყოს, თუ კომპანიას აქვს რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება ბანკის მიმართ, მაგალითად, კომპანიას თავისი ბიზნესისთვის გამოაქვს სესხი, ის აღარ არის თავისუფალი არჩევანში და პრაქტიკულად იძულებული ხდება დააზღვიოს ქონება და რისკები ბანკის მფლობელობაში ან მასთან აფილირებულ სადაზღვევო კომპანიაში.

    ხელშეკრულებაზე გავლენის მოხდენა არის ძალიან მკაფიო და ცხადი პრაქტიკა; ეს საკითხი აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფო და საკანონდებლო ხელისუფლების დონეზე რეგულირებული, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაქარწყლდეს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში საბანკო მაფია მძვინვარებს.

    პსპ დაზღვევა, არის კომპანია, რომელიც აღიარებს და მხარს უჭერს თავისუფალი კონკურენციის პირობებს და მზად არის აქტიურად ჩაერთოს ყველა სახის სამუშაო პროცესში, რომელიც მიზნას ისახავს დაზღვევის ბაზრის განვთარებას, მომხმარებლების უფლებების და ინტერესების დაცვას ნებისმიერი ინსტიტუციის ზეწოლის და გავლენის მოხდენის გარეშე, რაც საბოლოო ჯამში განავითარებს სადაზღვევო ინდუსტრიას ქვეყანაში.

    „პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი,
    სოფიო ლებანიძე

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მახათას მთაზე მდებარე ეკლესიის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, 12 მაისს, დილის 07:00 საათიდან, მახათას მთისკენ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება და იქნება ცალმხრივად “წრიული” შემდეგი მიმართულებით: ყველა სახის ამსვლელი ტრანსპორტისთვის მოძრაობა ნებადართული იქნება მხოლოდ ვაზისუბნის 2-მ/კ რაიონის მხრიდან, მახათის აღმართის გავლით, ხუდადოვის და ცაიშის ქუჩების მიმართულებით.

    ასევე ტრანსპორტს შეეძლება ცალმხრივად მხოლოდ ამსვლელი მიმართულებით იმოძრაონ შემდეგი ქუჩებით: ავლაბრის მოედანი, გუმბრის ქუჩა, საინგილოს ქუჩა, ნიაბის ქუჩის გავლით მახათის მთაზე.

    საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: მეტროსადგურ "ვარკეთილი", ვაზისუბნის 2-მ/რ, მახათას აღმართი, ხუდადოვის ქუჩა, თბილისის ზღვა, ჰუალინგის მიმართულებით. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან - ავლაბრის მოედანი, ვარკეთილი, ვაზისუბანი 2-მ/რ, მახათას აღმართი, ცაიშის ქუჩის გავლით, საბჭოს მოედნის მიმართულებით.

    აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით საგზაო მოძრაობას საპატრულო პოლიცია დაარეგულირებს.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ რიკოთის გვირაბში, მიმდინარე წლის 7-9 მაისს, გვირაბის სახანძრო–სავენტილაციო სისტემების შემოწმებისა და შესწავლის სამუშაოებთან დაკავშირებით, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.

     კერძოდ: • 7 მაისის 22:00 სთ-დან 8 მაისის 08:00 სთ-მდე;
     
    • 8 მაისის 22:00 სთ-დან 9 მაისის 08:00 სთ-მდე;
     
    • 9 მაისს 14:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე.
     
    რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება გვირაბის შემოვლით გზაზე.
  • ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგსა და წყლის ხარისხზე პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გამართა

    ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგი და წყლის ხარისხი  იყო სექტორთაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მთავარი თემა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

    როგორც მთავრობის მეთაურმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, საქართველოში ჯერ კიდევ არის რეგიონები, სადაც ეკოლოგიის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება. მამუკა ბახტაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოში შემავალ უწყებებს  შესაბამისი დავალება ჰქონდათ მიცემული, იმისთვის, რომ საქართველოს მასშტაბით  წყლის ხარისხის მდგომარეობა შეესწავლათ.

    პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შედეგად  გარკვეულ ქალაქებში გაუმჯობესება აღინიშნება, თუმცა, წყლის ხარისხის შეუსაბამობა მაინც  მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

    „დღეს საკოორდინაციო საბჭოს სპეციალურ ფორმატში შევიკრიბეთ, რომ ვიმსჯელოთ გარემოს დაცვისა და ჩვენს მიერ დაანონსებული მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ნაბიჯებზე და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე. მოგეხსენებათ, რომ ეს არის საკმაოდ კომპლექსური საკითხი. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ გვაქვს რეგიონები, სადაც ეკოლოგიის თვალსაზრისით რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები. საკოორდინაციო საბჭოში შემავალ უწყებებს უკვე ჰქონდათ დავალება მიცემული, რომ შეესწავლათ წყლის ხარისხის მდგომარეობა საქართველოს მასშტაბით. გამოიკვეთა, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიციების შედეგად ჩვენ გვაქვს გაუმჯობესება გარკვეულ ქალაქებში, თუმცა, წყლის ხარისხის შეუსაბამობა მაინც რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად. შესაბამისად, ეს ჩვენი მხრიდანაც მოითხოვს უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    რაც შეეხება ბავშვთა სისხლში ტყვიის მოცულობის მონიტორინგს, პრემიერ-მინისტრის თქმით,  აღნიშნული პრობლემა თანამედროვე სამყაროსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, დაგეგმვა და მათი იმპლემენტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

    „ვიცი, რომ ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება ჩატარდა, განხორციელდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტი. ბუნებრივია, ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებზე და გამოვიყენოთ საუკეთესო გამოცდილება, რომელიც დაგროვდა დასავლეთის ქვეყნებში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    საკოორდინაციო საბჭო გარემოს დაცვის მიმართულებით 2018-2022 წლების გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ფუნქციონირებს და მას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. სექტორთაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ესწრებოდნენ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური