თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ქართული პროდუქციის ექსპორტს ხელს უწყობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 20 დეკემბერი 2018 16:31

2018 წლის ნოემბერში, წინა წელთან შედარებით ექსპორტი 19.6  პროცენტით გაიზარდა და 283.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით. 

„თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას განაპირობებს. საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებისგან მიღებული უპირატესობების გამოყენებას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ. 

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, 2016 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება. შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ექსპორტი 29.5%-ით გაიზარდა და 2 735.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.  

2018 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 24.0 პროცენტით გაიზარდა და 3 033.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 16.8 პროცენტით აღემატება წინა წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელს და 8 291.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 18.6 პროცენტით გაიზარდა და 11 324.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ნოემბერში  5 257.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.4 პროცენტი შეადგინა  და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. 

წაკითხულია 149 ჯერ

Related items

  • საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

    28 ივნისს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

    შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, ხოლო ჰონგ კონგის სახელით, კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა, ედვარდ იუა თან-ვამ (Edward YAU TANG-WAH) მოაწერეს ხელი. 

    შეთანხმებას ხელი მოეწერა Belt and Road-ის სამიტის გახსნით ცერემონიალზე, სადაც ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული შეთანხმება პირველია რეგიონში, რომელიც ჰონგ კონგმა გააფორმა. სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი სტუმარი ესწრება, მათ შორის სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. 

    ხაზგასასმელია, რომ ეს ხელმოწერა იყო სამიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი და შედეგი, რომელიც რეგიონთაშორისი ვაჭრობის გააქტიურებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

    შეთანხმების გაფორმებას საფუძვლად დაედო საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომლის მოლაპარაკებების პროცესშიც ჰონგ კონგი დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა.

    შეთანხმების მიზანია საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს ჰონგ კონგს შორის  საქონლის თავისუფალი გადაადგილების პირობების განსაზღვრა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობა. მხარეთა შორის ახალი თაობის შეთანხმება ასევე ფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები და სხვა. 

    „მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჰონგ კონგი ატარებს ღია ეკონომიკურ პოლიტიკას  და წარმოადგენს ერთ - ერთ უმსხვილეს საკვანძო სატრანზიტო საფინანსო საერთაშორისო  ცენტრს. მისი ყოველწლიური სატრანზიტო ტვირთგამტარიანობა 500 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო თავად 60 მილიარდამდე იმპორტს მოიხმარს. 

    ჰონგ კონგი არის საქართველოსთვის როგორც არსებული, ასევე პოტენციური საექსპორტო პროდუქციის ისეთი მნიშვნელოვანი იმპორტიორი და ტრანზიტული ქვეყანა, როგორიცაა ყველი,  უალკოჰოლო სასმელები, სპირტიანი სასმელები, ღვინო, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, თხილი, ხილი, თაფლი, ტექსტილის მზა ნაწარმი, ტყავის სამგზავრო ჩანთები, მეტალის ნაწარმი და სხვა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.  

    წარმოდგენილი შეთანხმების ძალაში შესვლა მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. შესაბამისად მისი ამოქმედება ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას მხარეებს შორის და ქართველ მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიაწოდონ საკუთარი პროდუქტი და მომსახურება 7 მილიონიან მაღალ მსყიდველობითუნარიან სამომხმარებლო ბაზარს.

  • საქართველოს პარლამენტმა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

    აღნიშნული შეთანხმების გაფორმებით, ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცემათ, საკუთარი პროდუქცია და მომსახურება მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარს დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიაწოდონ. გარდა ამისა, შეთანხმება მხარეებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

    დოკუმენტში, რომელიც მხარეებს შორის სხვადასხვა მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის პირობებია განსაზღვრული. ამასთან, შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და დასაქმების ზრდას. გარდა ამისა, დოკუმენტი მნიშვნელოვნად წაახალისებს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას.

    შეთანხმების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები 2015 წლის 10 სექტემბერს ჩინეთში, ქ. დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ დაიწყო.

    საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელთანაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული.

  • შეხვედრა ჩინელ ბიზნესმენებთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წამყვანი ჩინური ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

    შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი და უმსხვილესი ინვესტორია, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება აკავშირებს. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და ჩინეთსშორის თავისუფალი ვაჭრობა კიდევ უფრო განამტკიცებს მჭიდრო პარტნიორობას.

    „ორიოდე კვირის წინ ხელი მოვაწერეთ ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებას, რაც არის წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. საქართველო გახდა ქვეყანა, რომელსაც ყველაზე ლიბერალური ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობა აქვს ჩინეთთან ამ რეგიონში. მინდა იცოდეთ, რომ საქართველო ღიაა ჩინური ინვესტიციებისთვის,"-განაცხადა პრემიერმა შეხვედრაზე. 

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს და ხაზი გაესვა ჩინური კომპანიების მხრიდან საქართველოთიდაინტერესების მზარდ დინამიკას.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა დაესწრნენ.

  • ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასრულდა

    ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, რეკორდულად მოკლე დროში - 7 თვეში, წარმატებით დასრულდა, - შესაბამისი მემორანდუმი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაფორმდა.
    დოკუმენტს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა მოაწერეს ხელი. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
    მემორანდუმის ხელმოწერამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის, გაო ხუჩენის შეხვედრა გაიმართა, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა, ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარება იყო.
    ძალიან დიდი, ისტორიული ნაბიჯი, ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სრულიად ახალ საფეხურზე გადასვლის კუთხით, რომელიც, ორივე ქვეყანაში, ბიზნესსა და ვაჭრობის მოცულობას წაახალისებს, - ასე შეაფასა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, რაც უახლოეს მომავალში იგეგმება. მთავრობის მეთაურმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
    პრემიერის განცხადებით, ჩინეთი უკვე არის უმსხვილესი ინვესტორი საქართველოში და საქართველო ამაყობს, რომ პირველი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომელმაც, ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ, მოლაპარაკებები წამოიწყო და უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დაასრულა.
    მხარეების შეფასებით, საქართველო-ჩინეთს შორის, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობები ძალიან აქტიურად ვითარდება. საუბარი შეეხო ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის დინამიკას და აღინიშნა, რომ, 2016 წლის 8 თვის მონაცემებით, ჩინეთში უკვე ექსპორტირებულია 3,5 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 158%-იანი ზრდაა.
    შეხვედრისას, ასევე, ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, ახალი აბრეშუმის გზის პროექტის - „ერთი სარტყელი - ერთი გზის" მიმართულებით პარტნიორობის შესახებ, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა - ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტრანზიტი და ლოგისტიკური მიმართულება.

  • საქართველოსა და ჩინეთს შორის FTA მოლაპარაკებები დასრულდა

    2016 წლის 10 სექტემბერს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში (7 თვიან პერიოდში). მხარეებმა შეათანხმეს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესახებ ყველა ასპექტი. ამის შესახებ ჩინეთში საქართველოს საელჩო იტყობინება.
    საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო ჩინეთის მხრიდან - კომერციის (ეკონომიკის) სამინისტრო. მოლაპარაკებებში აგრეთვე ჩართული იყვნენ ორივე ქვეყნის ეკონომიკური პროფილის სტრუქტურები. აღნიშნულ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.
    წინასწარი შეფასებებით, საქართველო-ჩინეთის FTA თავისი შინაარსით იქნება ერთ-ერთი სამაგალითო მსოფლიო პრაქტიკაში, რადგან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, ანუ საბაჟო გადასახადებიდან თავისუფალი სავაჭრო ბრუნვა, გავრცელდება საქონლისა და მომსახურეობის უდიდეს ნაწილზე, გარდამავალი პერიოდის გარეშე.
    აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო-ჩინეთის FTA-ს დანიშნულებაა არა უბრალოდ სავაჭრო ბრუნვის წახალისება ორ ქვეყანას შორის (რაც თავის თავად მნიშვნელოვანია), არამედ გაცილებით მეტი ინვესტიციების ნაკადის მოზიდვა ჩინეთიდან საქართველოში, რაც, უდაოდ, საგრძნობლად ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ეფექტიანი ფუნქციონირების შემდგომ განვითარებას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური