დღეს ბევრად მეტი ნატოა საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი - ჯეიმს აპატურაი
დღეს თბილისში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ჩამოვიდა. პირველ შეხვედრას ნატოს მაღალჩინოსანი საგარეო საქმეთა სამინისტროში მართავს.
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მამუკა ბახტაძეს და სალომე ზურაბიშვილს, ასევე თავდაცვის მინისტრსაც შეხვდება. ჯეიმს აპატურაი მოლაპარაკებებს გამართავს ოპოზიციასთან - მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. აპატურაის განაცხადებით, მისი ვიზიტის მიზანია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას გაეცნოს და საქართველოსა და ნატოს ურთიერთობის გეგმებზე ისაუბროს.
„ველოდები მაღალი რანგის შეხვედრებს პრეზიდენტთან, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. მოლაპარაკებებს გავმართავთ ასევე ოპოზიციის წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარი შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ერთობლივი წვრთნების ჩატარებას შეეხება. ეუთოს შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანიების ტონი ძალზედ მკაცრი იყო, მსოფლიო თანამეგობრობა ელოდება მხარეებს შორის შერიგებას,“- აცხადებს აპატურაი. დღეს ბევრად მეტი ნატოა საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
„სამი მიზეზის გამო ვიმყოფები საქართველოში. პირველი, დიდი ხანია, არ ვყოფილვარ და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა საქართველოში სტუმრობა. თუმცა არსებობს სამუშაო მიზეზებიც, რომლებიც უმთავრესია. დიდი მოლოდინით ველოდები მომავალ პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრას, აგრეთვე ვგეგმავ ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას, რათა დღევანდელი საქართველოს სრული სურათი დავინახო. ნატო-ს სურს არამხოლოდ მთავრობასთან, არამედ ქართული საზოგადოების ყველა ნაწილთან შეხვედრა. ვიზიტის მესამე მიზეზი კი გარკვეული სამუშაოების ჩატარებას ეხება. ჩვენ ძალიან კარგი 2018 წელი გვქონდა, ბევრი კონკრეტული სამუშაო იქნა დასრულებული, დღესდღეობით ბევრად მეტი ნატოა საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი. მთავრობასთან და მომავალ ლიდერთან უნდა განვიხილოთ 2019 წლის გეგმები, ჩვენ გვინდა მეტი ნატო საქართველოში და აგრეთვე მეტი საქართველო ნატოში“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
ჯეიმს აპატურაი საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ის არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შეხვდება. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ნატოს-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით 2019 წლის გეგმა იქნება. აპატურაი „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც შეხვდება.