პატრულ-ინსპექტორი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 07 დეკემბერი 2018 13:27

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი 1984 წელს დაბადებული ნ.შ. ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურში მოქალაქე კ.მ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საკუთარი სამგზავრო ბარათის გამოყენებით, ტურნიკეტის გავლით, მოქალაქეებს უკანონოდ ატარებდა. აღნიშნული დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის თანამშრომლისთვის, რომელმაც მ.კ.-ს მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით ყოველ მორიგეობაზე გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა.შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ნ.შ. მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, მეტროსადგურ ვარკეთილში მორიგი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

წაკითხულია 38 ჯერ

Related items

  • შსს-მ თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, N1 სამმართველოს (ბათუმი) N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

    გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

     

     
  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელი პირები დააკავა

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,   სასამართლოს განჩინების საფუძველზე  მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის  (თაღლითობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით) ჩადენისათვის   სამშენებლო კომპანია ,,სვეტის“ ხელმძღვანელი პირები  გ.ჯ. და თ. ჯ. დააკავეს.  


    მოგახსენებთ, რომ დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მენაშენეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე,   2018 წლის 29 მაისს,  გამოძიება დაიწყო აღნიშნული კომპანიის მიერ მშენებარე საცხოვრებელი ბინების შესაძენად მოქალაქეთა მიერ გადახდილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე.


    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა გ.ჯ.-მ და თ.ჯ.-მ,  სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განიზრახეს  მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ  დიდი ოდენობით თანხებს.  სწორედ ამ  მიზნით, დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მიერ 2016 წლის დასაწყისში დაანონსდა  მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტების დაწყება ისე, რომ კომპანიას მშენებლობის შესაბამისი ნებართვები არ ჰქონდა მიღებული. დიდი ოდენობით თანხის მოსაზიდად, ჩატარდა აქტიური სარეკლამო კამპანიაც, მათ შორის სოციალური ქსელების გამოყენებით,   რითაც მოხდა  ბინის შეძენით დაინტერესებული როგორც ადგილობრივი ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების მოზიდვა.


    გამოძიებით  დადგინდა, რომ მხოლოდ ერთ ობიექტზე, ბრალდებულები გ.ჯ. და თ.ჯ. მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა კუთვნილ თანხას 3 356 385 ლარის ოდენობით.


    გამოძიების პროცესში  5 000-ზე  მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. მათ შორის ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 2000-ზე მეტი მენაშენე და საქმესთან შემხებლობაში  მყოფი  პირი. ამოღებულია დეველოპერულ კომპანია „სვეტთან“ კავშირში მყოფი ორგანიზაციების:  შპს „სვეტი დეველოპმენტის“, შპს „სვეტის“, შპს „სვეტი ჯგუფის“, შპს „სვეტი ნუცუბიძის“ და შპს „ვანკონსტრაქშენის“ საბუღალტრო და იურიდიული დოკუმენტაცია, რომლებზეც  დაინიშნა თემატური შემოწმება და რევიზია. პარალელურად, კომპანიების მიერ ქალაქ თბილისში  (მირცხულავას ქუჩა N9/11, ჭყონდიდელის ქუჩა N22, ნუცუბიძის ქუჩა N125, წერეთლის გამზ. N27) და ქალაქ ბათუმში (თამარ მეფის ქუჩა N1)  მშენებარე ობიექტებზე  ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების დადგენის მიზნით, დაინიშნა და ამჟამადაც მიმდინარეობს საინჟინრო - ტექნიკური ექსპერტიზები.


    ამ ეტაპზე, აქტიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ზემოხსენებული კომპანიების მიერ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროცესში ჩადენილი ყველა შესაძლო  დანაშაულებრივი ქმედების და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით.


    შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, დეველოპერული კომპანია „სვეტის“ ყველა მენაშენე, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელების დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიადგათ მატერიალური ზიანი, ცნობილ იქნებიან დაზარალებულებად.

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

    ხადას ხეობაში ამერიკის მოქალაქეებისა და მათი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის საქმეზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართა:

    "გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ხადას ხეობაში მომხდარ საზარელ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    მიმდინარე წლის 6 ივლისს "112"-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

    პოლიციელებმა და მაშველებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამძებრო სამუშაოები და შეტყობინებაში მითითებული ადგილები დაათვალიერეს. სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგულების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს.

    იმავე დღეს, სამართალდამცველების და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ლ.ს. ხევში, ჩანჩქერის პირას, გარდაცვლილი იპოვეს, რომელსაც პირველადი დათვალიერების შედეგად ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ხოლო, შემდგომი სამძებრო სამუშაოების შედეგად, 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1975 წელს დაბადებული რ.ს.-ს ცხედარი აღმოაჩინეს.

    თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

    გატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული.

    მასთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 2014 წელს დაბადებული მცირეწლოვნის ცხედარი.

    გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

    დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა.

    გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

    გამოძიების ფარგლებში გარდაცვლილთა ცხედრებს უტარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

    გარდაცვლილები საქართველოში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ხოლო ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს.

    მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება"

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 5 ნარკორეალიზატორი დააკავა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა:

     

    "შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და გავრცელების წინააღმდეგ აქტიური, უკომპრომისო ბრძოლა.

    ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაკავებულია 5 ნარკორეალიზატორი, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

    ქვემო ქართლის პოლიციის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, მარნეულში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

    მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული 4 პირიდან სამი წარსულში ნარკოდანაშაულისთვისაა ნასამართლევი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ.

    პოლიციამ ოთხივე პირის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია 5 შეკვრა „ჰეროინი“.

    გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს.

    კიდევ ერთი ფაქტია გამოვლენილი ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტით რეალიზაციასთან დაკავშირებით.

    ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე, ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დაკავებულია უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, დროებით თბილისში მცხოვრები პირი. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 8 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა დასახელების სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებებს ინტერნეტისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით ასაღებდა. დაკავებულმა გამოკითხვისას განაცხადა, რომ ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე არსებულ სამალავებში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით დებდა.

    ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულმა 4 სხვადასხვა სამალავი მიუთითა, საიდანაც ექსპერტ-კრიმინალისტებმა 4 შეკვრა სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება. ამოღებულ ნარკოტიკებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

    ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირი ქუთაისის აეროპორტში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, 1980 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 8 შეკვრად დაფასოებული 122,2 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, ბუპრენორფინის შემცველი 51 აბი „სუბოტექსი“, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

    კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში 1998 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

    სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 275,77 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ ამოიღეს.

    გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ გააგრძელებს ნარკოტიკების უკანონო გასაღების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას."- განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ თეთრიწყაროში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ლ.შ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 ივნისს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, 1956 წელს დაბადებულ ვ.თ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.შ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

    გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური