დავით ზალკალიანი ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომაში მონაწილეობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 06 დეკემბერი 2018 11:51

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მონაწილეობს ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 25-ე სესიაში, რომელიც 2018 წლის 6-7 დეკემბერს ქ. მილანში მიმდინარეობს.  
 
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში სიტყვით გამოვა პლენარულ სესიაზე. საკუთარ გამოსვლაში დავით ზალკალიანი ყურადღებას გაამახვილებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით.
 
აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს მინისტთა საბჭოს სხდომაზე ასევე მიიღებენ საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივ განცხადებას, რომელიც ასევე შეეხება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მის თანმდევ შედეგებს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით ეუთო-ს ფარგლებში საქართველოს მეგობართა ჯგუფი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფორმატს იმისათვის, რომ საქართველოს საკითხი, მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, კვლავ  აქტიურად იდგეს ორგანიზაციის დღის წესრიგში.
 
„ეუთო-ს მინისტერიალს ჩვენ   გამოვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, კერძოდ უსაფრთხოების კუთხით და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია იყოს ადეკვატურად შეფასებული. მოგეხსენებათ, რომ ეუთო-ს მინისტერიალზე უკვე წლებია რუსეთის ფედერაციის არაკონსტრუქციული დამოკიდებულების გამო ვერ ხერხდება საქართველოსთან დაკავშირებით დეკლარაციის მიღება რადგან ეუთო-ში მოქმედებს კონსესუსის პრინციპი, თუკი ერთი ქვეყანა წინააღმდეგია გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ამიტომ ჩვენ მუდმივად გვიხდება ამ პრობლემასთან გამკლავება.  უკვე  რამდენიმე წელია ეუთო-ში არსებობს  საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის ფორმატი, სწორედ ამ ჯგუფში ვცდილობთ რომ მოხდეს  ჩვენთვის აქტუალური საკითხების შეფასება.  ბუნებრივია, წელსაც ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საქმიანობა არის განხორციელებული. მოლოდინი გვაქვს რომ საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის მიერ იქნება მიღებული შესაბამისი განცხადება სადაც ყველა ეს პრობლემა იქნება ადეკვატურად ასახული“-აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
 
აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომის ფარგლებში გაიმართება სუამის მინისტერიალი და ასევე პირველად გაიმართება სუამი-კანადის ფორმატით შეხვედრა, რა დროსაც მონაწილეები მიიღებენ ერთობლივ განცხადებას.   

დავით ზალკალიანი ასევე შეხვედრებს გამართავს ეუთო-ს სხვადასხვა ინსტიტუტების წარმომადგენლებთან და კოლეგა მინისტრებთან. მათ შორის შეხვდება ორგანიზაციის გენერალურ მდივანს- ტომას გრემინგერს, ODIHR-ის დირექტორს-დინგიბიორგ გისლადოტირის და ჟენევის მოლაპარაკებების თანა-თავმჯდომარეებს რუდოლფ მიხალკას, ჯიჰან სულთანოღლუს და ტოივო კლაარს.
 
 

წაკითხულია 106 ჯერ

Related items

  • „მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, როგორც შიდა, ისე საგარეო გამოწვევებთან მიმართებით"

    "მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, როგორც შიდა, ისე საგარეო გამოწვევებთან მიმართებით. სლოვაკეთის მიერ ეუთო-ს თავმჯდომარეობის დევიზია „ხალხი, დიალოგი და სტაბილურობა“ და შესაბამისად, ჩვენ ყველა არსებული პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ დიალოგისთვის და საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების სასიკეთოდ“ - განაცხადა ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ და სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაიჩაკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

    „ჩვენ გვქონდა ძალიან სასარგებლო შეხვედრა, რომელზეც მიმოვიხილეთ აქტუალური საკითხები და განვსაზღვრეთ ის სფეროები, სადაც საჭიროა თანამშრომლობის გაძლიერება“ - აღნიშნა მიროსლავ ლაიჩაკმა.

    მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებული საკითხები.  აღსანიშნავია, რომ მიროსლავ ლაიჩაკმა საქართველოში ვიზიტის დასაწყისში საოკუპაციო ხაზი მოინახულა სოფელ ოძისში და ადგილზე გაეცნო ვითარებას.

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-სლოვაკეთის ორმხრივ ურთიერთობებსაც. ლაიჩაკის განცხადებით, სლოვაკეთმა აამაღლა საქართველოს სტატუსი სლოვაკეთის ოფიციალური განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ფორმატში, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

  • დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა

    ვაშინგტონი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის დასასრულს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფიონა ჰილს შეხვდა.

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობის ყველა ძირითად ასპექტს და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის სტრატეგიული მხარდამჭერი ყველა საკითხში, რაც აქტუალურია აშშ-ის დღის წესრიგში. ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის კურსისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შედგა შეთანხმება სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე ერთობლივი მოქმედებების გეგმებზე.

    პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრისას მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. დავით ზალკალიანის თქმით მნიშვნელოვანია, რომ ახალი გლობალური გამოწვევების ფონზე საქართველომ თავისი ადგილი იპოვოს ახალ გეოპოლიტიკურ სურათში და ამ მხრივ აშშ-ის ჩართულობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. გამოითქვა სურვილი, რომ ახალი რეალობების გათვალისწინებით, ამ სფეროში ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

    დავით ზალკალიანისა და ფიონა ჰილის შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. მინისტრის განცხადებით საქართველო აქტიურად მუშაობს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობაზე და ამ მიმართულებით ქართულ მხარეს უკვე მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს შესრულებული. დავით ზალკალიანის განცხადებით შეხვედრაზე ამერიკული მხარემ დააფიქსირა, რომ შესაძლოა ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას.

    შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო საკითხების ფართო სპექტრს და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს აქვს სრული ორპარტიული მხარდაჭერა, რისი დასტურიცაა  რესპუბლიკელი კონგრესმენის ფრენსის რუნის ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი ახალი რეზოლუცია.

  • საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

    საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს ვილსონს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები. 

    შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე.

    საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების თემებს, მათ შორის, შავი ზღვის კონტექსტში. ამ თვალსაზრისით, აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორისა და მოკავშირის როლი.
     
    მხარეებმა კმაყოფილება გამოხატეს ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის კომუნიკაციის გამო და იმედი გამოთქვეს, რომ 2019 წლის განმავლობაში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებასა და გაფართოებას.
     
    საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს აღიარებისთვის.

  • ​საქართველოში პოლიტიკური ვითარება სტაბილურია - ჯოზეპ ბორელ ფონტელესი

    ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდგომ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ესპანეთის საგარეო საქმეთა თანამშრომლობისა და ევროკავშირის მინისტრმა ჯოზეპ ბორელ ფონტელესმა  მიგრაციასთან და მიგრაციულ პრობლემებთან დაკავშირებით  ისაუბრა.  მან ყურადღება გაამახვილა პოზიტიური მიგრაციის ფაქტორზეც,  როდესაც ესპანეთში სწავლის მსურველი სტუდენტები ჩადიან და ასევე ისაუბრა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის ფაქტებზე, რაც მისი განცხადებით, ხშირ შემთხვევაში უკავშირდება  საქართველოს მოქალაქეების არასწორ ინფორმირებულობას, თითქოს ესპანეთში ცხოვრების უფლებისა და თავშესაფრის მოპოვება მარტივია.
    ”თავშესაფრის მოთხოვნა იმას ნიშნავს, რომ შენს ქვეყანაში იდევნები პოლიტიკურ თუ რელიგიურ ნიადაგზე და ითხოვ საერთაშორისო დაცვას, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკური ვითარება საქართველოში სტაბილურია და ის უსაფრთხო ქვეყნად მიგვაჩნია, შესაბამისად არასწორია მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა და იმის მტკიცება, რომ ესპანეთში თავშესაფრის მოპოვება ადვილია და საჭიროა მხოლოდ პოლიტ.დევნილის სტატუსის მოპოვება. არსებული მდგომარეობა მიუთითებს იმაზე, რომ მოქალაქეები შეცდომაში შეყავთ. იმედი მაქვს რომ ეს ნაკადი შეწყდება და მოქალაქეები არ დაიხარჯებიან იმ მიზნისთვის, რომლის მიღწევაც შეუძლებელია“ - განაცხადა პრეს-კონფერენციაზე ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამშრომლობისა და ევროკავშირის მინისტრმა ჯოზეპ ბორელ ფონტერესმა.

  • ესპანეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირსა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისკენ

    ესპანეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირსა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისკენ, ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟოსეფ ბორელ ფონტელიესმა ქ. მადრიდში ქართველ კოლეგასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-ესპანეთის ურთიერთობებს და საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ქვეყნის განვითარების გზაზე.

     მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, დავით ზალკალიანის განცხადებით ესპანეთი საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების საქმეში. თავის მხრივ მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის ურყევი პოზიცია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ესპანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.  დავით ზალკალიანმა კოლეგას დეტალურად გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ამჟამად არსებული ვითარება და რუსეთის დესტრუქციული ნაბიჯები და ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების აუცილებლობას.
     
    მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ ბიზნეს და ეკონომიკურ კავშირებს, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველოში წარმატებით ოპერირებენ წამყვანი ესპანური კომპანიები. ამ მხრივ ორივე ქვეყნის საგარეო მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო შესაძლებლობებს და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, ასევე საქართველოს პოზიტიური საერთაშორისო რეიტინგები კარგ საფუძველს იძლევა ევროპული კომპანიებისთვის დაინტერესდნენ საქართველოს - როგორც აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებზე გამავალი ხიდის ფუნქციით.

    მხარეებმა ასევე კმაყოფილებით აღნიშნეს ესპანელი ვიზიტორების მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული მზარდი ინტერესი. დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ტურიზმის სფეროს განვითარების მნიშვნელობას, აღნიშნა ამ მხრივ მიღწეული შთამბეჭდავი შედეგები და გამოთქვა დაინტერესება საქართველომ გაიზიაროს ესპანეთის წარმატებული გამოცდილება ამ მიმართულებით.
     
    ევროკავშირში ინტეგრაციის  საკითხებზე საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მხრიდან განხორციელებულ წარმატებულ და ხელშესახებ რეფორმებს, რომელიც შეუქცევადს ხდის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზას და ასევე ესპანურ მხარეს გააცნო საქართველოს მთავრობის ინიციატივა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის სახით, მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის გააკეთოს იმაზე მეტი, რასაც მისგან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოითხოვს, რათა მიაღწიოს საბოლოო მიზანს რაც ევროკავშირში სრულფასოვან გაწევრიანებას უკავშირდება.

    დავით ზალკალიანმა ესპანელი კოლეგა მიმდინარე წლის ივლისში ბათუმში მიიწვია, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მონაწილეობის მიზნით.

    საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ხაზი გაესვა ქვეყნის წარმატებულ რეფორმებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, აღინიშნა, რომ ასპირანტ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინტრუმენტი ნატოში წევრობისთვის, ასევე ხაზი გაესვა საქართველოს არსებით როლს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

    ორივე ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დაადასტურა რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მადრიდში განხორციელებული ვიზიტი ხელს შეუწყობს შემდგომ თანამშრომლობის განვითარებას ყველა მიმართულებით.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური