სი ძინფინგი სახელმწიფო ვიზიტით ესპანეთს, არგენტინას, პანამას და პორტუგალიას ეწვევა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 06 დეკემბერი 2018 10:47

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი 27 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე სახელმწიფო ვიზიტით ესპანეთს, არგენტინას, პანამას და პორტუგალიას ეწვევა. ასევე, 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს ბუენოს-აირესში G20-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ამის შესახებ, ჩინეთის ოფიციალური პირების განცხადებაზე დაყრდნობით, სააგენტო სინხუა ავრცელებს.

ესპანეთში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში 27-29 ნოემბერს სი ძინფინგი შეხვდება ესპანეთის მეფეს ფილიპე VI-ს, გამართავს მოლაპარაკებას ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან და ერთობლივ შეხვედრას ესპანეთს პარლამენტის სენატის სპიკერთან პიო გარსია ესკუდეროსთან და ესპანეთის პარლამენტის დეპუტატთა კონგრესის სპიკერთან ანა პასტორ ხულიანთან. ჩინეთის ლიდერი პარლამენტის ორივე პალატის წინაშე სიტყვით გამოვა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვან ჩაომ განაცხადა. ჩინეთი და ესპანეთი გამოაქვეყნებენ ერთობლივ განცხადებას და ხელს მოაწერენ დოკუმენტებს თანამშრომლობის შესახებ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა მესამე ბაზრები, მომსახურებით ვაჭრობა, გადასახადები, კულტურა, მეცნიერება, ტექნოლოგიები და ფინანსები.

ვან ჩაომ აღნიშნა, რომ 4-5 დეკემბერს სი ძინფინგი სახელმწიფო ვიზიტით პორტუგალიას ეწვევა. ჩინეთის ლიდერი გამართავს მოლაპარაკებას პორტუგალიის პრეზიდენტთან მარსელუ რიბერუ დი სოზასთან და შეხვდება პორტუგალიის პარლამენტის სპიკერს ედუარდუ ფერრუ როდრიგეშს და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს ანტონიუ კოშტას. მხარეები გამოაქვეყნებენ ერთობლივ განცხადებას და ხელს მოაწერენ დოკუმენტებს თანამშრომლობის შესახებ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, კულტურა, განათლება, მეცნიერება, ტექნოლოგიები, წყლის რესურსების გამოყენება, ხარისხის კონტროლი, ენერგეტიკა და ფინანსები.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ცინ განმა განაცხადა, რომ სი ძინფინგის ვიზიტები არგენტინაში და პანამაში 2-3 დეკემბერს შედგება.

ცინ განმა განაცხადა, რომ სი ძინფინგი გამართავს მოლაპარაკებას პანამის პრეზიდენტთან ხუან კარლოს ვარენასთან, რათა გაცვალოს აზრები ორივე მხარისთვის საინტერესო საკითხებზე და დასახოს შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები. მხარეები მოაწერენ ხელს დოკუმენტს თანამშრომლობის შესახებ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტრონული კომერცია, მომსახურებით ვაჭრობა, ინფრასტრუქტურა, სავაჭრო-ეკონომიკური გამოფენები, საზღვაო გადაზიდვები, ფინანსები, ხარისხის კონტროლი, კულტურა და განათლება.

სი ძინფინგის მონაწილეობა G20-ის მეცამეტე სამიტში რიგით მეექვსე იქნება. ეს მოწმობს იმას, რომ G20-ის მექანიზმს ჩინეთი დიდ ყურადღებას უთმობს და აპირებს საკუთარი წვლილის შეტანას გლობალური მართვის განვითარებაში, დასძინა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწემ ჯან ძიუნმა.

სამიტი მოიცავს სამ სესიას და დახურულ შეხვედრას, რომელზეც მოხდება ისეთი თემების განხილვა, როგორიცაა გლობალური ეკონომიკა, ვაჭრობა და ინვესტიციები, ელექტრონული ეკონომიკა, მდგრადი განვითარება, ინფრასტრუქტურა და კლიმატური ცვლილებები, აღნიშნა ჩინოვნიკმა. სი ძინფინგი გააცნობს შეხვედრის მონაწილეებს ჩინეთის პოზიციას აღნიშნულ თემებზე. ის ასევე მონაწილეობას მიიღებს BRICS-ის ლიდერთა არაფორმალურ შეხვედრაში.

G20-ის სამიტის მზადების კომენტირებისას, ჩინეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ძოუ ძიაიმ აღნიშნა, რომ ფინანსების და ეკონომიკის საკითხებზე G20-ის მაღალი თანამდებობის პირებს შორის წელს გამართულმა შეხვედრების სერიამ ხელი შეუწყო კონსენსუსის და სასიკეთო შედეგების მიღწევას. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში მნიშვნელოვანი ფინანსური და ეკონომიკური საკითხები განიხილებოდა. ჩინეთმა, როგორც G20-ის მნიშვნელოვანმა წევრმა, მხარეებისთვის საინტერესო საკითხებში კონსენსუსის მიღწევაში კონსტრუქციული როლი ითამაშა.

როგორც ჩინეთის სახალხო ბანკის დირექტორის მოადგილემ ჩენ იუილუმ დასძინა, ჩინეთს აქვს იმის მოლოდინი, რომ G20 ხელს შეუწყობს კოორდინაციის განვითარებას მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში, ასევე საერთაშორისო ფინანსების სისტემის და ეკონომიკური ზრდის განვითარებას. როგორც მოსალოდნელია, სამიტზე პრაქტიკული ფინანსურ-ეკონომიკური შედეგები იქნება მიღწეული.

წაკითხულია 453 ჯერ

Related items

  • პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისარმა ვარჰეიმ ბრიუსელში ხელი მოაწერეს 129 მილიონი ევროს მოცულობის საფინანსო შეთანხმებას

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო COVID 19-ის გლობალური პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებს და ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას.

    საქართველოს მთავრობის მეთაურმა და ევროკომისარმა ვარჰეიმ ხელი მოაწერეს 2 საფინანსო შეთანხმებას რომელთა საერთო ბიუჯეტი 129 მილიონ ევროს შეადგენს და რომლის მიზანია კორონავირუსის გავრცელების შედეგად, საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში „მდგრადობის კონტრაქტისა" და „ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების" დოკუმენტების ხელმოწერა თბილისისა და ბრიუსელის განსაკუთრებული პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

    ევროკომისარმა ხაზი გაუსვა სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების, ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების გაძლიერებას. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ფიზიკური სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების მიმართულებით და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის ფართო რეგიონში.
    შეხვედრისას პრემიერმა ისაუბრა ევროპული სტანდარტების შესაბამისად საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და რეფორმებზე, რომლითაც ქვეყანა რეგიონული ლიდერია. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ახლახან განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას, რომლის შედეგად, ქვეყანა დემოკრატიული განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა.

    მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
    პრემიერ-მინისტრმა ოკუპაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების, არამედ მისი განვითარებისა და შესაძლებლობების 20%-ია ოკუპირებული. გიორგი გახარიამ ევროკავშირს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
    შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ახალი ინიციატივების განხორციელებისა და ასოცირებულ პარტნიორებთან მიმართებაში ორმხრივ ურთიერთობებზე მეტი კონცენტრაციის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანაა.
    პრემიერმა საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა საჯარო სამსახურის რეფორმის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ მიღწეულ პროგრესს და განაცხადა, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდა პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახური და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა საკანონმდებლო დონეზეც, რაც კარგი მმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.

    ევროკომისიაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, საქართველოს ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში ნატა საბანაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი დაესწრნენ.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური 

  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის ინტერვიუ ქართულ-ჩინური ურთიერთობების და ჩინეთის პოლიტიკური ცხოვრების შესახებ

    უკანასკნელ ხანს ჩინურ-ქართული ურთიერთობები ძალიან წარმატებით ვითარდება და COVID-19-ის ეპიდემიის ფონზე, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა. ამ ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას, ქალბატონ ელჩს ლი იენს. ჩვენ ვთხოვეთ მას ესაუბრა ქართულ-ჩინური ურთიერთობების და ჩინეთის პოლიტიკური ცხოვრების შესახებ, რაზეც  ქალბატონი ლი იენი სიამოვნებით დაგვთანხმდა. გთავაზობთ მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს.

     

    ქალბატონო ელჩო, ცოტა ხნის წინ ჩინეთში ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის მადლიერების გამოსახატად კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს. შეგიძლიათ მოკლედ გაგვაცნოთ ამ კონფერენციის დეტალები?

    8 სექტემბერს, პეკინში ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლისადმი მიძღვნილი კონფერენცია საზეიმოდ გაიხსნა, სადაც ბრძოლაში გაღებული ღვაწლისათვის ცალკეული პირებისა და ჯგუფების მიმართ მადლიერება გამოიხატა. პრეზიდენტმა სი ძინფინგმა ორდენოსნებსა და საპატიო წოდების მფლობელებს მედლები და წარჩინების ნიშნები გადასცა. გარდა ამისა, იგი ღონისძიებაზე მნიშვნელოვანი სიტყვით გამოვიდა.

    პრეზიდენტმა ჩინეთის კომპარტიის ძლიერი ხელმძღვანელობით, ჩინელი ხალხის მიერ ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში მიღებული მწარე გამოცდილება გაიხსენა.  მან აღნიშნა, რომ ეპიდემიასთან მძიმე ბრძოლაში, სიცოცხლის უზენაესობის უზრუნველყოფით, ეროვნული ერთსულოვნებით, ადამიანების მხრიდან საკუთარი სიცოცხლის არდაზოგვით, მეცნიერებისადმი პატივისცემით და საერთო ბედის გაზიარებით, ჩინეთმა მობილიზაციისა და შესრულების ძლიერი უნარი აჩვენა. ჩინეთი „მთელი მსოფლიო ერთი ოჯახიას“ პრინციპზე დაყრდნობით, საერთაშორისო ვალდებულებებს აქტიურად ასრულებს, ვირუსის პრევენციის, კონტროლის და მკურნალობის გამოცდილობას უპირობოდ აზიარებს და გლობალურად ეპიდემიის კონტროლის მისაღწევად რეალურ ქმედებებს ახორციელებს.

    ჩინეთის მიერ ეპიდემიასთან ბრძოლაში მიღწეული სტრატეგიული შედეგებით, ჩინეთის კომპარტიის მმართველობის ძლიერი უნარი და ჩინელი ხალხის უდრეკი ნებისყოფა კიდევ ერთხელ დადასტურდა. ჩინეთის კომპარტიის ძირითადი მიზანი, რომ მთელი გულით ხალხს ემსახუროს და ჩინური სპეციფიკის სოციალისტური წყობის აშკარა უპირატესობა ნათლად აჩვენებს, რომ ჩინეთი, როგორც პასუხისმგებლიანი დიდი სახელმწიფო მზადაა შეგნებულად იკისროს ვალდებულება, რაც „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ მსოფლიო მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

    კორონავირუსთან ბრძოლაში ჩინეთის გამოცდილების გათვალისწინებით, რა მოსაზრება და რჩევები გაქვთ საქართველოში ეპიდემიის მცირე მასშტაბით განმეორებით აფეთქების შესახებ?

    ჩვენ მუდამ თვალს ვადევნებთ საქართველოში ეპიდსიტუაციის განვითარებას. ეპიდემიის დაწყებიდან, საქართველოს მთავრობა გადამჭრელ და ეფექტურ ზომებს ატარებს, სამედიცინო პერსონალი მეცნიერულად ცდილობს ეპიდემიის შეჩერებას, მოსახლეობაც აქტიურად თანამშრომლობს ხელისუფლებასთან. ყოველივე ამის შედეგად, საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი მუდამ შედარებით დაბალია.  საქართველო თავისი შედეგებით რეგიონის სხვა ქვეყნებისგან გამოირჩევა. ბოლო პერიოდში, ეპიდემიის ხელახალი აფეთქება, საქართველოს ჯანდაცვის სპეციალისტების მოსაზრებას თუ დავეყრდნობით, უმეტესწილად ტურისტული ბაზრის გახსნით, სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის და ხალხის თავშეყრის აღდგენით არის განპირობებული. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ახალი კორონავირუსი ძლიერ გადამდები, ხოლო მისი გავრცელების გზები კომპლექსურია, იგი საერთაშორისო თანამეგობრობის საერთო, „ცბიერი“ მტერია.

    მიმდინარე წლის ივნისში, პეკინშიც ყველასთვის მოულოდნელად ეპიდემიამ ხელახლა იფეთქა. ჩინურმა მხარემ მყისიერი რეაგირება მოახდინა, ინფიცირებულთა დადგენის, ტესტირების, პრევენციისა და კონტროლის ზომები გაფართოვდა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო ვითარებაზე რეაგირების დონე აიწია. შედეგად, ეპიდემიის გავრცელება მალევე შეჩერდა. ეპიდემიასთან ბრძოლაში მიღებული გამოცდილებით, ჩვენ დავადგინეთ, რომ ახალი კორონავირუსი პრევენციას, კონტროლსა და განკურნებას ექვემდებარება. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ძალების გაერთიანება და მეცნიერული მიდგომა. ასე ეპიდემიას აუცილებლად შევაჩერებთ.

    ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება და ჯანდაცვასა და დაავადებათა კონტროლზე პასუხისმგებელი ორგანოები ძალ-ღონეს არ იშურებენ და აქტიურად უწყობენ ხელს იდენტიფიცირებას, შემოწმებას, იზოლაციასა და მკურნალობას. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის მხრიდან გაგებითა და თანამშრომლობით, საქართველო ეპიდემიის ხელახალ აფეთქებას ძალიან მალე შეაჩერებს. ჩინური მხარე მზადაა, კვლავაც გაუზიაროს საქართველოს პრევენციის, კონტროლისა და მკურნალობის კუთხით დაგროვილი გამოცდილება, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში სამედიცინო მატერიალური დახმარების აღმოსაჩენად, განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხის გვერდში დასადგომად და ეპიდემიასთან ბრძოლაში ერთობლივი გამარჯვების მისაღწევად.

    3 სექტემბერს ჩინეთში იაპონურ აგრესიასა და მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ ძალებზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. როგორ შეხვდა ჩინეთი ამ დღეს? თქვენი აზრით, რა უნდა ვისწავლოთ მეორე მსოფლიო ომში მიღებული გამოცდილებიდან?

    მიმდინარე წლის 3 სექტემბერს ჩინელი ხალხის მიერ მილიტარისტულ იაპონიასა და მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავი შესრულდა. ამასთან დაკავშირებით, ჩინეთში კონფერენცია, სამოქალაქო პანაშვიდი და სხვა ღონისძიებები გაიმართა. პრეზიდენტმა სი ძინფინგმა კონფერენციის მონაწილეებს მნიშვნელოვანი სატყვით მიმართა. მან იაპონია-ჩინეთის მეორე ომის ხანგრძლივი ისტორია დაწვრილებით გაიხსენა, ჩინელი ხალხისა და კაცობრიობის განვითარებისათვის ამ ომში გამარჯვების მნიშვნელობა განმარტა, ამ ომის შედეგად აღმოცენებულ ჩინელი ხალხის დიად სულისკვეთებაზე ისაუბრა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი მომავალში უდრეკად განაგრძობს მის მიერ, დამოუკიდებლად არჩეული განვითარების გზაზე სვლას, მტკიცედ დაიცავს საკუთარ კანონიერ ინტერესებს და არ დაუშვებს მათ ხელყოფას, მან ჩინეთის არჩევანი და განვითარების კონცეფცია გასაგებად ახსნა.

    მეორე მსოფლიო ომის ცეცხლმა აზია, ევროპა, აფრიკა, ოკეანეთი მოიცვა. მთელს მსოფლიოში დაშავებულთა და გარდაცვლილთა რიცხვმა ას მილიონს გადააჭარბა. უამრავი ქვეყანა კაცობრიობიობის ისტორიაში მანამდე არნახული კატასტროფისა და საშინელი უბედურების წინაშე აღმოჩნდა. მეორე მსოფლიო ომში ჩინეთი და საქართველო, ორივე ქვეყანა, მონაწილეობდა. ორივე ერმა ამ სამართლიანობის წინააღმდეგ მიმართულ, საშინელ ომში გამარჯვების მოსაპოვებლად გაუსაძლისი განსაცდელი გამოიარა და უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო. ჩინეთის ომი მილიტარისტულ იაპონიასთან გაცილებით ადრე დაიწყო და ყველაზე დიდხანს გაგრძელდა. ამ ომში დაჭრილთა და დაღუპულთა რაოდენობამ 35 მილიონი კაცი შეადგინა. იაპონური სამხედრო აგრესიის შეკავება ჩინეთს უზარმაზარი მსხვერპლის ფასად დაუჯდა. ჩინეთმა აღმოსავლეთის ფრონტზე ფაშიზმის წინააღმდეგ ომში გასამარჯვებლად გადამწყვეტი როლი შეასრულა და მსოფლიო ფაშიზმზე საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად მარადიული ღვაწლი გაიღო.

    ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ისტორიული გამოცდილება და გაკვეთილი კარგად უნდა გვახსოვდეს. ეს შუღლის გაგრძელებას კი არ ნიშნავს, არამედ ჩვენი მიზანია, ისტორიიდან გაკვეთილის მიღებით მომავალზე ორიენტირება, მშვიდობაზე ერთობლივად ზრუნვა, მშვიდობის დაცვა, რათა მსოფლიოს ერებმა მუდამ მშვიდობით იცხოვრონ. ისტორია გვასწავლის, რომ მიკერძოებას, დისკრიმინაციას, შუღლს და ომს მხოლოდ უბედურება და ტკივილი მოაქვს, მტრის დამარცხება და გამარჯვების მოპოვება მხოლოდ გაერთიანებითა და თანამშრომლობით არის შესაძლებელი. დღეს საერთაშორისო მდგომარეობა ბოლო ასი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერ იცვლება. ახალი კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პანდემია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კაცობრიობისთვის ყველაზე დიდ კატასტროფად და გამოწვევად იქცა. აქამდე არნახული სერიოზული გამოცდის წინაშე, ჩინური მხარე მზადაა ეპიდემიის წინააღმდეგ ძლიერი შემართებით საბრძოლველად, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად გაეროს წესდების ძირითად მიზნებსა და პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო სისტემის დასაცავად, „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ ერთობლივად ჩამოსაყალიბებლად და კაცობრიობისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

    წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების 75 წლისთავი აღინიშნება. ჩინეთი და საქართველო აქტიურად არიან ჩართული გაეროს შესაბამის აქტივობებში. რას ფიქრობს ჩინური მხარე გაეროს მიერ საკუთარი პოტენციალის სრულად გამომჟღავნებასა და მულტილატერალიზმის აქტიურ მხარდაჭერაზე?

    საერთაშორისო სისტემა, რომლის არსებით ნაწილს გაერო წარმოადგენს, მეორე მსოფლიო ომის შედეგებსა და კაცობრიობის მიერ საერთაშორისო სამართლიანობისადმი მისწრაფებას ასახავს. წელს გაეროს დაარსების 75 წლის იუბილეა. ჩინეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც გაეროს წესდებას ხელი მოაწერა. იგი გაეროს დამფუძნებელი სახელმწიფოა და უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებს შორის ერთადერთი განვითარებადი ქვეყანაცაა. ჩინური მხარე მომავალში ისევ დაიცავს მულტილატერალიზმს; გლობალური მართვის სისტემის რეფორმასა და მშენებლობაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს; საერთაშორისო სისტემას, რომლის ბირთვსაც გაერო წარმოადგენს, ისევ მტკიცედ დაიცავს; საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგსა და საერთაშორისო საკითხებში გაეროს ცენტრალურ როლს მტკიცედ დაიცავს.

    რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტმა სიძინფინგმა გაეროს დაარსების 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმსა და გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში გამართულ დებატებზე ვიდეო ჩართვით მიიღო მონაწილეობა. ამასთანავე, მან გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან, შეხვედრა გამართა, სადაც მიმდინარე საერთაშორისო საკითხებზე ჩინეთის შეხედულებები და პოზიცია დაწვრილებით განმარტა. მან აღნიშნა, რომ კაცობრიობის განვითარების ისტორია - სხვადასხვა გამოწვევებისა და სირთულეების დაძლევის უწყვეტი ისტორიაა. ახალი კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პანდემია და ბოლო ასი წლის განმავლობაში მსოფლიოში მიმდინარე უპრეცედენტო ცვლილებები ერთმანეთზე ზეგავლენას ახდენს. თუმცა მშვიდობა და განვითარება - ჩვენი ეპოქის ეს ორი მთავარი მოტივი, უცვლელი რჩება და მსოფლიო ხალხების მოლოდინი მშვიდობის, განვითარებისა და თანამშრომლობის მიმართ კიდევ უფრო იზრდება. კოვიდ-19 კაცობრიობის უკანასკნელი კრიზისი ვერ იქნება, ამიტომ ერთმანეთს მხარში უნდა დავუდგეთ და გლობალური გამოწვევებისთვის ერთად მოვემზადოთ. მან აღნიშნა, რომ უნდა ჩამოყალიბდეს „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ ცნობიერება, სადაც „შენ ჩემში ხარ და მე - შენში“, უარი უნდა ვთქვათ დაჯგუფებებსა და ნულოვანი ჯამის თამაშზე, უნდა დაინერგოს „დიდი ოჯახისა“ და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის კოცენფცია, უნდა დავივიწყოთ იდეოლოგიური პაექრობა, უნდა გადავლახოთ კულტურათშორისი კონფლიქტების მახე, პატივი უნდა ვცეთ ქვეყნების სუვერენულ არჩევანს და მათი განვითარების გზასა და მოდელს, დაე მსოფლიოს მრავალფეროვნება ადამიანთა საზოგადოების პროგრესის უშრეტ ძალად იქცეს; მხარი დავუჭიროთ გახსნილობასა და ტოლერანტობას, მტკიცედ ვაშენოთ ღია მსოფლიო ეკონომიკა, დავიცვათ მრავალმხრივი სავაჭრო სისტემა და მისი ქვაკუთხედი - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია; გადაჭრით უარი ვთქავთ უნილატერალიზმსა და პროტექციონიზმზე და გლობალური წარმოებისა და მიწოდების ჯაჭის სტაბილურობა დავიცვათ; არ უნდა გადავუხვიოთ მულტილატერალიზმის გზას, უნდა დავიცვათ საერთაშორისო სისტემა, რომლის ბირთვსაც გაერო წარმოადგენს, დავიცვათ „ერთობლივი მსჯელობის, ერთობლივი მშნებებლობისა და ერთობლივი სარგებლის“ პრინციპი, მხარი დავუჭიროთ ქვეყნებს შორის უფლებების თანასწორობას, შესაძლებლობების თანასწორობას, რეგულაციების თანასწორობას, გლობალური მმართველობის სისტემის მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანას, რომელიც გლობალური გამოწვევების მოთხოვნებს დამაკმაყოფილებლად უპასუხებს და მშვიდობიანი განვითარების და თანამშრომლობის ისტორიული განვითარების ტენდენციასთან შესაბამისობაში მოვა.

    ესაუბრა ავთანდილ ოთინაშვილი

  • პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები დანიშნა.

    განკარგულების თანახმად, არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

    "ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების აქტს. საპარალამენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. ვიცი და მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მომავალი არჩევნები ასე დემოკრატიულად, მშვიდობიანად და გამჭვირვალედ ჩავატაროთ. ჩვენ ეს შეგვიძლია!", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

  • სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა ჩინური ენის ტრანსლიტერაციის წესები გამოსცა
    სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა გამოსცა ბიულეტენი, რომელშიც შედის ქართული ენის ბგერითი სისტემის ლათინურად ტრანსლიტერაციის, ინგლისური, ჩინური, იაპონური, სპარსული, სომხური ენების ბგერითი სისტემების ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები; რამდენიმე განახლებული ენობრივი ნორმა, რომლებიც მიღებულია არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტთან თანამშრომლობით.
    სახელთა ბრუნებისა და ბრუნვათა ფუნქციების ნაწილში განახლდა ვითარებითი და წოდებითი ბრუნვების ფორმათა, რიცხვით სახელთა და თანდებულიან სახელთა მართლწერის წესები. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა თარგმნის ძირითადი პრინციპების შემუშავებას უკავშირდება ბიულეტენში მოცემული მუნიციპალური ტოპონიმიისა და გეოგრაფიული ობიექტების მართლწერასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. ამათგან ერთი ნაწილი უკვე დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ივნისის 394-ე დადგენილებით.
    ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას მოჰყვა, როგორც ონლაინ, ისე ბეჭდურ მედიაში სიახლეებისა და სტატიების აქტიური გამოქვეყნება. პერიოდულად ითარგმნება მხატვრული, სამეცნიერო და სხვა სახის ლიტერატურა. ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაცია ავტორებისთვის, მთარგმნელებისთვის და რედაქტორებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს, ჩინური სიტყვების არასწორად გადმოტანა კი ხშირად მკითხველთა დაბნეულობის მიზეზია. პირთა და გეოგრაფიული სახელების არასწორად გადმოტანა ქართულ ენაზე განსაკუთრებით ხშირად ხდებოდა საბჭოთა პერიოდში რუსული ენის გავლენის გამო. მაგ: დენგ სიაოპინი და ტაივანი, რომ არა რუსული ენის გავლენა, ქართულად უნდა გადმოსულიყო, როგორც “ტენგ სიაოფინგი” და “თაივანი”.
    მარცვალა სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციაზე მუშაობდნენ: ქართველი სინოლოგი, პროფესორი მარინე ჯიბლაძე, ჩინური ენის ჩინელი ლექტორები ლიოუ ჩაო და ლიანგ ქუნგქუნგი, ქართველოლოგები, პროფესორი თინათინ ბოლქვაძე, მაკა თეთრაძე, ნიკო ქელბაქიანი.
    ბიულეტინი ძალიან მალე ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებულისთვის.
     
  • მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ პანდას 38 წელი შეუსრულდა

    კვირას, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ პანდას „სინსინ“-ს 38 წელი შეუსრულდა. ამის შესახებ ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო "სინხუა“ იტყობინება.

    პანდა „სინსინ“-ი ჩუნცინის /ქ. ჩუნცინი, სამხრეთ-დასავლეთი ჩინეთი/ ზოოპარკში ცხოვრობს და მისი მონახულება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულ მოქალაქეებს ყოველდღიურად შეუძლიათ.

    პანდა „სინსინ“-ის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ჩუნცინის ზოოპარკში სადღესასწაულო საღამო მოეწყო და მას ზოოპარკის ადმინისტრაციამ დიდი ტორტი მიართვა.

    შეგახსენებთ, რომ პანდებში ეს ასაკი ადამიანის 110-150 წელს უტოლდება.

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური