თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დაშავებული სამხედროები მოინახულა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 06 დეკემბერი 2018 10:40

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედროები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ მოინახულა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე პირადად გაესაუბრა სამხედროებს და დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ზაალ კაპანაძის განცხადებით დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-ხონის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. სამოქალაქო მიკროავტობუსი, რომელსაც კონტრაქტორი სამხედროები გადაჰყავდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და გადაბრუნდა. საავადმყოფოში გადაყვანილი 15 სამხედრო მოსამსახურიდან 6 მალევე გაეწერა, ხოლო დანარჩენი სამხედროები, რომლებსაც მსუბუქი ტრავმები აღენიშნებათ სამედიცინო დაწესებულებას უახლოეს დღეებში დატოვებენ.

შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

წაკითხულია 71 ჯერ

Related items

  • მემორანდუმი თავდაცვის სამინისტროსა და სასტუმრო „ჰუალინგს“ შორის

    საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაალ კაპანაძემ და სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა, პეტერ ლილვიკმა მოაწერეს. მემორანდუმი მიზნად ისახავს ისეთი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, რომელიც დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სპორტულ აქტივობებში ჩართულობას ხელს შეუწყობს. სასტუმროს რეკრეაციულ ცენტრში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ერთი წლის განმავლობაში უფასო სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.

    საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ და დაშავებულ ჯარისკაცებზე ზრუნვა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

  • თავდაცვის სამინისტრო მუხროვანის ბაზიდან სამხედროების გათავისუფლებას არ ადასტურებს

    მუხროვანის სამხედრო ბაზიდან სამხედროების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროში არ ადასტურებენ. როგორც უწყებაში განაცხადეს, საქმე ეხება აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთის მიმართულებით სამხედროების როტაციას.

    კერძოდ, თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ თუ აქამდე აღმოსავლეთ საქართველოში იყო სპეცდანიშნულების ძალების ცენტრი, ახლა ასეთი ცენტრი დასავლეთის მიმართულებითაც შეიქმნა და ამის ფარგლებში ხდება როტაცია. 

    ამის შესახებ თავდაცვის უწყება 8 იანვარს გავრცელებულ განცხადებაშიც წერდა. 8 იანვარს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის ძალების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო, რომელიც თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება.

    "აღსანიშნავია, რომ ტრანსფორმაციის პროცესი სპეციალური ოპერაციების ძალებსაც შეეხება, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს მათი გამოყენების ეფექტიანობა. რეორგანიზაციის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე ორი ერთნაირი სტანდარტისა და შესაძლებლობის მქონე სპეციალური ოპერაციების ბატალიონი ჩამოყალიბდეს. ეს უპრეცნდენტო მოვლენაა, რადგან ამ დრომდე, სპეციალური ოპერაციების ელემენტები ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში იყო თავმოყრილი. აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მართვისა და კონტროლის შესაძლებლობებს საბრძოლო ამოცანების დეცენტრალიზებული აღსრულების პირობებში. სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, განხორციელდება მათი აღჭურვა და მომზდება, რათა დაკმაყოფილდეს თავდაცვის ძალების ოპერატიული მოთხოვნები და გაიზარდოს ნატოსთან თავსებადობა.

    ტრანსფორმაციის პროცესი არ ითვალისწინებს სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის შემცირებას. ტრანსფორმაციის პროცესში გათვალისწინებული იქნა პარტნიორი ქვეყნებისა და სამხედრო მრჩევლების რეკომენდაციები", - წერია 8 იანვარს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩინეთის ელჩს შეხვდა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ახლად დანიშნულმა მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ძი იენჩისთან (Ji Yanchi).
    შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის აქტუალური თემები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ა.წ. 3-5 დეკემბერს ქ. პეკინში დაგეგმილ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების რიგით მე-7 რაუნდის მნიშვნელობას.  საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის პერსპექტივებს. 
    აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ მამუკა ბახტაძის ა.წ. 4-6 ნოემბრის ქ. შანხაიში ვიზიტის მნიშვნელობა, რომლის დროსაც მან გამართა ხანმოკლე შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტთან ბატონ სი ძინპინთან და მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საიმპორტო გამოფენაში (China International Import Expo). ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა მომავალში მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის შემდეგომ განვითარებას.  
    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლიერება გამოხატა ჩინეთის მიმართ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის გამო და, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი (one-China Principle).
    ძი იენჩიმ ალექსანდრე ხვთისიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების დიდი იმედი გამოთქვა.

  • „ევროატლანტიკური საზოგადოების წინაშე მდგარი გამოწვევები - ცვალებად უსაფრთხოების გარემოსთან ადაპტირება”

    საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების რიგით მე-12 კონფერენციის პირველი დღე ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების ცვალებად გარემოზე მსჯელობით დასრულდა. მესამე პანელს - „ევროატლანტიკური საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევები - ცვალებად უსაფრთხოების გარემოსთან ადაპტირება” დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტმა (RUSI) უმასპინძლა. სესიას მოდერატორობა RUSI-ს უფროსმა მკვლევარმა იუნ ლოუსონმა გაუწია. 

    პანელზე მომხსენებლებს შორის იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ლიეტუვას რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას კარობლისი, თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს ემრე ყარაოსმანოღლუ და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის დირექტორი ნიკ გური.

    სესიის ყველა მომხსენებელი შეთანხმდა, რომ ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად აუცილებელია ერთიანობა და ადექვატური ადაპტაცია. მშვიდობიანმა მსოფლიომ საფრთხეებთან გასამკლავებლად საერთო მიდგომა უნდა შეიმუშაოს და მიმართოს ერთიან შეკავების ძალისხმევას დიალოგითა თუ დიპლომატიით. აღინიშნა, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა ნატოს ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელდა.  

    თურქეთიდან, ლიეტუვადან და გაერთიანებული სამეფოდან წარმოდგენილმა სპიკერებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მიმართ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერა. პანელის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს როლს რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ძალისხმევის საქმეში.

  • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ნათია მეზვრიშვილის ბრიფინგი

    გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობის დროს დაფიქსირებული ინციდენტების შესახებ. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    მისივე თქმით, ამ ეტაპზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაციით, არჩევნები ყველა რეგიონში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. დაფიქსირდა პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული, შესაძლო სამართალდარღვევის 29 ფაქტი, რომლებზეც მოხდა მყისიერი რეაგირება.

    გადამოწმების შედეგად, 15 ფაქტი არ დადასტურდა ან არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. 7 საქმეზე, სადაც განმცხადებლები მიუთითებდნენ ფიზიკური შეურაცხყოფის, მუქარისა და ნივთის დაზიანების შესაძლო ფაქტებზე, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. მათ შორის, გამოძიება დაიწყო ბათუმში, მარნეულში, სიღნაღში, კასპში, სამტრედიასა და ახალქალაქში მომხდარ ინციდენტებზე.

    ამასთან, მარნეულში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს, კონფლიქტის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდარღვევის აღსაკვეთად ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს, რის გამოც სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთი წევრი და "ქართული ოცნების" ერთი წევრი. აღნიშნულ ფაქტზე, გამოძიების ფარგლებში ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

    29 ფაქტიდან, დარჩენილ 7 ფაქტთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება. ვინაიდან შეტყობინების ინიციატორთა ნაწილი სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ახორციელებს სამსახურებრივ მოვალეობას, არჩევნების მიმდინარე პროცესისთვის ხელის შეშლის თავიდან ასაცილებლად, მათი გამოკითხვა და გარემოებების დაზუსტება მოხდება არჩევნების დასრულებისთანავე.

    გვსურს, ასევე, გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმების საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე მოძრაობის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე არაერთხელ გააკეთა განცხადება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი საპოლიციო ძალების მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილების შესახებ. პოლიციის თანამშრომლები უფლებამოსილებას ახორციელებენ კანონით დასაშვებ ფარგლებში და საარჩევნო უბნებისგან კანონით დასაშვებ რადიუსში, რათა მაქსიმალურად შეეწყოს ხელი არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებას. ამგვარი გადაადგილებები დღის განმავლობაში გაგრძელდება.

    ამასთან, პოლიცია რეაგირებას მოახდენს და აღკვეთს სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტს. იძულების ღონისძიება გამოყენებული იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ყველა პირის მიმართ, განურჩევლად ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისადმი მათი კუთვნილებისა.

    რაც შეეხება, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტებს, პოლიციის მიერ მოხდება თითოეული ინფორმაციის გადამოწმება, რის შესახებაც კანონით დადგენილი წესით ეცნობება საქართველოს პროკურატურას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური